Montag, 29. August 2016

იდენტობა, რომელიც არ არის

მედიუმი
მარშალ მეკლუანის (Marshall McLuhan) ფრაზა - (თავად) მედიუმია შეტყობინება („The medium is the message“) ანუ ინფორმაციაა ის, რითაც იგი გადმოიცემა, არასდროს ყოფილა ისეთი აქტუალური ჩვენში, როგორიც დღესაა. 1967 წელს გამოშვებული მეკლუანის წიგნი, რომლის სახელიც  "The medium is the message" (მედიუმია შეტყობინება) უნდა ყოფილიყო, პოლიგრაფიული შეცდომის წყალობის გამო, სხვა სახელით დაიბეჭდა - „The Medium is the Massage“ (მედიუმი მასაჟია). ინფორმაცია მასაჟია, ანუ სხეულთან შეხებაა, სოციალური ინტერაქციაა, რომელიც სასიამოვნოა, რომელიც ამშვიდებს. რომელიც შიმშილსა და სხვა მნიშვნელოვან სასიცოცხლო ფუნქციებს ავიწყებს, მოკლე ან ხანგრძლივი დროით.

ინფორმაცია
მათეს სახარებაში იკითხება, რომ როდესაც ეშმაკმა იესოს გამოცდა მოუწყო - გადაექცია ქვები პურებად, თუკი იგი ყოვლისშემძლე იყო, იესომ უპასუხა: „არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით.“(მათე 4:4) ადამიანი სოციალური არსებაა და საკვებზე მეტად ინფორმაცია სჭირდება. ვართ თუ არა სწორად ინფორმირებულები, ამისი გამორკვევისათვის მასები არასოდეს ხარჯავდნენ დიდ ენერგიას, მთვარია - ინფორმაცია, ანუ პური ჩვენი არსობისა, რომელსაც ვითხოვთ ჩვენ. ვართ თუ არა საკმარისად ინფორმირებულები?! - ეს თითოეულმა თავად უნდა გადაწყვიტოს, მანამდე კი თავადვე მოახერხოს სწორი ინფორმაციის შერჩევა. ფაქტია, რომ ინფორმაციის ნაკადის რაოდენობა დღითიღე იზრდება.

დისკურსი
„წმინდა წიგნი“ ანუ ბიბლია ყველაზე ხშირად წაკითხული და გაყიდული წიგნია. თავად ბიბლია სასწაულმოქმედი სულაც არაა, მეტიც, ხშირ შემთხვევაში მოძველებულსა და არასწორ წარმოდგენებს, ზოგჯერ დეზინფორმაციასაც ავრცელებს. იგი წმინდა გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ დიდძალ ინფორმაციას ინახავდა. ძველ დროში მას კანონის წიგნად აღიქვამდნენ, მას ხელით სწერდნენ და ადამიანის განსაკუთრებული შრომის, შემოქმედების ნიმუშად ხედავდნენ. ბიბლიამ დისკურსი შექმნა, რადგან მას კითხულობდნენ, ან - წაკითხვისას ისმენდნენ. დისკურსს ქმნის ყველა (შემოქმედებითი) ნაწარმოები, რომელიც შემდგომ თავისსავე თავიდან გამომდინარე კომუნიკატურ აქტებს წარმოშობს: განხილვას, დიალოგს, მიმოწერას და ა.შ. „სადაცა იყუნენ ორნი, გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე.“(მათე 18:20) ტაძარიც, ხსოვნაც და დისკურსიც იქაა, სადაც ურთიერთშემხვედრი ორი, ან ორზე მეტი აზრია. აზრების წარმოშობის დროს დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება.

მარხვა
ცოდნის დაგროვების წინაპირობა, პირველ რიგში, გამოცდილების აღწერა და მისი დაჯამებაა - სტატისტიკური მონაცემებივით - ასე იყო ადრე, ასეა ახლაც. ადრე გრძელვადიანად ცოდნის დამახსოვრება-დამუშავება მხოლოდ მუშაობისთვის ოპტიმალურ, მშვიდ ადგილებში იყო შესაძლებელი - იქ, სადაც ამქვეყნიური კანონები არ ვრცელდებოდა. ამქვეყნიურობა ნიშნავდა და ნიშნავს პირველ რიგში სხეულს და მასთან დაკავშირებული რესურსების ხარჯებს: დროს, ენერგიას, ნედლეულს ან ფულად სახსრებს. ყველაზე ეფექტური მუშაობისთვის, პირველ რიგში, უნდა იმართოს სხეულის ის ფუნქციები, რომლებიც ყველაზე მეტ ძალისხმევასა და რესურსს მოითხოვენ. ესენია - კვება და რეპროდუქცია (გამრავლება).

წიგნსაცავი/ცოდნის ტაძარი
დამწერლობის შექმნასთან ერთად, პირველი ბიბლიოთეკები ეგვიპტეში წარმოიშვა. მასიურად ბიბლიოთეკები ძველ რომში გავრცელდა, სადაც იგი ყველა განათლებული მოსახლის საცხოვრებელში, ანაც საზოგადო მოხმარებისთვის, საჯარო სივრცეში იყო ხელმისაწვდომი. წიგნები ცოდნაა, ცოდნა - ძალაუფლება, ამიტომ წიგნსაცავები მნიშვნელოვან, ზოგჯერ საკრალურ ადგილსაც, ტაძარს წარმოადგენდნენ და ეს მეტაფორა ხშირად წიგნების შესანახად აშენებული საცავის შესაბამის არქიტექტურაში ისახებოდა. რომის იმპერიის დამხობოს შემდეგ ძველ წიგნებს განადგურებული საცავებიდან მონასტრები მფარველობდნენ, სადაც მათი ასლები კეთდებოდა, მათ გადაწერდნენ, რათა ცოდნა არ დაკარგულიყო და თაობებს შემოჰნახოდათ. ამ გარემოების წყალობით ერთ ადგილზე თავმოყრილმა ცოდნამ ეკლესია-მონასტრები ძალიან მალე სამეცნიერო კვლევით ცენტრებად აქცია, რამაც მათ დამატებითი სტრატეგიული მნიშვნელობა მიანიჭა. რადგანაც ცოდნის გადაცემა ძველი დროისათვის პრაქტიკულად პირისპირ ხდებოდა, წიგნებთან ერთად მათზე მომუშავე ადამიანებიც, პირველ რიგში კი, სასულიერო პირები ერთგვარი „ინფორმაციის საცავები“ გახდნენ. რელიგიურ სპირიტუალობას დაემატა ცოდნის ძალაუფლებაც. ადრე ეკლესია-მონასტრებს სათავადოები ან უფრო დიდი ერთეულები, სამეფოები პატრონობდნენ. ეკლესიათა წინამძღოლიც ხშირად ის ძმა იყო, რომელსაც მემკვიდროება არ ხვდა წილად.

სეკულარიზაცია
საქართველოში უნივერსიტეტს ზოგჯერ დღესაც ცოდნის ტაძარს ეძახიან. თუმცა ძველი რომისაგან განსხვავებით, იგი არც ყველა დაინტერესებული პირისთვისაა ხელმისაწვდომი და აღარც თავის დანიშნულებას ასრულებს. ევროპაში სეკულარიზაციის პროცესებმა, რეალურად კი - ცოდნის საცავების გახსნამ და მასზე ფართო მასებისათვის ხელმისაწვდომობამ განმანათლებლობა აღმოაცენა. ცოდნის საცავების საკმაო ნაწილი დღეს დიგიტალური ფორმით, ინტერნეტშიც ხელმისაწვდომია, თუმცა სარგებლობის წინაპირობა გარკვეული ინსტრუმენტების ფლობის ცოდნაა, პირველ რიგში - შესაბამისი ენისა და ინფორმაციის გაფილტვრის წესებისა. ქართულენოვანი ცოდნა დღეს ძირითადად ისევ საბჭოთა კავშირში წარმოებულ, ჯერ კარგად შეკვეცილ, შემდეგ იდეოლოგიურად „შეზავებულ“, ლიმიტირებულ ცოდნას ეფუძნება.

საცავის განადგურება
ერთი შეხედვით რკინის ფარდასთან ერთად საზღვრების გახსნამ ქვეყნის განვითრებისათვის ბევრი საშუალება გააჩინა, თუმცა არ დადგა ცოდნის წარმოებისათვის აუცილებელი გრძელვადიანი სიმშვიდე და სიმაძღრე. მანიპულირებული და მანიპულირებადი დემოკრატიის სხვადახვა წარმონაქმნებმა სოციალური პროტესტი შეისრუტეს, გააჩინეს განცდა იმისა, რომ პროტესტს ვიღაც ყურს უგდებს, პროტესტი ძალას იკრებს. მოთამაშეები დაიხარჯნენ, გასწიეს სამუშაო, რასაც წესით უნდა შეექმნა დისკურსიც, სადაც მოთამაშეები რეალურად თავიანთ თავს იპოვნიდნენ. ერთ-ერთი ასეთი წარმონაქმნი იყო „იდენტობა“, რომელიც ყველაზე დაუცველ ადამიანებს, ლგბტ თემს, დახმარებას ჰპირდებოდა. თანამშრომელთა თავდადებული მუშაობის შედეგად „იდენტობამ“ შეძლო ძალიან მალე სერიოზული მასშტაბებისათვის მიეღწია. იგი თითქმის ერთადერთი ორგანიზაცია იყო, რომელმაც დაიწყო ქვეყანაში არსებული პრობლემების სისტემატური კვლევები და მათი პუბლიკაცია, არა მხოლოდ ლგბტ თემთან მიმართებაში. შედეგები უმეტესწილად ორ ვებ გვერდზე, http://identoba.org, http://17maisi.org თავსდებოდა, დიგიტალურად. იდენტობის ბოლო კრებულის გამოსვლამდე ორგანიზაციის ხელმძღვანელი მეკამათებოდა, რომ ნაბეჭდი მასალა ძალიან ძვირია, ყველაზე მოხერხებულია მისი დიგიტალური ფორმით გავრცელება, რადგან საქართველო მესამე ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება და ასეთ ქვეყნებში, როგორც წესი, დიგიტალურზე სვამს ყველა.
„იდენტობის“ ამბავს დღეს სასამართლო იკვლევს, სავარაუდოდ მისი ხელმძღვანელის კორუფციული სქემით მუშაობის გამო. საქმე ექვსციფრიან თანხებს ეხება. თავად ხელმძღვანელმა ამასთან დაკავშირებით საკუთარი ფესიბუკის გვერდზე, რომელიც ამჟამად დახურულია, განაცხადა, რომ ნახევარ მილიონიანი ბიუჯეტის ორგანიზაცია დატოვა. დღეს იდენტობა აღარ არსებობს. ერთი ხელის მოსმით განადგურებულია ყველაზე ძვირფასი - მისი დიგიტალური ცოდნის საცავი, რომელიც ორგანიზაციის ხელმძღვანელს თავის პირად სახელზე ჰქონდა გაფორმებული. ცოდნა, რომლის შეგროვება დასავლეთის სახელმწიფოებმა გრანტების სახით დააფინანსეს და რომელზეც შემდგომ დაშენება შეიძლებოდა, სამწუხაროდ აღარ არსებობს. ორივე ვარიანტის განხილვაა შესაძლებელი: შეთქმულების თეორია, ან ადამიანის დაუკმაყოფილებლობა. შესაძლებელია არსებოდეს მესამე ვარიანტიც, მაგრამ ეს დანაკარგის სიმძიმეს არ ამსუბუქებს. "იდენტობის" მიერ მოწყობილ სახტუნაო ბალიშზე ადრენალინდახარჯული მოთამაშეები გაურკვეველი ვადით არიან დათხოვნილები.


მხოლოდ ნაბეჭდი მედია ქმნის დისკურსს-ეს ფილოსოფოსიის ნებისმიერი ფაკულტეტის პირველი კურსის დასასწავლი სტანდარტული პოსტულატია!

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen