Samstag, 14. März 2015

პოპ მუსიკა, როგორც რუსიფიცირების საშუალება საქართველოში

ტეგები: პიჯინ (Pidgin)-ენა, მასების რუსიფიცირება პოპ-კულტურის საშუალებით, ხელოვნება, მედია.

ამ პოსტში საქართველოში უახლესი დროის რუსიფიცირების ერთ-ერთ საინტერესო ფენომენს, პოპ-მუსიკის საშუალებით რუსული ენის გავრცელებას მინდა შევეხო, რომლის შესახებ ჯერ არც ერთი გამოკვლევა არ დაწერილა. ბაზისად გამოვიყენე ეკატერინა კარელინას ქვემოთ მოყვანილი ნაშრომი.
გამოკვლევები საქართველოს რუსიფიცრების შესახებ არ არსეობს არც სხვა სფეროებში, როგორიცაა, ფილმი, თეატრი, მიუხედავად არსებული მრავალრიცხოვანი წყაროებისა, რაც მნიშვნელოვან საკვლევ ობიექტს წარმოადგენენ.

მუსიკათმცოდნე ეკატერინა კარელინას გამოკვლევა ყოფილი ავტონომიური საბჭოთა რესპუბლიკის, ტუვის მუსიკალური ტრადიციის შესახებ აჩვენებს არა მხოლოდ მკაფიო სურათს ტრადიციული რეგიონალური მუსიკალური კულტურის შესახებ, რომლებიც მონღოლეთის ამ განაპირა ადგილას მდებარეობს, არამედ ამავდროულად ზოგიერთი საბჭოთა კულტურული უწყების აგებულებასაც.

იმისათვის, რათა მუსიკა საბჭოთა წარმოდგენების მიხედვით მასებისათვის ხელმისაწვდომი და გასაგებიც ყოფილიყო, 1960 წლიდან ტუვაში პროფკავშირების ხელშეწყობით  კულტურის სასახლის მშენებლობა დაიწყო. შენობის მნიშვნელობა იქიდანაც  სჩანს, რომ ხელოვნებისა და კულტურის საორგანიზაციო კომიტეტის მმართველად უმეტესწილად საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის რეგიონალური თავმჯდომარე სახელდებოდა. კულტურული წარმოდგენები ტარდებოდა არა მხოლოდ ამისათვის განკუთვნილ შენობებში, არამედ ქვეყნის მასშტაბით ხშირად უშუალოდ მუშებისა და გლეხების სამუშაო ადგილებზეც ხდებოდა ამ წარმოდგენების გამართვა. ეს პრაქტიკა (ჩვეულება) გახდა მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით კულტურული პროპაგანდის მუდმივი და წარმატებული ნაწილი.

პარტიის მითითებების თანახმად, ტუვის ფილარმონიის  რეპერტუარში უნდა ყოფილიყო ხალხური, საავტორო და საბჭოთა იდეოლოგიის მატარებელი სიმღერები, აგრეთვე საბჭოთა კავშირის სხვა ხალხთა  და ასევე სხვა დამეგობრებული სოციალისტური ქვეყნების ხალხთა სიმღერები ეს მოცემულობა დიდი ალბათობით ვრცელდებოდა სხვა რესპუბლიკების დედაქალაქებზეც.

1970-იანი  და განსაკუთრებით 80-იან წლებიდან, პერესტროიკის დადგომასთან ერთად, საბჭოთა კავშირში დაიწყო ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლების, (შემოკლებით ვია) აყვავება. ასეთი განვითარების გამომწვევი მიზეზი და ამოსავალი წერტილი მუსიკალური მიმართულების ახალი სტილი იყო, რომელიც ადრეული 1960-იანი წლებიდან, განსაკუთრებით ბიტლზის სახით, უდიდეს გავლენას ახდენდა დასავლეთის მუსიკალური კულტურაზე. ამდენად ეს მუსიკალური კულტურა სხვადასხვა გზების საშუალებით ჟონავდა საბჭოთა კავშირში და აღაფრთოვანებდა ახალგაზრდებს იქაც ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ადგილებში.

ასეთმა განვითარებამ საბჭოთა მმართველობა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა, რადგან მთელი ერთი თაობის არა მარტო მუსიკალურ გემოვნება, არამედ აზროვნებაცა და ქცევაც ამ შთაბეჭდილების ქვეშ მოექცა. იმისათვის რათა ამ იმპულსების კანალიზება და მართვა გამხდარიყო შესაძლებელი, არსებულ ხელოვანთა და მომღერალთა ჯგუფების გვერდით დაიწყო ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლების ჩამოყალიბება და განთავსება. ეს პროცესი შეუქცევადი იყო, რადგან დამოუკიდებელი ვია-ჯგუფები ზოგ შემთხვევაში სახელმწიფოს ჩარევის გარეშეც ყალიბდებოდნენ. საბჭოთა კულტურას დაქვემდებარებულ ვია ჯგუფებისათვის კი მუსიკასა და ტექსტს უმეტესად მწერალთა და კომპოზიტორთა კავშირის წევრები წერდნენ. რეპერტუარი ძალიან ფართოდ იყო და გაჯერებული თემებით, როგორიცაა, სიყვარული, ოჯახი, ახალგაზრდა ადამიანების შინაგანი კონფლიქტები, პატრიოტული თემებიც არ იყო იშვიათობა. მუსიკალური მიმართულება ჭრელი იყო: როკი, პოპი, დისკო, ხალხური და ჯაზი. მსახიობები და ხელმძღვანელები ხშირად განათლებას იღებდნენ მოსკოვსა და ლენინგრადში, გამოცდილ მასწავლებლებთან. იმისათვის, რათა რეპერტუარი წარმატებით დადგმულიყო სცენაზე, საჭირო იყო ხელოვანთა საბჭოს, ხუდსოვეტის (h’udozestvennyj sovet) ოფიციალური თანხმობა. ამ ჯგუფების რეპერტუარში იყო არა მხოლოდ საბჭოთა წარმომავლობის სიმღერები, არამედ ხშირად აგრეთვე ცნობილი ნაწარმოებები დასავლეთიდანაც. სიმღერების მელოდიები ზოგჯერ ოდნავ იცვლებოდა, ზოგჯერ კი ისევე სრულდებოდა, როგორც ორიგინალი, მაგრამ არავინ წუხებოდა ამ უსამართლობის გამო, მისი ჩვენებისათვის სცენაზე, როგორც წმინდა საბჭოთა ხელოვნებისა. 1980-იან წლებში მარტო ტუვაში სხვა ხელოვანთა კოლექტივების გვერდით კიდევ 72 ვია-ჯგუფი არსებობდა.

როგორც ზემოთქმულიდან სჩანს, საბჭოთა მუსიკალური სცენა გარედან მიღებულ ახალ იმპულსებს რთავდა უკვე არსებულ მუსიკალურ მიმართულებებში. ამდენად შესაძლებელი იყო, მაგალითად მუსიკალური თეატრის ჟანრში დადგმულიყო ერთიდაიგივე ნაწარმოები, როგორც როკ-ოპერა, როკ-ბალადა, ან როგორც მიუზიკლი. ეს მეთოდი მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნა გავრცელებული. რადგან საზღვარი მუსიკალური თეატრის ჟანრის შიგნით პარტიის მითითებების მიხედვით არ იყო მკაცრად გავლებული, შესაძლო იყო, მაგალითად გამოცხადებული როკ-ოპერის ნაცვლად საბოლოოდ მიუზიკლი გამოსულიყო. ნაწარმოებს უნდა ჰქონოდა ამ კონკრეტული ხალხისათვის დამახასიათებელი ნიშნები, საუკეთესო ვარიანტში კი- შემკული ყოფილიყო  ელემენტებით საკუთარი ფოლკლორიდან. წაროდგენის დადგმისას ორიენტაცია უნდა ყოფილიყო ზღაპრებზე, ლეგენდებზე და ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

ქვეყნის მასშტაბით ცნობილი პირველი ქართული ვია-ჯგუფი, ასევე ცნობილი, როგორც ამ ჟანრის დედა, გუნდი ორერა (დაარსდა 1958 წ.) გამოდიოდა საქართველოს საზღვრებს გარეთ და მღეროდა არც თუ იშვიათად სიმღერებს, რომელთა ტექსტებიც ნახევრად რუსულ და ნახევრად ქართულ ენაზე იყო, როგორც სიმბოლო რუსულ-ქართული მეგობრობისა და სიყვარულისა. 1970 წელს დიდი ძალისხმევით იქნა გადაღებული ფილმი ამ ჯგუფის ავსტრალიაში მოგზაურობის შესახებ, სადაც სიმღერები ქართულ და რუსულ ენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ. ეს ფილმი დოკუმენტური და მხატვრული  ფილმის ერთგვარი შერევაა, ექსპერიმენტი, დოკუ-სოპის ადრეული ფორმა. ჯგუფ ორერას სამარკო ნიშნად მოგვიანებით კი იქცა - ერთიდაიგივე სიმღერაში რიგრიგობით, რუსულ და ქართულ ენაზე სტროფების მონაცვლეობა, სიმღერები, რომლებშიც ხშირად ნამღერი ტექსტის ყოველი სტროფი ორივე ენაზე გაისმოდა.

უკვე 1968 წლისათვის შეიქმნა ახალი ვია-ჯგუფი, ივერია. მისი რამოდენიმე სიმღერა ერთბაშად ჰიტად გადაიქცა. ქართული ვია-კულტურის მწევერვალს როკ-ბალადა, „ჩხიკვთა ქორწილი“, რუსულად „svad’ba soek“ წარმოადგენს.
ნაწარმოების მთავარი მოტივი (თემა) ტყის ჩიტების ქორწილია. როკ-ოპერისათვის მუსიკა 80-იანი წლების დასაწყისში ალექსანდრე ბასილაიამ  დაწერა. ნაწარმოებში  სატირული ფორმით მოთხრობილია ორი ტყის ჩიტის სიყვარულის ამბავი, რომელთა ცხოვრება ძალიან ჰგავს ადამიანებისას. საინტერესოა, რომ ამ სიმღერებში ბევრი ბარბარიზმები (სხვა ენიდან შემოტანილი სიტყვები, რომელთა გადმოცემა საკუთარი ენითაცაა შესაძლებელი, ხშირ შემთხვევაში მათ ლექსიკური ღირებულება პირდაპირ ემთხვევა საკუთარ ენაში არსებული სიტყვების ლექსიკურ ღირებულებას) ყოველგვარი ძალდატანების გარეშე შემოდიან ენაში და ზოგიერთი მსახიობის ენა განსაკუთრებით მდაბიო ხდება. აქ აღარ ხდება სტროფიდან სტროფამდე ენის დიფერენციაცია: ჯერ რუსული, შემდეგ ქართული, ან პირიქით, არამედ იქმნება როგორც სჩანს, სპონტანური ნაზავი ორივე ენისა და ამ ნაზავის ცელებრირება (ზეიმი) ხდება მთელი ქორწილის განმავლობაში. მომღერლები იყენებენ დიდ ნაწილად ერთგვარ პიჯინ-ენას, რომელსაც თან ახლავს თბილისის ქვედა ფენებისათვის დამახასიათებელი მიმიკები და სხვა უტყვი ნიშნები. ამ ქუჩური ენით ისინი გადადიან ყოველგვარი ენის ნორმების ზღვარს. განსაკუთებით აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს ენა დამატებით გაჯერებულია თბილისური ჟარგონის ელემენტებით, რაც საერთოდ შორდება საზოგადოებაში  გამეფებულ ყოველგვარ ნორმასა და კონვენციას.

მიუზიკლი უაღრესად პოპულარული გახდა და დიდ წარმატებასაც მიაღწია. ის ყოველი ასაკის ქართველისათვის გახდა მისაღები, უპირველესად თავისი სატირული ქვეტონის გამო, რომელიც საზოგადოებაში გამეფებული კონსერვატული ფენის წარმოდგენების წინააღმდეგ იყო მიმართული. ნაწარმოები იქცა მაყურებელთა მაგნიტად წლობის განმავობაში. 


ენათმეცნიერული თვალსაზრისიდან გამომდინარე აქ საინტერესოა შემდეგი ასპექტები:
1.პირველად იქნა გარღვეული საზღვარი ქართულ სასაუბრო ენასა და თბილისურ სუბ-კულტურას შორის. ამით აქამდე გაპამპულებული ჟარგონი გარკვეულ ნიშნულამდე იქნა მიღებული საზოგადოებაში. თბილისის მოზარდთა სლენგიდან სასაუბრო ენაში შეთვისებულ იქნა სიტყვები. მკაცრი საზღვარი რუსულ და ქართულ სასაუბრო ენებს შორის გაქრა, რაც ასევე დღემდე არსებულ რეალობასაც შეეფერება. 
2. აქამდე საერთოდ არაა გამოკვეთილი, არამცთუ ძირიანად გამოკვლეული რუსული ფონეტიკის გავლენა ქართული ფონეტიკის განვითარებაზე. არა მხოლოდ „ჩხიკვთა ქორწილი“, არამედ საზოგადოდ მასმედის საშუალებების გავრცელებამ, როგორიცაა რადიო და ტელევიზიამ, შეცვალა ქართული ენის გამოთქმა. თუკი 70-იან წლებამდე ქართული ენა ერთგვაროვანი ინტონაციით გამოირჩეოდა, ამ დროიდან უკვე რუსული ენის ფართო გავრცელებითა და მისი ქართულ ენაზე გავლენის წყალობით იგი შეიცვალა. 90-იანი წლებიდან კი ამ ახალმა ტონმა მედიაშიც თამამად დაიმკვიდრა ადგილი და გახდა ქართული სტანდარტული ენის შემადგენელი ნაწილი.

გამოყენებული ლიტერატურა
Karelina, Ekaterina (2009): Istorija tuvinskoj muzyki ot padenija dinastii Zin i do naših dnej [Geschichte Musik von Tuva  vom Fall Zin – Dynastie bis unserer Tage]. Moskva, S. 247f.
Razzakov, Fedor: Žizn’ zamečatel’nyh vremen. 1970-1974 gg [Leben bemerkenswerter Zeiten. 1970-1974 Jahre]. Moskva 2004.
Troickij, Artem: Rok v sojuze: 60-e, 70-e, 80-e,..[Rock in UdSSR: 60-er, 70-er, 80-er,…]. Moskva 1991.

kharthuli erownuli filmografia [Georgische Nationale Filmografie] (2007): filmebi [Filme]: O: Orera, polnyj vpered [Orera, vorwärts, mit vollem Gang!]! <http://www.geocinema.ge/ge/index.php?filmi=668>. Rech. 2014-12-09.
Svad’ba soek [Hochzeit der Eichelhäher], aufgeführt von VIA Iweria. Verfilmung für Staatsfernseher und Radio UDSSR erfolgte durch kunstschaffen Verein Ėkran in Zusammenarbeit mit georgischem Fernsehen im Jahre 1984.  <http://www.youtube.com/watch?v=th_58raqJlw>. Rech. 2014-12-09.