Donnerstag, 25. Juni 2015

ფორმა - ინტერნაციონალური, შინაარსი - ნაციონალური!... (ი.ბ. სტალინი) ანუ იქ, სადაც ფორმა შინაარსია!





იქ სადაც ფორმა შინაარსია,
თვით იესოც კი უძლური ხდება,
მეტაფორა ხომ მხოლოდ ფორმაა
სხვა შინაარსის გადმოსაცემად.


არავის უთქვამს ჯვრების აღმართვა
იქ, სადაც შრომა გვავალდებულებს,
ჩვენ უნდა ვზიდოთ ჯვარი ხატოვნად,
და არა ყველგან ჯვრები დავხატოთ.


უბიწოება მხოლოდ ფორმაა
ადამიანის განწყობილების,
უბიწოებას ვერ შეამოწმებ
ვერავითარი მოწყობილობით.


თქვენ ეძებთ ფორმებს იოლ ცხოვრების
„უბიწოების“ ფასში ნაყიდად
ქალიშვილები გამოამწკრივეთ
როგორ ხორცები აპკის საკიდად.


რატომ უქექავთ ვიპ-ებს გარდერობს
რატომ არ ჰკითხავთ, რა უდევთ თავში
რატომ არ ჰკითხავთ რა წაიკითხეს 
ყველაზე გრძელ და ლამაზი ღამით?!


ვის უვლებთ საზღვრებს ჩვენს ქვეყნის შიგნით?!
რატომ აშენებთ მაღალ ღობეებს?
რატომ არ გახდით ქალსაც მემკვიდრედ?
და აუმაღლებთ მას ცოდნის დონეს?


სად დაიკარგა ძველი განწყობა
ვეფხისტყაოსნით გამზითებისა
სად არის ქალი ცოდნის სალარო
შთამომავლობის გადარჩენისა.


რატომ ასწავლით დაგვა-დარეცხვას?
ხელსაქმეს ურჩევთ ტიტულის ნაცვლად?
ქმრის მორჩილებას თავში უტენით
ფეხების ბანა გგონიათ რაღაც!


მე გამიგია ექთნის დიპლომი
ექიმისაც და მეცნიერისაც,
არსად და არც ერთ ქვეყნის კუთხეში
ხელობა „ცოლი“ არა მსმენია!


რატომ ზრდით შვილებს ცოლებად, ქმრებად?!
ეს ხომ ინსტინქტად მოცემულია?!
გაზარდეთ ბავშვი ადამიანად,
ის ხომ ღვთის ხატად ბოძებულია.


რატომ უსმენენ ახლაც თქვენს ჰიტებს
თქვენი შვილები სხვა თაობისა,
რად არ მიეცით ახალი ტონი,
არ დაანებეთ მათ სხვა მუსიკა?!


რისთვის დასაჯეთ და აიძულეთ
მათაც, როგორც თქვენ ისე ეცხოვრათ,
და ისევ ძველი შეუწყეთ ფონი
მათ ლაპარაკს და იმათ მუსიკას?!


გადაათრიეთ თვენი საზღვრები
თქვენივე ქვეყნის საზღვრების გარეთ,
კაბისქვეშ ქალებს კი ნუ უყურებთ,
ნუ ეძებთ სახლში მტრებს და ავ თვალებს!


რისთვის ამოწმებთ ვინ ვისთან იწვა?
საზღვრებთან თქვენი იხილეთ მიწა,
გადაამოწმეთ თქვენი საზღვრების
რუკა და თქვენი სამშობლო-მიწა!


იქ სადაც ფორმა შინაარსია,
თვით იესოც კი უძლური ხდება,
მეტაფორა ხომ მხოლოდ ფორმაა
სხვა შინაარსის გადმოსაცემად.


არავის უთქვამს ჯვრების აღმართვა
იქ, სადაც შრომა გვავალდებულებს,
ჩვენ უნდა ვზიდოთ ჯვარი ხატოვნად,
ჯვარი არაფერს გვავალდებულებს.


უბიწოება მხოლოდ ფორმაა
ადამიანის განწყობილების,
უბიწოებას ვერ შეამოწმებ
ვერანაირი მოწყობილობით!