Freitag, 29. Januar 2021

ნაგავი თავზე, თავი ნაგავში





შესავალში აუცილებლად უნდა განვმარტო პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის რაობა. ამასთან, აღსანიშნავია ის, რომ ცივილიზებულ დასავლეთში პოლიტიკური პროტესტი ჩარჩოებშია მოქცეული. შესაბამისად, იქ ნებისმიერ ძალადობაზე მონოპოლია სახელმწიფოს ეკუთვნის.


როგორ განსაზღვრავს ძალადობას გერმანიის პოლიტიკური განათლების ცენტრი?

ძალადობა ფასეულობითი ცნებაა. კონფლიქტის მხარეები ტენდენციურები არიან და აქვთ მხოლოდ მეორე მხარის გასამართლების და მისი მოძალადედ განსაზღვრის ცდუნება, საკუთარ ძალადობას კი, საპასუხო, ლეგიტიმურ ძალადობად ნათლავენ. ძალადობაზე კვლევები ცდილობენ, ძალის გამოყენებაზე, ნეიტრალური პოზიციებიდან იმსჯელონ. არის თუ არა სახეზე ძალადობა, უნდა გაირჩეს ქმედების ნიშნებისაგან გამოკვეთილი და არა მისი მორალური შეფასების მიხედვით მიღებული მოცემულობით. ამასთან, ძირითადად ძალადობის დავიწროებული ცნება გამოიყენება, რომელიც ძალადობის ქვეშ სხვა ადამიანის დაზიანებისათვის წინასწარ გამიზნულ ან იოლად მიღებულ გადაწყეტილებას განიხილავს. აქ გასამიჯნია ძალადობის ფართე ცნება, რომელიც ე.წ. ფსიქიურ ძალადობასაც მოიცავს.


როგორც კი ვინმე ძალის გამოყენებასა და ძალადობაზე საუბრობს, ეს ინფორმაცია მყისიერად საყურადღებო ხდება. იგივე ითქმის საპროტესტო აქციების ჩარჩოში მოქცეულ ძალადობაზეც. გერმანიაში მაგალითად, ერთის მხრივ, შენიღბული დემონსტრანტები, რომლებიც პოლიციელებს ქვებს უშენენ, ხოლო მეორეს მხრივ, რეზინის ჯოხებითა და წიწაკის შესასხურებლებით საგანგებოდ აღჭურვილი პოლიციელები, ამაღელვებელ სანახაობას წარმოადგენენ და აღშფოთებას იწვევენ. საუბარია, დემონსტრანტების მხრიდან მზარდ ძალადობის პოტენციალზე, ასევე პოლიციის მხრიდან შეუსაბამო და გადაჭარბებული ძალის გამოყენებაზე, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრანტებს ძალადობისაკენ უბიძგებს. რა ხდება პოლიტიკური პროტესტებისას, რომლებიც ძალადობრივ ფორმებს იძენენ? რატომ დგება ძალადობა, რა როლს თამაშობს პოლიცია?


პრაქტიკაში ძნელია გამიჯნვა სახელის დარქმევისას. ძალადობა დგება, როდესაც დემონსტრანტები პოლიციას პასიურად ეწინააღმდეგებიან - მაგალითად, როცა პოლიციელი იძულებულია დაუმორჩილებელი აიყვანოს და გაიყვანოს, ანაც მაშინ, როდესაც პოლიციის ჯაჭვის წინააღმდეგობას საპასუხო ძალით უწევენ. ბევრი პროტესტანტი ამას საჭირო წინააღმდეგობად ხედავს და არა ძალადობად. პოლიციისათვის ეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა და ხელშეშლა ბრძანების აღსრულებაში. ამ უკანასკნელის აღსრულებისათვის პოლიცია შემდგომში ფიზიკური ძალის გამოყენების მიზანშეწონილობას ხედავს, რასაც დემონსტრანტები უკვე არაპორპორციულად და არამართლზომიერად მიიჩნევენ. თუ რამდენ შემთხვევაშია პოლიციელების მიერ უკანონოდ გამოყენებული ძალაუფლება სამსახურისას (§ 340 StGB ქართ.§ 340 სისხლის სამართლის კოდექსი ), ეს დიდად საკამათო საგანია.

გერმანიაში დემონსტრაციები ძირითადად მშვიდობიანად მიმდინარეობს, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში კონფლიქტების ესკალაცია ხდება მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრანტებს არ დაუგეგმავთ ძალის გამოყენება და გმობენ მას.

(შდრ. https://www.bpb.de/politik/innenpolitik/innere-sicherheit/76644/politisch-motivierte-gewalt?p=all)


იმ დღეს, როდესაც ცნობილი ნაგვის თავზე დაყრის ინციდენტი მოხდა, ადამიანების საკმაოდ ფართო ჯგუფი, სადაც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებიც იყვნენ, ბათუმში რივიერას მშენებლობას აპროტესტებდა. აქციის მონაწილეთა თქმით, ოცნებამ მათ იქ არჩევნებში ოპოზიციის საერთო სიით გამარჯვებული და შემდეგ ოცნების გუნდში გადასული, ვინმე ბატონი ჩავლეიშვილი მიუგზავნა. აქციის შემდეგ კი, უკვე ოცნების დეპუტატ ჩავლეიშვილმა, ბათუმში „თავისუფლების კვარტალში“ გაშლილი კარვების წინ ჩაისეირნა, რომელიც უსამართლო არჩევნების გასაპროტესტებლად ჰქონდათ გაშლილი ახალგაზრდების ერთ ჯგუფს. ჯგუფიდან ერთ-ერთმა, ფანგანმა, როგორც სჩანს, ვეღარ შეძლო თავის შეკავება ამ გამოწვევაზე და ყავის ჭიქით მისეირნე დეპუტატ ჩავლეიშვილს თავზე ნაგვის ყუთის შიგთავსი გადააბნია. ფანგანის თქმით, აქცია სპონტანურად მოხდა, წინასწარი გეგმის გარეშე.

(წყარო https://www.facebook.com/NGOalternative/videos/1146810235776617)


აქ უკვე საინტერესოა კონკრეტული შემთხვევის ანალოგია და საჭიროა თვალწინ გვქონდეს გერმანიაში დემონსტრაციის წესებიც. განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ვინმე უკიდურესად პოლარიზებულ საკითხს აპროტესტებს და იქვე, მეორე მხარეს მტრად მიჩნეული „ბანაკია“, პოლიცია შუაში დგას და საჯარო წესრიგს იცავს. რასაკვირველია, პოლიცია წინასწარი მოძიებისა და დემონსტრანტების მეთაურთან კონტაქტის შედეგად ინფორმირებულია სიტუაციის შესაძლო განვითარებაზე და მაქსიმალურად მობილიზებულია. მან იცის, რომ მარტივია კონფლიქტების აალებაც. ესკალაცია ნებისმიერ დროსაა მოსალოდნელი და შემდგომ ყოველ გაუაზრებელ ქმედებას კონფლიქტის დინამიკის სპირალისებრი განვითარება შეუძლია. თვით მშვიდობიან დემონსტრაციაშიც კი, შესაძლოა დემონსტრანტებსა და პოლიციის დანაყოფებს შორის კონფლიქტის ესკალაცია, ამიტომ, პოლიციას დიდი გონიერება ეკისრება.


ძნელია იმაზე მსჯელობა, იყო თუ არა ზემოთ აღწერილ დემონსტრაციასა და შემდგომ ეპიზოდში კონფლიქტი ვიღაცის მიერ გარედან დაგეგმილი, სადაც აწ უკვე ოცნების დეპუტატი იმყოფებოდა, თუმცა ბოლოს მაინც დადგა ძალადობის ფაქტი.

დეესკალაციის მაგიერ წარმოიქმნა ძალადობის სპირალი.


დანაშაული, რომლის სარჩული პოლიტიკური მოტივაციაა, გერმანიაში, შესაბამისად, პოლიტიკურად დახარისხდება. კრიტერიუმად ძალადობის მიზანი განისაზღვრება-ჰსურს თუ არა მის ჩამდენს „დემოკრატიული ნების გამოვლინების ხელშეშლა“, ანაც  - პოლიტიკური გადაწყვეტილებებისათვის ხელშეშლა. აქ პოლიციას ჩამდენის პოლიტიკური, ხშირად (მემარცხენე) ორიენტაციის შესახებ ცოდნა ეხმარება, რათა საქმეს მისცეს შესაბამისი კვალიფიკაცია და გაარჩიოს პოლიტიკური საქმე სხვა ტიპის კრიმინალური ქმედებებისაგან. სწორედ ამის ქვეშ მიეჩინება ხოლმე ადგილი პოლიტიკურად მოტივირებულ ძალადობასაც, რომლის კლასიკური გამოვლინებებია: მკვლელობა, დაყაჩაღება, გადაწვა, აფეთქება და სხეულის მძიმე დაზიანება.

სხეულის მსუბუქი დაზიანება და წინააღმდეგობის გაწევა სახელმწიფო მოხელესათვის არა ძალადობის ფორმების ქვეშ, არამედ სხვა კატეგორიაში განიხილება.


გერმანიაში სხვადასხვა წლებში მომეტებული პროტესტი პირდაპირ უკავშირდება საზოგადოების მობილიზებულ რეაქციას გარკვეულ შიდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და ქვეყნის გარეთ მომხდარ კატასტროფებზე. ასეთი იყო 1981 და 1986 წლებში საცხოვრებლად თვითნებურად დაკავებული სახლების იძულებით დაცლისას, 1981 წელს ატომური რეაქტორისა და 1986 წელს ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობების საწინააღმდეგო პროტესტი. 1991 და 1993 წლების პროტესტების მიღმა უცხოელთა მიმართ მომატებული აგრესია, ხოლო 1990-იან წლებში ამ აგრესიის საწინაააღმდეგო მასიური გამოსვლები იყო მიზეზი.

მობილიზაციის შეტევები კონფლიქტის წარმომშობი და მისი გამაძლიერებელი ფაქტორებით აიხსნება, რის თვალსაჩინო მაგალითსაც, 1967 წლის 2 ივნისს სტუდენტ ბენნო ონეზორგის დახვრეტის შემდგომ განვითარებული მოვლენების რადიკალიზება წარმოადგენენ.

(შდრ. https://www.bpb.de/politik/innenpolitik/innere-sicherheit/76644/politisch-motivierte-gewalt?p=all)


თუმცა სტუდენტების პროტესტი გაცილებით ადრე დაიწყო. დიდ უკმაყოფილებას გაყოფილ ბერლინს იქით მოქცეულ ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის საპირწონედ შექმნილი მეორე, თავისუფალი უნივერსიტეტის მოუქნელი სტრუქტურები იწვევდნენ, რაც თავის მხრივ, მაშინდელი სოციალური თანაცხოვრების მოძველებულ მოდელს წარმოადგენდა-ავტორიტარულსა და გაუმჭვირვალეს.

სტუდენტების ერთ-ერთი სამიზნე უნივერსიტეტის ცენზურა იყო. ისინი მოითხოვდნენ, ჰქონოდათ განათლების თანაბარი შანსები, რათა შესძლებოდა ცალკეულ სტუდენტს ყველა სემინარისა და ყველა თემაზე დისკუსიაში მონაწილეობის მიღება, აგრეთვე არ ჩარეულიყო სასწავლო პერსონალი სტუდენტური თვითმმართველობის საქმეებში. მალევე გასკდა დამატებით კორუფციული სკანდალიც უნივერსიტეტის ერთ პროფესორსა და მოწვეულ ლექტორს შორის, სადაც თავის მართლებისათვის სასწავლებლის დირექციის ურთიერთგამომრიცხავი არგუმენტების სრულმა უსუსურობამ ზედმიწევნით აირეკლა სისტემის შიდა უძლურება. ამ ყოველივეს ზედ ვიეტნამის ომისაგან გამოწვეული ანტიამერიკული განწყობებიც დაერთო, რაც სტუდენტური კავშირის შიგნით ერთმა სოციალისტურად განწყობილმა ჯგუფმა მჯდომარე პროტესტით, ამერიკული დროშის ჩამოხსნითა და „ამერიკული სახლისათვის“ კვერცხების დაშენით გამოხატა.

შეცბუნებულმა ბერლინის ბურგერმაისტერმა, ვილი ბრანდტმა და უნივერსიტეტის რექტორმა, ჰანს-იოახიმ ლიებერმა სასწრაფოდ ბოდიშის წერილი მისწერეს ქალაქის ამერიკელ კომენდანტს. უპირობო მორჩილების ბოდიშის წერილში კარგად სჩანდა, თუ რაოდენ დიდი იყო მოწიწება ამერიკის, როგორც მფარველის მიმართ და უადგილო მისი ვიეტნამში ინტერვენციის კრიტიკა, რომელზე ტაბუც ამავდროულად ფარდას ხდიდა მაშინდელ საზოგადოებაში გამეფებულ განწყობას - ლამის ბატონ-ყმური ურთიერთობების ფორმებს, რისი შედეგიც იყო სწორედ ე.წ. დიდი კოალიცია და დუმილი ნაცისტურ წარსულზე.

(შდრ. https://repositorium.ub.uni-osnabrueck.de/bitstream/urn:nbn:de:gbv:700-2001071923/2/E-Diss45_Thesis.pdf გვ. 129 ff.)

(შდრ. აგრეთვე https://www.ndr.de/geschichte/koepfe/Benno-Ohnesorg-Vom-protestierenden-Studenten-zur-Symbol-Figur,ohnesorg126.html)


თანდათანობით გაღვივებული სტუდენტური პროტესტი უკვე ღიად ილაშქრებდა დიქტატურაზე ყველა სფეროში - პოლიტიკაში ისევე, როგორც კერძო ცხოვრებაში ავტორიტეტებზე, მათ შორის მშობლებისა და მასწავლებლების ავტორიტეტების წინააღმდეგაც. ისინი მოითხოვდნენ ინსტიტუციონალურ და მასობრივ, რეალურ დემოკრატიას, კლასობრივი უპირატესობის შედეგად გაჩენილი განათლების პრივილეგიის მოსპობას, პუბლიკაციებისა და კულტურის ანარქიული ფორმით, შეუზღუდავი თავისუფლებით გამოცემას.

რადიკალური ოპოზიციის კრიტიკის გარეშე კი, პარლამენტის დიდი კოალიცია ამის საშუალებას არ იძლეოდა. კოალიციის მიზანი პრობლემების იმგვარი გადაჭრა იყო, სადაც ყველა კმაყოფილი იქნებოდა „თბილი საბნის ქვეშ“.

1967 წლის აპრილში სტუდენტურმა პროტესტმა გაფართოება დაიწყო და სხვა გერმანულ უნივერსიტეტებსაც გადაედო. მათ ვიეტნამის ომისადმი კრიტიკულ განწყობასთან ერთად უნივერსიტეტების პირობების მიუღებლობაც აერთიანებდათ.

კომიკური იყო პოლიტიკური პოლიციის მიერ, 5 აპრილს, ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობასთან დაკავშირებული ჩხრეკა სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში, სადაც მათ პრეზიდენტის წინააღმდეგ დაგეგმილი ტერორისტული აქტისათვის მომზადებული ქიმიური ნივთიერებები და სხვა საშიში საგნები, „ამოუღეს“ სტუდენტებს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, „ნივთმტკიცებებს“ სურნელოვანი სანთლები, ცელოფნის ტომრები, საღებავი, პუდინგი და ფქვილი წარმოადგენდა, თუმცა მედია ჯიუტად იუწყებოდა სტუდენტების მიერ დაგეგმილ საშიშ ტერორისტულ აქტზე, რათა საზოგადოების ყურადღება ვიეტნამის ომის კრიტიკიდან სხვა რამეზე გადაეტანა.

სტუდენტებმა კი, მაინც მოახერხეს, დაეშინათ სტუმრად ჩამოსული ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრისათვის კვერცხები და ფქვილის ტომრები. ასე დაერქვა ამ შემთხვევას პუდინგის ტერორისტული აქტი,

(შდრ. https://repositorium.ub.uni-osnabrueck.de/bitstream/urn:nbn:de:gbv:700-2001071923/2/E-Diss45_Thesis.pdf გვ. 133 ff.)


დღეს, გერმანიაში, ძალადობრივი პროტესტის ფორმები საგრძნობლად შემცირებულია, 1960-იანი, 1980-იანი და 1990-იანი საპროტესტო გამოსვლების მასშტაბები - კარგად მივიწყებული, რადიკალური ფორმები კი უკიდურესობას წარმოადგენენ.

ძალადობრივი პროტესტის სათავეები, როგორც წესი, სოციალური და პოლიტიკური კონფლიქტებია. სწორედ ამ კონფლიქტების დინამიკას გადმოაქვს ქუჩაში პროტესტის ძალადობრივი ფორმები და იქვე ხდება მისი შემდგომი ესკალაცია. პრობლემების გასაღები, პირველ რიგში, მათ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გადამუშავებასა და გამოსავლის ძიებაშია.

პოლიციასა და იუსტიციას მხოლოდ კონფლიქტური სიტუაციის დროებითი განმუხტვა შეუძლია, სხვა არაფერი. თუმცა, შესაძლოა დეესკალაციის მაგიერ მოვლენები სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით განვითარდეს და მოხდეს სიტუაციის უკიდურესი ესკალაციაც.


საქართველოში ორივე/ყველა მხარე კარგა ხანია პოლიტიკურ ჩიხშა შესული. მაშინ, როდესაც ქართული ოცნება ხრიკებით, ოინებითა პროვოკაციების მოლოდინით-ღა სულდგმულობს და საკუთარი გუნდის წევრს აგზავნის ქვეყანაში ყველზე მძაფრ საპროტესტო ახალგაზრდების ბანაკთან ესკალაციის იმედით, მორალზე აპელირება, განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის მეინსტრიმისაგან ზუსტად ასეთივე გამოფიტვის მაჩვენებელია. ნაციონალურ მოძრაობას აღარ შეუძლია ქმედითი კომუნიკაციის დამყარება საკუთარი გუნდის წევრებთან. მეტიც, ისინი უკვე მორალის ნორმებს მოიხმარენ აქტიურად, „პოლიციას უხმობენ საშველად“.

თუკი ვინმე ერთ მხარეს ადანაშაულებს, და მას ასამართლებს, თუნდაც მორალის სახელით, ის უკვე სხვა მხარეა…გუნდურობა, შესაძლოა, არ ითვალისწინებს დანაშაულზე თვალის დახუჭვას, მაგრამ კრიტიკა ამ ტიპის დანაშაულებებზე მხოლოდ გუნდშია დასაშვები, „ოთხი თვალის ქვეშ“.


მაგალითისთვის, 07.07.2011 ბუნდესთაგმა წესრიგის დამცავი ჩინოვნიკისადმი წინააღმდეგობის გაწევაზე ჯარიმა ორიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით შეცვალა. ძალადობათა პრევენცია, რომლებიც ესკალაციის შედეგია, ან პოტენციური ესკალაციის წყაროს წარმოადგენენ, ამ გაზრდილი ჯარიმით ვერ მოგვარდება. ეს იცის გერმანელმა კანონმდებელმა. ამიტომ იგი მკაფიოდ ამბობს, რომ სისხლის სამართალს კონფლიქტის მხოლოდ დროებითი შეკავება შეუძლია, აქ გადამწყვეტი პოლიტიკური და სოციალური კონფლიქტების გადაჭრაა.


როდესაც საზოგადოებაში კონფლიქტები იზრდება, იქვე იზრდება უსაფრთხოებაზე მოთხოვნილებაც. თუმცა უსაფრთხოებაზე გაუაზრებელ ფიქრებს საზოგადოებისათვის ნეგატიური შედეგების მოტანა შეუძლიათ, სადაც კრიტიკული აზროვნება უკანა პლანზე გადადის, ხოლო თავად საზოგადოება ნელ-ნელა შორდება ხარისხიან ცხოვრებასა და იწყებს ჩაკვდომას. უსაფრთხოება ციდან არ ვარდება, ის ყოველთვის სხვის, სხვა ინდივიდების ხარჯზე იწყებს აღმოცენებას. მეტიც, ასეთი უსაფრთხოების შეკავებას დამატებითი რესურსები სჭირდება. გარდა ამისა, უსაფრთხოება, პოლიტიკური მორიგების საგანიცაა, რომელიც პირადი სივრცის შევიწროების სანაცვლოდ ითხოვს საფასურს.

პირადი სივრცე კი, ჯერ კიდევ ასი წლის წინ ამერიკელმა იურისტებმა, ადამიანს ფუნდამენტურ უფლებად განსაზღვრეს - საცა მას უფლება აქვს დარჩეს მარტო თავის თავთან და იყოს ისეთი, როგორიცაა.


ამდენად, ზედმიწევნითი უფლება უსაფრთხოებაზე და მისი ქცევა ნომერ პირველ პრიორიტეტად, დიდ რისკებსაც შეიცავს საზოგადოებისათვის.


აუცილებლად გასარჩევია კონტექსტიც, რომელსაც მოერიდნენ მორალისტები, როდესაც ისინი ფანგანს ძალადობრივი პროტესტის გამო ამუნათებდნენ. არადა, მან სწორედ ის ქცევის„კოდები“ გაიმეორა და გამოიყენა რაც ნახა/მოისმინა/გაიგო მედიით თავისი ბრაზის გამოსახატად.

დიახ, ეს არ იყო არც კვერცხი, არც პუდინგი და არც პომიდორი, ან საღებავი, ან თუნდაც რაიმე ბლაგვი საგანი, რომელიც მან პროვოკატორ და პოლიტიკური შეთანხმების - ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს პარლამენტს - უარმყოფელ დეპუტატს ესროლა გაბრაზებულმა, არა! ეს სწორედ „ის ნაგვის ყუთი“ იყო, რომელიც რამოდენიმე ხნის წინ საჯარო მოხელემ გორის მერიის წინ ოკუპაციის გამაპროტესტებელ მოქალაქეს ჩამოამხო თავზე.

იგივე ენა, იგივე კოდები!


შეთანხმებების შესრულება ევროპაში სავალდებულო და ღირსების აქტთან გათანაბრებული ფენომენებია. ისევე, როგორც ძველ რომში, დღესაც მოქმედებს გერმანიაში „ზეპირი ხელშკრულებებიც ხელშეკრულებებია“, თუკი ხელშკრულებას ნაწერი ფორმა არ აქვს.