Samstag, 18. Oktober 2014

მე ხომ შენი სიყვარული მინდა



1.1 ანუ თავისუფლების აღკვეთა (პოპულარულად მოტაცება), ხანაც სიცოცხლის ხელყოფა ოჯახის, როგორც წმინდა და ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მაღლი იდეის გამო?!

თითქმის ერთი თვეა უკვე, საქართველოში სატელევიზიო ტოკ-შოუების სეზონი დადგა და სხვებთან ერთად არდადეგებიდან დაბრუნებულმა მაია ასათიანმაც განაახლა თავისი შოუ - პროფილი. 18 სექტემბერს მან მომღიმარი სახით აუწყა მაყურებელს, რომ გადაცემის ახალი სეზონი გახსნა და სეზონის დასაწყისისთვის ყველაზე აქტუალური თემაც მომღიმარი სახით გვამცნო: „სეზონის პირველი პროფლის მთავარი თემაა სიკვდილი, როგორც სასჯელი საყვარელი ქალის მიმართ“. დიახ, ასეთ ვითარებაში წარსდგა ქალბატონი მაია ასათიანი თავისი შოუთი და შოუც MUST GO ON.
გადაცემის მიზანსაც აქვე ვგებულობთ ავტორისაგან: ჩვენ გვინდა, რომ ამ გადაცემას ერთგვარი აქციის სახე მიეცეს ქალთა ძალადობის წინააღმდეგ, „და ჩვენ გვინდა, რომ წინ აღვუდგეთ ამას, არ ვიცი, რითიც შეგვიძლია, ყველას,
ქალები ვართ უმეტესობა სტუდიაში და მე მგონი ხმა უნდა აღვიმაღლოთ ყველამ იმისთვის, რომ ეს დამთავრდეს და თქვენც სწორედ ამიტომ მოხვედით ჩვენთან.“

საგულისხმოა, რომ გადაცემის დასაწყისშივე დასმული აქცენტები პრობლემის გადაჭრის გზების საძიებლად უკვე არასწორი მიმართულებით მიდის და ქალების უფლებების დამცველ სავარაუდო ენთუზიასტებს პირდაპირ საპირისპირო და ამდენად უკუღმა მიმართულებით უშვებს. არც ერთი გზავნილი კაცებს, არცერთი გამოწვევა. მართლაც, ქალების მიერ და ქალებს შორის გადასაჭრელი პრობლემა ყოფილა ძალადობა, ქალებზევე! მართალია, გადაჭრის გზებისათვის ჯერ ქ-ნ. მაია ასათიანს არ მიუგნია, მაგრამ ზუსტად იცის, რომ  სტუდიაში მსხდომებს და განსაკუთრებით კი ქალებს მისი გადაჭრა დანამდვილებით შეუძლიათ, თუკი იაქტიურებენ. აკი, ამიტომაც მოიწვია ისინი აქ. ეს ხომ მათი საერთო, გამაერთიანებელი პრობლემაა ამჯერად.
ის, რომ მხოლოდ ქალები ამ პრობლემას მარტო ვერასგზით ვერ გადაჭრიან სხვა ძალის დამატების გარეშე, ამასთან თუ საზოგადოების ცნობიერებაზე არ 
ამოქმედდა სპეციალურად ამ პრობლემის გადასაჭრელად ამუშავებული სახელმწიფო სამართლებრივი და საგანმანათლებლო მექანიზმი, ამისი არამცთუ საჭიროება, არამედ ხსენებაც კი არ ყოფილა შოუს არც ერთ ნაწილში. მეტიც, შოუმ კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა ის საძიებელი ადგილი, სადაც პირობითად სწორედ ამ პრობლემის ძაღლის თავია ჩამარხული.
იმისათვის, რომ რაიმეს წინ აღუდგე, პირველ რიგში, საჭიროა იმისი გაცნობიერება, თუ რა ტიპის პრობლემაა ეს და ვის ან რის წინაშე უნდა გაპროტესტდეს იგი.
გადაცემაში წარმოდგენილი იყო ოთხი შემთხვევა, რომელთაც ერთმანეთთან პირველ რიგში სიკვდილი აერთიანებდათ, რასაც შოუს შესავალ ნაწილში ქ-ნ მაია ასათიანმაც ხაზი გაუსვა.
თუკი შემთხვევებს დავაჯგუფებთ, აქედან  სამი სიკვდილი განზრახ მკვლელობითაა გამოწვეული, რომელიც კაცმა (თავის საყვარელ) ქალზე განახორციელა, ხოლო მეოთხე სიკვდილი უბედური შემთხვევაა, რომელსაც მამაკაცი ემსხვერპლა. შოუს მთავარი თემა კი, როგორც გადაცემის შესავალში გავიგეთ, უნდა იყოს „სიკვდილი, როგორც სასჯელი საყვარელი ქალის მიმართ“. პირველი სამი აქ მოყვანილი სიკვდილის შემთხვევა მართლაც კორელირებს (პირდაპირ კავშირშია) ასათიანის ანონსთან, მაგრამ გადაცემაში მოყვანილ მეოთხე სიკვდილის შემთხვევას რა აქვს საერთო იმ სიკვდილთან, რომელსაც მამაკაცები „როგორც სასჯელს საყვარელი ქალის მიმართ“ ახორციელებენ?
რა შუაშია, იგი ქალთა მიმართ ძალადობასთან?
რა უნდა დაანახოს და ასწავლოს ამ მეოთხე სიკვდილის შემთხვევამ იქ დამსწრე და ფართო მაყურებელ საზოგადოებას ქალთა ძალადობისაგან თავდასაცავად?
არც არაფერი, პირიქით!
გადაცემას კი ამთავრებს ეს მეოთხე სიკვდილის აღწერა, თანაც ისე, რომ სწორედ ეს აღწერა აკეთებს იმ პრობლემების გენერირებას (კვლავწარმოებას), რაც ქალთა თავებს ხდება, და ძაღლის თავიც სწორედ აქაა ჩამარხული. არა თავად ამ სიკვდილში, რომელიც არის ერთი უაღრესად კეთილი, უკიდურესად კაცთმოყვარე ადამიანის უდაოდ ტრაგიკულ აღსასრულში, არამედ ასათიანის მიერ ამ სიკვდილის ფაქტის პრეზენტაციაში და სხვა სიკვდილებთან კომბინაციის ფორმაში.

1.2 მსხვერპლი ნომერი პირველი

უბრალოდ მივადევნოთ თვალი გადაცემას; პირველი მსხვერპლის ისტორიას თავად მსხვერპლის, სალომეს დედა ჰყვება. გადაცემაშიც იმიტომ მივიდა, რომ ისაუბროს იმ ძალადობის ფაქტზე, რაც მის შვილს თავს გადახდა. მას გულწრფელად სურს, რომ მკვლელობის ფაქტი გასაჯაროვდეს, გახდეს საზოგადოების განსჯისა და გაკიცხვის საგანი.
თუმცა, სალომეს დედა მკვლელის კიდევ ერთხელ დასასჯელად და შურის საძიებლად არ არის შოუში მისული. საუბრიდან ჩანს, რომ მას კეთილშობილი მიზნები ამოძრავებს. დედას სურს ისაუბროს ძალადობის მექანიზმებზე და მისგან თავდაცვის საშუალებეზე, ზოგიერთ თეორიულ, განზოგადებულ ტერმინსაც იცნობს და იშველიებს კიდეც მათ, ცდილობს ძალადობრივი სისტემის მექანიზმი საზოგადოებისათვის გასაგები გახადოს, გახსნას მისი არსი და სხვებს თვალები აუხილოს.
მაგრამ მგლოვიარე დედას თვალსა და ხელს შუა გაურბის შესაძლებლობები, მსმენელს მართლაც გაუკეთოს მობილიზაცია ამ პრობლემის წინააღმდეგ. სამწუხაროდ მას არ აქვს საკმარისი გამოცდილება და არც ცოდნა, რომ სისტემური დანაშაული ამოიცნოს. უფრო მეტიც, ის თავადაა კლიშეების, გაქვავებულ-გამყარებულ (ცრუ)წარმოდგენათა ტყვე და ამასთან ამ უბედური შემთხვევის მეორე მსხვერპლიც. მას უბრალოდ არ ძალუძს ფაქტს და თავის თავსაც ზემოდან დახედოს, რადგან ამავდროულად ის ძალადობის თანამონაწილეცაა, ოღონდ პასიური და უუფლებო.
რა მოხდა სინამდვილეში?
დედის გადმოცემით, მისმა შვილმა და აწ უკვე მსხვერპლმა 15-16 წლის ასაკში, ერთ-ერთ რელიგიურ (ბზობა) დღეს გაიცნო მომავალი მეუღლე-მოძალადე. როგორც მონათხრობიდან ჩანს, გოგონას არ სურდა ამ ადამიანთან შეხვედრა და მით უმეტეს - პაემნები, დედამაც ურჩია, რომ რაღაცა დროის განმავლობაში გარიდებოდა მას. თუმცა მისი ქალიშვილის, სალომეს შანსი ნოლს უტოლდებოდა, მიჰყოლოდა დედის რჩევას. აქ ამუშავდა მარტივი, მაგრამ კარგად აწყობილი გადამცემი მექანიზმი: როცა სალომე გარეთ გამოვიდოდა, რაიონის მცხოვრებლები და მამაკაცის თანამგრძნობელები სასწრაფოდ აუწყებდნენ ამ მამაკაცს, რომ გოგონა გარეთ იყო. ისიც რაღა თქმა უნდა დროს იხელთებდა და სასწრაფოდ ხვდებოდა გოგონას. ეჭვი არ არის, რომ მამაკაცი თავის პოლიციელობას ბოროტად იყენებდა და სავარაუდოდ სახელმწიფო უწყების საკუთრება-აღჭურვილობას, მათ შორის ალბათ ავტომანქანასაც პირადი ძალადობრივი საქმიანობისათვის გამიზნულად მოიხმარდა, რათა ყოფილიყო მობილური, ხოლო სატაბელო იარაღით მსხვერპლზე ფსიქიურ ზეწოლას მუქარის სახით ახორციელებდა.
სალომე უკიდურესი სურვილის შემთხვევაშიც კი ვეღარ დაემალებოდა მოძალადეს და მის პირისპირაც მარტო მიტოვებული აღმოჩნდა.
სწორედ აქ იწყება ძალადობის რეაქციული ჯაჭვი. კასკადი მოვლენებისა კი უკვე სალომეს დედის აღწერით შემდენაირად ვითარდება: არ ვიცი, თავიდან რა დამოკიდებულება ჰქონდა, სალომეს არ უნდოდა, სწავლა უნდოდა. ხვდებოდნენ ერთმანეთს, ჯერ პარკში, „იარაღის მუქარაც იყო თავიდანვე, რამოდენიმეჯერ, თითქოს დაშინებაც იყო,“ „ნელ-ნელა წამოვიდა ეს სტრატეგია, რომ შენ ჩემი ცოლი უნდა გახდე.“ შემდეგ მოძალადე სხვა გეგმას ირჩევს, ირგებს მაჩოს როლს და თავს აცოდებს მსხვერპლს, ჰპირდება, რომ თუკი გოგონა მას ცოლად არ გაჰყვება, ის თავს მოიკლავს.

ჩემის ღრმა რწმენით, ძალადობაზე დაფუძნებული სიყვარულის, ან უფრო სწორად ძალადობრივი გზით ქალს დაპატრონებული კაცის პირით ამოთქმული მრავალი ლირიული სტრიქონი პირდაპირ ახალისებს ასეთ მოძალადეებს და ხშირ შემთხვევაში (საკმაოდ ძლიერადაც) უბიძგებს კიდეც მარობითი სქესის წარმომადგენდელბს განახორციელონ ქალზე (და არა მარტო ქალზე) ძალადობა და ეს ძალადობა შეფუთონ ვითომ მშვენიერი, ამაღლებული გრძნობებით. ასეთი მაგალითები მრავლად მოიძებნება მხატვრულ, ხალხურ პოეზიაში (ასე მაგ. კონსტანტინე გამსახურდიას: „ცისფერი გაქვს თვალები და თავად გევხარ ზღვას, თუ არ შეგებრალები და მისთხოვდები სხვას, … ცეცხლს გავატან შენს სამყოფელს, შენს სიყვარულს - ქარს და მოგიკლავ, მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს“.). სწორედ მსგავსი სულისკვეთების: „ან ჩემი, ან არავისი“-ც ხშირად გვსმენია (აქ ასევე იგულისხმება: ან ჩემი, ან არავისი, მათ შორის არც საკუთარი თავისა).
ცალკე თემაა, თუ როგორ აქცევს მიზანმიმართული ძალადობრივი იდეოლოგია პოტენციურ მოძალადეებს ადამიან-მანქანებად, რომელთაც შემდგომი ქმედებების ლამის ავტომატურ რეჟიმში გამხორციელება შეუძლიათ. რეფლექსია საკუთარ თავთან და ნამოქმედართან აქ თითქმის გამორიცხულია.

სალომეზე განხორციელებულ ძალადობის შემთხვევაში კი, რისი მსგავსიც საერთოდ საქართველოში როგორც ადრე, ისე
დღევანდელ დღეს ძალზე ხშირია, მოძალადე მამაკაცი სპობს (ვითომ) საყვარელი ადამიანის სიცოცხლეს, რადგან მსხვერპლი მას არ ემორჩილება და ამით იგი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მის ძალაუფლებას, როგორც კონკურენტი.
ამდენად მითი იმის შესახებ, რომ ქალებს საქართველოში პატივს სცემენ, წინააღმდეობაში მოდის ქალებზე ქრონიკული ძალადობის შემთხვევებთან. ის, რაც ან ვინც წინ აღუდგება პატრიარქი მამაკაცის სურვილისა და მისწრაფების დაკმაყოფილებას  და აქ უკვე სქესს მნიშვნელობა აღარ აქვს, ნადგურდება „დამსახურებულად“, რადგან ეჭვ ქვეშ აყენებს ამ მამაკაცის უძლეველობას, რაზედაც მისი მამაკაცობის ერთადერთი დამადასტურებელი საბუთია დაყვანილი და დამყარებული.
მე პირადად ხშირად მომისმენია იმ ქალთა შესახებ, 1970-იან, 1980-იან, 1990-იან წლებში თავიანთ ახალგაზრდობაზე და ოჯახურ ამბებზე რომ ჰყვებოდნენ. სხვა ოჯახური ძალადობის გარდა, მათ ქმრები იმის გამოც ფიზიკურად უსწორდებოდნენ, თუკი ისინი მათთან სარეცელის გაყოფაზე უარს იტყოდნენ. ამასთან არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა მიზეზს. არც გაუარესებული ჯანმრთელობა და არც სურვილის არქონა არ იცავდა ქალებს იმისაგან, რომ მას ქმრები თმებით არ ითრევდნენ და ნეკნებს არ ჩაულურჯებდნენ. სამწუხაროდ ეს ბევრ ქართულ ოჯახში დღესაც ნორმაა.

მივყვეთ სალომეს დედის მონათხრობს. რა მოხდა მას შემდეგ, როდესაც მისი არასრულწლოვანი, 16 წლის შვილი მოიტაცეს ოჯახის შექმნის, სავარაუდოდ გოგონას „გაბედნიერების“  მიზნით. როდესაც მამამ სალომესთან დარეკა, ტელეფონში ისმოდა გოგონას ყვირილი: „მე შენ ვერ წამოგყვები, სახლში დამაბრუნე, მე გათხოვებას არ ვაპირებ.“

ჩემის აზრით, ამ სიტყვებს კომენტარი არ სჭირდება, ისედაც ყველაფერი ნათელია. არასრულწლოვანი სალომე წინააღმდეგობას უწევს მოძალადეს, როგორც შეუძლია, ხმამაღლაც აცხადებს, ყვირის, რომ მას ეს არ უნდა. მაგრამ მის გვერდით არავინაა, ვინც მას დაიცავს. ის მოძალადის კლანჭებში ჩავარდა.
იმ
საბედისწერო ღამეს მშობლებმა სალომეს ვერ მიაგნეს და ვერ დააბრუნეს. დედამ, კი, რომელიც აცხადებდა, რომ ის და სალომე „არა მარტო დედა-შვილი, არამედ მეგობრები, დები“ იყვნენ და მან შვილის შესახებ ყველაფერი დაუფარავად იცოდა, ამბობს შემდეგს: „რა მოხდა იქ არ ვიცი, მაგრამ სალომე ჩვენ აღარ წამოგვყვა… რა მუქარა იყო, რა სახის… უკვე ბავშვმა მითხრა მე უარი და…ბავშვმა თუ უარი მითხრა, მე…სალომე დარჩა იმ ღამეს იქ, მაგრამ ეს იყო დღე, სადაც დაიწყო მისი კოშმარული ცხოვრება… მეუღლე უყვარდა, რატო არ წამომყვა, თუ არ უყვარდა ვთქვათ, თუ რაღაც გრძნობა არ ქონდა, ბევრი კითხვები იყო, მაგრამ რადგან დარჩა, ჩავთვალე, რო… თუ რამე დაჭირდებოდა…მე მინდოდა წამომეყვანა, მაგრამ…“
დედის მონათხრობი ურთიეთგამომრიცხავ არგუმენტებს შეიცავს. არადა სწორედ აქ უნდა გასჩენოდა მოტაცებული გოგონას დედას კითხვების დასმის სურვილი და ძალა. კითხვები კი ალბათ მრავლად იქნებოდა, მაგრამ ეს კითხვები მას არ დაუსვამს შვილისათვის.
არადა მთავარი კითხვის გარკვევა რამოდენიმე წუთში, წამშიც შესაძლებელი იქნებოდა… სამწუხაროდ სწორედ აქ უღალატა დედამ შვილს. დედამ კომფორტული კონფორმი და საკუთარი სიმშვიდე არჩია და ჩათვალა, რომ ეს სალომესაც უნდოდა. დედა იქცა საზოგადოებაში გამეფებული სტერეოტიპების მონად და მსხვერპლად თანავდროულად.

ყველაზე უფრო დიდი კითხვა კი არის ის, თუ სად იყო და რას აკეთებდა ამ დროს მამა?!

ჩემის აზრით, ის შვილს არც კი დალაპარაკებია (გამარჯობას და დამშვიდობებას არ ვგულისხმობ, თუმცა შეიძლება ზოგჯერ ესეც აკლდეს ურთიერთობას).
ეს რა თქმა უნდა ჩემი პირადი სპეკულაციაა, მაგრამ ვშიშობ, დიდი ალბათობით, სიმართლეც იყოს. ქართველი მამების უდიდესი უმრავლესობა ასეთ დროს დუმილს ამჯობინებს. ისინი ქალიშვილებთან მსგავს საკითხებზე არ საუბრობენ, ამას დედასა და შვილს - ქალებს შორის გასარჩევ საკითხს არქმევენ და მას კაცისთვის განზრახ ტაბუს ადებენ. ასეთ დროს ისინი განზე დგანან და სდუმან. ისინი არ მოქმედებენ, ისინი პასიურობენ. მათ შვილის ბედი უკვე კარგა ხანია საზოგადოებრივ აზრთან ერთად გადაწყვიტეს. იმ საზოგადოებისა, რომლის ფავორიტი მოძალადეა, ანუ ის, ვინც ძალის დემონსტრირებას ახდენს. ამ ძალას ჩვენში ვაჟკაცობას, მამაკაცობას ეძახიან. ეს ის მამაკაცობაა, რომელზედაც უარი არ ეგების. ეს  სწორედ ისაა, კარზე მომდგარ ბედად რომ წარმოუდგენია უმრავლესობას, ჯილდო ჯილდოთა შორის.
სამწუხაროდ არასრულწლოვან სალომეზე იძალადეს. დედა ამბობს, რომ უნდოდა სალომეს სახლში წაყვანა, მაგრამ სალომე აღარ წაჰყვა, არადა კანონმდებლობის მიხედვით მას ეს შეეძლო. უცნობია მამის პოზცია. სავარაუდოდ მამამ თავი შეიკავა. მიზეზი ძნელი გამოსაცნობი არაა, ეს ქალიშვილის შებღალული სახელია, რასაც მოძალადემ მიზანმიართულად მიაღწია. ქართული პატრიარქალური საზოგადოებისათვის ქალი ჯერ ისევ პირადი მოხმარების ნივთია, შეფუთული, რომელსაც თუ გახსნი, რომც არ მოიხმარო, უნდა აიღო და წაიღო, რადგან სხვა მას აღარ გაეკარება.
ეს არქაული წარმოდგენები, თავის მხრივ, ვრცელ მესჯელობას იმსახურებენ, მაგრამ ეს ახლო მომავლისათვის გადავდოთ და დავუბრუნდეთ ჩვენს ამბავს.

მეორე წინააღმდეგობა, რომელსაც სალომეს დედის მონათხრობში ვაწყდებით არის ის, რომ თავად დედას გოგონას სახლში წამოყვანა სურდა თურმე, მაგრამ მას გოგონამ წინააღმდეგობა გაუწია.
არადა საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელია არასრულწლოვანის ქორწინება, თუკი ამას თუნდაც ერთი მშობელი არ ეთანხმება. სალომეს დედა კი ამბობს, თუკი ბავშვმა უარი მითხა წამოყვანაზე, მე რა უფლება მქონდაო…
ჰქონდა, სწორედაც რომ ჰქონდა, და თანაც როგორ!
შვილზე პ
ასუხისმგებლობა ეკისრება მშობელს, სრულწოვანებამდე!
უცნაური ამ მონათხრობში ისაა, თუ საიდან იცნობს ქართული ენის არ მცოდნე აზერბაიჯანულენოვანი საქართველოს მოსახლეობა საქართველოს კანონმდებლობას ასე კარგად. როდესაც ისინი თავიანთ 18 წლამდე ქალიშვილებს ხშირ შემთხვევაში მათივე ნების წინააღმდეგ ათხოვებენ, ამ გათხოვებას მშობლების (სავარაუდოდ წერილობით) თანხმობასაც თან ურთავენ ხოლმე. ეს ქმედება, თუმცაღა გოგონებზე ძალდატანებითი, სამართლებრივად სწორადაა შეფუთული და ამდენად ფორმალურად ერთი შეხედვით კანონსაწინააღმდეგო აღარ არის. სალომეს  დედამ კი ისიც არ იცის, რომ მას მოტაცებული შვილის თან წაყვანა შეეძლო და ამისი სამართლებრივი საფუძველიც ჰქონდა. მაგრამ… მაგრამ აქ არის ერთი გაუხმოვანებელი პრობლემა და ეს არის ქალების უილაჯობა. ისინი საუბრობენ, ბჭობენ, გეგმავენ, მაგრამ ეს ყველაფერი ფუჭია, რადგან მათ ოჯახის კაცების მხარდაჭერა არ აქვთ, აღარაფერს ვამბობ სახელმწიფო სამართლებრივ სტრუქტურებზე. ქალები არ ფლობენ თავიანთ თავებს და ამდენად ვერც გადაწყვეტილებებს მოიყვანენ სისრულეში. ისინი თოჯინები არიან, რომლებსაც კაცები მართავენ. სწორედ კაცები უდებენ მათ „ბაგესა ზედა“ იმ სიტყვებს, რაც უნდა თქვან.

რა უნდა ვიცოდეთ და როგორ უნდა ავიმაღლოთ ხმა, რომ ეს ძალადობის უსასრული ჯაჭვი გაწყდეს?!
ეს ის დეტალებია, რომელზედაც თუკი მსხვერპლის დედას ინფორმაცია არ მოეპოვება (რაც ცოტა კი მეეჭვება), ჟურნალისტმა რომ უნდა მოიპოვოს და რედაქციაში, ინტერვიუს დროს გაახმოვანოს. სწორედ ამ გზითაა შესაძლებელი ქალების დაცვა. ინფორმირებულობის დეფიციტია პირველ რიგში პრობლემა. დედაქალაქის ცენტრალურ უბანში განთავსებულ ტელემაუწყებლობას, თუნდაც კერძოს, რომელიც პრეტენზიას აცხადებს ყველაზე რეიტინგული შოუს მეპატრონოობაზე და მისი წამყვანი კი ცრემლებს ღვრის საზოგადოებაში ჩაგრული ქალების ბედზე, უნდა შეეძლოს მოსახლეობისათვის ელემენტარული ინფორმაციის მიწოდება.

შეკითხვა მაქვს, ამჯერად ამ გადაცემის ავტორთან: რა მიზანი აქვს „პროფილის“ ამ გადაცემას, მიმართულს ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ, რომელსაც მშობლიურ ენაზე უძღვება ადამიანი და არ იხედება ქვეყნის კანონმდებლობაში, რომელიც ასევე მშობლიურ ენაზეა დაწერილი. რა მიზანი, ან აზრი აქვს ისეთ გადაცემას, რომელიც  ქალებს მოუწოდებს, დაიცვან საკუთარი თავი, ან სხვა ქალები, მაგრამ დისკუსიის საგნად არ აქცევს თავდაცვის არც ერთ საკანონმდებლო იარაღს,  არ იძლევა არც ერთ რჩევას, თუ როგორ დაიცვას მსხვერპლმა თავი. სიბნელეში აფათურებს ხელებს და ამავდროულად არსებული გენდერული სტერეოტიპების გამყარებას მხოლოდ და მხოლოდ ხელს უწყობს.

მშობელი ვალდებულია დაიცვას თავისი არასრულწლოვანი შვილი ნებისმიერი ძალადობისაგან.  ძალადობას არ ამართლებს არავითარი ზენა და ქვენა გრძნობები და არც მაღალი იდეალები. ადამიანის თავისუფლება არასრულწლოვანი ადამიანისათვისაც ფუნდამენტალური უფლებაა. ადამიანის ასევე ერთ-ერთი მთავარი უფლებაა განათლების შესაძლებლობაც.
საქართველოს კანონმდებლობით, 16 წლამდე პირთან სრულწლოვანის მიერ სექსუალური ურთიერთობის დამყარება პედოფილიაა,
და არის სისხლის სამართლის დანაშაული!
18 წლამდე პირს ეკრძალება მშობლების თანხმობის გარეშე დაქორწინება, სხვა შემთხვევაში ეს არის ასევე დანაშაული და უნდა დადგეს მშობლის პასუხისმგებლობის საკითხიც!  ასეთ დროს მშობელიც არის დამნაშავის თანამოაზრე, რომელი (არქაული) ტრადიციის სახელითაც არ უნდა იმშვიდებდეს იგი თავს.  დროა, საგნებსა და მოვლენებს თავ-თავიანთ სახელი დაერქვას. დიახ, ეს დანაშაულია და/ან დანაშაულში თანამონაწილეობა.
ჩემთვის უცნობია, რა სასჯელით დაისაჯა მკვლელი. იმედი მაქვს, რომ იგი მკვლელობის გარდა სასჯელს არასრულწლოვანის (მრავალგზის) გაუპატიურების მუხლითაც იხდის, რადგან ამისათვის მოწმეები არსებობენ: მოკლულის დედა და მამა და ეს ახლა უკვე გადაცემა „პროფილში“ გაცხადებული, უკვე სრულიად საქართველსთვისაც ცნობილია. ხოლო რაც შეეხება არასრულწლოვანი სალომეს მოტაცების ფაქტს და მასზე შემდგომ ძალადობას, დარწმუნებული ვარ, აქაც იქნებოდნენ ამ მძიმე დანაშაულის ხელისშემწყობნი. საჭიროდ მიმაჩნია ამ პირების ასევე პასუხისგებაში მიცემაც.

1.3 ენა და აზროვნება

რეალობა, მისი აღწერა (სასაუბრო) ენით და აზროვნება ერთმანეთზე პირდაპირ დამოკიდებული ფენომენებია და ისინი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში იმყოფებიან. ეს ცნობილი რამ არ არის. ამ მხრივ კი ძალზედ საინტერესოა რეალობის ისეთი აღწერა, სადაც ერთი შეხედვით, არასწორად ნახმარი ფორმები უფრო მეტს გამოხატავენ, ვიდრე ზედმიწევნით გადმოცემული მონათხრობი ამბისა. ახლავე მოგახსენებთ რასაც ვგულილსხმობ.
აი რას ამბობს გატაცებული სალომეს დედა, როდესაც მან და სავარაუდოდ მისმა მეუღლემაც წინა დღეს გატაცებული სალომეს მოძებნა მხოლოდ მეორე დღეს შეძლეს: „ერთადერთი მე რაც
მოვითხოვე, რო ჩემს შვილს არასდროს მივატოვებდი, მას ყოველთვის გვერდში დაუდგებოდი როგორც დაჭირდებოდა…უკვე ბავშვმა მითხრა მე უარი (წამოყვანაზე) და…“
რა საჭიროა შვილის მიმართ გვერდში დადგომის ანუ იგივე დახმარების მოთხოვნა? დახმარებას ხომ სთავაზობენ?! რის გამოხატვას ცდილობს დედა, როდესაც ამბობს, რომ მან ერთადერთი, რაც მოითხოვა, შვილის მიმართ მისი და არა შვილის მიერ მისთვის (!) დახმარებაა. როგორც ჩანს, დედამ საკუთარ შვილთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვა დაინახა და თავისი, როგორც დედის უფლება-ვალდებულებიდან გამომდინარე ყველაზე ბუნებრივი და ყველაზე უწყინარი რამ, დახმარება კი არ შესთავაზა, არამედ მოითხოვა(!).
მაგრამ ვის მოსთხოვა მან თავისი „შეთავაზებული დახმარება“, თავის მეუღლეს, თუ აწ უკვე სიძეს?
ეს რა თქმა უნდა დედის უუფლებობის და უძლურების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია. მას მეტის მოთხოვნის საშუალება არ მისცეს, სხვა სახის რაიმე უფლებაზე ხომ საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია. თუკი მოძალადე მსხვერპლს ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებს უკრძალავს, ამით მოძალადეს მსხვერპლის გარემოსგან იზოლაციის მოხდენა სურს, მისი სრულად დაპატრონების, ანაც მისი სრული განადგურების მიზნით. ეს დედამ სწორად იგრძნო.
საერთოდაც, სალომეს დედა იმ დღის აღწერაში პრინციპში არ შემცდარა, ამიტომაც მოითხოვა მან და არა შესთავაზა თავისი დახმარება. არადა ეს არის ის, რის უფლებასაც მას კანონი, როგორც მშობელს,  ისედაც ანიჭებს, მაგრამ ამავდროულად ეს სწორედ ის კანონია, რომელიც მხოლოდ ფურცელზე წერია.
ისევ მაინტერესებს სად იყო და რას ფიქრობდა ამ დროს ერთის მხრივ სალომეს მამა და მეორეს მხრივ სად იყვნენ სამართალდამცავები?!

1.4 ქალის ჯანმრთელობა, როგორც ქალური პრობლემა. ქალური პრობლემების სათავეებთან

სალომე „გაბედნიერდა“, მაგრამ მისი დედის სიტყვებს თუ მოვიშველიებთ:ეს იყო დღე, სადაც დაიწყო მისი კოშმარული ცხოვრება…“ ამავდროულად სალომეს დედამ დაიჯერა, რომ სალომეს „მეუღლე უყვარდა, აბა რატო არ წამომყვა?!“- ხმამაღლა გაიფიქრა მან გადაცემაში.

მე კი ვფიქრობ, რომ სალომე თავისი ნებით კი არ დარჩა, არამედ იძულებული  გახდა დარჩენილიყო, რადგან იგი მოძალადესთან პირისპირ დატოვეს, მას შეატოვეს. სწორედ ამაში მდგომარეობს კონფლიქტი დრომოჭმული ქართული კულტურისა რეალობასთან: სალომე ერთდროულად გაბედნიერდა და გაუბედურდა. მისივე დედის სიტყვებია, რომ ამ დღიდან დაიწყო სალომეს კოშმარული ცხოვრება.
მე კი ისევ ისევ მაინტერესებს, სად იყო და რას ფიქრობდა ამ დროს სალომეს მამა?!
სალომეს „გაბედნიერებიდან“ დიდი ხანი არ გასულა, რომ არასრულწლოვან გოგონას ჯანმრთელობის პრობლემა შეექნა. ეს მოულოდნელი სულაც არ იყო. არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობაც რომ იქით გადავდოთ, რამაც ეს პროცესი სავარაუდოდ დააჩქარა, გაჩნდა სამედიცინო მომსახურების აუცილებლობა. სალომეს დედის თქმით, მას რაღაც „ქალური პრობლემა“ შეექნა.
რა არის ეს  ქალური პრობლემა, ან რატომაა იგი ქალური?!
როგორც წესი, ცივილიზებულ ქვეყნებში ჯანმრთელობას ექიმთან ვიზიტების საშუალებით უვლიან. ექიმთან ვიზიტი ფასიანი სერვისია, რომელსაც ან კერძო, ანაც სახელმწიფო დაზღვევა იხდის. როგორც ცნობილია, სამედიცინო სერვისს სხვადასხვა დასპეციალების ექიმები გვთავაზობენ, როგორიცაა სტომატოლოგი, თვალის ექიმი, ქირურგი ან გინეკოლოგი. ამ უკანასკნელის სერვისის საჭიროება საქართველოში, ისევე როგორც ძველად, საბჭთა კავშირში, ძირითადად გათხოვების შემდეგ დგება. სწორედ აქ იჩენს თავს ქართული კულტურული თავისებურება. როცა ქალი არ არის გათხოვილი და მაშინაც კი, როცა იგი 30 წელსაა გადაცილებული, ვიზიტი გინეკოლოგთან უმეტესწილად ტაბუირებული საკითხია. არადა ქალის ჯანმრთელობისათვის ვიზიტი გინეკოლოგთან, რაც სახვაადასხვა ტიპის სერვისებს მოიცავს, მათ შორის კიბოს პროფილაქტიკას, ანუ საშვილოსნოსა და მკერდის ჯირკვლის გამოკვლევა-კონტროლს ქალისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რამაა. საკითხის მეორე მხარეა სექსუალური ურთიერთობების დაწყება და რეპროდუქციული ფუნქციების კონტროლის აუცილებლობა. ეს კი ძირითადად ქალების პრობლემად მიიჩნევა. და აქ, საზოგადოება სრულიად არ წაწეულა წინ იმ დროსთან შედარებით, როდესაც ქალი მენსტრუაციისა და მშობიარობის დროს უწმინდურად ითვლებოდა და მას გომურში, ცხოველების სადგომში აგდებდნენ. ეს სწორედ ის დროა, როცა ქალს „ქალური პრობლემები“ ჰქონდა და სანამ არ გასუფთავდებოდა, იმ წმინდა ადგილას ვერ დაბრუნდებოდა, რასაც მამაკაცის ხელით მამაკაცისათვისვე აშენებული ზოგან წმინდა ოდა, ზოგან წმინდა ოჯახი, ზოგანაც წმინდა კარ-ბანი ერქვა.
ცივილიზებულ ქვეყნებში კი, თუკი სექსუალურ თანაცხოვრებას ქალი თავის პარტნიორთან ერთად ახორციელებს, ამ თანაცხოვრების შედეგებზე მისი პარტნიორიც სრულად პასუხისმგებელია. ამდენად სულაც არ არის მხოლოდ ქალის პრობლემა ეს ჯანმრთელობის პრობლემები, რომელსაც საქართველოში „ქალის პრობლემებად“ მოიხსენიებენ ხოლმე. 
ამასთან ეს არის ჯანმრთელობის ისეთივე ჩვეულებრივი პრობლემა, როგორიც შეიძლება იყოს, მაგ. კარიესი. თუკი მაგ. სტომატოლოგთან რეგულარულად არ დავდივართ პროფილაქტიკის მიზნით, მალე მისი ჩარევა გახდება საჭირო მკურნალობის უფრო რადიკალური ზომების მისაღებად, ხოლო თუკი პირის ღრუს ჰიგიენაზე წარმოდგენა არ გვაქვს და არც საგნმამათლებლო დაწესებულებაში ან ოჯახში უსწავლებიათ რაიმე მის შესახებ, მაშინ პირის ღრუს ბინადარ 32 ემალგადაკრულ მოსახლეს დიდი ალბათობით ძალიან მალე დავემშვიდობებით, გაცილებით მალე, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია.
სამწუხაროდ საქართველოში პირის ღრუს ჰიგიენა სხვათა შორის ეკონომიური სიდუხჭირის გამოც ფართო ნორმად ვერა და ვერ იქცა, რადგან ფლურიდის შემცველობის კბილის პასტა და სრულფასოვანი კვება, მათ შორის კალციუმიანი საკვები ბევრისთვის ისევ ხელმიუწვდომელია. სტომატოლოგთანაც მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში მიდის მოსახლეობის უმეტესობა. ესეც ისეთივე სამედიცინო სერვისია, როგორიც სხვები, რომელთა მიღება ფართო მოსახლეობას მხოლოდ ე.წ. სამედიცინო პოლისების საშუალებით შეუძლია, რომელიც უმეტეს შემთხვევაში გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას ფარავს და იმასაც არასრულად.
ასეთ პირობებში ვიზიტი გინეკოლოგთან, თუნდაც გათხოვილი ქალისა, ხელმოკლე და სულმოკლე ოჯახებში ისედაც „ქალურ პრობლემას“ კიდევ უფრო ავიწროებს და პირად, ქალურ პრობლემად აქცევს. ხშირ შემთხვევაში მამაკაცები თავიანთი დიდი გამოცდილება-თავგადასავლების შედეგად, რისკენაც მათ კულტურა პირდაპირ ავალდებულებს, მრავალი ვირუს-ინფექციის მატარებლები არიან. ამ ვირუსებით ისინი ქალებს, თავიანთ პარტნიორებს ასნებოვნებენ. მაგრამ პრობლემა მაინც წმინდა ქალური რჩება. ხოლო თუკი ის ჩურჩულით და დედასთან ქალური საუბრით არ მოგვარდება, მაშინ ქალური პრობლემის პატრონი იტუქსება და შეიძლება დაისაჯოს კიდეც.
ამდენად ჩვენ გადავვარდით ისევ ბნელ შუასაუკუნეებში და ეს ძალზე  ლოგიკურად მოხდა. საბჭოთა კავშირის ის კულტურულ-ტექნოლოგიური მიღწევები, რითაც ის ასე იწონებდა თავს იყო ზედაპირული და პოპულისტური, ხოლო დამოუკიდებელი საქართველოს ოცდასამ წლიანმა უკიდურესმა სიღატაკემ და უკუგანვითრებისაკენ მიმართულმა რელიგიურმა იდეოლოგიამ ცივილზაციის უკანასკნელ ნაშთსაც, თუკი ასეთი სადმე მოიპოვებოდა,  საიმედოდ ბოლო მოუღო.
საზოგადოდ გავრცელებული აზრის მიხედვით, საქართველოში ქალებს დიდ პატივს სცემენ, ამაში არც ქართული წესით გაშლილ სუფრაზე არსებობს ორი აზრი. რეალობაში კი- (არამხოლოდ) დაავადებული ქალი ხელმოკლე ოჯახისთვის არასასურველი ეკონომიური ტვირთია, რომელსაც დედამ უნდა მიხედოს და პატრონობა გადაიბაროს. სწორედ ისე, როგორც სალომე გაუგზავნეს ტაქსით დედამისს, რომელმაც თავისი „დაავადებული“ შვილის უკან დასაბრუნებელი მგზავრობის საფასურიც თავად გადაიხადა. მოგვიანებით ასევე თავად გადაიხადა ასეთივე  ტიპის „ქალური პრობლემიდან“ წარმოშობილი პატარა ცოცხალი არსების ამ ქვეყნად მოვლენის საფასური და მისი მოვლა-პატრონობაც თავადვე აიღო თავისსავე თავზე.

1.5 მსხვერპლი ნომერი პირველი, მეორე, მესამე და ასე შემდეგ. მსგავსება და განსხვავება

სალომემ შეძლო თავის ცხოვრებას დაბრუნებოდა, მაგრამ ძალიან მცირე ხნით,  ძალიან ძვირი დაუჯდა მას ეს დაბრუნება. მისი ბედი მისი შვილის მოძალადე მამას და მის ერთპიროვნულ პატრონს კარგა ხანია გადაწყვეტილი ჰქონდა: არც მე, და არც სხვას, მათ შორის არც საკუთარ თავს!
ეს „პროფილის“ მსხვერპლ ნომერ პირველის ხანმოკლე ცხოვრების არც თუ ისე ხანმოკლე ტანჯვის არასრული ისტორიაა.
მსხვერპლ ნომერ მეორის ისტორიაში მთლიანი მსხვერპლ ნომერ პირველის ისტორიაა ჩატენილი, დროში ძალიან დავიწროებული: ის ნახეს, ის მოინდომეს, მან უარი მისცა, მას დაემუქრნენ, მისი მოტაცება განიზრახეს, მისი მოხმარება, მან კვლავ უარი სტკიცა, ის მყარად იდგა თავის გადაწყვეტილებაზე, ამით მან ეჭვქვეშ დააყენა მისი მამაკაცობა, მას გაუსწორდნენ, სახით რკინის მოაჯირს დაახეთქეს, მერე კიბის ქვეშ სიბნელეში ბასრი დანა რამოდენიმეჯერ დაარტყეს იმ გულზე, რომელიც მაზოხისტურმა სურვილებმა ვერც მოალბო და ვერც შეაშინა. არ დაავადებულა „ქალური დაავადებებით“, მაგრამ დაავადდებოდა, დრო რომ ცოტათი გაწელილიყო. ის არასრულწლოვანი იყო და მარიამი ერქვა.

მესამე მსხვერპლის ისტორია დროში გაწელილი ამბავია, ბევრი „ქალური პრობლემა ჰქონდა“ და ბევრი პატარა ცოცხალი არსება წარმოიშვა ამ „ქალური პრობლემებისაგან“. ამ ჯერზეც „ქალური პრობლემით“ იყო დაავადებული, მაგრამ ქმარს ყელში ჰქონდა ამოსული მისი ეს „ქალური პრობლემები“. ამიტომაც ნაჯახით ყელი გამოჭრა და თავის „ქალურ პრობლემასთან“ სამუდამოდ მარტო დატოვა პირისპირ. ის იყო ცოლი იმ ბოროტი კაცისა და დედა მკვლელის შვილებისა. ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო და რუსუდანი ერქვა. 

მეოთხე მსხვერპლი კაცია, კარგი კაცი. კაციც არ ითქმის, ბიჭია ჯერ თითქმის ისევ. პოეტი ყოფილა, ლექსებს წერდა, დედის ერთადერთი იმედი იყო, ნამდვილი ვაჟკაცი. მან გოგონას სიცოცხლე საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა. ის გმირად შერაცხა პრეზიდენტმა, დედისთვის ის ისევ ცოცხალია, ის მას არ გლოვობს, მას გმირი ჰქვია!
იმ ქვეყანას კი, სადაც ასეთი გმირები ცოცხლობენ, გადაშენება არ უწერია!
მერე რა, რომ სამმა ნაძირალამ სამი ქალი გაისტუმრა საიქიოს. საქართველო ხომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, ბედი არ გაგვწირავს!



დღესაც ერთი ქალი მოკლეს. ის მორიგმა ნაძირალამ გაისტუმრა საიქიოს. ისიც „ქალური დაავადებით“ ყოფილა ავად, მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ უნივერსიტეტში სტუდენტებისათვის ესწავლებინა. მას მაკა ერქვა.