Sonntag, 25. Januar 2015

(მინიატურა) გივი გაიძვერაა!

მე-8, თუ მე-9 კლასში ვიყავი, მიტინგობანა რომ დაიწყო. ძალიან კარგი ქართულის (ქალი)მასწავლებელი გვყავდა. თითქოს მკაცრი იყო, მაგრამ ამავდროულად ძალიან ჰუმანური, არა მარტო ბრწყინვალე ქართულის მცოდნე, არამედ საუკეთესო მასაწავლებელიც. მას მერე ვიცი, რომ მასწავლებლობა თანდაყოლილი რამაა, ან ხარ მასწაველებლი, ან - არა! შეიძლება ითქვას, რომ ქართული ენისა რაც გამეგება, მხოლოდ მისი დამსახურებაა. (ქართულმა) უნივერსიტეტმაც კი ვერ მომცა იმაზე მეტი, რაც მან. მეტიც, ძველი ქართული ენის სახელმძღვანელო უნივერსიტეტში ხეირიანად არც კი გადამიშლია. რაც შიგ ეწერა, მე უკვე უმეტესწილად ჩემი ქართულის მასწავლებლისაგან მქონდა სკოლის გაკვეთილებზე ნასწავლი. რა თქმა უნდა, ძველი ქართული ენის ლექციები საინტერესო იყო და დამატებითი ცოდნაც შევიძინე, მაგრამ ეს მხოლოდ დამატება იყო.


ჯერ კიდევ სკოლაში დავდიოდი, უფროსკლასელი ვიყავი, ჩემი მეზობლის ბავშვმა რომ მომიკაკუნა ერთხელ კარზე და მთხოვა, მისთვის ერთ-ერთი ძველი ქართული ენით დაწერილი ნაწარმოები მეთარგმნა(!). ამ ტექსტის თანამედროვე ენით გადმოცემული მოკლე შინაარსი ვერ მოიძია, არადა იცოდა, რომ მომავალ გაკვეთილზე მასწავლებელი აუცილებლად გამოიძახებდა. დიდხანს ვუხსნიდი ანას ტექსტის შინაარსს, მერე მაინც ტექსტის მოკლე შინაარსად თარგმნა მომიწია. შევატყე, როგორ გახალისდა ანა, ჩემს ბოლო წინადადებებს რომ იწერდა სიტყვასიტყვით რვეულში. ახლა მას საიმედოდ ჰქონდა ერთ-ერთი საპროგრამო ტექსტის მოკლე შინაარსი ჩაწერილი.  დაფასთან ანას დიდი ალბათობით ხვალისთვის დაგეგმილი გამოძახება, ჩემი მოკრძალბული გათვლებით, მცირე წარმატებით მაინც უნდა დაგვირგვინებულიყო.


შეიძლება ითქვას, რომ მთელი ეროვნული გამოღვიძების ისტერიამ თავისი დროშების ფრიალით, მეგაფონებში ყვირილით, ეგზალტირებული (აღგზნებული) მემიტინგეების გულში მჯიღის ცემით ჩვენი საკლასო ოთახის გარეთ ჩაიარა. ჩვენმა ქართულის მასწავლებელმა გვითხრა, რომ იქ არც ჩვენი და არც ჩვენნაირების ადგილი არ იყო. ჩვენი ადგილი იყო სკოლაში, მერხზე და აქვე უნდა ვმსხდარიყავით გაკვეთილების ბოლომდე. ამიტომ ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ მიტინგებზე,  მაგრამ ამ დროს გარეთ დატრიალებულ ამბებს ზოგჯერ ჩვენნაირებისგანაც ვიგებდით.


ჩვენ ერთი ფიზიკის მასწავლებელიც გვყავდა, ის კომუნისტური რიგების, პარტიის წევრი იყო, შეუვალი და ამავდროულად არ უყვარდა ადამიანები. რაღაც თავისებური მეთოდი შეიმუშავა იმისა, თუ როგორ უნდა ესწავლებინა ჩვენთვის ფიზიკა. ფიზიკის მთლიანი სახელმძღვანელო დააკონსპექტა ასე ვთქვათ, მოკლე შინაარსად გადააქცია. მერე ადგა და ამ კონსპექტის ნაწილებს გვკარნახობდა და გვაწერინებდა ჩვენს რვეულებში. როცა ჩაწერილმა გვერდებმა გარკვეულ რაოდენობას მიაღწიეს, ამოგვარჩია რამოდენიმე მოსწავლე, ვინც სავარაუდოდ ამ ჩანაწერის რვეულის გარეშე და სიტყვასიტყვით გამეორებას შეძლებდა, გადაგვამოწმა დაფასთან, ვფლობდით თუ არა მასალას სათანადოდ, ხარვეზების გარეშე და მოგვამაგრა თითოს ხუთიდან ათამდე ჩვენივე კლასელი. ჩვენ ჩვენის მხრივ უნდა შეგვემოწმებინა მათი ცოდნის სიახლოვე გაშინაარსებულ კონსპექტთან და შეგვეფასებინა ეს მოსწავლეები. თან ნება დაგვრთო, კონსპექტიც, ყოველგვარი გაუთვალისწინებელი გაუგებრობის გამოსარიცხად თან გვქონოდა. ასე და ამრიგად, ყოველ ფიზიკის გაკვეთილზე ოთახს რამოდენიმე წყვილი მოსწავლე აკლდა. მათი ნახევარი გარეთ მყოფ დანარჩენ ნახევარს ცოდნას უმოწმებდა და აფასებდა. უკვე შეფასებულები შიგადაშიგ საკლასო ოთახის კარებს აღებდნენ და ბრუნდებოდნენ, ხოლო რიგში მდგომი შესაფასებლები საკლასო ოთახს შუა გაკვეთილზე რიგრიგობით ტოვებდნენ. თუკი ფიზიკის მასწავლებელი იმ წუთისათვის დაფისკენ იყო მიტრიალებული, ასეთი გამოსაცდელი დარჩენილ კლასს მთელი მონდომებით ეჯღანებოდა და ბედნიერი სახით გადიოდა ცოდნის ტაძრის ერთ-ერთი საკნიდან.


ახალი სასწავლო წელი დაიწყო და იმ ფიზიკის მასწავლებელმა გადაწყვიტა, რომ ჩვენი მერხზე დალაგებული სასკოლო ნივთები შეემოწმებინა. ჩამოვლისას აღმოაჩინა, რომ ნიკოს მერხზე ორი დღიური ედო. აიღო ეს დღიურები ხელში და სთხოვა მას ამდგარიყო;-მამაშენი ქურდია ხომ, იპარავს არა?! სახელმწიფოს პარავს არა?! მაშ, საიდან შენ ორი დღიურის ყიდვის საშუალება, სხვას ერთიც არ აქვს?!და ისეთი სიძლიერით გაუქანა მუშტი, რომ ნიკო წაბარბაცდა და უკანა მერხებს გადაეფინა. წამოცვივდნენ ახლოს მჯდომი ბიჭები და მოაცოცხლეს ნიკო, ვერავინ ბედავდა განრისხებულ მასწავლებელთან მიახლოებას. ნიკოს არაფერი უთქვამს, დასისხლიანებულ ცხვირზე ცხვირსახოცი აიფარა და ისევ ჩუმად დაჯდა მერხზე. ნიკოს მამა იმ ზაფხულს, არდადეგებზე გარდაცვლილა თურმე.

ამასობაში ეროვნულ-გა(ნ)მა(ნ)თავისუფლებელი ტალღა ისე ძალიან გაძლიერდა, რომ ქართულის არა, მაგრამ ჩვენი ფიზიკის გაკვეთილსაც მოსწვდა. ერთ მშვენიერ დღეს, როცა საკლასო ოთხებში შევედით, ჩვენმა მასწავლებელმა დაფა დაკეცა და გვითხრა, წაიკითხეთ ჩემთან ერთად დაფაზე რაც წერიაო. თავად ზურგი გვაქცია, დაფისკენ მიტრიალდა და დაიწყო კითხვა:მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა… დაკეცილი დაფის მეორე მხარეს მეორე ლოცვა ეწერა წმინდა სამებისათვის, ისიც წავიკითხეთ. ყოველი ლოცვის მერე პირჯვარიც გადავიწერეთ სამ-სამჯერ. ამის მერე ყოველი ფიზიკის გაკვეთილის დასაწყისში მთელი კლასი ფეხზე ვდგებოდით და ჩვენი ფიზიკის მასწავლებელთან ერთად დაკეცილი დაფის უკანა მხარეზე დაწერილ ლოცვებს ვკითხულობდით. ასე ისწავლა ჩემმა ოცდათორნეტივე კლასელმა ჩემი ჩათვლით ეს ორი ლოცვა სხაპასხუპით, ზეპირად. სავარაუდოდ ამ მეთოდით დაიზეპირეს იგივე ლოცვები ჩემი სკოლის რამოდენიმე ასეულობით მოწაფემ.თვიდან თვემდე უკვე მიძნელდებოდა ფიზიკის გაგება. გონებისა და ნებისყოფის დიდი დაძაბვა იყო საჭირო, გამეგო წიგნში გადმოცემული მასალა. ვხედავდი, რა დღეში იყვნენ ჩემი კლასიდან დანარჩენები. ჩვენგან არც ერთი არ მომზადებულა აბიტურიენტად ფიზიკაში.


ამბობენ, უცხო ენას იმ დოზით და იმ დონეზე სწავლობ, რა დოზით და რა დონეზეც მშობლიური ენა იციო. ენა მარტო საუბარი ხომ არ არის, ენა სტრუქტურირებული, ლოგიკურად აწყობილი აზროვნების პროცესიცაა. ენა ინსტრუმენტია და ცუდად მოხმარებული, მავანთ ხელში ბოროტი იარაღიცაა. ჩემის ღრმა რწმენით, სწორედ ენა ჰქმნის იდენტობას და არა კულტურის ან ტრადიციის გარკვეული ფორმები, ნაგლეჯები, ნაფლეთები. ამ ამბავში რა თქმა უნდა რელიგიაც მძლავრად ურევს ხელებს. რაღა დასამალია და ქართული ენის კარგად ცოდნა მართლაც ძალიან დამეხმარა სხვა და სხვა ენების შესწავლაში, მაგრამ ზემოთ რომ მშობლიური ენის ფლობისა და უცხო ენის შესწავლის ხარისხის კორელაცია (ურთიერთკავშირი) ვახსენე, ჩემს შემთხვევაში სულაც არ აღმოჩნდა უდაო ჭეშმარიტება. უცხო ენები მალე ვსწავლე, მაგრამ მე მაინც კარგა ხანს არეული ვლაპარაკობდი. ჩემს საუბარს აკლდა ლოგიკური აზროვნების ჯაჭვი, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, ხშირად მთავარ სათქმელს, წინადადების მთავარ მიზანს დიდხანს ვერ ვუახლოვდებოდი და ამას უმეტესად ჩემს სახლიდან გამოტანებულ სოციალიზაციას (ხალხში გამოსვლა-გარევა) ვაბრალებდი, რასაც უმოწყალო და თავდაუზოგავი ბრძოლა გამოვუცხადე, რადგან დიდად მაბრკოლებდა ჩემს მიერ დასახულ გეგმებში.

ერთ მშვნიერ დღესაც ქართველ მაღალჩინოსანთა დელეგაცია მომაბარეს. სინქრონული ენისა და კულტურის თარგმნისას აღმოვაჩინე, რომ ჩემს ბრძოლას შედეგი გამოეღო და უფრო უცხოელებში ვიპოვე ჩემი თავი, ვიდრე ჩემს „ზემლიაკებში“. მათ საუბარში და მოქმედებაშიც კი ხელისგულზე დადებულივით მოჩანდა ქართული კოგნიტიური (აზროვნების) აქტი.


რამოდენიმე ხნის შემდეგ ამათგან დამოუკიდებლად ერთი ქართველი ყმაწვილკაცი გავიცანი, უფრო სწორად ერთმა ჩემმა უცხოელმა ნაცნობმა გამაცნო: ჩვენს ქალაქშია, მარტოა, თან სწავლა გადაუწყვეტია და იქნებ შეეხმიანო და დააკვალიანო, აინტერესებს აქაური ბიბლიოთეკები როგორ ფუნქციონირებსო. სიამოვნებით-მეთქი ვუთხარი ჩემს ნაცნობს. ასე გავიცანი გივი.


გივი რამოდენიმე წლის შემდეგ საქართველოში შემხვდა შემთხვევით: არ მომეწონა თქვენი ქალაქი, ჩემი მშობლიური ქალაქი ვარჩიეო, მითხრა და იქვე, რესტორანში დამპატიჟა. გინდა თუ არა, უნდა წამომყვე, ახლა შენ ჩემი სტუმარი ხარო.
კარგი, ყავა დავლიოთ, არც ისე ძალიან მეჩქარება-მეთქი. ყავის დალევისას მაგიდას გადაფარებული თეთრი სუფრა სულ უფრო და უფრო უჩინარდებოდა შეკვეთილი კერძების ქვეშ. წინააღმდეგოის გაწევას აზრი არ ჰქონდა, მივხვდი, ჩვენი შეხვედრა ყავის დალევით არ დამთავრდებოდა. გივისგან შევიტყე, რომ ის ახლა პარლამენტის დეპუტატია და ამასთან ღრმად მორწმუნე კაცი. ამბობდა, რომ მისი მოძღვარიც და სხვა ტიპებიც მართალს ბაზრობენ. ევროპა ცუდი არაა, მაგრამ ყველა ქვეყნიდან ის უნდა ავიღოთ, რაც საქართველოს კულტურას შეეფერება. საჭიროა რუსეთთან საერთო ენის გამოძებნა, ბოლო-ბოლო მეზობლები ვიყავით ამდენ ხანს. ერთმორწმუნე რუსეთთან უფრო მეტი რამ გვაკავშირებს, ვიდრე ევროპასთან და ენჯეოშნიკები მაგრა მუშაობენო. ეგ ევროპასაც ძალიან აწყობს, გამოგზავნილ ფულს შუაზე იყოფენ და დიდი ნაწილი ისევ ევროპელებს რჩებათო. შარშან ერთი ამბავი იყო, ბიომეტრულ პასპორტებზე, ხალხი აღელვებული იყო და ჩემი მოძღვარი ახლაც იმას ამბობს, საბანკო პლასტიკურ ბარათებშიც სამი ექვსიანის კოდი დევსო.

დაძალებული ორი ჭიქა წითელი ღვინის შემდეგ იმ რესტორნის ზემოთ მდებარე სასტუმრო ოთახში აღმოვჩნდით ორივე. გივი ამასობაში ცოტა შეუძლოდ შეიქნა. ვიფიქრე, მაჯას გავუსინჯავ-მეთქი, ვხედავ, მის მაჯაზე როლექსია. გავხადე ფეხსაცმელებიც, მისი ფეხსაცმლები ლუი ვიტონის აღმოჩნდა.
ნეტავ რა მეთოდით გადაიხადა ეს ფული, ამხელა ფულს ჩემოდნით ხომ არ მიიტანდა გამყიდველთან? - გავიფიქრე ჩემთვის. ახლა ჯიბეში ჩავუყავი ხელი. იქ აიფონ ექვსი ედო. გადავწყვიტე გივისთვის შარვალიც გამეხადა, ქამარი გავუხსენი, ვხსნი ქამარს… ოჰო, კელვინ კლაინი!
გივი გაიძვერაა!
სამშობლოს ძვირფასი დეპუტატის სხეულს საბანი წავაფარე, რომ არ შესცივნოდა და მის სარეცელს მოვშორდი.
სად მიდიხარ, მტოვებ? წაილუღლუღა გივიმ.
ხვალ შევხმიანდეთ, კარგი, - ვუპასუხე და დავტოვე მოსასვენებლად.

Sonntag, 18. Januar 2015

თეფშიდან კუჭამდე მანძილი (გ)ასტრონომიულია

სიტყვა გასტრონომია ბერძნულიდან მომდინარეობს, „გასტერ“ ნიშნავს მუცელს, ხოლო „ნომოს“ - წესს. გასტრონომია დღესდღეობით ევროპაში სტუმრების მომსახურებას, იგივე სერვისს აღნიშნავს, რასაც ფულით ყიდულობენ სტუმრები, იგივე კლიენტები. იგი ნაწილობრივ საქართველოშიც ამ ფუნქციის მატარებელია, თუმცაღა ხშირ შემთხვევაში ოჯახში იგი ჯერ კიდევ ძველი, ლამის შუასაუკუნეებრივი წესების მიხედვით ხორციელდება.

ევროპაში ძალზედ საინტერესო გამონათქვამი არსებობს, მუცლის წესის, ასე ვთქვათ, სტომაქის მოთხოვნილებების, ჭამის შესახებ. ერთ-ერთი მათგანი, გერმანულ ენაზე შემდენაირად ჟღერს: „Liebe geht durch den Magen“ (სიყვარული კუჭზე გადის). არსებობს მისი რუსული შესატყვისიც „Путь к сердцу  мужчины проходит через желудок“ (გზა მამაკაცის გულისკენ კუჭზე გადის). ერთ-ერთი ვერსიით, ეს გამოთქმა ჭამისა და გრძნობების ურთიერთკავშირს გამოხატავს.
გერმანულ კულტურაში საჭმელი, განურჩევლად სქესისა, (კარგა ხანია) ყველასთვისაა სიყვარულისაკენ მიმავალი გზა, რუსულ ენაში ხაზგასმულია მისი როლი კაცში (და არა ქალში) სიყვარულის გასაღვიძებლად.

ჭამა სიყვარულისთვის, შეკავშირებისთვის, ყურადღებისთვის, ან თვითგვემისთვის

საგულისხმოა, რომ სხვებთან ერთად, კვების რიტუალს ევროპაში, კერძოდ კი გერმანიაში, სხვაგვარად „Liebesmahl“-ს ანუ სიყვარულის რიტუალსაც ეძახიან.
კვების, მაგიდასთან მისხდომის რიტუალს სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისათვის სხვადასხვა დატვირთვა აქვს. აქედან შეიძლება ორი ძირითადი მიმართულების გამორჩევა: ერთის მხრივ კვების რიტუალი, როგორც სიყვარულის, სიამოვნების გაზიარების, დაახლოების სურვილის (ან პირიქით, მისი აკრძალვით- დასჯის) გამოხატულება და მეორეს მხრივ ასევე სიყვარულის მიზეზით კვებისაგან თავშეკავება, რომელიც უმეტესად მსხვერპლად გაიცემა, ზოგჯერ ღმერთისთვის (მაგ. მარხვა), ზოგჯერ კი საკუთარი ჯანმრთელობისათვის (გავრცელებულია აღმოსავლეთის კულტურებში, მაგ. ბუდიზმში).

ჭამა სიამოვნებისთვის, ძალაუფლების დემონსტრაცია

რიგ შემთხვევებში უფლებას კვებაზე ძალაუფლება არეგულირებს. ჭამა-სმა მაგალითად, ძველი, მდიდარი რომაელებისათვის ტკბობის და ამდენად ძალაუფლების რიტუალს წარმოადგენდა. იმისათვის, რომ მათ მუცლის ღრუს რაც შეიძლება მეტი საკვები დაეტია, ისინი ჭამისას სხეულის მარცხენა მხარეს იყვნენ წამოწოლილნი, რადგან ანატომიური ჩვენებით ეს სხეულის სწორედ ის მდგომარეობაა, როდესაც კუჭ-ნაწლავს მაქსიმალური მოცულობის საკვების დატევა შეუძლია.

თუკი საქართველოში აგრერიგად გავრცელებულ (უმეტესწილად კაცების) ქეიფის ტრადიციასაც მარტივ თანამამრავლებად დავშლით, დავინახავთ, რომ საქართველოში კვება უდიდეს ნაწილად რიტუალიზებულია. იგი არჩევითი და მოჩვენებითი სიყვარულის, ძალაუფლების დემონსტრაციის ნაწილია ჯერ კიდევ. მაგრამ საზოგადოებისათვის ნელ-ნელა მკაფიო ხდება მისი სასიცოცხლო ღირებულებისათვის პრიორიტეტის მინიჭების აუცილებლობა.
ამ კუთხით კი, საინტერესოა, რა ფუნქციით მოიხმარდნენ და მოიხმარენ დღეს საკვებს საქართველოში: გარეთ, კვების ინდუსტრიის ქსელებში, რესტორნებში და ოჯახებში. საინტერესო იქნებოდა ასევე  რესტორნების მომხმარებლთა დიფერენციაცია (დახარისხება) ასაკისა და სქესის მიხედვით. რას ემსახურება კვების ინდუსტრია- სიცოცხლის შესანარჩუნებელ კვების ჯერს, თუ სიამოვნების რიტუალს და როგორ ნაწილდება საკვები კერძოდ, ოჯახებში. 

ზემოთ ნახსენები ქეიფი თანამდროვე ქართული ფენომენია, რომელიც სავარაუდოდ 100 წელზე მეტის არ უნდა იყოს და მასიურად კი 60-იან წლებში ჰპოვა გავრცელება საქართველოში.
100 წელი პირობითად დავასახელე, რადგან ჯერ კიდევ აკაკი წერეთელმა აღნიშნა, რომ ქეიფი და დროსტარება იმ ფორმით, რა ფორმითაც ახლა ეს საქართველოშია, ჩემმა მამა-პაპებმა არ იცოდნენო. აი, რას წერს იგი კიდევ სხვა ადგილას: „დაიცლებოდა თუ არა ვისიმე [ღვინის] ჭიქა, მაშინვე აავსებდენ. სა- დღეგრძელოები არ იცოდენ. პირველს ჭიქას რომ აიღებდენ, მაშინ კი პირჯვარს გამოისახავდენ და იტყოდენ: "დიდება ღმერთსა! მოწყალესა ერსა! ღმერთო გაუმარჯვე ბატონსა და ყმებსა, აქა მბრძანებელსა! შენდობა, მამაო!" - ეტყოდენ მღვდელსაც და გადაჰკრავდენ ღვინოს. მერე კი იმდენსა სვამდენ, რამდენიც უნდოდათ. სამიზეზო სადღეგრძელოები კი ფიქრადაც არ მოსდიოდათ.“(„ჩემი თავგადასავალი“)

60-იანი წლებში კი საქართველომ ე.წ. კომუნიზმის ხანაში შეაბიჯა, საკვები გახდა ყველასთვის ხელმისაწვდომი და ბებიაჩემს თუ დავესესხები, სტალინს რომ ეცოცხლა, ისე კარგად მიდიოდა საქმე, შაქარი, მარილი და ასანთი უფასო უნდა გამხდარიყოო. დედაქალაქში გაიხსნა კაფეები, საზკვების (შემოკლებით, საზოგადოებრივი კვება) დაწესებულებები. ისინი კანტი-კუნტად გამოჩნდენ სხვა ქალაქებშიც.

საინტერესოა რა ხდებოდა იმ დროისათვის საქართველოს სოფლის სახლების ოდა-დარბაზებში, ჩვენებურად სასადილო ოთახებში?

გასული წლის დეკემბერში ერთი ნაცნობი გერმანელის მოხსენებაზე წავედი, სადაც ის საქართველოში თავისი მოგზაურობის შესახებ ჰყვებოდა. შტეფანე 60-იანი წლებიდან სისტემატურად სტუმრობდა საქართველოს. თავდაპირველად როგორც სტუდენტი და თავგადასავლების მოყვარული, შემდეგ კი მისი ურთიერთობა საქართველოსთან ინტენსიურ და დიდ სიყვარულში გადაიზარდა. მეგობრების წყალობით ის 60-იანი წლების ბოლოს ხევსურეთში აღმოჩნდა, სადაც ერთ ხევსურ ოჯახს დაუმეგობრდა. მიზეზთა და გარემოებათა გამო მას ამ ოჯახში გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრება მოუწია.
იმ საღამოს შტეფანემ დაწვრილებით გაიხსენა, თუ როგორ მიიღო ხევსურმა წყვილმა ის სტუმრად ოჯახში და თავიანთი შვილების გვერდით მასაც მიუჩინეს ადგილი. როგორი სიყვარულით და პატივისცემით ექცეოდნენ ისინი მას და რა დიდხანს გაჰყვა მას ამ ოჯახთან ურთიერთობის სითბო. თუმცა როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ამ მოხსენებაშიც მთავარი მოსაყოლი ამბავი წინადადების არამთვარ წევრებში იმალებოდა. მე მას ვთხოვე, უფრო დაწვრილებით გაეხსენებინა მაშინდელი სტუმარ-მასპიმძლობა. შტეფანე გაოცებული ჰყვებოდა, რომ როდესაც ოჯახი საჭმელად დასხდებოდა, უფრო სწორად ჯერ ყველა  მამაკაცი დაჯდებოდა, მათ ოჯახის დიასახლისი მიაწვდიდა ხონჩას, თუ ტაბლას, რაზედაც მთლიანი ოჯახისთვის გამზადებული საკვები ჯერი, საჭმელი იყო მოთავსებული. როდესაც ოჯახის მამაკაცები საჭმლით გულს იჯერებდნენ, ამ ხონჩას ქალებსა და ბავშვებს გადააწვდიდნენ. ასე დგებოდა ქალების (ნარჩენებით) ჭამის ჯერი. ერთხელაც ვეღარ მოუთმენია შტეფანეს და უკითხავს ქალისათვის: კი მაგრამ მთელი დღე დასვენება არ იცი და ეს ამბავი როგორ არის, საკვებსაც რომ წესიერად ვერ იღებ, ასე როგორ ცხოვრობო?
ქალს უთქვამს, შტეფანე, ჩვენთან ასეა მიღებული, სულ ასე იყო და ახლაც ასე არის და რაღაცნაირად თავი გაგვაქვს, ჩვენ გვყოფნის თუ არა, უნდა ვიმყოფინოთო.
იმავე საღამოს შტეფანეს ვკითხე, იქნებ შენ ხელმოკლე ოჯახში აღმოჩნდი და იქ მეზობლები სხვაგვარად იქცეოდენ, ან იქნებ იმ ქალის ქმარი იყო-მეთქი ასეთი საძაგელი?!
არა, მითხრა შტეფანემ, ყველა იქაური ოჯახი ასეთივე ღარიბი იყო და ყველა ოჯახში იგივე ამბავი ტრიალებდა, მათაც ხშირად მივუპატიჟებივარო.
სწორედ ასე იკვებებოდნენ ხევსური ოჯახის ქალები და პატარა ბავშვები. მას შემდეგ, როდესაც ოჯახის მამაკაცები დანაყრდებოდნენ, კერძის ნარჩენები მათი ხვედრი იყოო.

არ ვიცი საქართველოს სხვა რეგიონებში ოჯახში საკვებს როგორ ანაწილებდნენ, მაგრამ კარგად მახსოვს ბებიაჩემის მოყოლილი ამბები: ჯავახეთში, ოჯახში საჭმელს რომ გავანაწილებდით, საუკეთესო ნაწილებს მამათილს  მივართმევდითო. შეიძლება გამონაკლისად ჩაითვალოს ის, რომ მე ბებიაჩემის მამამთილს, ჩემს დიდ ბაბუას მოვესწარი და კარგადაც ვიცნობდი. 18 წლის ვიყავი, როდესაც ის გარდაიცვალა. არასოდეს დამავიწყდება მასთან ზაფხულში სტუმრად გატარებული დღეები. კოხტა ბელადს ეძახდნენ ზედმეტსახელად სოფელში. ახალგაზრდობაში კოლმეურნეობის თავმჯდომარე და სოფლის მეურნეობის ზედამხედველი ყოფილა კარგა ხანს. ოჯახშიც მის სიტყვას ვერავინ გადავიდოდა. ღრმა მოხუცებულობაშიც ისეთივე დარჩა, ზედამხედველი, უფრო ბოროტი, ვიდრე მკაცრი და სამართლიანი, ერთი სიტყვით, დიქტატორი. ხშირად სტუმრობდნენ მას თავისი მეგობრები, მისი ასაკის კაცები,  რა თქმა უნდა. პირში ჩაიგდებდნენ ყინვარ-შაქარს, ხვრეპდნენ ერთად ჩაის, და ათასგვარ ამბებს ჰყვებოდნენ ხან სომხურ, ხან ქართულ და ხანაც თათრულ ენაზე. ერთხელაც საკუთარი სიმშვიდე მოენატრა და ბებიაჩემს სანოვაგის მოპარვა დააბრალა. ეს ერთდროულად აბსურდი, უხამსობა, სიბოროტე და ადამიანობის დაკარგვა იყო, ჩემთვის- სრული შოკი! დავავლე ჯოხს ხელი, რადგან ისიც თავად ჯოხით იმუქრებოდა და 13 წლისა, მზად ვიყავი დამეცვა ბებიაჩემი, რომელიც მის წინაშე იმ წამს ისე უსუსურად გამოიყურებოდა. ბრძოლის მოგება უდაოდ ჩემს მხარეს იქნებოდა, რადგან ის კარგად ვეღარ ხედავდა, მე კი იმ დროისათვის უკვე მოხერხება არ მაკლდა. მას ხელი არ აუწევია, მიხვდა, რომ ეს გონივრული გადაწყვეტილება იქნებოდა. კარგი ის იყო, რომ ღობის მეორე მხარეს უსაყვარლესი ადამიანები გვეგულებოდნენ, ბებიას ძმა, რომანი და მისი ცოლი სონა, რომლებთანაც იქ დარჩენილი დრო გავატარეთ. მალე ეს ამბავი აღარავის ახსოვდა და ლამის მეც გადამავიწყდა. სამაგიეროდ დღემდე მახსოვს, სონა ბაბოს თონეში ჩაკრული უთხელესი, თითქმის სიფრიფანა სომხურად დამცხვარი ლავაშები და მათში ჩახვეული უგემრიელესი ყველი, წყაროს წყალი, რომელიც სიცივით ლამის კბილებს გვატკიებდა, ვირების ყროყინი, თიკნების ბღავილ-კიკინი, ღამღამობით მგლების ყმუილი და იქაური სიჩუმის ხმა.
როცა უკვე იმდენად გავიზარდე, რომ მშობლებთან ერთად ჩემი წასვლაც შეიძლებიდა თავყრილობებზე, თუ დღეობებში, რომელთა მიზეზიც, მიზანიცა და შინაარსიც სუფრის გაწყობილობა და ამ გაწყობილობის რაც შეიძლება დიდი მოცულობით საკუთარ სხეულში მოთავსება იყო, ყველაზე სახალისო საყურებელი ჩემთვის თავყრილობის კულმინაცია (მწვერვალი) ე.წ. განსხვავებულების მოძებნა, გავსება, დაცლა, ამოყირავება და მათი შემსმელების ასეთივე მყისიერი ამოყირავება გახდა. დასაწყისი ყოველთვის დამქანცველი იყო. ყველაზე მეტად ფხიზელი თამადის წესრიგი არ მომწონდა. ყველას მისთვის უნდა ესმინა, ზოგჯერ დამატებით, დინამიკებშიც (ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობა). კარგი ის იყო, რომ მას ყველაზე ახლოს, თავის ირგვლივ კაცები ჰყავდა შემოკრებილი, ქალები მოშორებით ისხდნენ. მათ შორის ქალის ჩასმა არ შეიძლებოდა, ქალები მათ ადგილს მხოლოდ მომსახურების დროს უახლოვდებოდნენ, შიგადაშიგაც უთვალთვალებდნენ, რათა ენახათ, რამე ხომ არ შემოელიათ კაცებს, დააკლდათ ან რომელიმე კერძი ხომ არ გაუცივდათ, რათა სუფრის სრულფასოვანი განახლებით საუკეთესო მასპინძლობა/დიასახლისობის სათანადო სიმაღლეზე ყოფილიყვნენ.
მომსახურებული კაცები ლაპარაკობდნენ გაუთავებლად და ხსნიდნენ ქვეყნიერების, ცხოვრების არსს, წესიერების აუცილებლობას, პატიოსნების შენახვის გზებს. სიყვარულს მხოლოდ ადღეგრძელებდნენ, ან აქარაგმებდნენ. თუ ქეიფი ორ და მეტ დღიანი იყო, ქალები უმეტესად ოფიციალურ სუფრაზე სხდებოდნენ. თუ ჰშიოდათ, მაინც სუფრაზე დასხდომამდე ითმენდნენ შიმშილს და სხვა ქალებთან ლაპარაკ-მოხმარებაში გაჰყავდათ დრო. მათთან ერთად ნამგზავრ კაცებს კი ყველა ეუბნებოდა, რომ შორი გზიდან იყვნენ მოსულები, დაღლილები იქნებოდნენ და სახელდახელოდ, წინასწარ დამატებით სუფრას უშლიდნენ. მეორე დილას კი, დილაუთენია - ისევ კაცებისათვის მოათუხთუხებდნენ ხაშლამას, ჩაქაფულს, წინა დღის განსხვავებულების შემსმელ-გმირებისათვის - ხაშს. მერე შუდგებოდნენ თადარიგს მეორე დღის სუფრის გასაშლელად. ამასობაში კაცებს ერთხელ უკვე ნასადილევი ჰქონდათ, ქალებს კი - რაღაც სახელდახელოდ ნაჭამი.
ვხედავდი, რა სისწრაფით იცვლებოდნენ ადამიანები, ორიოდ წლის წინ გასათხოვარი და ახლა უკვე გათხოვილი ჯერ ისევ ბავშვები გაბერილ მუცლებში ბავშვებით, უკვე ქალებს ჰგავდნენ, ბიჭები კი-მოწიფულ მამაკაცებს. უკლებლივ, თითქმის ყველა ასეთ ბიჭ-კაცს ღიპი დაედო, თითქოს ცოლებს ეჯიბრებოდნენ ფეხმძიმობაში. უფროსი ქალები კი შემთხვევას არ უშვებდნენ ხელიდან, შეეხსენებინათ ჩემთვის, რომ მეც მალე დავქალდებოდი, მომეცემოდა ფერი და ხორცი, გავივსებოდი.
ხორცისა რა მოგახსენოთ, შემწვარი გოჭის ხორცი პირველად 30 წლის ასაკში გავსინჯე და იმის მერე აღარ გავკარებივარ! არც სხვანაირ ხორცს სწყალობენ ჩემი ბაგენი. არადა ბებიაჩემი სულ გვეჩხუბებოდა, რომ წახვალთ სადმე უნდა ჭამოთ, შეხედე სხვის ბავშვებს, სხვა ქალებს, როგორ მგლებივით არიან, თქვენ რა გემართებათო, ეს რა ნაზი-ტუზები ხართო. იმ ბავშვებზე და ქალებზე მერე კი, ზურგს უკან ლაპარაკობდა, რა გაბედულები არიან, ლამის ბაცაცები, თვალიდან ბეწვს ამოაცლიან კაცსო, დედაჩემიც მხარს აუბამდა ხოლმე აბა, აბაო!
რომელი თავმოყვარე ადამიანი მოინდომებდა მერე ასეთ „ბაცაც“ გოგოს ან ქალს დამსგავსებოდა?- რა თქმა უნდა არცერთი და- არც მე!

საერთოდ უკვე კარგად ვხედავდი, რომ კაცები საზოგადოდ სუფრებზე გაცილებით დიდი ხნით ისხდნენ და რაოდენობრივადაც გაცილებით მეტ საკვებს მოიხმარდნენ (სტომაქებში უშვებდნენ), ვიდრე ქალები. მათთვის მზადდებოდა დამატებითი საკვების ჯერი. ბიჭუნებიც სიამოვნებით მიჰყავდათ მამებს თავიანთ გვერდით, სუფრასთან მაშინ, როცა ასეთი სუფრის მოზიარება მოზარდი გოგონასთვის შუფერებელი საქციელი იყო. „კაცებთან ხომ არ დასხდებით“ და მისთანები, ისმოდა გაფრთხილებებში, თუკი მაინც რომელიმე თავქარიანი გოგონა გადაწყვეტდა მოენახულებინა მამამისი და მასთან ცოტა დიდხანს დააყოვნებდა, ან ზრდილობის გამო მიიპატიჟებდნენ მას. მაშინ, როცა ბიჭუნებს თავისუფლად შეძლოთ ყოფილიყვნენ როგორც ქალების, ისე კაცების გარემოცვაში, სუფრაზეც. ამიტომაც არ იყო გასაოცარი, რომ პატარა ბიჭები უმოკლეს დროში ემსგავსებოდნენ მოწიფულ მამაკაცებს და ახლად მოყვანილ ცოლებთან პარალელურად მათაც (ცრუ, მაგრამ შეუქცევადი)ფეხმძიმობა ეწყებოდათ.
ქართულ სუფრას ახლაც ბევრი აკადემიას ეძახის, მაგრამ არ აკონკრეტებენ, რომ ეს ძალაუფლების, იერარქიის სწავლების აკადემიაა. ჩვენი დროის ქართული ქეიფი და თამადა, ერთმანეთისაგან განუყოფელი ცნებებია. სწორედ ამ მიზეზით შეითვისეს ასე კარგად თავის თამადა-ტერმინანად იგი რუსებმა და უყვართ ეს ინსტიტუტი ასე გაგიჟებთ.
თამადები სხვა მხრივაც საინტერესო ფენომენია, რადგან მაშინ, როდესაც ისინი ცხოვრების წესზე მსჯელობენ და ცხოვრების კანონებს კარნახობენ, ამავდროულად, ქალებისთვისაც ისინი ლაპარაკობენ. მათ უჭირავთ ერთპიროვნულად „მიკროფონი“, ფლობენ რა საინფორმაციო კანალს, საიდანაც ინფორმაცია მხოლოდ ერთი მიმართულებით მოეწოდება- ზემოდან ქვემოთ. თამადა/კაცები ადგენენ აქტუალურ თემებს და წესებს ამ თემების შესახებ. განა არ ყოფილა შემთხვევები, როდესაც ქალიც ხდებოდა თამადა, მაგრამ ეს ან ისეთ შერეულ სუფრაზე ხდებოდა, სადაც მხოლოდ ახლო მეგობრები, ქალები და კაცები იკრიბებოდნენ და „ნამდვილი ქეიფის“ „ჭეშმარიტი არსი“ გაშარჟებული იყო, ან იყო მხოლოდ ქალების ქეიფ-თავყრილობა. მაშინაც კი ქალები ზედმიწევნით იმეორებენ კაცების ქცევას და ისინი მათი პერსპექტივიდან ლაპარაკობენ.
თამადის, სუფრის ინსტიტუტში საუკეთესოდ გენერირდება (კვლავწარმოიქმნება) და მტკიცდება პატრიარქალური წესები. ის ზეიმია მამაკაცებისს ძალაუფლების და ამასთნავე თვალსაჩინო დასტური იმისა, რომ საუკეთესო ლუკმა მხოლოდ მამაკაცებს ეკუთვნით, ქალი კი ნარჩენებით იკვებება და მეორეხარსისხოვანი პროდუქტია. მას ხმა არ ესაჭიროება, თამადამ და კაცებმა ხმისთვისაც და ტონისთვისაც უკვე იზრუნეს და ეს სამწუხარო სინამდვილეა.
სადღეგრძელოები ქალების პატივსცემის შესახებ, თანამედროვე გაგებით,  ჩვეულებრივი პიარ-კამპანიებია. ამ შემთხვევაში  სტატია არ იწერება და არც სარეკლამო რგოლი მზადდება. სტატიაცა და რეკლამაც უბრალოდ სადღეგძელოა. 
რა თქმა უნდა ამასვე ემსახურება სამადლობლებიც, ქეიფის დროს სუფრის სამზადისს მოწყვეტილი და სამზარეულოდან გამოხმობილი ქალისთვის(?!) დალევა. ილოცება მისი კარგი ქალობა, დედობა, მაგრამ ცოტას ახსენდება მისთვის მადლობის თქმა სუფრის მომზადებაში დახარჯულ შრომაზე. ქალიც მადლობას იხდის დღეგრძელობისათვის და უმალ სამზარეულოში უჩინარდება, სტუმრეიბსათვის ცეცხლზე შემომდგარმა კერძმა არ მიიწვას, ან ისეთი მისავათებულია, ორიოდ წუთით სკამზე ჩამოჯდომა ყოველგვარ სამადლობელს რომ ურჩევნია. ყველაზე მეტ მადლობას კი სტუმრები ბოლოს უმეტესად კაცს ეუბნებიან, რომ მან სტუმრებს უმასპინძლა და ოჯახმა ხარჯი გასწია.

ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში საჯარო სივრცეების კეთილმოწყობამ და იქ საკვების გამოტანამ ქალს გაუჩინა შესაძლელობა, თუმცაღა შეზღუდულად, ყოფილიყო კაცის გვერდით საკვების თანაბარუფლებიანი მომხმარებელი. თუმცაღა ეს ადგილები საქართველოში რუსეთისგან და ბალტიისპირეთისაგან განსხვავებით გაცილებით მცირე რაოდენობისა იყო და საზოგადოებისაგან მკაცრად შემოსაზღვრულ-გაკონტროლებული.
იმის გასაგებად, თუ როგორ აკონტროლებდა საზოგადოება ქალის მიერ საკვების მოხმარებას, საჭირო გახდება ზედმიწევნით გავიხსენოთ, ვინ შედიოდა და ვის ჰქონდა უფლება ამა თუ იმ კაფესა ან რესტორნის სტუმარი ყოფილიყო. აქ თვალსაჩინო ხდება თუ რამდენად იყო საზოგადოების მიერ ნებადართული ქალსაც და კაცსაც, ერთსა და იმავე საკვებზე ერთიდაიგივე უფლებები ჰქონოდა
და დავაზუსტებ, ჰქონოდა სრულფასოვანი საკვების მოხმარების უფლება.
მთვარი კითხვა კი შემდეგნაირად დაისმის: სად გადიოდა საზღვარი ხორცის მოხმარების უფლებასთან?!
თვალსაჩინოებისთვის, პოპულარულ ენაზე, რატომ შეეძლო ქალს დამოუკიდებლად, ან გამცილებელთან ერთად კაფეში შესვლა, ეს უწყინარი ქმედება იყო და არ შეეძლო ასევე თავისუფლად საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე რესტორანში შესვლა და იქ მაგალითად მწვადის მირთმევა?
რატომ არ „შეეფერებოდა“ქალს ხორცის ჭამა, ეს ხომ „ბოზობა“ არ იყო?!
საზოგადოებისათვის სწორედ რომ იყო!

საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის რესტორნები, მაგალითად, გადაიქცა უპირველესად არა გასტრონომიულ ადგილად, არამედ მას შეეფარდა კიდევ საზოგადოებაში ჯერ კიდევ ნებადაურთველი ხორცით „სიამოვნების“ ფუნქციაც. აქ ხორცი ხორცსაც აღნიშნავს და ხორცსაც! ორივე ხორცს, რომელიც ადამიანს სრულფასოვანი ცხოვრებისათვის სჭირდება, მეტადრე მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ იყო ფართო მიმოქცევაში ჰემოგლობინის დამარეგულირებელი რკინის ტაბლეტები და ასევე არ არსებობდა მისი მცენარეული წარმოშობის ალტერნატივა, ან სრულფასოვანი კვების გამოთვლის საშუალებები. 
რესტორანში მოსიარულე ქალი იქცა ბოზად, რადგან იქ მხოლოდ კაცების ადგილი იყო. მაშინ როცა ქართველ ქმარს რუსეთში შეიძლება ცოლი რესტორანშიც შეეყვანა, საქართველოში ეს თითქმის ტაბუ იყო. საქართელოს რესტორნებში ქალებისათვის მისვლა არ იყო სათაკილო მხოლოდ მაშინ, თუკი იქ ფართო (ხშირ შემხვევაში ოჯახის ახლობლელი) საზოგადოებისათვის რაიმე საპატიო წვეულება გაიმართებოდა, როგორიცაა მაგ. ქორწილი, იშვიათად გასვენების თანმდევი ცერემონიული ვახშამიც. მაგრამ აქ უკვე წმინდა იერარქიულ წესრიგში იყო საქმე. აქ ძალაუფლება არეგულირებდა ყველაფერს, ისვე გასცემდა ერთჯერად(!) საშვებს ქალებისათვის იქ ყოფნაზე. 

როდესაც 90-იან წლებში საქართველო საყოველთაო ეკონომიურმა კრიზისმა მოიცვა, მრავალსართულიან სახლში, სადაც მეზობელ ოჯახებთან ერთად ჩემი ოჯახიც ცხოვრობდა, ქალების ერთ ჯგუფად შეკავშირების ერთ საინტერესო შემთხვევას ჰქონდა ადგილი. ეს იყო შემთხვევა, როცა ერთ სადარბაზოში მცხოვრები მხოლოდ ოჯახის უფროსი ქალები ამზადებდნენ სუფრას ერთად თავშეყრის, სოლიდარობის მიზნით, მოიხმარდნენ აგრეთვე ალკოჰოლსაც. მანამდე და არც გარკვული დროის გასვლის შემდე მსგავს სისტემატურ ქალთა შეხვედრებს ადგილი აღარ ჰქონია. რა იყო მიზეზი ამ შეხვედრებისა? პასუხი ერთმნიშვნელოვნად გაურკვეველი გარემო პირობები იყო, რაშიც ისინი საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ აღმოჩნდნენ. როდესაც ოჯახის მამაკაცებმა მასიურად დაკარგეს სამსახურები, ან შემოსავალი, ერთ დღეში თვალსა და ხელს შუა გაქრა დანაზოგი, რასაც მთელი ცხოვრების მანძილზე აგროვებდნენ ოჯახთან ერთად და მომავალი მოიცვა ბუნდოვანებამ. კაცების უმეტესობა დარჩა უფუნქციო, ამასთან ერთად უკანა პლანზე გადაინაცვლა მათ მოთხოვნილებებმაც. დადგა ახალი ათვლი წერტილი, ნოლი საათი, ასე ვთქვათ. ამ დროს ქალებმა განსაკუთრებით იგრძნეს ერთობის საჭიროება, არ ჰქონიათ რეცეპტი გამოსავლისა და ის პრინციპში არც უძებნიათ. მათ ცოტა ხნით მოირგეს მამაკაცის ის როლები, რაც მათთვის იყო ცნობილი: გავიდნენ გარეთ ოჯახებიდან, დასხდნენ ერთად და დაიწყეს საუბარი კი არა და საუბრის იმიტაცია. მართალია მათი კომუნიკაცია დიდ წილად სტრუქტურულად სადღეგრძელოებზე იყო აგებული, მაგრამ ისინი ერთ ჯგუფში გაერთიანდნენ, რომელსაც საერთო (გაუხმოვანებელი)მიზანი ამოძრავებდა: ერთმანეთის დახმარება, სოციალური თანადგომა.

ზემოთ იმას ვამტკიცებდი, რომ ქართველი კაცებისათვის საჭმლის მანძილი თეფშიდან კუჭამდე დღენიადაგ მუცლის წესს ემორჩილებოდა და გასტრონომიული იყო-მეთქი, ხოლო ქართველი ქალებისათვის ისევ და ისევ ასტრონომიული.
25 წელიც არ გასულა საბჭოთა კავშირის დაშლიდან და დღეს უკვე ნებისმიერ ქალს, თუკი მას ამისი ეკონომიური შესაძლებლობა აქვს, შეუძლია დამოუკიდებლად რესტორანში შესვლა და მენიუს ნებისმიერი კერძის მოთხოვნა ისე, რომ მას ალმაცერად არ შეხედავენ და რესტორნიდან გამოსულს, კაცების გუნდი არ აედევნება სახლში მისვლამდე. თუმცა საერთო მდგომარეობა ქვეყანაში მაინც ძალზედ საგანგაშოა. თუკი ადრე ქალები სოფელს ტოვებდნენ მასიურად და ქალაქებში იხიზნებოდნენ, ინდუსტრიაში ჩაბმას არ ერიდებოდნენ, რათა ტრადიციული ცხოვრების წესისაგან თავი გაეთავისუფლებინათ, ახლა ისინი უკვე ქალაქს მოწეული რელიგიური ინსტიტუციების დახმარებით იგივე „ტრადიციული ცხოვრების“ წესს ქვეყნის გარეთ გაქცევით შველიან. ისინი ისევ გარბიან ქვეყნიდან, მათ შორის ასაკში შესულნიც და სხვას ეხმარებიან, მაშინ როცა უნდა ეხმარებოდნენ საკუთარ თავს, ქვეყანას და საკუთარ შვილებს.
ქალებს სჭირდებათ სრულფასოვანი კვება, გაძლიერება და  დახმარება, ისინი ამას თავისი ძალებით ვერაფრით შეძლებენ.
ის, რომ ქალებისათვის თეფშიდან კუჭამდე მანძილი შემოკლდა და ასტრონომიული აღარ არის, ეს არც ადრე „კულტურული“ და არც ახლა „ერთმორწმუნე“ რუსეთის დამსახურება არ არის, ეს ევროპის გავლენის მონაპოვარია!





წყარო https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEj7cCylmQpjcSDhWlDxd0FeaNL1p_LgeYB0AEGFp-f_d_I3RMb0KeYEJqO0vCmDsOiwh4ArLQigDXIfBGVewSThtqHwQf5M28HHi4KvHFOVg9Krux73g5qckB_q6ib_hdBa0HbFEFwO2X_q/s1600/1559514_960729633943637_3355703559963100063_o.jpg 


წყარო https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEixwVNgW4Ng-Uw9bLwmbuBYi9_cE_pRBynE4IfZy_SKNZ3uEfEIGsOY2ar0BS81AF5FeKHlmsU3vykQJ1xdF25a9RySATvux-NlkirzC3BFsy3_FnxdK1M4K3GYbmFPpTsTKPApfk_oa_42/s1600/1336570907Tbilisoba1.jpg

წყარო უცნობია

Mittwoch, 7. Januar 2015

ტრადიციული (ო)ჯახი (არ) არსებობს!


ამ სტატიაში მინდა ორ ძირითად საკითხს შევეხო:
1. ბავშვთა შრომას და მისი აკრძალვის რეგულაციას, როგორც სახელმწიფო ინტერესის საგანს

2. დღევანდელი (ტრადიციული) ოჯახის, ფორმას, რაც საქრთველოს მასიური მოსახლეობისათვის ერთ საუკუნესაც კი არ ითვლის.


როდესაც პრუსიის მეფემ, ფრიდრიხ-ვილჰელმ მესამემ 1839 წლის 9 მარტს ბავშვების მუშაობის აკრძალვის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა, მას სულაც არ ამოძრავებდა ბავშვების მიმართ ჰუმანური მიზნები. მთავარი მიზეზი ამ ბრძანებაზე ხელის მოწერისა, რომელიც შემდგომ შემოკლებით პრუსიის რეგულაციის („რეგულაცია მოზარდთა შრომაზე ფაბრიკებში“) სახელით იქნა ცნობილი ფართო მასებისათვის, სულ სხვა იყო: პრუსიის მილიტარიზებული სახელმწიფოს გენერალლეიტენანტი, ჰაინრიხ ვილჰელმ ფონ ჰორნი მის მიერ 1828 წელს გაგზავნილ მოხსენებაში სახელმწიფო თავდაცვის შესახებ წერდა, რომ  დამახინჯებული ჯარისკაცები მის არმიას არ სჭირდებოდა! მათი ჩონჩხი, სხეულის აგებულება პატარაობიდანვე ფაბრიკებში მუშაობის შედეგად დაგრეხილ-დაჩიავებული იყო. მათი მუშაობა კი, არცთუ ისე იშვიათად, ერთი დღე-ღამის მანძილზე 14 საათის განმავლობაშიც გრძელდებოდა.
ამიტომაც კულტურისა და შინაგან მინისტრთან ერთად პრუსიის მეფემ გადაწყვიტა ინდუსტრიისათვის დამაზარალებელი, მაგრამ მისი სახელმწიფოს მომავალი ჯარისკაცებისათვის სასარგებლო რეგულაციების შემოღება;
ფაბრიკებში მუშაობა აეკრძალათ 9 წლამდე მოზარდებს. ასევე დამატებით მათაც, ვისაც 16 წელი არ შესრულებოდა და 3 წლიან სასკოლო განათლებას ვერ დაადასტურებდა შესაბამისი ცნობით. აკრძალვები ეხებოდა აგრეთვე მოზარდთა სამუშაო დროისა და დასვენების  ხანგრძლიობას. რეგულაციის დამრღვევი და ასეთი ბავშვის შრომის დამქირავებელი დაისჯებოდა პირველ ჯერზე ჯარიმით ერთიდან 5 ტალერამდე, განმეორებით დარღვევა დამქირავებელს დაუჯდებოდა ამ თანხის გაათმაგებული რაოდენობა, ან აღეკვეთებოდა თავისუფლება. კანონის სისრულეში მოყვანა და ზედამხედველობა ამისათვის განკუთვნილი ინსტიტუციების გარდა დაეკისრა აგრეთვე პოლიციასაც.
თუმცა პრუსია არ იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც ბავშვთა შრომაზე რეგულაციები დააწესა, რაც თავიდან სახელმწიფოს მომავალი საჭიროებით იყო განპირობებული. 1833 წელს ინგლისში უკვე არსებობდა ე.წ. „ფაბრიკის კანონი“, “Factory Act“, რომელიც ბავშვებსა და ქალებზე იყო ორიენტირებული და რამაც საბოლოო ჯამში სათავე დაუდო სამუშაო დღის ლიმიტირებას 10 საათამდე და ცნობილია, როგორც „Ten-Hour Act“ (10 საათიანი სამუშაო კანონი).

ამ კანონებმა გამოიწვიეს საზოგადოების დაფიქრება ბავშვის მდგომარეობაზე, გაუჩინეს მას ბავშვისადმი თანაგრძნობა, რომ მას დაცვა და სათუთად მოპყრობა სჭირდება. თუმცა, ალბათ ვერასოდეს მიაღწევდა მხოლოდ საზოგადოება თავისი ძალისხმევითა და „კეთილი სურვილებით“ ბავშვისათვის სასარგებლო გარემოს შექმნას, რომ არა ასევე ბავშვის მომავალზე ორიენტირებული, სხვადასხვა შინაარსის კანონები. მათ შორის ისეთები, როგორიცაა მაგ. გარკვეული ხანგრძლიობის სავალდებულო სასკოლო განათლება. მოხდა აგრეთვე ბავშვთა შრომის ჩანაცვლება უფრო მაღალი კვალიფიკაციის მქონე მუშებით, რომლებსაც ბავშვები კონკურენციას ვეღარ გაუწევდნენ და ა.შ.

საზოგადოდ, ბავშვების შრომა, აკრძალვების რეგულაციამდე, წარმოადგენდა გავრცელებულ პრაქტიკას როგორც უხოეთში, ასევე საქართველოშიც და იყო ძალიან მომგებიანი, როგორც დამსაქმებლისათვის ფინანსური თვალსაზრისით, რადგანაც ისინი იაფ სამუშაო ძალას წარმოადგენდნენ, ასევე მშობლებისათვის. ბავშვები ხომ მაშინ ოჯახის ბიუჯეტის შემავსებლები იყვნენ ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ხელობის შესწავლის იმედად მიებარებინათ მშობლებს სამუშაოს მიმცემთათვის, ზოგ შემთხვევაში კი, უბრალოდ გაესხვისებინათ უკიდურესად ეკონომიური პირობების გამო.
იოსებ გრიშაშვილის „გიქორა“ სწორედაც რომ ზემოთ აღწერილი ამბის, ბავშვების იძულებით მუშაობის პარალელურად დახატული ვარიანტია. ამასვე ჩამოჰგავს ბებიაჩემის ამბავი, რომლის დედის გარდაცვალებისა და დაობლების შემდეგაც მამამისმა გადაწყვიტა საკუთარი შვილები „მორბედებად“ მიეცა შეძლებული ოჯახებისათვის, რომ ამ ოჯახებს ისინი გამოეკვება, რათა ბავშვები შიმშილით არ დახოცილიყვნენ. ბავშვები მამის ხელმეორედ დაოჯახების შემთხვევაში ხელის შემშლელები იქნებოდნენ და „უქმი მჭამელები“, მხოლოდ ზედმეტი ბარგი, ამიტომ მამასთან მათი ადგილი აღარ მოიძებნებოდა. ბებიაჩემი ისე გარდაიცვალა, რომ მან ვეღარც თავის სხვადასხვა ადგილას მორბედებად გაბარებულ ღვიძლ და-ძმებს და ვეღარც მამისის ახალ ოჯახში დაბადებულ ნახევარ და-ძმებს ვეღარ მიაკვლია. სამაგიეროდ კარგად ვიცნობდი ერთ მოხუც ადამიანს, ბებიაჩემის არასისხლისმიერ დას, რომელიც ასევე მორბედად იყო იმავე ოჯახში. ძმობილიც ჰყავდათ, ასეთივე მორბედი, მაგრამ ის ცუდი პირობებისა და შესაბამისად, სხეულის დაუძლურების გამო, სამწუხაროდ, ბავშვობაშივე გარდაცვლილა. საზოგადოდ ასეთი „მორბედებით“ სავსე იყო საქართველოს შეძლებული ოჯახები გასული საუკუნის დასაწყისში და მანამდეც.

ასეთი მაგალითები საქართველოში არა მხოლოდ 80-90 წლის წინ მოიპოვებოდა მრავლად, არამედ ვეჭვობ, რომ დღესაც უხვად მოიძებნება. უცხოეთში, კერძოდ კი განვითარებულ ქვეყნებში, სისტემატური მუშაობის შედეგად კარგა ხანია ძირფესვიანად აღმოიფხვრა ბავშვის მუშაობა და მისი, როგორც მუშა-ხელის ექსპლოატაცია. საქართველოში კი ბავშვი ჯერ არ წარმოადგენს სახელმწიფოს ზრუნვის საგანს, სახელმწიფო ვერ ხედავს მასში ჯეროვნად მომავალ მოქალაქეს, მომავალ რესურსს, რომელმაც უნდა ააშენოს სახელმწიფო. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო ჩვენში ჯერ არ შემდგარა. არ არსებობს ბავშვთა უფლებების მიმართ მგრძნობიარე მედიაც. ამისი თვალსაჩინო მაგალითია ნანუკა ჟორჟოლიანის გასული, 2014 წლის ბოლო შოუ, სადაც საახალწლო სანახაობაა დადგმული და მთავარ მონაწილეებად ღარიბი ოჯახები არიან გამოყვანილნი. გადაცემის თემაა ქველმოქმედება, რაც წმინდა წყლის სპეკულაციაა ქველმოქმედებით. მაგრამ ჩემი ყურადღება აქ მიიპყრო სხვა ფაქტმა. ერთ-ერთი რესპოდენტი მთელი ქვეყნის გასაგონად ამბობს რომ, რომ არა მისი არასრულწლოვანი შვილი ავთო, რომელსაც ნანუკა „კაცური ბიჭი“-თ მოიხსენიებს და რომელიც ჯართს აბარებს და ამასთან მძიმე ფიზიკურ სამუშაოს ეწევა, ისინი სავარაუდოდ მშივრები დარჩებოდნენ. ავთუკა, ასე ჰქვია იმ „კაცურ ბიჭს“ და დღეში ასე, სამიდან ოც ლარამდე გამოიმუშავებს, რასაც მთლიანად დედას აძლევს, რათა მან ოჯახური საჭიროებისამებრ დახარჯოს ეს თანხა. ერთხელ ბავშვი მეზობელსაც მიეხმარა „ბლოკების აზიდვაში“ და ამ ფულით იყიდა კეტები, რომელიც მას სპორტისათვის სჭირდებოდა. სამუშაოს გამო მას ხშირად სკოლაც გაუცდენია. დედის სახლში არ-ყოფინს დროს იგი საჭმელსაც ამზადებს უმცროსი და-ძმებისათვის. მას პრაქტიკულად ბავშვობა არ ჰქონია. ამას გადაცემის მნახველიც ადვილად მიხვდება, რადგან ბავშვის თვალები მთელი გადაცემის განმავლობაში წყლიანია, ცრემლებდაგროვილი. 
ეს „კაცური ბიჭი“ ავთუკა, სავარაუდოდ 14 წლისაც არ იქნება. 
სამაგიეროდ ნანუკა ჟორჟოლიანი ნორმებს ჟურნალისტური ეთიკის სახლემძღვანელოდან, პირდაპირ ეთერში, ლამის ციტირებს: რომ არ სვამს გარკვეულ კითხვებს, რათა რესპოდენტი ქალის იქ მყოფ ბავშვებს არ მიაყენოს ტრამვები. ეკითხება რა ავთუკას დედას ბავშვების წინაშე, თუ რითი შეიძლება მისი ქმრის, ამ ბავშვების მამის საჯაროდ და ამასთანავე ამ ბავშვების წინაშეც მისი, როგორც მამის შერცხვენა, ნანუკა მისსავე მიერ დაყენებულ მაღალ ეთიკის სტანდარტს ჭინკასავით თავს ევლება, ძირს ენარცხება და ბოლოს აჯამებს, რომ ავთუკას დედა, რომელიც 14 წლის ასაკში ჯერ ძალის გამოყენებით, საკუთარი სურვილის წინააღმდეგ მოიტაცეს, ხოლო შემდგომ დედამთილის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის სამიზნე გახდა, არ არის ძალადობის მსხვერპლი, მაშინ უბრალოდ ისეთი დრო იყო.

რას წარმოადგენს საზოგადოდ ჯერ ოჯახი და მერე ტრადიციული ოჯახი? არის კი იგი (მონათესავე)ადამიანთა სოციალური გაერთიანება, რომლებიც ერთმანეთის, განსაკუთრებით კი ოჯახის ყველაზე სუსტი წევრის ინტერესებს, იცავენ? 
თავის მხრივ, ვინ იცავს ახლა და ვინ იცავდა ოჯახს გასულ საუკუნეებში საქართველოში, ვინ ზრუნავს და ზრუნავდა მის შენარჩუნებაზე? სახელმწიფო? მონარქი? იქნებ მემამულე ან ბატონი საკუთარ მამულში?
ოჯახი, იმ ფორმით, რა ფორმითაც ის ჩვენ წარმოგვიდგენია: ერთად და ჰარმონიაში მცხოვრები დედა, მამა შვილები, ბებია, ბაბუა, არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, რომატიკული იდეალებისა და წარმოდგენების შედეგია.
ჩვენ სამწუხაროდ იგნორირებას ვუკეთებთ ისტორიულ ფაქტებს, დოკუმენტებს, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ საქართველოს იერარქიულად მოწყობილ საზოგადოებაში თავისუფლად შეეძლო ნებისმიერი დიდებული გვარის წარმომადგენელს თავისზე დაბალი იერარქიული ფენიდან მაგალითად, გოგონები მოეთხოვა პირისფარეშად, სხვადასხვა სახის სამუშაოს შესასრულებლად, - ასევე ბიჭებიც. მასვე შეეძლო გაეტანებინა თავისი შვილისათვის სხვა მამულში მზითვად ესა თუ ის ბავშვი, ადამიანი, თავის მონა-მოსამსახურეთაგან, გაეცალკევებინა ისინი თავისი მშობლებისაგან, ან პირიქით, - შვილებისაგან.
ის თავადი, ვინც ამ პრაქტიკას ეწეოდა, განა ქართველი არ იყო, ქართულ ენაზე მოსაუბრე, ოჯახი ხომ მასაც ჰქონდა? მაგრამ სწორედ აქ იჩენს მთავარი და ყურადსაღები ამბავი ოჯახის მითის შესახებ თავს. ოჯახი ჰქონდა და მას ასე თუ ისე ინარჩუნებდა მხოლოდ მდიდარი, ჩინის მატარებელი ადამიანი. თავის მხრივ, ასეთი დიდგვაროვანის შვილებით იყო სავსე მეფის კარი. საქართველოში კი ბატონ-ყმობა 20 წლით გვიან გაუქმდა, ვიდრე რუსეთში, კერძოდ კი - 1884 წლიდან.
შემორჩენილი ისტორიული დოკუმენტები სავსეა მსგავსი ცნობებით. ამ თემაზე მე-19 საუკუნის მიწურულს მრავალი ნაწარმოებიც დაიწერა, რომლებიც უდიდეს წილად მაშინდელ ამბებზეა აგებული.
მაგრამ ჩვენი წარსული ისტორია, ჯერჯერობით ისევ შეუსწავლელია. ისტორიული ცნობებიც, საზოგადოდ, ძალიან მწირია იმ მიზეზის გამო, რომ მის წაშლას ან გაყალბებას მუდმივად ცდილობდა საქართველოს ნებისმიერი დამპყრობი სახელმწიფო: სპარსეთი, თურქეთი, მონღოლეთი, რუსეთი და ბოლოს საბჭოები.

ქართულ საზოგადოებას სამწუხაროდ ოჯახის ტრადიციებზე და თავად ოჯახზეც საკმაოდ მცდარი წარმოდგენები აქვს იმ მიზეზითაც, რომ ისედაც მწირედ შემორჩენილი ისტორიული დოკუმენტები არ არის ფართო საზოგადოების არც ყურადღებისა და მით უმეტეს, არც მსჯელობის საგანი, არ ხდება არც მათი წაკითხვა და არც მათი ინტერპრეტაცია.
საზოგადოდ, დასავლეთში ძალიან პოპულარულია ოჯახური ისტორიების გამოძიება (Familienforschung, Familengeschichte). საქართველოში კი, ეს ფენომენი „გვარის დალოცვამ“ ჩაანაცვლა. იგი წარმოადგენს რელატივირებულ (გამარტივებული), ლამაზად დაუთოებულ-დაწყობილ ისტორიას ჯერ საკუთარი გვარის და მერე აქედან გამომდინარე ოჯახის შესახებ. მხოლოდ ყოველი გვარისათვის ლამის ქარხნული წესით დაწერილმა ცალკეულმა ხატმა იცის ყოველივე ოჯახის შესახებ საიდუმლოდ და მოგზაურობს ოჯახიდან ოჯახში, გვარის შიგნით. შეიძლება ამ გვარის წარმომადგენელთა ოჯახებს ერთ დროს ერთმანეთთან სამკვდრო-სასიციცხლო ბრძოლაც კი ჰქონდათ გაჩაღებული, მაგრამ ახლა ყველა დიდი სიყვარულითაა (?) ხატის ქვეშ გაერთიანებულ-დალოცვილი. ამ ჩვეულების მიმდევართ ჰგონიათ, რომ ისინი აქამდე ოჯახის ქართულმა ტრადიციამ მოიყვანა. მხოლოდ, ეს ადამიანთა ის მცირე ნაწილია, - ვინც გადარჩა, ვისი ჯანმრთელობაც მორბედობას გადაურჩა, მერე გაკულაკება გადაიტანა, საბჭოთა კავშირში მრავალ ხიფათსა და საშიშროებას ასცდა, გაუძლო 90 წლებსაც თავისივე ოჯახიდან საბერძნეთში, იტალიაში ან აშშ-ში წასულ-გარიყულ-განტმასნულთა, ოჯახიდან ოჯახისთვის თავის მსხვერპლად მიტანილ წევრთა ხარჯზე. ხოლო ის, ვინც ამ ოჯახების ტრადიციებში თეორიულად ჯერ კიდევ ცოცხლად ეწერება, მაგრამ მისი ადგილი საგვარეულო ხატის რეალური მოქმედების არეალზე, სამშობლო მიწაზე არ აღმოჩნდა, მათთვის უბრალოდ ოჯახის რესურსი ამოიწურა.

მაშ სად ვეძიოთ ოჯახი, როგორც ინდივიდის პირადი ინტერესების დამცველი გაერთიანება, მისი პატრონი? სად იყო გიქორას მამა, ან სად იყო ბებიაჩემის ძმობილის მამა, რომლის მორბედად გაბარებული შვილი სავარაუდოდ შიმშილით გარდაიცვალა? რატომ გაყარა საკუთარი ოჯახიდან საკუთარი შვილები ბებიაჩემის მამამ და არ გაუყო მათ საჭმელი, არ დაიცვა ისინი?

აქ, შემდგომში აღარ დავასახელებ იმ ადამიანთა ვინაობასა და ნაცნობ-ნათესაურ კავშირს, ვის ამბებსაც აღვწერ, მაგრამ მოგითხრობთ ისტორიებს ნამდვილი ოჯახებიდან, ამბებს, რომელთა ხან თანამონაწილე და ხან ხშირი თანაზიარი  ვყოფილვარ როგორც გულისგულამდე შეძრული მსმენელი. ოჯახის, როგორც ინსტიტუციის და ქართული ოჯახის, როგორც ტრადიციული ინსტიტუტის განსჯა კი-თქვენთვის მომინდია.

ამბავი 1. 
ერთი ქართული ტრადიციული ოჯახი დიდი ხნის წინ წასული შვილის შინ დაბრუნებას ელოდა. მათი 24 წლის ვაჟი ახლა საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების მოსამსახურე იყო შორეულ აღმოსავლეთში. 15 წლისა, არასრულწლოვანი გაიწვიეს ჯარში, მეორე მსოფლიო ომი რომ დაიწყო, რაიკომში მომუშავე მაყვალას ბიჭის მაგიერ. მაყვალამ თავისი ბიჭი გადამალა, მაშინ თვლით იყო გაწვევა, იცოდნენ რამდენი სრულწლოვანი ჰყავდათ. მათი პირადი მონაცემების გადამოწმების დრო არ იყო. მაყვალამაც გააგზავნა ვილის სახელზე „პავესტკა“. ვილი გამოცხადდა. არაფერი უფიქრია არც მას და არც მის მშობლებს. მოსკოვში ჩასვლისას აღმოაჩინეს, რომ ვილის ჯერ 16 წელიც არ შესრულებოდა. ვილი ომში არ გაუშვეს, გადაწყდა ჯერ მისი სპეციალურ ნაწილში მოსამზადებლად გაშვება. ამასობაში ვილის განსაკუთრებული ნიჭი აღმოაჩნდა. გარდა იმისა, რომ ის საოცარი ალღოთი ითვისებდა ყველაფერს, უცხო ენებსაც პირდაპირ ისრუტავდა. ასე გადაურჩა ვილი ომში სიკვდილს. მისი ნათესავებიდან არავინ იცოდა ზუსტად, რას საქმიანობდა ვილი, მაგრამ დადიოდა ხმები, რომ შვიდ ენაზე ლაპარაკობდა და საიდუმლო აგენტი იყო.
მის მშობლებს სარძლოდ უკვე შეთვალული ჰყავდათ კარგი ხელ-ფეხიანი გოგო თავიანთ მეზობლად. გოგოს მამა თავად ვილის მამას, როგორც სოფლის რწმუნებულს გაეკულაკებინა თავის დროზე. დედა კი - კარგა ხნის გარდაცვლილი იყო,  დარდმა გადაიყოლა. მთელი საგვარეულო განძი დაკარგა, როცა სამეზობლოდან თურქების დაწიოკებას გაექცნენ. არც კოლმეურნეობაში გაწევრიანდა, თავადის ქალი ვარ და სოფლის ქალობაში არ გავერევიო!

დაბრუნდა თუ არა ვილი სახლში, ქორწილიც გადაიხადეს. 4 კვირის შემდეგ ვილი უკან გაბრუნდა თავის გასაიდუმლოებულ სამხედრო ნაწილში. მამამისს კი თავისი ფოტო დაუტოვა პატარა ბიჭთან და როგორც თვითონ ამბობდა, თავისი ოფიცრის (რუს) ცოლთან ერთად. წერილებს იშვიათად სწერდა დედ-მამას, ეკითხებოდა თავისი ცოლის შესახებ. მალე ვილის მშობლების ოჯახში ნამატი დადგა. მის ცოლს 9 თვის შემდეგ შვილი ეყოლა. ვილიმ მშობლებს შვილის სახელი მოსწერა, მაგრამ „მეტრიკა"უკვე აიღეს. ვილის წერილის მიღებიდან მის შვილს „მეტრიკის" სახელს აღარავინ ეძახდა. ბავშვის დაბადებიდან 2 -3 დღეში დედამთილმა მელოგინე რძალი კოლექტივში სამუშოდ გაუშვა. ვილის ბავშვის დედა ვილის დედა გახდა, ხოლო ვილის ბავშვის მამა-ვილის მამა, ვილის ცოლი კი -ვილის მშობლების საოჯახო მეურენობის ხმაამოუღებელი დამხმარე და ამასთანავე კოლექტივის გეგმის გადამეტებით შემსრულებელი წევრი. ვილის ცოლი ყოველ დილაბლენზე (ადრე დილით, როცა ჯერ კიდევ ბნელოდა) სახლის დაგვა-დასუფთვების, ბავშვების მოწესრიგების მერე მიდიოდა კოლექტივში, ხოლო სახლში დაბრუნებისათნავე, სახლის საქმეს უბრუნდებოდა. შინ მოსული ვილის მამისათვის ვილის ცოლს ყოველთვის ჰქონდა თბილი წყალი და ყოველ ჯერზე უხმოდ ჰბანდა ფეხებს როგორც მამათილს, ასევე მაზლებსაც.
ძალიან მალე ვილის ნივთებით სავესე „პასილკა“ მიიღო ოჯახმა. ვილი აღარ იყო. ვილის მამას გაახსენდა, რომ სადღაც ვილის მისთვის დატოვებული პატარა ბიჭის სურათი ჰქონდა. დიდხანს ადარებდა იმ ბიჭის სახეს ვილის გოგოს სახეს, ისინი ერთმანეთს ჰგავდნენ. მას მერე ათწლეულები გავიდა. ვილის მამა სიკვდილამდე ჯიბით ატარებდა ამ სურათს.


ამბავი 2.
ეფრემის ორივე უფროსი ბიჭი  დაქორწილებული იყო. გიორგიმ ცოლი ჯარიდან ჩამოიყვანა, რუსის ქალი შეჰყვარებოდა. გივი კი, კარგა ხანია ქართველი ქალთან ერთად ცხოვრობდა.
გიორგის ცოლს პირველი გოგონა შეეძინა. ამბობდნენ, ისეთი ლამაზი იყო, ბავშვს გარეთ რომ გაიყვანდნენ, გამვლელები ბავშვს ხელიდან სტაცებდნენ მოსაფერებლადო. მალე გიორგისა და მის ცოლს კიდევ ტყუპი გოგონა გაუჩნდათ, მაგრამ ახალგაზრდა მშობლების სიხარული  ძალიან მალე დიდმა თავს დატეხილმა უბედურებამ დათრგუნა; მათი უფროსი გოგონა მინინგიტისაგან ელვის სისწრაფით გარდაიცვალა. რამოდენიმე კვირის შემდეგ გიორგის მამა და დედა ეწვივნენ. გიორგის ცოლმა, როგორც ქართული წესია, სუფრა გაუშლა დედამთილსა და მამთილს, გაუხარდა მათი სტუმრობა. ეფრემმა გიორგის უთხრა, შვილო, დედაშენს შენს ცოლთან საქმე აქვს და ამიტომაც ჩამოვედითო. გიორგის დედამ რძალს გამოუცხადა, რომ ის ვერ შეძლებდა ტყუპების გაზრდას, რადგან მას ერთი შვილი უკევ მოუკვდა და რომ ტყუპის ცალის წასაყვანად მოვიდნენ, რათა ის გივისა და მის უშვილო ცოლს გაეზარდათ, როგორც საკუთარი შვილი. მაინც ხომ ერთი ოჯახი იყვნენ ყველანი! დედამთილმა ნება დართო გიორგის ცოლს, ამოერჩია ტყუპებიდან ის, რომელიც მას უფრო მოსწონდა.
ტყუპები ერთმანეთს წლების შემდეგ შეახვედრეს და ერთმანეთი რომ დაინახეს, ჯერ გული გაუსკდა ორივეს შიშისგან და მერე კარგა ხანს ტირილით გააყრუეს იქაურობა. თავდაპირველად ისინი 600 კილომეტრით დააშორეს, მოგვიანებით 600 კილომეტრი 2 ათას კოლომეტრამდე გაიწელა.


ამბავი 3.
ვილის გოგოს, ნინას ქალიშვილები დაზრდლიყვნენ და უკვე უფროსის გათხოვებაც შეიძლებოდა. ის ხომ უკვე მე-2 კურსის სტუდენტი იყო. უნივერსიტეტში სწავლას გააგრძელებდა თუ არა ანა, მისი ქმარი და ახალი ოჯახი გადაწყვეტდა. ახლა მთვარი იყო ის, რომ ანას ბედი გახსნოდა. 90-იანი წლები იყო და თან გარეთ მხედრიონი დათარეშობდა. ამჯერად ნინას კოლეგა აქტიურობდა ძალიან, ერთი კაი ოჯახის შვილი ამ ზაფხულს დედ-მამას სტუმრობდა. მის მშობლებს კი ეს ერთი ბიჭი ჰყავდათ, სხვა არავინ. 
როდესაც ის რუსეთში ბრუნდებოდა, მისი მშობლები სულ მარტონი რჩებოდნენ. ამიტომაც გადაწყვიტეს, მისთვის ცოლი შეერთოთ, თანაც ქართველი! თან რატომღაც ძალიან ეჩქარებოდათ ამ ამბის მოხდენა.
ილია მართლაც მალე ჩამოვიდა მოსკოვიდან. ნინას კი უკვე გადაეცა თავისი კოლეგისათვის მისი უფროსი ქალიშვილის ყველაზე ლამაზი, ფერადი ფოტოები, რათა სადედამთილ-სამამამთილო გულდასმით დაჰკვირვებოდნენ მათი ოჯახის მომავალ, პოტენციურ წევრს, სიბერეში მათ მომვლელსა და  მათი გვარის გამგრძელებლების გამჩენს.
ილია ჩამოვიდა და მეგობრების დახმარებით პირველი შეხვედრაც შედგა. ასევე წარმატებით ჩაიარა მეორე და მესამე შეხვედრამ, იქაც მეგობრები აქტიურობდნენ. ანამ მესამე და კვლავ უცნაური შეხვედრის შემდეგ ჰკითხა ილიას, წარმოედგინა თუ არა მას მათი ქორწინება, რადგან მათი შეხვედრები საქმიან ვახშმებს უფრო წააგავდა, სადაც მხოლოდ მათი მეგობრები ხალისობდნენ. ილიამ აღიარა, რომ მას ანასთან ქორწინება ვერ წარმოედგინა, თუმცაღა ანას ცოლობაზე თანახმა იყო, ანასთვის მშობლებისაგან მიცემული ბეჭედიც კი თან ჰქონდა და თუ ის თანახმა იყო…  მეოთხე შეხვედრა აღარ შედგა. ანა მამამ სახლიდან გააგდო და ზურგსუკან კარი მიუკეტა, რადგან მას ილიას ცოლობა არ სურდა. ანას დედა არ გამოსარჩლებია. ილიას 4 თვის მერე გოგონა შეეძინა მოსკოვში თავისი რუსი შეყვარებულისაგან.


საგულისხმოა, რომ ზემოთ აღწერილი ამბები ქართულ ტრადიციულ ოჯახებში ხდება, ხოლო მათი მონაწილენი ერთმანეთთან ახლო, ნათესაურ კავშირში იმყოფებიან და ერთმანეთისთვის დედა, მამა, და, ძმა ან შვილი არიან.
ამ თემას შემდეგ ჯერზე სხვა ასპექტიდან განვიხილავ, რადგან თემა ვრცელია და დაუსრულებლად შეიძლება ამაზე საუბარი, ასევე დაუსრულებლად შემიძლია მსგავსი ისტორიების მოყოლა, რადგან ჩემი(ჩვენი) მეხსიერება სავსეა ასეთი საზარელი ამბებით. ეს ისტორიები არსებობენ, ისინი ჩვენ ან ჩვენს გარშემო მყოფ, მათ შორის ახლობელ ადამიანებს გადახდენიათ თავს. მაგრამ ჩვენ ისინი გულის ყველაზე ბნელ კუნჭულში ჩავმარხეთ, ვითომ არც არასოდეს გვსმენოდეს რაიმე მათ შესახებ. არადა სიმართლის მოძებნა საჩქარო და საჭირო ამბავია.
ამ საუკუნის გამოწვევა მხოლოდ ჩვენი თავების პოვნა არაა, ურომლისოდაც ჩვენ ვერ დავწერთ ჩვენს ისტორიას. დრო ახლა დაჩქარებული ტემპებით მიედინება!

ძალიან მინდა ვიპოვო კითხვაზე პასუხი, თუ სად იყვნენ ამ დროს აქ აღწერილი დაჩაგრული ბავშვების, ქალების და თუნდაც მამაკაცების პატრონები, დამცავები, გამომსარჩლებლები? ეს ამბები ხომ კარგ ქართულ (ტრადიციულ)ოჯახებში ხდებოდა? ვინ იქნებოდა ის სიმართლის დამცავი რაინდი, რომელიც ამ ადამიანების მჩაგვრელებს პასუხს გასცემდა, ან უკეთეს შემთხვევაში საერთოდ არ დააჩაგვრინებდა მათ? იქნებ კანონი? იქნებ მისი აღსრულება? და იქნებ, რომ არა ეს „უფროსის მიმართ პატივისცემა“, „ჩვენ ერთი ოჯახი ვართ“, „გაუმარჯოს ჩემს მშობლებს“, ნაწილი ადამიანებისა ტრამვებისა და ცხოვრების უდიდესი ტკივილების გარეშე მიჰბარებოდა მშობლიურ დედამიწას, ანაც მშვიდად განეგრძო ცხოვრება?!
მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია შეცვალოს არსებული რეალობა საზოგადოებაში, დააწესოს გარკვეული ნორმები და დაარეგულიროს ისინი. მაგრამ ამისათვის სახელმწიფო უნდა ხედავდეს ადამიანებში მოქალაქეებს, საკუთარი არსებობის რესურსს, საკუთარ მომავალს. ამისათვის კი მოქალაქეები თავიანთ პატრონს მხოლოდ სახელმწიფოში უნდა ხედავდნენ.

ცივილიზაციაც და ჰუმანურობაც მხოლოდ კანონებსა და მათ უპირობო აღსრულებას მოაქვთ.

Samstag, 3. Januar 2015

ტუალეტები, ეკლესიები და დემოკრატია

საქართველოში ზამთარი დიდხანს არ იცის, მაგრამ დღემდე მაინც ყველაზე ცუდი დროა ქართველების უდიდესი ურავლესობისათვის.
ახლაც ყურში მაქვს წლობის წინ ზამთრის დადგომისას გაბრაზებული ბებიაჩემის სიტყვები: ერთი იმის გავერნება-გაზუხრუმებამც იყოს, ვინც ეს ზამთარი გამოიგონა!
აქ ბავშვების გარდა მართლაც ლამის ყველას დაბეჯითებით სძულს სიცოცხლის ეს დრო. ადამიანების სახეზე ღიმილი იკლებს, გეგმები მცირდება, ან სულაც რადიკალურად იკვეცება, სიცოცხლის ძრავა ქვრება და სასიცოცხლო ფუნქციებიც ეკონომიურ მოდუსზე (რეჟიმში) გადადის. დგება დიდი მოთმინების დრო.  სურვილები და ვნებები მათ პატრონებთან ერთად ერთი სულით ელოდებიან გაზაფხულს, მაგრამ ამ დროისათვის ისინი ჯერ არ არსებობენ. გამიგია, ბაყაყები ზამთარში გულის კუნთის მოდუნებით სუნთქვის შეჩერებას ახერხებენ და მკვდრებს ემსგავსებიან.
მეგობრების კედლებიდან ვკითხულობ საახალწლო სტატუსებს ფეისბუკიდან. ლამის ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ამჯერად სტატუსები პოზიტიურია, ადამიანები აღარ იბოღმებიან, კეთილ სურვილებს აფრქვევენ. საახალწლო ციებ-ცხელების გადავლის შემდეგ კი ბოღმიანი და დარდიანი პოსტები ისევ ნელ-ნელა ფეხს იდგამენ: ხველა, ხიხინები, სინისტუსი-ყველაფერი ერთად მჭირს, ჯანდაბა! ანაც: ამ ხალხმა (სრულიად საქართველოს მრევლზეა ლაპარაკი) ბედობა დღეს მაინც გამოიფხიზლოს ცოტა, რომ წლის განმავლობაში დაებედოთ! ახალ წელში პირველი მკვლელობის ამბავმაც დიდ ხანს არ დააყოვნა.

მე უკვე მიყვარს ზამთარიც და სიცოცხლეც, მაგრამ იმიტომ, რომ მოთმენა შემძულდა. განსაკუთრებით აღარ მიყვარს ბუნებრივი მოთხოვნილებების შეკავება, ეს დღესდღეობით ქართველობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ატრიბუტად გამხდარი თვისება, რასაც ასე გამალებით ითხოვენ და ატენიან საქართველოს ყველა მაცხოვრებელს რჩეული ქართველობა, დავკარგე, შესაბამისად - მე გადავჯიშდი! - ასე მითხრეს.
ჩვენს პატრიარქსაც უყვარს ზამთარი, მასთან ამ დროს ოთახის ტემპერატურა ერთგვარ ჰარმონიას ქმნის მის მოკვდავ სხეულთან.  კომფორტი და თავის კარგად გრძნობა, საკუთარი, ბუნებრივი სურვილების დაკმაყოფილება, საკუთარი არსებობით კმაყოფილებასაც იწვევს, ჩემს თავზე გამოვცადე, არ გატყუებთ. საქართველოს პატრიარქი წელიწადში ერთხელ მაინც ევროპის, განსაკუთრებით გერმანია მოსწონს, გამაჯანსაღებელ ცენტრებს სტუმრობს რამოდენიმე კვირით და საუკეთესო ექიმ-სპეციალისტების მეშვეობით აკვირდება, იკვლევს, უვლის და აუმჯობესებს თავისი მოკვდავი სხეულის მდგომარეობას. როგორც სჩანს, ჩემსავით მასაც ძალიან უყვარს სიცოცხლე. 
მიუხედავად მისი ავტორიტეტული რეიტინგისა, მის ამ თვისებას სამაგალითოდ სულაც არ თვლიან მისი თანამემამულეები საქართველოში. იქ  ხალხს მაინც სძულს საკუთარი სხეულიცა და სიცოცხლეც. განსაკუთრებით ზამთარში, და განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ სხეული თავს ახსენებს. მათი უმეტესობა უბრალოდ საკუთარ სიკვდილს ელოდება მოთმინებით, ხოლო მათი შთამომავლები კი - ამათ სიკვდილს.
როცა სქესობრივი სიმწიფის ასაკში შევედით, ჩემი თანატოლებისაგან უკვე ხშირად ვიგებდი, რომ ქალი რა გასაჩენი იყო ამ ქვეყანაზე. მენსტრუაცია რა მოსაგონებელი იყო საერთოდ და ა. შ. როცა ცოტა წამოვიზარდე და მამიდა-ბიცოლებმა ჩემთან ერთად დაიწყეს მორიდებულად, მაგრამ მცირე დოზით თავიანთი ამბების მოყოლა, ამას „ქალურ პრობლემებს“ ეძახდნენ. ისინიც ამბობდნენ, რომ ქალის გაჩენაში ღმერთის ხელი არ ურევია. ზოგჯერ ამ მწარე სიტყვებს ისინი მაშინაც ამბობდნენ, როცა ტკბილ მურაბებს ხარშავდნენ, როცა სოფელში თავიანთ ეზოს ალაგებდნენ, როცა დასარეცხ სარეცხს მიათრევდნენ უზარმაზარი ტომრით მხარზე აბანოში და მათი ოჯახის მამაკაცები ვერ/არ ახერხებდნენ აბანოში ამოსვლას უკვე დარეცხილი და ერთიორად დამძიმებული სარეცხის სოფელში ჩასატანად.
ამ ზაფხულს თბილისში ვიყავი და ლამის ერთი თვის განმავლობაში ჩემი თვალით ვხედავდი, როგორ ერთსულოვნად უფრთხილდებოდნენ ადამანები სულის სისუფთავეს ქვეყანაში, სადაც ხშირად წყალი წყდებოდა ონკანებში, დედაქალაქშიც! ამაზე განსაკუთრებით კაცები ლაპარაკობდნენ და ასაკოვანი ქალები. ისინი საჯაროდ მსჯელობდნენ სულიერებაზე, სხეულის გაწმენდაზე, გარკვეული სახის საკვების არ მიღებაზე, მიხვდებით ალბათ, მათ შორის, მარხვაზეც!
მაგრამ არ ლაპარაკობენ საჯარო სივრცეში მენსტრუაციის დროს სხეულის ჰიგიენის მოწესრიგებაზე, ხელების დაბანაზე, სისუფთავეზე, საშიში ინფექციური დაავადებების არ-გადადების შესაძლო გზებზე, ბუნებრივ მოთხოვნილებებზე!
ერთ საღამოს ჩვილ ბავშვთან ერთად მეგაფონებით აღჭურვილ სიონის ეზოში აღმოვჩნდი, რითაც მღვდელმსახურების რიტუალს გადასცემდნენ ეზოში შეკრებილი იმ მრევლის ნაწილისათვის, რომელსაც სიმჭიდროვისაგან ტაძარში ვერ ეპოვა ადგილი. რამოდენიმე საათიანი რიტუალისას ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მრევლს ან უბრალოდ ძეგლის სანახავად მოსულ სტუმრებს ტაძრიდან ერთი სართულით ქვედა იარუსზე ერთი უსახლკარო ქალი ელოდებოდა რეზინის „შლანგით“ ხელში, რათა მას მოსაქმების ალაგი დამატებით საგულდაგულოდ წყლით ჩაერეცხ-გადაერეცხა, მილების წყალი არ იყო საკმარისი, სასურველი ჰიგიენის სტანდარტის მისაღწევად, რაც ამ ქალისათვის სავარაუდოდ ეკლესიის მესვეურთ მიზნად დაესახათ და ისიც საგულდაგულოდ ასრულებდა თავის მოვალეობას. 
კომუნისტების მიერ მიყენებული ზარალის კომპენსაცია ჯერ კიდევ არ მისწვდომოდა მათ მიერ ან მათსავე ყაიდაზე აშენებულ მოსასაქმებელ ალაგას, რომელშიც თბილისის ერთ-ერთი მოზრდილი სამრევლოს წევრები იმავე კომუნისტების მიერ წართმეული ტრადიციის ნაწილს იბრუნებდნენ- ქრისტიანობას. სახსრები ხომ ჯერ არსებული ტაძრების (კომფორტულად, ევროპულად)შეკეთებას და ახალი ტაძრების აგებას ხმარდება!
თუ არ ჩავთვლით თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე ერთ, დაახლოებით 10 ადგილიან საზოგადოებრივ ტუალეტს შოპინგ-ცენტრის შიგნით, არც ქალაქში და არც ქვეყანაში პრაქტიკულად საზოგადოებრივი ტუალეტები არ არსებობს. შესაბამისად არ არსებობს ბუნებრივი მოთხოვნილებების, ელემენტარული ჰიგიენის მოთხოვნების დასაკმაყოფილებელი ადგილები, მათი ადგილები სულის სისუფთავის დასაკმაყოფილებლად გამზადებულ ადგილებს უკავიათ.
აქ ვერც ბავშვის გასახვევ ადგილებს იპოვით, სატანისტურ ევროპაში ასე მრავლად რომ მოიპოვება ლამის ყველა მიყრულებული ტუალეტის ტერიტორიაზე კი არა და უკვე მაღაზიებშიც, აღარაფერს ვამბობ შეზღუდული ადამიანებისათვის ხელმისაწვდომ საჭირო ოთახებზე.

შესაძლებელია გარეთ გასვლისას ჭამო ცოტა და განსაკუთრებით არ დალიო წყალი (რაც ზაფხულობით საქართველოს კლიმატური მდგომარეობისთვის ლამის მომაკვდინებელია), რომ შემდეგ ტუალეტის მოძიება არ დაგჭირდეს, მაგრამ ეს მხოლოდ ახალგაზრდა და ჯანმრთელ ადამიანებს შეუძლიათ, ისიც გამონაკლის შემთხვევაში. რა ქნან ადამიანებმა, რომელთა შარდის ბუშტიც დაავადებულია. რა ქნან ადამიანებმა, რომელთა საჭმლის მომნელებელი ორგანოები საათივით არ არიან მოწყობილნი? რა ქნან ქალებმა, რომლებიც შეეცადნენ სახლიდან გამოსვლის წინ წყალი არ დაელიათ, რათა ტუალეტში შესვლა არ დასჭირვებოდათ, მაგრამ მათი ბიოლოგია მათ 4 კვირაში ერთხელ (ან არც თუ ისე იშვიათად, არარეგულარულად) ახსენებს, რომ ისინი ქალები არიან და მათ ჰიგიენისათვის ტუალეტი სჭირდებათ? ბოსელი აღარ არის, მაგრამ სამაგიეროდ სახლის ოთხმა კედელმა და შინა-პატიმრობამ დაიკავა მისი ადგილი. როგორც სჩანს, არ არის საზოგადოებრივ სივრცეში ტუალეტების ქონის სურვილი და ადგილი, რადგან ამ საზოგადოებას ესაჭიროება, რათა ქალებმა რაც შეიძლება დიდხანს დაჰყონ შინ და არა საზოგადოებრივ სივრცეში. საზოგადოებრივი სივრცე ხომ კაცებს ეკუთვნით და ისეთ ჯანმრთელ (ახალგაზრდა)ადამიანებს, რომლებსაც მოთმინების დიდი ნებისყოფა გააჩნიათ. სად ფაშიზმის სიბოროტე და სად ჯანმრთელი ადამიანიებისთვის გამოყოფილ საზოგადოებრივ სივრცეში მხოლოდ ჯანმრთელი ადამიანების ხილვის და ასევე მხოლოდ მათი კვლავწარმოების მაცდური სურვილი.

ამჯერად თბილისში ყოფნისას არც ბიბლიოთეკაში სიარული დამჭირვებია და არც არქივში ან სხვა დაწესებულებაში საათობით ჯდომა, ამიტომ არც მოთხოვნილებების თავშეკავება დამჭირვებია დიდად, მაგრამ ვერაფერი მოვუხერხე ბიოლოგიერ საათს, თუმცა ქალაქში განთავსებულმა რესტორნებმა ერთდროულად, პარალელურ რეჟიმში დააკმაყოფილეს ჩემი სხვადასვა სახის ბიოლოგიური მოთხოვნილება და ვიცოდი, რომ შემდეგ ჯერზე ჩემი ბიოლოგიური საათი თბილისში, საქართველოში კი არა, ევროპის შუაგულში ჩამოჰკრავდა და იქ, როგორც საზოგადოების ნამდვილი და სრულფასოვანი წევრი საზოგადოებრივ ალაგას აგებული საზოგადოებრივი ტუალეტის იმედზე ჩემი პირადი, სახლის ტუალეტის არ-ქონა არც კი შმაწუხებდა. რომ საზოგადოებრივი ადგილი ჩემი ადგილიცაა და ჩემი ბიოლოგიური საათისთვის სულ ერთია და ახლაც და სხვა დღეებშიც, სულ ჩემი გარეთ გასვლის დროა.
ხვალ თქვენი დროა, პატრიარქო, გილოცავთ იუბილეს!

შიდა წრე, კომუნიკაცია?

უცნაური წინა ხუთშაბათი დამდგომია და ამას მხოლოდ ამ შაბათს მივხვდი. აი, რატომ:
ამ ხუთშაბათს ერთი შეხედვით თთქმის ყველაფერი წესრიგში იყო. სახლი დავალაგე, და (უმეტესწილად) ჩემი ქმრის სარეცხი გავრეცხე თან გავაშრე კიდეც, გემრიელი სადილიც მოვხარშე ჩემი უპრეტენზიო ბატკნისათვის (ასე ვეძახი მას მოფერებით). მინდოდა „კამანდიროვკის“ წინ ცოტათი მაინც მესიამოვნებინა მისთვის. თანაც კარგმა ცოლმა იცის, რომ ქმარზე წინასწარ დარიგებებზე მეტად, როგორიცაა, აბა შენ იცი ძვირფასო, ძალიანაც ნუ გაინავარდებ, გვიანობამდე ნუ შემორჩები შენს კოლეგებთან (ქალებთან) ღვინის საწრუპად, ადრე დაიძინე და თავს გაუფრთხილდი, რომლებიც ეჭვიანობის შეფარული წამოცდენებია, კარგი სადილი, დალაგებული თბილი კერა და მოსიყვარულება უფრო ჭრის.
კარგა გვარიანად დაღლილი ვიყავი და ის-ის იყო, ამ საქმეებს მოვრჩი, რომ ერთი კარგად შევიკურთხე: ოხ, ვინც ეს სახლის დალაგება, რეცხვა და საჭმლის კეთება მოიგონა. და ოხ, მერე ვინც ეს საქმეები ქალის ნომერ პირველ დავალებად დააკანონა და მას ბავშვობიდანვე თავში უტენის-მეთქი, როგორც ასეთს და ტელეფონზე შეტყობინება მომდის საზღვარგარეთ მცხოვრებ, აქაურ ქართულ სულებზე მზრუნავ მღვდლისაგან: "გიორგობის დღესასწაული საკითხების მოსაგვარებლად დაუკავშირდით მანდილოსნები დროულად xy-გოგონას შემდეგ ნომერზე…" არც ვაციე, არც ვაცხელე და ასეთი ანონიმიზირებული ფორმით მივპოსტე ფეისბუკზე, თან დავაყოლე: „რამდენი კითხვები მებადებააააააა“.
ერთმა მეგობარმა თავი ადრესატად იგრძნო და გამომეხმაურა, ამა და ამ ნომერზე დამირეკეო, გთხოვო და ისედაც დამირეკეო.
მერე მე ვუპასუხე: გმადლობ მეგობარო, მაგრამ მე სხვა რაღაც ვიგულისხმე: ამ საკითხების მოგვარება მამაკაცებსაც თუ ეხებათ :)))))))))))-მეთქი.
იმან კიდევ მიაპოსტა: „სიამოვნებითო, მამაკაცებსაც ეხებათ, ოღონდ უფრო „რთული“, ორგანიზატორული საკითხები და ნაწილობრივ მანდილოსნების მოსაგვარებელსაც აკეთებენ, სამწუხაროდ ყველა კერძის მომზადება არ შეუძლიათ, თორე არც ამისთვის შეგვაწუხებდნენ მანდილოსნებსო:))“
კიდევ ერთი-ორი სახალისო პოსტი გავცვალეთ იმ დღის დასასრულამდე.
მერე 15 ნოემბრის აქციის გვერდზე შევედი, შეტყობინებები წავიკითხე საპროტესტო აქციის ორგანიზების შესახებ.
პარასკევს ცარიელი საპლაკატე ქაღალდი ვიყიდე შაბათის აქციისათვის და სანამ სლოგანების დაწერას შევუდგებოდი, ფეისბუკს ჩავუჯექი ცოტა ხნით. ახალი არაფერი იყო, გარდა იმისა, რომ ერთს საპროტესტო აქციის გვერდზე უცხოეთის ქართველების ერთ-ერთი გვერდიდან პოსტი ჰქონდა გადმოღებული, სადაც ეწერა, რომ „23 ნოემბერს წირვის შემდეგ ბერლინელი ქართველები ავღნიშნავთ ერთად გიორგობას, ვიქირავებთ დარბაზს და ვიქეიფებთ.“ 
„კარგი მარკეტინგული გათვლაა… ყველაზე კარგი საშუალება ქართველების მოსაზიდად…“ მიუწერია ერთ-ერთ 15 ნოემბრის საპროტესტო აქციის მონაწილეს.
რახან იმ ზემოთხსენებულ მეგობარმა ანონიმურობა აღარ დაიცვა და ჩემს მიერ განზოგადებულ ინფორმაციას კონკრეტულობა მიანიჭა, თან ქალაქიც მიუთითა, ბარემ გაგიმხელთ, რომ მერე კიდევ ერთ ჯგუფშიც გავწევრიანდი, ბერლინის სამრევლოში; საინტერესოა, ვიცოდე რა ხდება ქალაქში, სადაც ვცხოვრობ. რას აკეთებენ ქართველები, რა ღონისძიებას გეგმავენ. იქნებ რა მიჭირს, ან მათ რა უჭირთ…
იმ ღამეს გვიან, მოვხატე რუსეთის ცარისტული პოლიტიკის გამაპროტესტებელი შინაარსის პლაკატი, ბოლოს დავახვიე, კუთხეში მივაყუდე და დავიძინე.
შაბათს დილით უკვე მაგვიანდებოდა სახლიდან გამოსვლა, და ის-ის იყო ფეხსაცმელი უნდა ჩამეცვა, ტელეფონის რეკვა შემომესმა. დავხედე ტელეფონს, ვხედავ, მღვდელი იოანე მირეკავს. სმს-ებს კი ვღებულობდი მისგან შეკრებების შესახებ ხოლმე, მაგრამ არასოდეს დაურეკავს ჩემთან და ერთ-ორ მოკლე გამარჯობა-გაგიმარჯოს თუ არ ჩავთვლით ქართულ ღონისძიებებზე, მასთან არასოდეს მისაუბრია! საინტერესოა, რამ შეაწუხა, ხომ მშვიდობაა! გავიფიქრე.

-დიახ, გისმენთ, დაბნეული გერმანული მისალმების შემდეგ.
-იოანე ვარ
-კი, ვიცი, ვხედავ ტელეფონზე, რაშია საქმე ბატონო იოანე?
-გუშინ სამრევლოს ჯგუფში მიგაერთეთ, და… თქვენს გვერდზე ვნახე, რომ ჩემი სმს-ი გამომგიქვეყნებიათ…
-კი ბატონო იოანე, მათალს ბრძანებთ, დავწერე, მაგრამ ის ანონიმიმზირებული იყო, ვერავინ გაიგებდა რომელ ქვეყანაში, ან რომელ ქალაქში ხდება მოქმედება, ამიტომ მე უწყინრად ჩავთვალე…
-ეს შიდა წრისათვის იყო განკუთვნილი, შიდა კომუნიკაციისათვის. თუ რაიმე კითხვები გაგიჩნდებათ, გთხოვთ, პირადად მე მკითხოთ,…გიპასუხებთ…გაინტერესებდათ კაცები რას აკეთებენ გიორგობისათვის… კაცები ზრუნავენ ხორცზე, ღვინოზე, დარბაზის ამბავზე
-თუ გსურთ ბატონო იოანე, ამოვშლი ამ პოსტს, თუ ეს თქვენს პირად ან სხვა ან სხვის გრძნობებს შეურაცხყოფს, მე არ მინდოდა ამით ვინმეს უსიამოვნება შეჰყროდა და ამიტომაც განვაზოგადე და ანონიმური ფორმით დავწერე…
-არა, არაა ლამაზი, მოსაწონი…
-გასაგებია ბატონო იოანე, სახლიდან გამოსვლას ვაპირებ, საპროტესტო აქციაზე გავრბივარ რუსეთის საელჩოს წინ, ალბათ იქ შევხვდებით ერთმანეთს და იქ გავაგრძელოთ საუბარი
-არა, მე სხვა ქალაქში მივემგზავრები საქმეზე…
-კარგი, მაშ, დროებით, შეხვედრამდე.

ბრანდენბურგის ჭიშკართან მისვლამდე გიორგობის ქეიფთან დაკავშირებული,  ნათქვამი და დაწერილი ცალკეული სიტყვები და ამ სიტყვების კომბინაციები მიტრიალებდნენ ცხვირ წინ, თვალწინ და ფიქრწინ:
შიდა წრე,
ვიქირავებთ დარბაზს და ვიქეიფებთ,
მანდილოსნები,
მანდილოსნების მოსაგვარებელი,
პირადად მე მკითხეთ,
გიპასუხებთ,
ხორცი,
ღვინო,
რთული ორგანიზატორული საკითხები,
დარბაზი,
კომუნიკაცია,
შიდა კომუნიკაცია,
ანონიმურობა,
გთხოვთ დამირეკოთ,
კაცები,
ხორცი,
ღვინო,
კერძები,
ყველა კერძი,
[თორემ ისე] (არ) შეგვაწუხებდენ,
საქმე,
საქმეზე მივემგზავრები,
გავაგრძელოთ საუბარი,
შიდა წრე,
კომუნიკაცია,
მანდილი,
საბურველი,
მანდილოსანთან კომუნიკაცია,
შებურულთან კომუნიკაცია,
შებურული კომუნიკაცია,
კითხვები მებადება,
ბევრი კითხვები მებადება,
არაა ლამაზი, 
არაა მოსაწონი,
მე მკითხეთ,
პირადად გიპასუხებთ,
დარბაზი,
პლატფორმა,
კომუნიკაცია,
კაცები ზრუნავენ,
უფრო რთულია,
მკითხეთ და გიპასუხაბთ,
დამირეკეთ,
პოსტი,
არაა ლამაზი,
არაა მოსაწონი,
შიდა წრე,
შიდა კომუნიკაცია,
მკითხეთ და გიპასუხებთ,
საინფორმაციო ღრუ,
პოსტი,
არაა მოსაწონი,
შიდა წრე,
საზღვარი,
გარე საზღვარი,
საზოგადოდ საზღვარი,
ოკუპაცია,
სახლი,
შიდა წრე,
დარბაზი,
კომუნიკაცია,
სახლი,
დარბაზი,
კომუნიკაცია,
სახლი,
კომუნიკაცია,
საზღვარი,

სახლი, კომუნიკაცია საზღვარი,
კომუნიკაცია, საზღვარი,
კომუნიკაცია!
დროებით, შეხვედრამდე.

სამწუხაროდ არც კერძების კეთება მეხერხება და არც სარეცხის გარეცხვა. ქმრის ამბავიც გამოვიგონე. დანარჩენი კი ყველაფერი ბაჯაღლო ოქროა! ყველაფერი  ზუსტად ასე იყო. 
დროებით,
შეხვედრამდე.