Samstag, 25. Januar 2020

ქართული პოსტმოდერნის ანატომია


ნაწილი 1.

პოსტმოდერნი
ვისაც პოსტის შემდგომი ნაწილების წაკითხვა დაეზარება და მხოლოდ თემა აინტერესებს: პოსტი საქართველოს სოციალურ-ეკონომიურ საკითხებზეა-თუ რატომ ვერ ვითარდება ქვეყანა და ერთი შეხედვით ვერ გამოდის შუა საუკუნეების პატრიარქატიდან, თუმცა სინამდვილეში იგი პოსტმოდერნიზმში იმყოფება.

რიგი თეორიების მიხედვით, პატრიარქატი, რომლის სინონიმი არის ასევე ფალოკრატიაც, ადამიანთა ისეთი თანაარსებობის ფორმაა, სადაც განსაკუთრებით მამებს, კაცებს, უხილავი შეთანხმება აქვთ ერთმანეთთან ფასეულობებისა და ნორმების შესახებ, სადაც საკუთარ თავებს ღვთის რჩეულებად წარმოიდგენენ და ქალებს არც ერთ სფეროში არ მოიაზრებენ, ანაც, სადაც სქესთა სპეციფიური დანაწილება სუფევს. პროდუქცია და რეპროდუქცია პატრიარქატზე საუბრისას საკვანძო ცნებებია. თანამედროვე პატრიარქატიც, ერთგვარ „ძმურ“ სოლიდარობას ეფუძნება.
პოსტმოდერნი ევროპული კულტურის, მოდერნის შემდგომი მიმართულებაა, რომელიც წინამორბედის კონკრეტულ ინსტიტუციებს, მეთოდებსა და საფუძვლებს უარყოფს. უპირველესად კი მის სწრაფვას ინოვაციებისაკენ, თვლის რა მას ფასონურ-ფასადურად და ავტომატურ-გაუცნობიერებლად. მეტიც, პოსტმოდერი ამას დესპოტიზმად და ტოტალიტარულად მიიჩნევს, რომელსაც უნდა ებრძოლო. პოსტმოდერნის ცენტრში არა ინოვაცია, არამედ არსებული იდეების ნაზავ-რეკომბინაცია დგას, გარემო არა განვითარების, არამედ მრავალფეროვნების, შემთხვევითობისა და ქაოსის ნაერთია ისევე, როგორც ადამიანის არსება, რომელიც არასტაბილურია და მას განსხვავებული კულტურული ფაქტორები განსაზღვრავენ. შედეგად, უკანა პლანზე იწევს რაციო, დამოუკიდებელი სუბიექტი, ხოლო წინა პლანზე აფექტი და ემოცია გადმოდის. შეირყევა და უქმდებიან მითები, მორალი, ისტორია, ღმერთი, იდეოლოგია, რელიგია, უტოპია, მყარი მეცნიერებაც, ტრადიციები, სოლიდარობა, ერთიანობა, ეთნო და ანდროცენტრული კონცეპტები. საზოგადოებრივი ჯგუფები მრავალ ქვეჯგუფებად ნაწევრდება, სადაც ტოლერანტობა, თავისუფლება, რადიკალური მრავალფეროვნება, ხელოვნება და კულტურა მთავარ ადგილს იკავებენ.

აქვე, პოლიტიკურ თეორიებში, პოსტმოდერნიზმს რეალისტური და ლიბერალული მიმდინარეობის გვერდით ჯერ კიდევ ფაჩუჩები აცვია, თუმცა მისი დამახასიათებელი ნიშანი ცალკეული სურათების და არა მთლიანი მოქმედების ხედვაა და სკეპტიკური განწყობა ობიექტურისა და სისტემატიზირებულისადმი. პოსტმოდერნიზმი, კლასიკური ხედვით, ძალაუფლების მატარებლად არა ცალკეულ სახელმწიფოებს მიიჩნევს, არამედ მოვლენებს და ამ მოვლენების სხვადასხვა რეალობიდან დანახვას.
შესაბამისად, ძალაფლებაც, არა ცალკეული მოვლენების ფლობა, არამედ კონტექსტის სრული სპექტრის კონტროლია. თავად პოსტმოდერნის ანატომია კი ძალიან ჰგავს კარანტინის მოწყობის პრინციპს.

კარანტინი, როგორც დანაწევრება და ნაწილებს შორის იზოლაცია
როდესაც ქვეყანაში უკმაყოფილება იზრდება, პირველი, რასაც მთავრობა აკეთებს, უკმაყოფილო ხალხის განცალკევება, ბუნტისთავი ცალკეულების დაშინება, საზოგადოების დანაწევრება, გზების ჩაკეტვა, ან ჩახერგვა და კომენდანტის საათის შემოღებაა.
დღეს თბილისში ყვლა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი 23 საათამდე მოძრაობს, ტაქსები "რეფორმირებულია" და დიდნაწილად ამოღებული სატრანსპორტო ქსელიდან, გზები გადათხრილია, ინფრასტრუქტურა მოშლილია. ადამიანების ინტერაქცია დაყვანილია საჭირო მინიმუმამდე, რათა არ წარმოიქმნას უკონტროლო გაერთიანებები. 
სიტუაციის კონტროლის ერთ-ერთ საუკეთესო მეთოდს კარანტი წარმოადგენს, რომელიც ისტორიულად, საზოგადოების ინფექციურ დაავადებასთან დაკავშირებით შემოღებული განცალკევებაა ცოცხალი ორგანიზმებისაგან, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან, იყვნენ დაავადებულნი, ან იყვნენ ამ დაავადებათა გადამტანნი. ცხოველების შემთხვევაში, მაგალითად, კარანტინი გამორიცხავს დაავადების გავრცელებას საიმპორტო ქვეყანაში, რომელიც პრევენციის მიზნით კრძალავს უცხო ქვეყნის ცხოველების შეყვანას.
კარანტინის ხანგრძლიობას განსაზღვრავს სავარაუდო დაავადების ინკუბაციის პერიოდი. კარანტინი ძალიან რთულად გასატარებელი, თუმცა ასევე ძალიან ეფექტური სანიტარულ-ჰიგიენური ზომაა ჭირის წინააღმდეგ, რომელიც განსაკუთრებით ადვილად გადამტანი დაავადებათა წინააღმდე არის აუცილებელი.
ეტიმოლოგიურად ცნება „კარანტინი “გამოიყენება კონკრეტული შეზღუდვის საწინააღმდეგოდ. ფრანგული "Quarantäne"-ცა და იტალიური "quarantena"-ც ხალხური ლათინურიდან მოდის და ციფრ 40-ს აღნიშნავს.
მე-14 საუკუნის ბოლოს, ვენეციას კარს მომდგარი ჭირის გამო, ნავსადგურში, 1374 წელს საეჭვო გემებს შესვლა შეეზღუდათ და 40 დღიანი აკრძალვები ამოქმედდა. ესპანური "la cuarantina" ახალშობილის დედისაგან ტრადიციულ განცალკევებას აღნიშნავს, რომელიც ადრე 40 დღის ხანგრძლიობისა იყო. კარანტინი ასეევ აღნიშნავს გემების ნავსადგურში ჩამოდგომიდან გარკვეული ხანგრძლიობით მოცდას, რომელიც ადრე ასევე 40 დღის განმავლობაში გრძელდებოდა, რათა არ მომხდარიყო გემზე სავარაუდოდ არსებული დაავადებების ნავსადგურში შეტანა.
გამშვებ პუნქტებსა და კომენდანტის საათს აწესებდა ასევე რუსეთი ძალიან ხშირად საქართველოშიც.
1908 წელს მიხაკო წერეთელის მიერ ნინო ყიფიანისადმი მიწერილი წერილიც, რომელიც თავის დროზე უხეიროდ მომუშავე არქივების გამო დიქტოფონში არქივის თანამშრომლებისაგან მალულად, ჩურჩულითა და კარნახით ჩავიწერე, ერთ-ერთ ასეთ შეზღუდვაზე წერს:
„[…] არავითარი ანბავი აქ [თბილისში] არ არის გარდა სამხედრო წესის გაძლიერებისა, როგორც შეიძლება და მცხოვრებნი დაიკეტებიან სახლში და გარეთ გამოსვლა არ შეუძლიათ. რა ეშველება ჩვენ ზოგიერთ ყმაწვილებს და „ბარიშნებს“ ამ ზაფხულში, რომელნიც ბულვრით და ლაღიძის წყლებით ცხოვრობდნენ. თუ ასე გაგრძელდა, არ ვიცი, მათი მდგომარეობა თუმცაღა ტრაგიკული კი არის, მაგრამ მეორე მხრით არც კომიზმს არის მოკლებული […].“ (იხ. ხელნაწერთა ინსტიტუტის დოკუმენტი. ჯორჯაძეები ნ. და მ. #260).
დღეს თბილისის პარალიზების პარალელურად, მთებში, რუსეთის საზღვრებთან, ახალი გზები იგება, ცენტრალიზებული სახელმწიფო მოწყობა კი მხოლოდ ძალაუფლების ცენტრისთვის ძლიერდება.

ნაწილი 2.

ორი ტერიტორია
ადამიანი გამუდმებით ორი პარალელური ტერიტორიისათვის იბრძვის და მას ებრძვიან: მიწისა და სხეულისათვის. გლობალიზაციამ ეს ბრძოლა კიდევ უფრო გაამძაფრა და სასტიკი გახადა. საქართველოში ამ ომს დიდი ხანია ბრუტალური ფორმები აქვს მიღებული.
1900-იანი წლების კულტურის დისკურსი (ილია-ვაჟა-იაკობი (და არა აკაკი!) საბჭოთა სისტემამ სრულიად წაშალა, ხოლო მის ადგილას ცალკეული (იმავე) ავტორების კონტექსტიდან ამოგლეჯილი მაგალითები დაგვიტოვა. ისეთები, რომლებიც საბჭოთა დროის (უტოპიური) კულტურის კაფსულებშიც ჩაეტეოდნენ. გაქრა თანმიმდევრობით პირველ რიგში კულტურა, რასაც მიჰყვა ეროვნულობა, თვითმყოფადობა, მომავლის პერსპექტივები. სოციალისტური გაერთიანებ(ებ)ის სახელით გადახალისდა იმპერია. დადგინდა გეოგრაფიული საზღვრები და დაიწყო დიდი ექსპერიმენტი. (ეროვნული)კულტურის შემდეგ პირველი დიდი შეტევა ისევ სხეულზე განხორციელდა, - გეოგრაფიული ტერიტორია ამ დროისათვის უკვე სრულიად ოკუპირებული იყო.
ქვეყანა ოკუპაციისაგან სიმბოლურად დაახლოებით 30 წელია გათავისუფლდა, მაგრამ ეს „გათავისუფლება“ გეოგრაფიული ტერიტორიის საგრძნობი შემცირების ხარჯზე მოხდა, ამასთან, მაშინვე გაჩაღდა სხვაგვარი, ჰიბრიდული ომი.
ქვეყნის წარმატებული არსებობა მისი მიწისა და იქ მცხოვრები სხეულების მდგრად უსაფრთხოებაში გამოიხატება. ორივეგან ადამიანს შეუძლია იშრომოს, აღიდგინოს ძალები და დაისვენოს,- (დროებით)გადააბაროს კონტროლი და გაიხედოს მომავალში.
მიწა და სხეული არსებობასთან ერთად რეგენერაციის ტერიატორიებიცაა. ამიტომ ორივე არასოდეს კარგავს აქტუალობას გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რადგან სხეულს, ჯერჯერობით, გარკვეული დროის განმავლობაში, მაინც ისევ ესაჭიროება ფეხის მოსაკიდებელი ადგილი.
საქართველო მუდმივად დგას კიდევ უფრო მეტი ტერიტორიების დაკარგვის საშიშროების წინაშე. პრევენცია მხოლოდ განათლების გზით კულტურის განახლებაშია, არადა ამ შიშებით მუდმივად მანიპულირებს ძალიან კარგად მომზადებული მეტოქე, რომელიც შეკითხვაზე: „სად მოისვენოს სულმა, სად მიიდრიკოს თავი“, მზა რეცეპტებს გასცემს - სად და წარსულსა და წარსულის დიდებაში. ხატად გადაქცეულ დავით აღმაშენებელს - რომელსაც სრულად ჩამოშორებული აქვს მისი ნამდვილი შინაარსი - უცხო კულტურების თარგმნა. მათი საკუთარ ქვეყანაში ინტეგრირება და ამით კლანურ/ინცესტური სტრუქტურების მოშლა, დღემდე „ილია-ვაჟა-იაკობის“ იდეა უპირისპირდება. არადა ორივე  თავისი სრული შინაარსით თითქმის ერთი და იგივეა. ჰოდა, ვერც სალოცავი ტაძრის შესასვლელში დამარხული დავით მეფის იდეა ცოცხლდება, რომელმაც ყველაზე დიდი ფართობის ფეხის დასადგმელი ადგილი დაუტოვა შთამომავლობას და თავადაც, სიმბოლურად ამ ადგილის ერთ მცირე ნაწილად იქცა თავისი საფლავის ქვითა და მასზე ამოტვიფრული ეპიტაფიით: „ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნისამდე, ამას დავემკვიდრო, რამეთუ მთნავს ესე“. ანა კალანდაძის პოეზიამაც დიდი მეფის ჩანაფიქრი რიტმულ-რიტუალურ სიტყვებში გააშეშა: „დამადგით გულზე ფეხი დამადგით გულზე ყოველმან, წყალობა ჰყავით…“
გვგონია, ძალიან ბევრი რამ ვიცით, მაგრამ სინამდვილეში სწორედ ამ რიტმულ-რიტუალური კედლების გამო სიტყვები ჩვენიანად არ მიგვაჩნია და არც იდეები ცოცხლდებიან.
მოსასვენებელი ტაძარიცა და სამყაროს ცენტრიც, პირველ რიგში, (მეორე) ადამიანია.

ნაწილი 3.

მორალი, სირცხვილი
ვისაც მოკლედ აინტერესებს ვეტყვი, რომ ამ ნაწილში მორალსა და სირცხვილს, როგორც შუა საუკუნეების ყველაზე ქმედით ეკონომიკურ მექანიზმს აღვწერ. მორალიცა და სირცხვილიც ეკონომიკისა და მართლმსაჯულების იარაღებია დღესაც. თუმცა, ქვეყნებში, რომლებიც ჯერ განუვითარებელია თანამედროვე მიღწევების თვალსაზრისით, იქ მორალი და სირცხვილი მხოლოდ დაჩაგრულ და მოწყვლად ჯგუფებს მოეკითხებათ ხშირად სიცოცხლის ფასად, ხოლო მასზე გაბატონებულები, მორალისა და სირცხვილის პასუხისმგებლობის გარეთ არიან. ცივილიზებულ დასავლეთში კარგა ხანია ადამიანთა შორის ურთიერთობებს კანონი არეგულირებს, ხოლო შედეგად, მორალიცა და სირცხვილიც ყველა ჯგუფსა თუ სოციალურ კლასზე ერთნაირად ვრცელდება და ორივე ფასეული ცნებებია, რადგან ისინი კანონითაა გამყარებული. აღარავინ აპელირებს მუდმივად მხოლოდ ბუნდოვან მორალზე, რომელიც განწყობის მიხედვით მძიმდება, ან მსუბუქდება - ერთისთვის მხოლოდ (ეკონომიური) სარგებელი მოაქვს, ხოლო მეორეს შიგნავს და ფიტავს. თუკი ამ შემთხვევაში მორალს ვალუტის სახით წარმოვიდგენთ, მაშინ, განუვითარებელ ქვეყნებში, ვალუტას ზეპირად „ბეჭდავს“ გარკვეული ჯგუფი, რომელსაც ძალიან საინტერესო სტრუქტურა აქვს. ვალუტის კურსის სიმყარე პირდაპირპროპორციულია სტრუქტურაში თანამონაწილეების რიცხვისა და მათი მზაობისა, დაემორჩილნენ ამ სტრუქტურის მიერ შემუშავებულ (ასევე ზეპირ!) წესებს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ვალუტის „მბეჭდავთა“ სასარგებლოდ იცვლება. ამასთან, გაბატონებული ჯგუფი „ბეჭდავს“ ქაღალდის ვალუტის მსხვილ კუპიურებს, ხოლო ქვედა სოციალური ჯგუფი მხოლოდ ხურდებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვედა სოციალურ ჯგუფებში მორალი მკაცრდება და ზედმიწევნით კონტროლდება. ქვედა სოციალური ჯგუფის მოვალეობაა ასევე გაბატონებული ჯგუფის მიერ წესების ინტენსიური გავრცელება-დანერგვაც, რადგან ისინი ზემდგომებთან ამისთვის სხვადასხვაგვარ ბონუსებს იღებენ.
მორალს კიდევ ერთი საინტერესო თვისება ახასიათებს - ერთნაირ ფენებს ან ერთნაირ სოციალურ კლანებს შორის მაშინაც კი, როცა საზოგადოება ჩამორჩენილია, ანგარიში, ამ ზეპირი ვალუტითაც, ზედმიწევნითი სიზუსტით მიმდინარეობს. აქ კარგი იქნებოდა სხადასხვა მარკერების მოშველიება, თუმცა ტექსტის შეძლებისდაგვარად მოკლედ გადმოსაცემად მხოლოდ აუცილებელ მაგალითებზე შევჩერდები.
ასიმეტრია მორალის კატეგორიაში ანგარიშისას თავს იჩენს მაშინ, როცა საზოგადოებაში ბალანსი დარღვეულია, რასაც ხშირად ასევე გეოგრაფიული საზღვრების მორღვევაც მოჰყვება ხოლმე. ასეთ დროს ყველაზე ბოლოს (ზედმიწევნითი)ანგარიში ქვედა ფენებში დარჩენილებში მოიშლება.
მიუხედავად იმისა, რომ 1991 წლამდე ჩვენ ერთგვაროვანი კანონებით არ გვიცხოვრია, საქართველოში, სოციალური ფენების ინტერაქცია ერთმანეთთან გონივრულობის ჩარჩოებში მიმდინარეობდა. არსებობდა ასეთი გამოთქმაც, ‚ ხვალ რომ დაგვჭირდეს ადამიანი, თვალებში შეხედვა უნდა შეგეძლოსო“. გამოდის, რომ მზერაც ანგარიშის მნიშვნელოვანი ერთეულია - თუ ვის ეძლევა თავის აწევა და ფაქტებისა და მოვლენების, სამყაროს სრულფასოვნად დანახვის შესაძლებლობა  და მონაწილეობა და ვის ეკრძალება არსებობის ამ ყველაზე მნიშვნელოვანის - გარემოში ინტეგრირებისა და კოორდინაციის შესაძლებლობა, თუმცა ამაზე ქვემოთ.

ექსკურსი
ამ ბოლო  დროს გერმანიის (ბერლინის) ქვედა სოციალურ ფენებში მოხშირდა სიტყვა „სირცხვილი“-ს ან "შემარცხვენელი"-ს ხმარება. არადა ეს სიტყვა კარგა ხანია დავიწყებას იყო მიცემული.
საზოგადოდ, შემარცხვენელი ხომ არცხვენს კოლექტივს, გუნდს, ჯგუფს, როგორც მისი ორგანული ნაწილი, არადა აქ კარგა ხანია აღარ არსებობს კოლექტივი, სოციალურად შეკრული ჯგუფი, როგორც გაერთიანება. აქ ინდივიდები ცხოვრობენ, რადგან სოციალურ უზრუნველყოფას სახელმწიფო სწევს თავისი ინსტიტუციებით.
უცხოელებმა, იგივე მიგრანტებმა, განსაკუთრებით კი გასული საუკუნის 60-70 წლებში ჩამოსახლებულმა თურქებმა, სწრაფად აუღეს აქაურ ცხოვრებას ალღო და ლამის ყველა კარტი შეძლებისდაგვარად განათლებაზე დასვეს. შესაბამისად მათი ცხოვრების დონეც ძალიან ჩქარა დაეწია საშუალო, განათლებული ფენის გერმანელების ცხოვრების დონეს და ზოგიერთ შემთხვევაში მას გაუსწრო კიდეც.
პარალელურად კრისტალიზდა გერმანული ქვედა ფენა, რომელმაც განათლებას ზურგი აქცია, აირჩია რა დასაწყისში "თავისუფალი ცხოვრება", ან გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოახერხა ქვეყნის მიერ შემოთავაზებული სიკეთეების ათვისება - განსაკუთრებით ეს ეხებათ ყოფილი აღმოსავლეთ გერმანიის მცხოვრებლებს- შესაბამისად ის გახდა არამობილური, გარკვეულწილად, ასე ვთქვათ - ხელფეხშეკრული. გაჩნდა მოთხოვნილება სოციალური შეჯგუფებისა. ამას თან დაერთო შემდეგი გარემოება: დრომ ფაშისტური სიავეების გამოცდილებასთან დაშორება გამოიწვია, ნაცისტური პაროლები გააცოცხლა და მათ რომანტიკული ელფერი მიანიჭა. ამდენად, კოლექტივი დიქტატურის შედეგი კი არაა, არამედ სწორედ დიქტატურის წარმოშობის წინაპირობა, როცა ინდივიდი მარტო ფონს ვეღარ გადის და მას ზურგის გამმაგრებელი (მასა) სჭირდება. ამასობაში რომელიღაც თაღლითი იხელთებს დროს და წინ მოექცევა მასას. ხშირად ამას შემთხვევა და გაიძვერობის ხარისხი, ანაც მტრული სახელმწიფოების მიერ მიზანმიმართული მუშაობა განაპირობებს. მამრობითი სქესსისადმი მიკუთვნებულობაც წინა პირობაა უკეთესი მობილურობისათვის და ამდენად წინამძღოლობისათვის. ამ ყველაფერს კი ლოგიკურად მოაქვს კლანურ-მაფიოზურ-ოჯახურ-ძმაკაცური ბანდების წარმოშობა, ან გამყარება.

სექსუალობა
არ არსებობს იმაზე დიდი რამ ეკონომიკაში, ვიდრე ადამიანის სექსუალობაა. სექსუალობა არა  მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახავს, არამედ სექსუალობის ჭრილში ევროპისა და აზიის, ეპოქების ისტორიის წაკითხვაცაა შესაძლებელი. მის გარეშე განსაკუთრებით საფრანგეთის ისტორიის გაგება გაჭირდებოდა, სადაც იგი მთლიანი ფრანგული კულტურის ლაიტმოტივს წარმოადგენს-საფრანგეთის რევოლუცია, რელიგიის კრიტიკა, მორალის ფილოსოფია, მატერიალიზმი.
როდესაც ახალგაზრდა ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტი (1767-1835) რევოლუციურ საფრანგეთს სტუმრობდა, რომანსიე რეტივ დე ლა ბრუტონსაც (1734-1806) ეწვია, რომელსაც თავისი ავტობიოგრაფიული „მონსიე ნიკოლას ანუ ადამიანის გაშიშვლებული გული“ იმ დროისათვის უკვე დაწერილი ჰქონდა, რითაც ის პრაქტიკულად პირველი აღმოჩნდა, ვინც საზოგადოების სექსუალური სტრუქტურების თეორიულ ცოდნას საკუთარი გამოცდილებაც მიამატა. ჰუმბოლდტის გოეთესადმი წერილი საინტერესო შთბეჭილებას ინახავს: „მე მეეჭვება კიდევ სადმე არსებობდეს ისეთი წიგნი, სადაც შეიძლება ამდენი რამ, ასეთი წრფელი და ასეთი ინდივიდუალური ცხოვრება ნახო“. 
სამწუხაროა, რომ დღეისათვის სკოლები ვერ ასწრებენ ამ ჭრილში საკითხების ასეთ განხილვას კონსერვატული მიდგომების გამო. არსებობს ორი ტიპის კულტურა: გაუპატიურებისა და ორმხრივი შეთანხმებისა. შეთანხმების კულტურა დასავლურია. გერმანიაში, მაგალითად, ზოგადად შეთანხმებები წერილობით ხდება. მსოფლიო დაწერილი კანონების 60% -ს გერმანული კანონები შეადგენენ, თუმცა ინტიმური საკითხები უმეტესად ზეპირად თანხმდება პარტნიორთან. შეთანხმება შეთანხმებაა. ინგლისში, მაგალითად ადრეც და ახლაც სხვა ბევრ საკითხშიც უმეტესად ზეპირად თანხმდებიან და თვლიან, რომ "ზეპირი ხელშეკრულებებიც ჩვეულებრივი ხელშეკრულებებია“. ეს ტრადიცია ძველი რომიდან იღებს სათავეს: "პირობა პირობაა"[Verträge muss man halten]. პირობა, რომ კვდებოდე, შესასრულებელია, მათ შორის  სიცოცხლის ფასადაც.
სექსუალობის საკითხებს აღმოსავლეთის კულტურაში ტრადიციები წყვეტენ, სადაც გაუპატიურების კულტურა მეფობს და რეპროდუქციას უმეტეს შემთხვევებში კლანები და/ან კლანის უფროსები აკონტროლებენ.
საქართველოში სექსუალობის ისტორია არაერთგვაროვანია. როდესაც  სტალინმა ბოლშვიკების მიერ ინიცირებული ემანსიპაცია უკუაგდო და სქესთა დაყოფა კვლავ შემოიღო, სტალინის გარდაცვალების შემდეგ რუსეთში ლიბერალიზმმა ხელმეორედ მოიკიდა ფეხი, საქართველოში კი აღმოსავლური ქვეყნებისათვის დამახასიათებელი ჩვეულებების კულტივირება დაიწყო. ნორმებისა და წარმოდგენების გავრცელება-დანერგვა აქ მათ შორის მედიცინამაც იკისრა. რელიგია საბჭოთა კავშირის მიწურულამდე საზოგადო ასპარეზზე გაცხადებულად არ გამოდიოდა, ამიტომ მის ადგილს უკიდურესად იდეოლოგიზირებული ლიტერატურა ასრულებდა, რომელიც გაჯერებული იყო რელიგიურ-მითოსური ელემენტებით.  გვიანი 21-ე საუკუნის ოფიციალური ქართული ლიტერატურა პარტიის სამსახურში იყო. ის ასევე აყალიბებდა წაარმოდგენებს საზოგადო მორალის შესახებაც.
პარალელურად, უმეტესად რუსული ჟურნალ-გაზეთებისა თუ ტელევიზიის მეშვეობით, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი რუსი ქალების ემანსიპაციასაც შესცქეროდა, თუმცა ეს სპეციფიური საჭოთა რუსული, გატყავებული ფემინიზმი იყო, რომელსაც უფროდაუფრო შორდებოდა საქართველო, სადაც დიდი გულმოდგინებით ინერგებოდა შუასაუკუნეობრივი, აღმოსავლური  წესები და ტრადიციები და მამაკაცის კულტი, ხოლო 1980-იანი წლებიდან თვალსაჩინოდ უკვე რელიგიაც. საქართველოში პოსტმოდერნული საფუძვლები სწორედ ამ დროს იყრება, განათლების არაერთგვაროვან სტანდარტთან ერთად.

ნაწილი 4.

კვება, დამშევა, გადასახლება
ქვედა ნაწილი საზოგადოების ეკონომიკურ მოწყობას ეხება. საზოგადოების, ისევე როგორც ადამიანის არსებობის ბაზისს პირველ რიგში კვება და რეპროდუქცია წარმოადგენენ. ამიტომ ამჯერადაც კვლავ ამ საკითხების გარშემო ვიტრალებ.

ამ დღებში გერმანიის ბუნდესთაგის ერთ-ერთმა კომისიამ, სხვებს შორის ერთ, ძალზედ საინტერესო საკითხზე იმსჯელა; წარმოშობით უკრაინელმა ნატალია რაიფენშტეინ-ტკაჩუკმა პეტიცია შეიტანა გერმანიის პარლამენტში, რითაც იგი სტალინის მიერ 1932/1933 წლებში ათობით მილიონი უკრაინელისათვის მოწყობილი ჰოლოდომორისათვის, როგორც კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შეფასებას - მის გენოციდად აღიარებას ითხოვდა. ისტორიკოს დოქტორ გერჰარდ სიმონის თქმით, რომელიც რაიფენშტეინ-ტკაჩუკს პეტიციის განხილვისას თან ახლდა, - მნიშვნელოვანია ასეთი ქმედებების პოლიტიკურ-მორალური შეფასება, რათა საგნებსა და მოვლენებს ერქვათ თავიანთი სახელი მიუხედავად იმისა, დადგება თუ არა პოლიტიკური შედეგი, ან საჯარიმო ვალდებულებები. გერმანიის სახელმწიფოს საგარეო მინისტრმა, მიხაელ როტმა (სპდ) კიდევ ერთხელ დაასკვნა დაბეჯითებით, რომ გერმანია სტალინის საზარელ პოლიტიკას მკაცრ შეფასებას აძლევს, 2015 წლიდან გერმანია-უკრაინის ისტორიკოსთა კომისია მოქმედებს და რომ გერმანიამ უკრაინას ჰოლოდომორის 85-ე წლისთავზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყრილობაზეც მხარი დაუჭირა. (https://www.bundestag.de/dokumente/textarchiv/2019/kw43-pa-petitionen-662210)
ჰოლოდომორის კვლევაში ძალიან დიდი წვლილი ანნე აპლებაუმს ეკუთვნის, რომელიც ამხელს საბჭოთა პოლიტიკის ბარბაროსულ მეთოდებს. აპლებაუმი უკვე მრავალი წელია უკრაინაში საბჭოთა ტერორის ისტორიას იკვლევს. მისმა ახლახან გამოცემულმა წიგნმა, „წითელი შიმშლი“, უკვე დიდი დაინტერესება გამოიწვია, რომელიც გერმანიის ბუნდესთაგის ზემოთხსენებულმა კომისიის წევრებმაც წაიკითხეს.
საქართველოს ამ პერიოდის ისტორია ჯერ პრაქტიკულად არ შესწავლილა. საოჯახო მონათხრობებში დღეს უკვე დავიწყებული, თავის დროზე კი შიშით დამალული ისტორიების აღდგენა და ამით საქართველოს მიმართ რუსეთისა და მისი ინტერესების კავკასიასში გამტარებელთა მიერ ჩადენილი დანაშაულებების სრულმასშტაბიანი სურათის აღდგენა დღესდღეობით ალბათ შეუძლებელია. მნიშვნელოვანი საარქივო დოკუმენტები საქართველოში არაა და რაცაა, საკვლევად ისიც დახურულია. მხოლოდ სტალინის ტერორის მსხვერპლთა რიცხვის ცდომილება დღესაც ათეულობით მილიონებში მერყეობის. სტალინის წითელმა შიმშილმა საქართველოსაც გადაუარა, რა მასშტაბებით - ეს ჩვენთვის უცნობია. ვიცით მხოლოდ ზერელედ ის, რომ გაკულაკდნენ და ქონება ჩამოერთვათ არა მხოლოდ პრაქტიკულად ნივთიერად უქონელ თავად-აზნაურობას, რომელთა უკიდურეს სიღარიბეზე წინა საუკუნის მწერლები ირონია-სარკაზმით მოგვითხრობდნენ, არამედ ოდნავ შეძლებულ გლეხობასაც, რომელთა ყოფას რუსებმა „зажиточный“ უწოდეს. „зажить“ ქართულად სიცოცხლის დაწყებას ნიშნავს და ესენი ალბათ ისინი არიან, ვინც სიღატაკისგან ცოტა ამოისუნთქა.

სწორი სახელდებისათვის, ჩემის აზრით, ტერმინი „ჰიბრიდული“ არა მხოლოდ მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში მრავალფეროვანი ხერხებითა და დინამიკით თანამედროვე დროში წარმართული ომის ზედსართავია, არამედ იგი უნივერსალური ტერმინია. საქართველო-რუსეთის ბოლო 300 წლის ურთიერთობაც სწორედ მხოლოდ ამ ჰიბრიდული ომის რეჟიმში მიმდინარეობს. ომის წითელი ხაზი ხილულსა და უხილავ ფაქტორებზე გადის, რომელთაგან შიმშილის გვერდით ადგილებს ისეთი მანიპულაციებიც იკავებენ, როგორიცაა: ხელოვნური, მასობრივი, ანუ მაკრო და ხელოვნური მიკრო მიგრაციები და სოციალური სტრუქტურების მოშლა, კომუნიკაციის ჩაწყვეტა საზოგადოებაში, მიგრირებული ჯგუფების კონტროლი, მათ შორის - დიასპორისა და ემიგრანტებისა, რათა არ მოხდეს ახალი ბმებისა და იმპულსების წარმოშობა, ცნებების გამრუდება და დეზინფორმაცია, ფსევდოკორექტულობა, სადაც ქმედებებს ხან ეკონომიკური და ხან სამართლებრივი, ან სხვა ელემენტი აკლიათ, განსაკუთრებით ეკონომიკური მანიპულაციები, რომლებსაც ეგზეკუციის, ან პირიქით, კორუფციის ფორმა აქვთ და სხვა და სხვა.

რუსეთ-საქართველოს ისტორიაში პირველი მცირე ზომის, მაგრამ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახლება სამეფო ოჯახისა იყო. 1800 წელს აღსრულებულ მეფე გიორგი მე-12-სთან ერთად დამთავრდა სამეფო ტახტის მემკვიდრეობაც. ერთი წელი დაელოდა და დაალოდა რუსეთმა საქართველო ახალ მეფეს. მაგრამ ახალი მეფის კურთხევის ნაცვლად 1801 წელს მან ჯარი და საქართველოს რუსეთთან მიერთების ცნობა გაგზავნა საქართველოში. 1803 წელს გიორგის მემკვიდრე დავითი პეტერბურგში დაიბარა ცარმა და უკან, საქართველოში პრაქტიკულად აღარ დააბრუნა. იგივე ბედი ეწია სამეფო ოჯახის სხვა წევრებსაც. დავითს 1800 წლისათვის უკვე გამოცემული ჰქონდა სახელმწიფო სამართლის წიგნი. ჰოდა, პეტერბურგში მას სხვადასხვა სალექსიკონო სტატიების მომზადება დაევალა. კარგად განათლებულმა დავითმა აქ საგანმანათლებლო-მეცნიერულ საქმიანობას მიჰყო ხელი. სამეფოს გარეშე დარჩენილ მეფეს სხვა მაინც აღარაფერი დაჰრჩენოდა. 1804 წელს აღმოსავლეთ საქართველოს აჯანყების მოთავეები ცარმა ტამბოვში გადაასახლა, მათ შორის იყო ალექსანდრე ჭავჭავაძეც. რუსეთმა ამ დროისათვის საქართველოში აგრესიული ენობრივი და კულტურული პოლიტიკის წარმოება დაიწყო. მან 1811 წელს საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია გაუუქმა, ეკლესიის ქონება და საგანძური კი მიითვისა.იმავე წელს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ცარმა რუსეთში მიიწვია, უხვად დაასაჩუქრა და უხმაუროდ ჩამოსვა ტახტიდან. ეკლესიის მეთაურად დანიშნა რუსი ეპისკოპოსი და სინოდს დაუქვემდებარა. ამ დროისათვის რუსეთი რუსულენოვან მოსახლეობას საქართველოში უკვე მასიურად გზავნიდა, მიდიოდა ქართულენოვანი მოსახლეობის გადასახლება, სხვადასხვა ეთნოსების ან ხალხთა ჯგუფების ერთმანეთზე გადაკიდება. ხდებოდა კავკასიაში მოსახლე სხვადასხვა ერების ხან კრიმინალებად და ხანაც სანდოებად შეფასება (!). რეპრესიების მიუხედავად ქართული არისტოკრატია რუსების მიმართ მაინც გულღიად იყო განწყობილი. რასაკვირველია ვერც 1832 წლის 145 შეთქმული ასცდა გადასახლებას. ამის შემდეგ რუსეთმა გადასახლებებისა და და მოსახლეობის აყრის ფართომასშტაბიანი ოპერაციები დაიწყო დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი - აფხაზეთში. ცნობები ამ ამბის შესახებ ძალიან მწირია, თუმცა წყაროები საკმაოა (იხ. თამარ ჯანელიძის 2005 წლის სამაგისტრო ნაშრომი გერმანულ ენაზე). მიგრაციას ცვლიდა დროგამოშვებით ჯარის ჩაყენება რეგიონებში და პირიქით. ასევე საინტერესოა საბჭოთა დროის მაკრო და მიკრო მიგრაციები. ინდუსტრიალიზაციამ ფართო ჯგუფების  მობილიზება მოახდინა ქალაქებში, სადაც ადამიანები ძველი, ნატურით გაცვლის ეკონომიკური სისტემიდან უცებ საბჭოთა ინდუსტრიის ეპოქაში აღმოჩნდნენ.

იარაღით დაპყრობისა და ხისტი ქმედებების ნაცვლად, რიგი ზომების გატარების შემდეგ, გავლენის ზონების შექმნაც პრაქტიკულად იგივე და ზოგჯერ უკეთესი შედეგის მომტანიცაა იმპერიებისათვის, რადგან ასეთი ქმედება საერთაშორისო არენაზე მათ პოლიტიკური თუ ეკონომიკური იზოლაციისაგან იცავს. „თუკი ქვეყნების 2/3-ში რეჟიმები იარაღით დამყარდა, 1/3-ში ისინი არჩევნების ყუთებიდან დაიწყო, მათ შორის საქართველოშიც“ - ეს დასავლელი პოლიტიკოსების სიტყვებია. გავლენის ზონებში არაა ნგრევა, ხოლო (მოჩვენებითი) რეფორმები სტაბილურობისათვის ზრუნავენ, რომლებიც, ერთი შეხედვით გიცავენ, მაგრამ სინამდვილეში უფრო გზღუდავენ. მათ პირობითად რბილი რეპრესიული კანონებიც შეიძლება ვუწოდოთ. ნამდვილი რეფორმის პირველადი დანიშნულება მოსახლეობის რაც შეიძლება ფართო სპექტრის კეთილდღეობაა, მოსალოდნელი შედეგის უარყოფითი და დადებითი მხარეების აწონვით.თუმცა ტაქსების რეფორმაც, მაგალითად, სწორედ ასეთი რბილ რეპრესიულ კანონს შეიძლება მივაკუთვნოთ, რის შედეგადაც თბილისში გადაადგილების სერიოზული დეფიციტები შეიქმნა, ხოლო ბევრ ოჯახს შემოსავლის წყარო შეუწყდა ისე, რომ ბევრი ოჯახის წევრები იძულებულნი გახდნენ, მიემართათ ემიგრაციისათვის. პირადი საუბრები ასეთ ბევრ ფაქტს ადასტურებენ.

ნაწილი 5.

რეპროდუქცია
იმისთვის, რომ ღარიბმა საზოგადოებამ თავისი მწირი რესურსებით თავი გაიტანოს, საჭიროა არსებული დოვლათის სწორი გადანაწილება. რამდენად გონივრულად მიმდინარეობს ეს გადანაწილება, ამაზე მეტყველებს კონკრეტული საზოგადოების კულტურა. პირველი სამიზნე ყოველთვის კვების რეგულირებაა, რომლის შემდეგაც მოდის გამრავლების, ანუ რეპროდუქციული ფუნქციების კონტროლი იმ ცოდნითა და ინფორმაციით, რაც კონკრეტულ ადამიანების ჯგუფს გააჩნია. რელიგიებიცა და ტრადიციებიც უმეტესწილად ადამიანის ამ ორი ფიზიოლოგიური ფუნქციის კონტროლის გარშემო არიან აწყობილნი, რადგან რელიგიები ტრადიციულ საზოგადოებაში სწორედ საერო კანონების ფუნქციებს ასრულებენ. როდესაც ამა თუ იმ რელიგიის იმპორტი ხდება, ის კონკრეტული საზოგადოების თანაცხოვრებაში არსებულ ტრადიციებს პალიმფსესტივით ზედ გადაეწერება ხოლმე. სწორედ ამიტომ განსხვავდება მაგალითისთვის, გერმანული და იტალიური, ნორვეგიული და ფრანგული, ქართული და რუსული, ქართული და ბერძნული, ბერძნული და რუსული, სომხური და სირიული ქრისტიანული რელიგიები, რომელთა საერთო, ამომავალი სახელმძღვანელო არის, ან წესით, უნდა იყოს  ბიბლია. მეტიც, ხშირად თვით ერთსადაიმავე ქვეყნების კუთხეებიც კი შესაძლოა იგივე რელიგიას განსხვავებულად ემსახურებოდნენ, ანაც მთლად სხვადასხვა რელიგიებს მსგავსი წესებით. ასეთია, მაგალითად: ჩაცმულობის მსგავსი სტილი, იგივე მოდა და მისი კონტროლი, ან თავისუფლება - თავსაბურავი, კაბის სიგრძე, კაბა თუ შარვალი, ქუდით თუ უქუდოდ და ა.შ., საკვების მიღების დრო და ინტენსიობა - მარხვა, საკვები პროდუქტებად -აკრძალული, ან ნებადართული ცხოველები, მწერები, ქალისა და მამაკაცის კომუნიკაციის ფორმები, ადამიანთა მარგინალური ჯგუფები და სხვ.
გამოდის, რომ სწორედ გარემო პირობები, ქცევის წესები, სასაუბრო ენა, საცხოვრებელი რელიეფი, მზის მცხუნვარებაც კი, რომელიც ბუნებაზე აისახება და საკვების რაციონსაც განსაზღვრავს, აგრეთვე წყლის რესურსებზე ხელმისაწვდომობა გავლენას ახდენენ კონკრეტული ქვეყნის ქრისტიანობის და ზოგადად რელიგიის გაგებასა და მის პრაქტიკაში გატარებაზე.
რეპროდუქციის კონტროლის ადრეული მეთოდებიდან ყველაზე გავრცელებული და ქმედითი სქესთა დაყოფა და მარხვაა. თუკი ზომიერ დიეტას შეუძლია ადამიანი გააჯანსაღოს, მარხვა ხშირად მის ლიბიდოს აქვეითებს, რომელიც უპირველესად მოხმარებული პროდუქტების სახეობასა და მის რაოდენობაზეცაა დამოკიდებული. საკვების რაციონირებით ასევე შესაძლოა ჰორმონების მართვაც. მაგალითისთვის, ჰოლანდიას აქვს შემორჩენილი საეკლესიო წიგნები, რისი ჩანაწერების ანალიზისასაც გაირკვა, რომ ბოლო 100 წლის განმავლობაში საშუალო ჰოლანდიელის სიმაღლემ დაახლოებით 20 სანტიმეტრით მოიმატა, რაც პირდაპირ კავშირშია (მათ შორის, კვებითი საფასურის მიხედვით სწორად შენახული) რძისა და რძის პროდუქტების მასიურ ხელმისაწვდომობასთან. ფეხმძიმე ქალების ვიტამინებით გაჯერებული სხეული ასევე პირდაპირ კავშირშია მათ ჯანსაღ შთამომავლობასთან. თუკი ქალები, მაგალითად, ფეხმძიმობამდე გამოფიტულნი არიან, პირველივე რამოდენიმე კვირის განმავლობაში მათ სხეულში დეფიციტური ფოლის მჟავა ახალშობილისათვის ე.წ. „ღია ზურგის“ დიდ რისკებს შეიცავს. „ღია ზურგი“ ხერხემლის გახსნილი არხია ხშირად სიცოცხლეთან შეუქცევადი თანდაყოლილი დაზიანებებით. საქართველოში 2014 წლიდან, მინისტრ სერგეენკოს ბრძანებით, ფეხმძიმე ქალებს ფოლიუმის მჟავა 12 კვირამდე უფასოდ მიეწოდებათ. თუკი ფეხმძიმობის დადგენა მხოლოდ 5 კვირის შემდეგაა შესაძლებელი და ისიც საუკეთესო შემთხვევაში, გამოდის, რომ ღარიბი ფენის ქალები აღნიშნული კრიტიკული ფაზის პირველ ნახევარს ისევ დიდი რისკის ქვეშ ატარებენ. ვიტამინებითა და საჭირო ნივთიერებებით გაჯერებული დღის რაციონი ჯანმრთელ ადამიანსა და ძლიერ, ფიზიკურად და გონებრივად აქტიურ მოქალაქეს ნიშნავს. გარდა ამისა, მშიერ ადამიანებს შესაბამისად უქვეითდებაც ლიბიდოც. ამ მხრივ ძალზე საინტერესო იქნებოდა, საქართველოში, განსაკუთრებით კი იმ ქალაქებში, სადაც კვების სერიოზული დეფიციტი იყო, 1990-იან წლებში დაბადებული თაობის საშუალო სიმაღლის დადგენა და მისი შედარება იმავე თაობის სოფლად მაცხოვრებლებთან, რომლებმაც შიმშილობის წლები შედარებით მსუბუქად გადაიტანეს.ბევრია იმ დროის სხვა დრამატული ამბებიც. მაგალითად, როდესაც ახალშობილებს უფროსები ხელმოკლეობის გამო მათთვის დაუშვებელი საკვებით კვებავდნენ, მათ დღემდე სხეულის ბევრი ფუნქცია აქვთ მოშლილი. კიდევ უფრო მძიმეა ქვეყნისათვის სიდუხჭირის გამო დაკარგული ადამიანური ინტელექტუალური და ფსიქოლოგიური რესურსები.

სქესთა ერთმანეთისაგან განცალკევებას თანამედროვე მეცნიერებებიც წარმატებით იყენებენ. მაგალითისათვის, პარაზიტოლოგები პარაზიტი მწერების გამრავლების საწინააღმდეგოდ ხშირად მდედრების ფერომონებით მამრების მისაზიდი ხაფანგებით მუშაობენ, რის შედეგადაც მამრები ხაფანგში ემწყვდევიან, მდედრი სახეობის მწერები ვეღარ ახერხებენ გამრავლებას და ისინი ერთ პოპულაციაში, მდედრებთან ერთად ნადგურდებიან.
დასავლური მედიცინაში არც თუ ისე დიდი ხნის წინ ისტორიას მიცემული „ქალიშვილობაც“ სწორედ სქესთა დაყოფის საუკეთესო მაგალითია, რომელსაც მრავალწახნაგოვანი პერსპექტივა გააჩნია. „ქალიშვილობის კულტურა“ ორგანულად შეისისხლხორცა როგორც ეკლესიამ, ასევე სხვა ბევრმა ჩამორჩენილმა კულტურამაც. მოხდა მისი იმპორტი საბჭოთა კავშირშიც, სადაც „ქალიშვილობის ინსტიტუტით“ ჯერ სახელმწიფომ, ხოლო შემდეგ ეკლესიამ ქალებს მხოლოდ სანქციონირებული სექსისა და რეპროდუქციის ნება დართო, რეალურად კი - სექსის კრიმინალიზირება მოახდინა.
დიდი ალბათობით კგბ-ს ლაბორატორიაში შექმნილი და შემდეგ მოსახლეობაში ჩაშვებული სხვადასხვა ლეგენდებისა, თუ ანეგდოტების მეშვეობით, რუსი ქალების მიმზიდველობასა და ქართველი ქალების მეორეხარისხოვნობაზე გაჩნდა მყარი საზოგადოებრივი აზრიც. სწორედ აქედან იღებს ფესვებს დიდნაწილად ეროვნული მიზოგინიაც, რასაც ემატება ადამიანის ბუნებრივი, ევოლუციური ლტოლვა სხვა კულტურისა და ადამიანების მიმართ, რომელიც მხოლოდ ერთი სქესის, მამაკაცთა უფლებად წარმოსდგა. ასე გადამისამართდა საზოგადოების ერთ-ერთი ძირითადი დუღაბი - სექსი დიდ რუსეთში. რუსული საბჭოთა ეგზეკუცია საქართველოს მეურნეობიდან მხოლოდ საკვებ პროდუქტებს ან სხვა სამეურნეო ნედლეულსა თუ სასარგებლო წიაღისეულს არ ითვისებდა. სექსიც ეკონომიკის ნაწილია, რომელსაც ბუნებისაგან გამრავლების გარდა, ფიზიკური და ფსიქიკური სიჯანსაღის დანიშნულება გააჩნია და ამდენად, ადამიანის ჯანმრთელობისა და ბედნიერების ხარისხის ამაღლება შეუძლია, რაც ასევე ბედნიერი და ჰარმონიული სახელმწიფოს მდგენელია. ცოცხალი ორგანიზმების პოპულაციებს პრაქტიკულად მდედრობითი სქესი ამრავლებს, მათ შორის ადამიანებისასაც. სასიცოცხლო ენერგიის, მამაკაცთა ლიბიდოს რუსეთში გადაამისამართებისა და რუსეთთან კოპულაციის (მიბმის) პარალელურად, ქართველი ქალისათვის ევოლუციური ლტოლვის თითქმის აკრძალვამდე ზედამხედველობა ამავდროულად ბოლო „საკონტროლო გასროლა“ იყო, რომელიც რეპროდუქციას რაც შეიძლება ვიწრო, ჩაკეტილ წრეში ინცესტისათვის სწირავდა.
ფაქტია, რომ რაც უფრო მრავალფეროვანია გენეტიკური მასალა და შეჯვარება, მომავალი თაობა მით უფრო ჯანსაღია  და სხვადასხვა გამოწვევების მიმართ მდგრადი.
მოგვიანებით, სქესთა დაყოფისა და საზოგადოების პოლარიზაციის მორიგ მძლავრ იარაღად იქცა ასევე 1990-იანი წლებიდან მასობრივად აფეთქებული საეკლესიო ცხოვრება. ეკლესიამ, როგორც ქრისტიანული კულტურის განუყოფელმა ნაწილმა, თავისი სტრუქტურით სრულიად იცვალა სახე თანამედროვე საქართველოში. მრევლის პოლარიზების გარდა, მან დაიწყო ადამიანების რეკრუტირებაც არაამქვეყნიური, ანუ საეროსაგან განყენებული ცხოვრებისათვის. სამონასტრო კომპლექსებს, რომლებიც სქესთა მიხედვით დაყოფილია, ისტორიულად კულტურული ცენტრების ფუნქცია ჰქონდათ, სადაც იმ დროისათვის აქტუალური კულტურა იწარმოებოდა, ითარგმნებოდა უცხოურიდან. მას ჰქონდა ასევე თავშესაფრის, იშვიათად სადამსჯელო, ან განრიდების ფუნქციაც - განსაკუთრებთ ქალებისათვის. იმისათვის, რომ მდედრთაგან მამაკაცთა განცალკევებულ სქესს შეძლებოდა ბუნებრივი ლტოლვის კონტროლირება, იგი ათსგვარ ხერხს მიმართავდა. ევროპაში ეკლესია შეშლილივით იკვლევდა ჰორმონებს კაცისთვის ისევე, როგორც ქალისათვის. „Mönchspfeffer“, ანუ „ბერის წიწაკა“ მცენარეულ ექსტარქტზე დამზადებული წამალი იყო ბერებისათვის, რომელიც მამაკაცის ლიბიდოს აქვეითებდა - პრაქტიკულად ჩასახვის საწინააღმდეგო აბები კაცებისათვის. „Mönchspfeffer“-ს დღეს თანამედროვე მედიცინა ქალის მენსტრუაციულ-ჰორმონალური ციკლის მოსაწესრიგებლად იყენებს. რასაკვირველია, მედიკამენტოზური გავლენის ქვეშ მყოფ მამაკაც ბერს უკვე მშვიდად შეეძლო ეკვლია, ეთარგმნა, ეწერა, ანაც მისცემოდა ლოცვებს „სულის გადასარჩენად“.  თუკი ამის პარალელურად განვიხილავთ საქართველოში არსებულ მონასტრებსა და იქ მაცხოვრებლებს, ჩნდება ლეგიტუმური კითხვები: რა ფუნქცია აქვთ ამ მონასტრებს დღეს, სად მიდის იქ მყოფი მამაკაცი ბერებების, გინდაც საეკლესიო მსახურთა ლიბიდო და სად არიან მათი (პოტენციური) მეწყვილე ქალები?! ცხადია, საინტერესოა ბერების რიცხვიც, რადგან ადამიანების გარკვეული რაოდენობა არანორმატული, ანუ ჰომო- და ასექსუალები, ან განსხვავებული სექსუალობის მატარებლები არიან კაცები ისევე, როგორც ქალებიც. ამდენად, ბერობა შესაძლოა იყოს ოპცია (საშუალება) ასექსუალებისა და ჰომოსექსუალებისათვის, რომლებიც არ მოიხმარენ მედიკამენტებს, ან არ იციან მათი არსებობის შესახებ. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ხშირად ბერად სწორედ ისეთი ახალგაზრდები „შედგებიან“ და მონასტრებს შეეკედლებიან, რომლებიც უკიდურესი სოციალური პირობების გამო იძულებულნი არიან მშობლების სახლი დატოვონ, ან აზარტული თამაშების, ან სხვა საბედისწერო შეცდომის მსხვერპლად არიან ქცეულნი, ანაც თავი შეაფარონ ეკლესიას, რადგან სამოქალაქო დანაშაული მიუძღვით. იგივე ვრცელდება ქალებზეც, რომლებიც სამონასტრო ცხოვრებას ირჩევენ, ან იძულებულნი არიან შეეხიზნენ მონასტერს.

საერთოდ საინტერესოა, თუ რა ვიცით სამონასტრო და საეკლესიო ცხოვრებისა და მათი ისტორიული ვალდებულების შესახებ საერო სახელმწიფოს მიმართ, რას მოიაზრებდა შავი და თეთრი სამღვდელოება? არსებობდა თუ არა შეთანხმება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ორმხრივი ვალდებულებების შესახებ, რომელიც რესტიტუციასთან ერთად სახელმწიფოს მხრიდან, ბერობა-სამღვდელოების იმ წესების შესრულებასაც მოითხოვს, რასაც ტრადიცია კარნახობს?
მაშასადამე, თუკი მონასტრების ისტორიული დანიშნულება უპირველესად სამეცნიერო მოღვაწეობა იყო, რაც დიდ რესურსს ითხოვდა და რისთვისაც მსხვერპლად მიწიერი ყოფიერების მიტანა იყო აუცილებელი, ხოლო სახელმწიფო თავის მხრივ მათზე ფინანსურ და სხვა მატერიალურ ვალდებულებას იღებდა, რაც თანამედროვე სტიპენდიების ექვივალენტია.
დღეს, როდესაც ბერებს მიწიერი ყოფიერება სამსხვერპლოზე მიაქვთ, რითაც მათი დრო და ენერგია გამოთავისუფლდება, რის სამსახურში არიან ისინი, ქვეყნისათვის რა სარგებელს აწარმოებენ? შეიძლება თუ არა ისეთი ხელსაქმე, როგორიცაა-ხატების ხატვა, ქარგვა ღირებულ საქმიანობად ჩაითვალოს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტმა მათ შესანახად დიდძალი ხარჯი უნდა გაიღოს? ევროპაში ასეთი ტიპის ხელსაქმეს ხშირად სამკურნალო, თერაპირული დატვირთვა აქვს და მას Beschäftigungstherapie-ს, ანუ დასაქმების თერაპიას, ხანაც Kunsttherapie-ს, ანუ ხელოვნების თერაპიას ეძახიან, რომელიც კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული გეგმის ჩარჩოში ხორციელდება. ამავე რეგისტრიდანაა პატიმართათვის ციხეებში ხელსაქმის სწავლება ნაკეთობებისათვის, როგორიცაა - საბავშვო სათამაშოები, სამეურნეო ნივთები და სხვა და სხვა.
თანდათანობით ცხადი ხდება, რომ სახელმწიფომ თავისი ვალდებულებები მოიხსნა და ნაცვლად ცუდად განათლებული ფენების სეკულარულ სექტორში ინტეგრირებისა, მათ განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში მიერეკება, სადაც ისინი სახელმწიფო ტვირთს უფრო წარმოადგენენ. უკიდურესად ხშირია შემთხვევები, როდესაც ეკლესია-მონსატრებს შეფარებული ადამიანები უკან, საერო ცხოვრებაში ბრუნდებიან-შერყეული ფსიქიკით, მონასტრებში არსებული მონური შიდაგანაწესისაგან დაავადებული სხეულით, მემამულე მღვდელთან გატარებული გაფლანგული წლებით. სახელმწიფოს გაღარიბების პარალელურად, საეკლესიო სტრუქტურების ზრდისა და უკონტროლობის გამო, ამ პარალელური სამყაროს ინტეგრაციის პერსპექტივა დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მძიმდება, ხოლო საზოგადოებრივი კონფლიქტები, მათ შორის იდეური შეუთავსებლობის გამოც, კიდევ უფრო ღრმავდება. უდაოა ისიც, რომ ქართული ეკლესია დღეს მთლიანად რუსული ეკლესიაზეა მიბმული და ფასეულობებით მათ ფილიალს წარმოადგენს.

ნაწილი 6.

მიგრაცია
ნებისმიერ კატაკლიზმებს, არასტაბილურობასა და ეკონომიურ რყევებს, სახელმწიფო მოწყობის შეცვლას, თან მოსდევს მოსახლეობის მოკლე, ან გრძელ მანძილებზე მიგრაცია. მიგრაცია შეიძლება იყოს კომპაქტური, ჰეტეროგენური- როდესაც ხალხთა სხვადასხვა ჯგუფები გადასახლდებიან, მაგალითად ოჯახებით, ან ჰომოგენური - როდესაც ერთი რომელიმე სქესი მიდის, მაგალითად ქალები. ძალიან საინტერესო საბჭოთა მიგრაციის ტალღებია, როდესაც მოსახლეობა უმეტესად მთიდან ბარში ჩამოდიოდა, როგორც ინდუსტრიის მუშა-ხელი. იმისათვის, რომ მუშები გრძელვადიანად დამაგრებულიყვნენ ადგილებზე, საჭირო იყო გარკვეული სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის შემუშავებაც. საბჭოთა საბინაო პოლიტიკა და ქალთა და დედათა და ბავშვთა უფლებებზე ზრუნვა სწორედ ამის გამოხატულებას წარმოადგენდა. თუმცა ეს უფლებები იყო მინიმალური და ისინი იცვლებოდნენ სსრკ რეპრესიული პოლიტიკის საჭიროების მიხედვით ხშირად არაერთგვაროვნად, რეგიონების მიხედვით, რასაც ენის საშუალებით ფილტრი - თარგმნიდნენ მხოლოდ საჭირო ინფორმაციას - მშვენივრად უმკლავდებოდა. სოციალური სტრუქტურების მასიური რღვევაც სწორედ საბჭოთა კავშირის ინდუსტრიალიზაციასთან ერთად დაიწყო. შვილები, განსაკუთრებით კი ღარიბი რეგიონებიდან გაექცნენ მშობლებს, მათ შორის რუსეთშიც. თუმცა აქაც გაქცეულები იყვნენ პრაქტიკულად ვაჟები, რადგან ქალებს მხოლოდ საშუალო სიმდიდრე ათავისუფლებს. როგორც კი ეკონომიკა საგრძნობლად წინ წამოიწევს, ქალები მოდუნდებიან და ფუფუნებასთან ერთად მათი უფლებები ისევ იზღუდება და კონტროლირდება.
ის, რასაც ჩვენ შორს წასვლას ვეძახით, გაჭირვების გარდა, ასევე მოგზაურობისა და ახლის შემეცნების სურვილითაცაა გამოწვეული. ძალიან საინტერესო ამ მხრივ ტრადიციებსა და მონათხრობებში შემორჩენილი ინფორმაციებია, რომლებიც კულტურების ფსიქოტიპებს არჩვენებენ. ორ მაგალითს მოვიყვან, ქართულსა და გერმანულს; გერმანელებს აქვთ ზღაპარი „ჰანსი ბედნიერებაში“, რომელიც 1818 წელს ჩაიწერეს ძმებმა გრიმებმა. მისი სიუჟეტი შემდეგია: ჰანსი გადაწყვეტს დაამთავროს თავისი 7 წლიანი შეგირდობა, რის შემდეგაც მასწავლებელი მას თავისი თავის ქალის ხელა ოქროს ზოდს მისცემს გასამრჯელოდ. გზად მიმავალი ჰანსი ამ ოქროს ზოდს ჯერ ცხენში გადაცვლის და შვებით ამოისუნთქებს, რომ ზოდის თრევა აღარ უწევს, შემდეგ ამ ცხენს ძროხაში ცვლის, ძროხას-ღორში, ღორს-ბატში, ბატს-სალეს ქვაში, რომელიც ბოლოს ჭაში ჩაუვარდება. ის კი მუხლებზე ეცემა და ღმერთს მადლობას სწირავს, რომ ტვირთისაგან გაათავისუფლა.
ყოველი გადაცვლის შემდეგ ჰანსი ასევე მხიარული და მადლობელია და თავისთვის ამბობს: „გულო, რა გინდა მეტი“, ანაც „მე დავიბადე ბედნიერ ტყავში გახვეული“. ჰანსის ზღარპარი მთლად ზღაპარიც არაა, სადაც ჯადოსნური ელემენტები გვხვდება-გრძნეული ცხოველები, პრინცესა, სამეფო, ქონება და ა.შ. როდესაც მკითხველი ეკონომიური კატეგორიებით ფიქრობს ჰანსზე, თუ რა სულელია იგი, როგორ ატანს ქარს სიმდიდრეს, მას ხომ შეუძლია ამ ოქროს ზოდით იყიდოს სახლი, დაქორწინდეს, ჰყავდეს შვილები, სწორედ მაშინ შეცბუნდება - ჰანსის ზღაპარი ბედნიერ დამარცხებაზეა, სიგიჟეზე, რომელიც პრაქტიკულად მხოლოდ ბავშვებთან გვხვდება, როცა მათ ახალს ვჩუქნით, ისინი კი ძველი სათამაშოების ერთგულები არიან. არადა ჰანსი არც სულელია და არც ზარმაცი. ამაზე მისი მასწავლებლის გასამრჯელო მოწმობს-თავის ქალის ხელა ოქროს ზოდი, რომელიც მას არც უპოვნია და არც მოუგია! ჰანსის წარმატების რეცეპტი ერთადერთია-ბედნიერება! პავლე წინასწარმეტყველის სიტყვებითაც ეს პრაქტიკულად იგივენაირად ჟღერს: „გქონდეს ისე, თითქოს არც კი გქონია“, რითაც დიოგენეს ბედნიერებაც აიხსნება, ვისთვისაც ბედნიერებისათვის  მხოლოდ მზეც საკმარისია.
თუმცა ჰანსი არც ფილოსოფსია და არც რელიგიის მამა. მას ერთი მყარი მიზანი აქვს: დაბრუნდეს საკუთარ სახლში, დედასთან, რომლისთვისაც არც ოქროს ზოდი მიაქვს და არც რაიმე სხვა სიმდიდრე, არამედ საკუთარი ჯანმრთელი თავი. ჰანსის სიბრძნე უქმი, ანუ კვირა დღის სიხარულის, ბედიერების სიბრძნეა. რადგან ჰანსი ბედნიერებას გულში ატარებს, მას ვერ მოისყიდი და ვერ შესთავაზებ, იყიდოს ბედნიერება და სანაცვლოდ რაიმეს მოითხოვ მისგან, რადგან ბედნიერებას ის გულში ატარებს. ბედნიერება ჰანსის გვარია.
სულხან-საბას „სიბძნე სიცრუისა“ ერთ ზარმაც გლახაკზე მოგვითხრობს, რომელსაც განგება ქილა ერბოს ჩუქნის. წარმოსახვაში გლახაკი ქილა ერბოს ცვლის ჯერ წიწილებში, წიწილებს-გოჭებში, გოჭებს-ხბოებში და უკვე საკუთარ მამულში გაზრდილსა და გაჯიუტებულ ხარებს სახრეს უქნევს, როდესაც ამ ჯოხზე დაკიდებული ქილა ერბო დაბლა ვარდება და გლახაკის ოცნება ქილა ერბოსთან ერთად იმსხვრევა.
რით განსხვავდებიან ქართველი გლახაკი და გერმანელი ჰანსი ერთმანეთისაგან?
თვით გერმანელი კულტუროლოგებიც არ ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რაც ჩემთვის პირველ რიგში თვალშისაცემია. ჰანსი არაჩვეულებრივი სპეციალისტია! რომელმაც მხოლოდ 7 წლის განმავლობაში თავის ქალის ხელა ოქროს ზოდი დაიმსახურა. მას ნებისმიმერ დროს ნულიდან შეუძლია დაიწყოს ცხოვრება, ამიტომაც არ ადარდებს შემხვედრი ადამიანების ფლიდობა, რომლებიც მას ეკონომიური თვალსაზრისით ატყუებენ, რომ მძიმე ზოდის თრევას, მაგალითად, ცხენზე ჯდომა და თავისუფალი ჯირითი სჯობს. თავისუფლება კი ნამდვილად სჯობს ნივთების დევნას. თავისუფლება საკუთარ თავსა და განათლებაშია. სწორედ ესაა ბედნიერების გასაღები. და კიდევ, ჰანსი თავის საცხოვრებელ სახლს (!) უბრუნდება.
საინტერესო დასავლური კულტურებისა და ქართველთა ერთი ტრადიციის შედარებაცაა: დასავლეთში უფროსი (ბიჭი) შვილი რჩებოდა მშობლებთან და გადაიბარებდა მათ ქონებას, ხოლო უმცროსები „ბედის საძებრად“ გაუდგებოდნენ გზას. მშობლების მწირი რესურსები ყველა შვილის გვერდით ყოფნას ვერ გასწვდებოდნენ. საქართველოში ყოველთვის უმცროსი შვილი რჩებოდა ოჯახში. მავანი იტყვის, ეს ჰუმანური საქციელიაო, მაგრამ დასავლურ კულტურაში განა მომდევნო არასრულწლოვან ბავშვებს უშვებდნენ გარეთ?! თუ პირობითად, მაგალითად ადრე 16 წლისა ითვლებოდა უკვე წლოვანად, იმ 16 წლის განმავლობაში ყველა მშობელი (მეტ-ნაკლებად) ინახავდა ყველა შვილს და გარეთ მხოლოდ გაზრდილს უშვებდა.
დასავლური კულტურა პირველივე გაზრდილ შვილს აგრძელებინებდა საშინაო მეურნეობის ჯაჭვს მაშინ, როცა ქართველი „გაზრდილ შვილებს“ უშვებდა გარეთ ნაბოლარამდე, ხოლო ამ გაზრდილ შვილებთან ერთად გარეთ ჰყრიდა დამხმარე რესურსს, რისი გამოყენებაც მას დროულად შეეძლო. მიზეზი, ალბათ ზრდასრულ, ახალგაზრდა ადამიანთან, შვილთან ურთიერთობის ძალისხმევის შიში, სიზარმაცე და „ფაშა“ მენტალიტეტია, რომელსაც ჰსურს, უპირობო მორჩილებაში ჰყავდეს მთლიანი ოჯახი რაც შეძლება დიდხანს - მამა-შვილის გადაულახავი კონკურენცია. შესაძლოა თანამშრომლობის ფენომენი საქართველოში სწორედ ამიტომაც არ მუშაობს. 

1990-იანი წლებიდან საქართველოში მიგრაციამ მასიური ხასიათი მიიღო. მისი გამომწვევი მთავარი მიზეზი ქვეყანაში ქონების მტაცებლური გადანაწილება, უკანონობა, პირველ რიგში არსებული საცხოვრებელი ფართობის თვითნებურად მითვისებაა, განსაკუთრებით ოჯახების შიგნით. ამაზე დღესაც არ საუბრობენ ხმამაღლა, თუმცა 1990-იან წლებში, როდესაც ე.წ. პრივატიზაციამ მასიური ხასიათი მიიღო და საცხოვრებელ ფართების დაკანონება დაიწყო მოსახლეობამ, ხოლო იქ, სადაც ეს შესაძლებელი იყო, საკარმიდამო ნაკვეთებისაც, მშობლებმა მასიურად დაიწყეს შვილებთან ერთად შესაბამისი უწყებების მონახულება სიტყვებით: „მინდა ჩემი ქონება დავაწერო ჩემს შვილს“, ან თუკი ოჯახში ერთზე მეტი შვილი იყო, მაშინ უდაო მემკვიდრე უმეტესად ვაჟი ხდებოდა, ქალებს კი ეუბნებოდნენ, რომ „მინდა დავუმტკიცო ყველაფერი შენს ძმას, ან ძმებს“. ადამიანების ამ უგუნურმა, მასობრივმა ტენდენციამ ღარიბი ქვეყნის ღარიბი ქალები კიდევ უფრო უსუსურები გახადა და მოძალადე ოჯახებში გათხოვილ ქალებს მშობლების თანადგომის იმედი სრულიად გამოაცალა. საცხოვრებელი, თავშესაფარი ფართი არა მხოლოდ უძრავი ქონება და ფინანსური რესურსია, თუნდაც მას აქტიურად არ მოიხმარდე, არამედ, დიახ, ის პირველი უსაფრთხოების ბალიშია ნებისმიერი ადამიანისათვის და პირველ რიგში ქალისათვის. დაიწყო ქალების მასიური მიგრაცია საზღვარგარეთ გათხოვილებისა ისევე, როგორც გასათხოვრებისა „ოჯახისა და შვილებისათვის“, სინამდვილეში კი უპერსპექტიობის, ფსიქიური, ეკონომური, თუ ფიზიკური  ძალადობის გამო. სახლებში ძირითადად ოჯახის ვაჟები დარჩნენ, მოეკიდნენ საკუთარ ოჯახებს, გამრავლდნენ, ქალები კი საზღვარგარეთ გაისტუმრეს, რომლებიც იქაც უმძიმესი ფსიქიკური და ფიზიკური ზეწოლის ფასად გამოიმუშავებენ თანხას, რის დიდ ნაწილსაც ისევ უკან, ძმისა და მამის ოჯახებს უგზავიან. თითქმის 30 წელი გავიდა ქვეყნის თავისუფლების მოპოვებიდან, თუმცა საზოგადოების სტაბილიზაციას კვლავ დასაწყისის პირიც არ უჩანს. საზღვარგარეთ „ოჯახებისთვის“ წასული ქალები, მათ საუკეთესო რეპროდუქციულ, ინტელექტუალურ, თუ ფიზიკურ ასაკში ქვეყნის გარეთ შრომობენ ოჯახებისა და ხშირად ძმებისათვისაც, რომლებიც საქართველოში მათ კუთვნილ სახლებსა და მიწებზე უსასყიდლოდ ცხოვრობენ, ხოლო სახელმწიფო ამას „ემიგრანტთა ფასდაუდებელ“ ღვაწლად მოიხსენიებს და არ ზოგავს ძალასა და შემართებას, ჰყავდეს ეს ადამიანები მიბმული ემოციურად საზღვარგარეთული ეკლესიების, საკვირაო სკოლებისა, თუ კულტურული ღონისძიებების მეშვეობით, რათა მათ არ შეწყვიტონ „სამშობლოს სიყვარული“ და ამ სიყვარულით წელიწადში 2,5 მილიარდზე მეტი ევრო გააგზავნონ „სამშობლოში“, რაც ქვეყნის ეკონომიური შემოსავლის წილებში მეორე თანრიგითაა წარმოდგენილი. არსად ისმება კითხვა უსამართლო ეკონომიური, თუ სოციალური მომსახურების უსამართლო ტრანსფერზე.
ის, რომ მომავალ, სულ ორ ათეულ წელიწადში ქვეყანა 1991 წელთან შედარებით მის ნახევარზე მეტ მაცხოვრებელს დაკარგავს, ქვეყნის ჩინოვნიკებისათვის ჯერ არ წარმოადგენს მსჯელობის საგანს. რატომ?  - იმიტომ, რომ ეს ჩინოვნიკები სწორედ ის მშობლები, ძმები და მეზობლები არიან, რომელთაც მიიზომეს, გადაიფორმეს, წაიღეს, მიითვისეს სხვისი კუთვნილი. ცოტაც და ეს ემიგრანტები აღარავის ემახსოვრება, რადგან მათ ან სიკვდილი, ან დაავადება, ანაც უძლურება მოინახულებს. მხოლოდ ერთეულებმა მოახერხეს სხვა სახელმწიფოში ინტეგრირება, რადგან ემიგრანტების დიდი ნაწილი არალეგალურად, ან დიდი სტრესის საფასურად ახერხებს სხვა ქვეყანაში ცხოვრებას. დიდია ქალ ემიგრანტთა ციფრიც, რომლებიც საქართველოდან მოძალადე ქმრებს ან სქესობრივ პარტნიორებს გამოექცნენ და რომლებიც ამ ქალებს დღემდე სიკვდილით ემუქრებიან არა მხოლოდ საქართველოში ჩასვლის შემთხვევაში, არამედ ჰპირდებიან მათ „უცხოეთში მონახულებასაც“. მონათხრობები და დღემდე ჩადენილი დანაშაულებების სტატისტიკაც აჩვენებს, რომ მოძალადეთაგან ძალინ ბევრი დღეს ძალოვან უწყებებში მუშაობს და მათი „დაპირებების“ შესახებ არც მათ კოლეგებმა და არც გარემომ ჯერ არაფერი იცის. ქალებზე როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურადაც ძალადობენ ხშირად მათი ოჯახის წევრებიც. არაერთხელ მსმენია საბერძნეთში, იტალიაში, თურქეთსა, თუ ესპანეთში წასულ მიგრანტ ქალებზე, რომელთაგან ბევრს საქართველოში დატოვებული და გასაზრდელად მიბარებული შვილები ჰყავს - „საბერძნეთის“, „თურქეთისა“, თუ „იტალიის“ „ბოზებად“ მოხსენიება - ოჯახის წევრების: მამის, ქმრის, ძმის, ან შვილის მიერაც. იყო საპირისპირო შემთხვევაც, როდესაც უკვე ასაკოვანმა ქართველმა მამაკაცმა ყოფილი ევროპელი მეუღლე, რომელთან ერთადაც მას შვილი ჰყავდა, უწესოდ მოიხსენია - ევროპელები წარმომავლობით გარყვნილები არიან, ამათ ვერ მოარჯულებო, ხოლო შესაბამისი „საბუთების შეგროვების“ და ევროპულ ქვეყანაში დაფუძნების შემდეგ კვლავ დაქორწინდა ასაკით 20 წლით პატარა თანამემამულეზე, რომელსაც „პატარა ობიდანვე აკვირდებოდა“. ასეთი მაგალითები უამრავია. საქართველოდან გაქცეულ ქალთაგან ბევრს არ ჰყავს შთამომავლობა. შესაბამისად მას არ ეყოლება მასზე მზრუნველი შემდეგი თაობა და იქნება უცხო ქვეყნის პენსიის იმედად, რომელიც უმეტესად სიმბოლურია, რადგან ადამიანები უცხოეთში სიბერეს ლამის ბავშვობიდან გეგმავენ და ახალგაზრდობის წლებში სხვადასხვა ეკონომიკური, თუ სოციალური უსაფრთხოების ბალიშებზე ზრუნავენ. ხოლო რადგანაც სოციალური სტრუქტურა იქ მოშლილი არაა, მშობლების დროული საგანმანათლებლო თუ სხვა ინვესტიციების წყალობით, კეთილდღეობა სიბერეში ერთიორად უმჯობესდება. ემიგრანტების შრომა და საქართველოში გადამისამართებული ფინანსური რესურსები ამავდროულად უსამართლო ეკონომიკაცაა, რომელიც დასავლური კეთილდღეობის ეკონომიკური კონცეპტიდანაც ამოგლეჯილია, რომლის მთავარი შემადგენელი ნაწილი, სწორედ რომ, დანაზოგის სახით თადარიგის დაჭერა და ინდივიდუალური ხარჯთაღრიცხვაა, რადგან ყოველი ადამიანი დასავლურ ეკონომიკაში დამოუკიდებელი ეკონომიური ერთეულიცაა, რომელიც ყველანაირი სოციალური სერვისისათვის ფულს იხდის. მაგალითად, სხვადასხვა ტიპის დახმარებას, ან მომვლელს ავადმყოფობის შემთხვევაში ჯანმრთელობის დაზღვევა იხდის. რაც უფრო ძვირადღირებულია დაზღვევა, მით უფრო დაცულია ადამიანი, თუმცა არალეგალურად მაცხოვრებელ ემიგრანტებს რასაკვირველია ასეთი დაზღვევის ქონის არც უფლება დ არც საშუალება არ გააჩნიათ. დასავლური საზოგადოების, სოციალური სრუქტურების ურთიერთკავშირი, რასაკვირველია, ამ დაზღვევების გამო შესუსტებული არაა, პირიქით. ეს ადამიანებს აძლევს მეტი მობილურობის საშუალებას. თუმცა იქ, სადაც საზოგადოების ახალი (ემიგრანტი) წევრი ფეხს ზრდასრულობის ასაკში დგამს, სრულფასოვანი სოციალური კეთილდღეობა არამცთუ მორღვეულია, არამედ მინიმალური კეთილდღეობის მისაღწევად არანორმალური ძალისხმევის გაწევაა საჭირო, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად პირდაპირპროპორციულად ძნელდება. ამდენად, ცხადი ხდება, რომ ემიგრანტთა თაობა არა უბრალოდ „დაკარგული თაობაა“, არამედ მონათა თაობაცაა, რომელიც დიდნაწილად უუფლებოა, ხოლო მათი სიბერე უმრავლეს შემთხვევაში არის უცხოეთშიც საკმაოდ დაუცველი.

(მასიურ) მიგრაციას მხოლოდ მაშინ აქვს გრძელვადიანი პოზიტიური შედეგი და გამართლება, როდესაც მას ზომიერი უკუმიგრაცია მოჰყვება თან და ის მიბმულია განათლების მიღებასა და გამოცდილების (უკუ)ტრანსფერთან. გზავნილი მილიონები, ფასდაუდებელი ადამიანური რესურსების დაკარგვის შედეგად განვითარების უკან დახევაა და გამოთქმაც, რაც არ გვკლავს გვაძლერებს‘ ამ შემთხვევაში აბსოლუტური დემაგოგიის რეგისტრიდანაა, რომელიც, რა თქმა უნდა, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ომის ნაწილია. ასეთი გამოთქმები კი ძალიან, ძალიან ბევრი დაგროვდა ამასობაში. აქვე ორ მაგალითს მოვიყვან, მათ შორის ერთს პირადი გამოცდილებიდან:
გერმანიაში, რამოდენიმე წლის წინ, სოციალურ მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს, თუ რა მდგომარეობაში იყვნენ თურქ მიგრანტთა ჯგუფები თავიანთ, სამშოლოში დარჩენილ ხალხთან შედარებით და დაასკვნეს, რომ გერმანიის მიგრანტები ათწლეულებით ჩამორჩებოდნენ თურქეთში დარჩენილებს, რომ მათ თავიანთი, თურქული კულტურა „ჩემოდნით ჩამოიტანეს“ და აღარც გაუხსნიათ. მათ განვითარებას კი საკეტი არა მხოლოდ თურქულ ენამ, ან რელიგიამ დაადო, არამედ იმისმა რწმენამაც, რომ ისინი ოდესღაც სამშობლოში დაბრუნდებოდნენ.
წლობით უცხოეთში ცხოვრებისას ბევრი ადამიანი გავიცანი, მათ შორის ბევრი ცნობილი ადამიანი, ჩრდილში, თუ საჯაროდ მოქმედი მილიონერი, ინტელექტუალი, ღარიბიც. წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ერთ-ერთი დიდი კონცერნის მენეჯერის პასუხმა ჩემს კითხვაზე, თუ რატომ არ გადასახლდებოდა ის იმ ქალაქში, სადაც მუშაობდა და რატომ ჰქონდა მას სახლი სამსახურისაგან შორს, თუმცა სამსახური მას, რასაკვირველია, სამუშაო ადგილზეც ბინას ჰქირაობდა. მისი პასუხი იყო ძალიან ლაკონური: ხშირი გადასახლება ჩემს ყველანაირ რესურსს გამოფიტავს, პირველ რიგში დროს, ფინანსებსაც. ჩემს მეზობლად ჩემი მშობლების სახლია.

რას ვკარგავთ ქალებთან ერთად?
ამ კითხვაზე პასუხი არის ერთმნიშვნელოვანი - მომავალს, ხოლო აწმყოში მშვიდი ცხოვრების საშუალებას!
ქალების დევნითა, თუ თუნდაც მშვიდობიანად საზღვარგარეთ გაშვებით, ქვეყანა სდევნის და გარეთ უშვებს პროგრესისა და განვითარების საშუალებას.

ქალების მიგრაცია ახალი ფენომენი არაა. თუმცა როდესაც ქალები მიდიან, ბედნიერი ჰანსისაგან განსხვავებით, ისინი უკან აღარ ბრუნდებიან. უახლოესი მიგრაციებიდან რამოდენიმე სახასიათო ტალღას გამოვარჩევდი. ერთ-ერთი ასეთი 1960-იან წლებში ფინელი ქალების გერმანიაში მიგრაციაა, რომლებიც ფინეთის ღარიბმა ეკონომიკამ გაუყენა სამხრეთის გზას. დღეს გერმანიაში ბევრი ახალგაზრდაა, რომლებსაც ხუმრობით „მდივანთა შვილებს“ ეძახიან. მათი დედები სწორედ ის ფინელი, მიგრირებული ქალები არიან, რომლებიც გერმანიაში გადმოსახლდნენ და მაშინდელ პირობებში, როგორც სჩანს, გერმანულ ბიუროებში, მდივნებად დასაქმდნენ და მერე აქვე შექმნეს ოჯახები.
მეორე საინტერესო მიგრაციის დიდი შიდა ტალღა აღმოსავლეთიდან დასავლეთ გერმანიაში განხორციელდა. კედლის დანგრევის შემდეგ ქალები, რომლებსაც, აღმოჩნდა, რომ ადგილობრივ კაცებზეც უკეთესი განათლება ჰქონდათ, დასავლეთ გერმანიაში გადასახლდნენ. მათ ცხოვრების უკეთესი პირობებისა და უკეთესად განათლებული პარტნიორების საძებნად გამოიხურეს მშობლიური კარი. დღეს აღმოსავლეთ გერმანიაში ახალგაზრდა ქალების დიდი დეფიციტია, დიდ ქალაქებში კი - პირიქით, ქალები სჭარბობენ. მთლიანობაში, აღმოსავლეთ გერმანია 3,4 მილიონმა ადამიანმა დატოვა დასავლეთ გერმანიის სასარგებლოდ. თიურინგენი, მაგალითად, დამოუკიდებელი ქვეყანა რომ იყოს, ის თითქმის გაუკაცრიელებული იქნებოდა, თუმცა მიდიან უმეტესად 18-29 წლის ადამიანები და მიდიან ქალები. ქალების პროფესია ხშირად მომსახურების სფეროს ეკუთვნის, კაცებისა კი- ინდუსტრიისას. ამიტომაც, ქალები დასავლური ეკონომიკისათვის სულ უფრო და უფრო მიმზიდველნი არიან. ადგილზე ქალების გარეშე კი სოციალური სტრუქტურები მთლიანად ირღვევა. მათი ადგილი არის ფასდაუდებელი. ქალები უვლიან მეზობლობასა და მეგობრობას, აწყობენ დღესასწაულებს, წვეულებებს, სოციალურ სტრუქტურებს-სკოლასა და ბაღებს, საავადმყოფოებს და უვლიან ხანდაზმულებს. სწორედ აღმოსავლეთ გერმანიიდან დასავლეთ ნაწილში მიგრირებულმა ქალებმა გამოწვიეს დასავლეთში სოციალური ინფრასტრუქტურის მასობრივი შენება. აგრეთვე დასავლეთის ქალებმა სწორედ აღმოსავლეთ გერმანიის ქალების მიმბაძველობით დაიწყეს საკუთარ კარიერასა და ეკონომიურ დამოუკიდებლობაზე ფიქრი და მოქმედება.
ბავშვებისა და ოჯახების გარეშე წარმოუდგენელია საზოგადოების ცოცხალი სურათი. როდესაც ადამიანები თავს დაჩაგრულად გრძნობენ, ისინი ეძებენ სოციალურ კავშირებს, სოციალურ იერარქიას და ცდილობენ ამ კავშირებში შემდეგ თავისი ადგილის მოძებნას, რაც მათ მეტ პიროვნულ დამაჯერებლობას ანიჭებს და სიმარტოვის განცდას უქარვებს. გარდა ამისა, კედლის დანგრევის შემდეგ 25-45 წლის გერმანელებთან, ახალგაზრდულ კლუბებსა, თუ სხვა თავშეყრის ადგილებში მყისიერად გავრცელდა ნაცისტური იდეოლოგიის ლიტერატურა. ამ სულისკვეთებით უკვე თაობები გაიზარდნენ. გამოცდილებამ კი აჩვენა, რომ კაცები, რომლებიც ოჯახებს მოეკიდნენ, ოჯახური ვალდებულებებისა და ბავშვებზე ზრუნვის გამო და შედეგად დროის უქონლობის გამო, ნაცისტურ წრეებს გამოეთიშნენ. წრე კი მოჯადოებულია-ნაცისტური განწყობები არ აძლევს საზოგადოებას მიიღოს ახალი წევრები. ახალი წევრების გარეშე კი დარღვეული დემოგრაფიული ბალანსის აღდგენა შეუძლებელია. სხვადასხვა კვლევებმა აჩვენეს, რომ ლიბერალურ განწყობებს სწორედ ღია საზოგადოება ქმნის და მას ვხვდებით ქალაქებში. სოფლებსა და ჩაკეტილ სივრცეებში ლიბერალიზმი ფეხს ვერ იკიდებს.
ბრანდენბურგის მიწაზე წლების წინ ისე გაჭირდა მდგომარეობა, რომ ერთ-ერთმა ბურგერმაისტერმა თავის საარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთ პუნქტად აღმოსავლეთ ევროპიდან ქალების ჩამოყვანა გაწერა. დაპირებამ იმუშავა.
ხშირად ისმის, რომ საქართველოში მატრიარქატია, რომ კაცების დაბეჩავების ერთ-ერთი მიზეზი ქალების გაძლიერებაა. სინამდვილეში საქართველოში ფემინიზმს ჯერ პულსიც არ ესინჯება, ის უფრო რეანიმაციაშია.როგორ შეიძლება იყოს მატრიარქატი იქ, სადაც ქალები ფიზიკურად თითქმის აღარ არიან? მასიურად ქალებს ქონება პრაქტიკულად არ გააჩნიათ და შესაბამისად არც ქალების გაძლიერების საპირისპირო, კაცის ფუნქციისა და კაცობის კრიზისს აქვს ადგილი. ეს კრიზისის ახალი სახეობაა, რომელიც ჰომოფობიის სახით, უცხოსა და კონკურენტისადმი შიშში ვლინდება, რადგან სახეზე გვაქვს ღატაკი საზოგადოება. თავად ეს ფსევდო თეორიაც - როგორც კი ქალები ძლიერდებიან, მათ კლავენ კაცები- ისეთივე დემაგოგიური, კონტექსტიდან ამოგლეჯილი და შედეგად ფსევდო თეორიაა, როგორიც ზემოთ ნახსენები „რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს“. ქალების გაძლიერების მაგალითების მოყვანა უსასრულოდ შეიძლება ცივილიზებული, ქვეყნებიდან. ქალების ხოცვა მათი გაძლიერების ინდიკატორი არაა. როგორ შეიძლება ასეთმა აბსურდულმა თეორიამ საერთოდ ჰპოვოს დასაყრდენი საზოგადოებაში და მით უმეტეს ინტელექტუალებთან?! ეს ფსევდოინტელექტუალის, ანაც საზოგადოების პოლარიზაციის მსურველის მიერ შეკოწიწებული „კანონზომიერებაა“, უპირველესად ძალადობის წასახალისებელად, რათა მავან ინტელექტუალს მუდამ ჰქონდეს „სამუშაო“ და შედეგად სარჩო.
როდესაც დასავლეთ გერმანიაში ქალებმა გაძლიერება და საკუთარ პრობლემებზე საუბარი დაიწყეს, კაცები უბრალოდ ადგნენ და დაიწყეს მათი მოსმენა. გარდა ამისა, შეიქმნა ინფრასტრუქტურა, სადაც მოძალადეებს გამოქცეულ ქალებს შეეძლოთ სულის მოთქმა. პირად საუბრებში, უფროსი თაობისაგან ხშირად მსმენია, რომ ქალები ზემოთ იყვნენ, სიგარეტს ეწეოდნენ და ერთმანეთის დასახმარებელ გეგმებს აწყობდნენ, ხოლო კაცები ქვედა სართულზე ისხდნენ და მათ უსაფრთხოებას სდარაჯობდნენო.

ნაწილი 7.

კონსუმი და ქართული კაპიტალიზმი
კაპიტალიზმის მთავარი ნიშანი ქალების ტრადიციული ოჯახური ვალდებულებებიდან გათავისუფლებაა. როდესაც დასავლეთ ევროპაში კაპიტალიზმმა ქალების მასიურად მუშა-ხელად რეკრუტირება და ფესვების გადგმა დაიწყო, ქალებს გაუჩნდათ საკუთარი ფულიც. ამა თუ იმ პროდუქტის მიმართ მომხმარებლების განწყობასა თუ მსყიდველობითუნარიანობას მკვლევარები სწორედ ქალთა ქცევაზე დაკვირვებით ახდენდნენ - თუ რა პროდუქტებს შეიძენდნენ ისინი, რადგან მასიური მოხმარების პროდუქტებს სწორედ ქალები ყიდულობენ  და არა მამაკაცები. საქართველოს თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანა არაფერს აწარმოებს ისე, როგორც ეს იყო ევროპაში, როცა ქალი ინდუსტრიის მუშა ხელი იყო და ამავდროულად ფულის მქონე მყიდველი და კონსუმენტი. ამდენად, ქართველი კაპიტალისტისთვის მოგების საწარმოებლად საჭირო კონსუმის მყიდველ ქართველს არ აქვს სამსახური და შესაბამისად არ ფლობს ფულსაც.
ქართველი კაპიტალისტის იდეალური სამიზნე ჯგუფიც, რასაკვირველია, მსყიდველობითუნარიანი ქართველია, რომლის მოთხოვნილებებსაც ის ყველაზე კარგად იცნობს, თუმცა როგორ უნდა აქციოს მან უკვე განახევრებული ქვეყნის ფიზიკურად სხვაგან მყოფი ქართველი პოტენციურ მყიდველად? ამისათვის საჭიროა ემიგრანტების სამშობლოსთან ემოციური ბმა. იდეალურ შემთხვევაში მდედრობითი ემიგრანტები, რომელთა რეპროდუქციული ფუნქციების - ახალი თაობის გაჩენა, გაზრდა - გაუქმების შედეგად გამოთავისუფლებული დრო, ფული და სხვა მატერაილური რესურსი ხმარდება სამშობლოში დარჩენილ სოციუმს, ანაც სხვა, ხშირად წინა თაობა, იღებს მის შთამომავლობაზე ზრუნვის ვალდებულებას იმ პირობით, რომ „სანაცვლოდ“ მიგრანტი ფულადი, თუ სხვა ნივთიერ ქონებასა თუ ბონუსს სამშობლოში გამოაგზავნის.  სინამდვილეში ემიგრანტი ხდება „სამშობლოს“ მძევალი. 
ერთის მხრივ, პატრიარქალური წყობა და არამობილობა კონსუმისა და ვაჭრობის დიდი მუხრუჭია. კაპიტალიზმს ბაზარზე არა მხოლოდ მუშა ხელი გამოჰყავს და მათ საშინაო ვალდებულებებისაგან ათავისუფლებს, არამედ მას დიდი სტილით ბაზარზე გამოაქვს აგრეთვე უძრავი ქონებაც და ვაჭრობს პირველ რიგში მიწითა და საცხოვრებელი ფართებით, რისი ღირებულებაც ნაკლებად მერყეობს. მობილური მუშა ხელი აგრეთვე კაპიტალისტის მიერ თავისუფალ ბაზარზე გამოტანილი საცხოვრებელი ფართის საუკეთესო მუშტარი და საიმედო მომხმარებელია გრძელვადიან პერსპექტივაში.
რას აკეთებს ქართული ველური კაპიტალიზმი?
იგი აიძულებს მოსახლეობას, აიღოს სესხი, ხშირ შემთხვევაში კი დატვირთოს საცხოვრებელი სახლი კრედიტით. სახელმწიფო სისტემის გაუმართაობის გამო სესხის გადახდა ხდება ხშირ შემთხვევაში შეუძლებელი, სახლს ჰყიდის ბანკი, ხოლო გაკოტრებული მოქალაქე იძულებული ხდება ახლა უკვე იქირაოს კაპიტალისტისაგან ფართობი, ხოლო საკუთარი შრომა გაყიდოს იაფად. მას შევაჭრების დროც კი არ რჩება, რადგან არ აქვს არც დანაზოგი და არც სულის მოთქმის დრო, ან რესურსი. 
მეორეს მხრივ, საქართველოში პატრიარქატის ხელოვნურ სუნთქვაზე ყოფნა ქვეყნის ყოფას მუდმივი არასტაბილურობის შეფერილობას აძლევს, მედიები არსებული რეალობის გაუარესების მოდელირებასაც წარმატებით ახერხებენ. კონტრასტი დასავლეთთან შედარებით კიდევ უფრო მუქდება, რაც ემიგრანტთა უცხოეთში დარჩენის დამატებითი მოტივაცია, ან სულაც გარანტიაა. არავის სურს ველურსა და პატრიარქალურ საზოგადოებაში დაბრუნება.

დღეს კაპიტალისტებს წარმოადგენენ არა მხოლოდ მთავრობის წევრები, არამედ ოპოზიციის ფართო სპექტრიც იმდენად, რამდენადაც ისინიც ჩართულნი არიან ამ კაპიტალისტურ აღებ-მიცემობაში, სადაც მათი ბიზნესი ხშირად სამშენებლო სექტორშია განთავსებული. საცხოვრებელი ფართების შესყიდვისას დღეს საქართველოში ემიგრანტებზე საიმედო ტრანსაქციების განმახორციელებელი სუბიექტები და გადამხდელები არ მოიძებნებიან - ისინი ხომ დიდნაწილად სწორედ საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო პირობების გამო წავიდნენ ქვეყნიდან. იქვე, საცხოვრებელი ფართის მოკლევადიანი მომხმარებელი ტურისტებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაცაა, რომელიც პარალელურ სინამდვილეში არსებობს, სადაც ის სრულიად ემანსიპირებულია და საზოგადოებრივი ნორმის მიხედვით ამორალურ, თუმცა თავისუფალ სქესობრივ ცხოვრებას ეწევა. ამ მოკლევადიანი თავისუფლებისათვის მას ასევე მოკლე ვადით სარგებლობაში სჭირდება ფართი.
ანტისოციალურად მოწყობილ ქვეყანაში ყველაფერი ბიზნესმენების სასიკეთოდ მუშაობს, მათ პრინციპში ორივე აწყობთ - სიმშვიდეცა და პოლარიზაციაც ეკლესიაში და სახელმწიფოს უმოქმედობაც, რაც ემიგრანტებს შინ დაბრუნების სურვილს უქრობს და დარჩენილებს კი - წასვლაზე დააფიქრებს, ხოლო დამშვიდებული ეკლესია და პატრიარქალური ნორმების აღდგენა ღარიბ ქვეყანაში, პირდაპირ ურტყამს ადამიანების კვებითსა, თუ რეპროდუქციულ საბაზისო უფლებებს და აიძულებს მათ, რაც შეიძლება მეტად გახდნენ  ეკონომიურად დამოუკიდებელნი სოციუმისაგან, რაც ასევე ემიგრანტობის სანატრელ დასარულს კიდევ უფრო შორს გადასწევს და ასევე დააფიქრებს საქართველოში დარჩენილებს წასვლაზე. ორმაგი მორალით მაცხოვრებელიც ასევე კაპიტალისტის კლიენტია.

ამასობაში კი, საქართველოს დასუსტება რუსეთის ინტერესებიდანაც რომ გამოირიცხოს, ეს ერთხელ კარგად აწყობილი პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემა უკვე კვლავწარმოების რეჟიმში მოქმედებს, სადაც არაპროფესიონალიზმი და სხვადასხვა ტიპის პროვინციული ქსენოფობია სისტემის საუკეთესო სასუქია. ამჟამინდელი ქვეყნის მმართველის, ბიძინა ივანიშვილისათვის ასევე საქართველოს, როგორც უსაფრთხო სავაჭრო ზონის შექმნაც უკიდურესად მომგებიანია, რადგან ერთის მხრივ, მას რუსეთისაგან იცავს ე.წ. სამოქალაქო ძალა, თუმცა ამ ძალის გამოფიტული რესურსები მხოლოდ სისტემის სტაბილურობაზე მუშაობენ და იცავენ მას მოულოდნელი მასშტაბური რყევებისაგან. ასე რომ, დიდი ცვლილებები მოსალოდნელი არაა.

გონივრული კაპიტალიზმი/გონივრული რეპროდუქცია
დასავლეთის სამოქალაქო საზოგადოება დიდი ხანია მიხვდა, რომ კონსუმსა და აგრესიულ კაპიტალს მომავალი არ აქვს. ძირითადი მიზეზი ისაა, რომ ბაზარი უკვე გაჯერებულია, ადექვატური ახალი ბაზრები კი, რომლებიც მოგებას მოიტანენ, არ მოიძებნება, რადგან დანარჩენი მსოფლიო ღარიბია. უკვე დაიწყო კაპიტალიზმის მოდერირება, სადაც გარემოსა და რესურსების დაცვას დიდი ადგილი ეთმობა. სოციალურ მდგენელგამოცლილი კაპიტალიზმი ადამიანების განცალკევებითა და მათი გეტოიზირებით სულდგმულობს, სადაც ცალკეული ინდივიდი მობილური და დასაქირავებლად იაფია, ამავდროულად კონსუმენტია, რისი მართვაც მისი სექსუალობის მართვის გარეშე შეუძლებელია.
ისევე, როგორც დრომოჭმულ პატრიარქალურ რელიგიებში, რომლებიც საკვებისა და სექსის სანქციონირებით(შეზღუდვებით) სულდგმულობენ, რის შედეგადაც ადამიანის სხეულში, პირველ რიგში, ჰორმონალური ბალანსი ირღვევა და მას დაუკმაყოფილებლობის, ანუ შიმშილის გრძნობა მართავს, რის „კომპენსირებასაც“ რელიგია საკუთარი ესთეტიკის - არქიტექტურა, წმინდანთა ხატები, იგივე ხელოვნების ნიმუშები, ანუ არტეფაქტები, მუსიკაც და მისთ. - შეთავაზებით ახერხებს, ახერხებს ასევე კაპიტალიზმიც და მართავს ადამიანის გონებას, შინაგან ფიქრსა, თუ გარეგან ქცევას კონსუმით. კონსუმის ზემოქმედების ზოგადი მექანიზმი წინა პოსტშიც აღვწერე. ფიზიკურ შიმშილს ყოველთვის მოსდევს დარღვეულ ჰორმონალურ ბალანსთან ერთად სულიერი შფოთვაც, რისთვისაც ადამიანს სჭირდება ამ შფოთვის დამამშვიდებელი „სამაგიერო“. ეს სამაგიერო შეიძლება ბევრი რამ იყოს, ის ინდივიდუალურია და მისი მრავალფეროვნება ადამიანის განვითარების პოტენციალთან პირდაპირკავშირშია. ადამიანს ოდითგანვე აინტერესებდა ადამიანური ყოფის გარღვევა და ტრანსცენდენტული მდგომარეობის გასინჯვა-ზოგს მეტად, ზოგს კი, ნაკლებად.
გონივრული კაპიტალიზმის კრიტიკის საგანი არა იმდენად საზოგადოების ფრაგმენტაციაა, რამდენადაც ცალკეული ინდივიდის საზოგადოებისაგან მარგინალიზება, რაც ერთგვარად დილემასაც წარმოადგენს. სოციოლოგები ამბობენ, რომ მიუხედავად კეთილდღეობის მომატებისა და თავისუფალი ეკონომიკისა, არც ერთ დროში არ ჰქონია კაცობრიობას ისე იშვიათად სექსი, როგორც დღეს, რაც ზუსტადაც, რომ კაპიტალიზმმა გამოიწვია. კაპიტალიზმმა კლანებს რეპროდუქციაზე ერთპიროვნული უფლება გამოაცალა, მაგრამ ის ჯერ არ გადასულა ცალკეული ინდივიდების ხელში, რის საფუძველსაც სწორედ მატერიალური კეთილდღეობა იძლევა, სადაც ქალები ყველაზე სუსტად არიან წარმოდგენილნი. ბევრგან ახალგაზრდა მამაკაცები უფროსი მამაკაცებისათვის ისევ საშიშ კონკურენტებს წარმოადგენენ. სეკულარულ სამართალს კი მორალი და სირცხვილი ისევ „ეჭიდავება“. სწორედ ამიტომ ხდება ასაკოვანი, ან ძალაუფლების მქონე მამაკაცების მიერ ახალგაზრდა და შედარებით სუსუტი მამაკაცების კონტროლიც. 
მართალია, ახალგაზრდა ქალები ქცევის კონტროლისაგან მეტ-ნაკლებად გათავისუფლდნენ, მაგრამ მათი ასაკის მამაკაცები ჯერ ზემოთ აღწერილი კონკურენციის ომში არიან ჩაბმულნი.
2003 წლიდან, როდესაც თანამედროვე სახელმწიფოს ბიუჯეტი შედგა, სირცხვილისა და მორალის ეკონომიკის ადგილი ნელ-ნელა ციფრების ეკონომიკამ დაიკავა. ამის ყველაზე კარგი ინდიკატორი საჯარო ადგილებში საზოგადოებრივი კვების ობიქტების გაჩენა-გამრავლება იყო. თუკი საბჭოთა დროში რესტორანში ქალის მარტო შესვლა მითქმა-მოთქმის საგანი იყო, ხოლო 1990-იან წლებში სურათი თითქმის უცვლელი, შესაძლოა უარესიც, 2003 წლიდან ქალებმაც საჯაროდ დაიწყეს ჭამა.
სოციოლექტები ხშირად უკიდურესად საინტერესოდ აღწერენ ხოლმე საზოგადოებაში მომხდარ ცვლილებებსა და ტენდენციებს. ამას წინათ სოციალურ ქსელში რამოდენიმეგან შემხვდა ერთ-ერთი ასეთი - „მიშას დროს ატყნაურდა ხალხი, ახლა ისევ მოუკლეს“- რაც მოსახლეობის რეპროდუქციული აქტიობას ძალიან თვალსაჩინოდ ახასიათებს.


ნაწილი 8. (დასასრული. ეპილოგი იქნება)

არსებული სოციალური სტრუქტურები და მათი რღვევების ნიშნები. სიყვარულის ეკონომი(კ)ა, „ქალო შედი კუხნაში“

როდესაც საბჭოთა კავშირის რღვევის შედეგად რკინის ფარდა გაიხსნა, აღმოსავლეთ ევროპაში ეკონომიკურ ცვლილებებს მყისიერად მიჰყვა სოციალური სტრუქტურების ცვლილებაც, რაც თავისთავად, მოვლენების ლოგიკურ განვითარებაზე მიუთითებდა. თუმცა უკიდურესად საინტერესოა, რამდენად აანალიზებდნენ არსებულ, ან მოსალოდნელ ცვლილებებს სხადასხვა ქვეყნების მაშინდელ ხელისუფლებებში მყოფი ძალაუფლების მატარებელი მმართველები. გლობალიზაციამდე დროებაში, იყვნენ თუ არა ისინი ერთმანეთთან ინფორმაციულად დაკავშირებულნი, თუ ტენდენციების განვითარება იწვევს თავისთავად ერთნაირი პრობლემების გადაჭრის ერთნაირი გზების ძიებას სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილებში?
მოვლენების ანალიზისას ვერ გავექცევით ფილოსოფიის ისტორიის მნიშვნელოვან დარგს-იდეების ისტორიას, History of Ideas, რომელიც, ერთის მხრივ, იკვლევს ეპოქის ტიპიური მენტალიტეტების აღმოცენებასა და მათ შემდგომ განვითარებას, ხოლო მეორეს მხრივ, აქცევს მას მეცნიერულ ჩარჩოებში, როგორც გამოსაყენებელ ცოდნას. ფიქრი პოლიტიკური იდეების ისტორიაზე ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან იწყება, თუმცა ტერმინი „იდეების იტორია“ პირველად 1919 წელს ამერიკელმა მეცნიერმა, არტურ ლავჯოიმ იხმარა. საინტერესოა მისი ბიოგრაფია; იგი 1873 წელს ბერლინში, ექიმის პროფესიის შესწავლად ჩასული ამერიკელი მამისა და გერმანელი დედის ოჯახში დაიბადა. არტურის მამა მალე დაბრუნდა სამშობლოში, თუმცა მან მალევე, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ექიმის პროფესია მღვდლის პროფესიაზე გაცვალა და გერმანული და ამერიკული ბაპტიზმის დამფუძნებელი გახდა.
არტურ ლავჯოი ბევრს წერდა ამერიკულ ჟურნალებში იდეების იტორიის შესახებ. თემის კვლევა დაიწყეს ევროპელმა მეცნიერებმაც, რომელთაგანაც განსაკურებით აღსანიშნავები არიან: ფრიდრიხ მაინეკე, ჰერმან კორფი, ჰანს ბლუმენბერგი, იურგენ ჰაბერმას, მიშელ ფუკო, სხვებიც.

რკინის ფარდის გახსნა თავისი კომპლექსური შედეგებით სისტემატურად ნაკვლევი ჯერ ისევ არაა. აქ ჩემთვის საინტერესო ორი სპეციფიური შემთხვევაა, რომელთა მატრიცა ზედმიწევნით ჰგავს ერთმანეთს.
მაშ ასე, მივყვეთ მოვლენებს. როდესაც ბერლინის კედელი „დაეცა“, აღმოსავლეთ გერმანიის მოსახლეობა 1990 წლისათვის 108,3 კმ 2-ზე 16,43 მილიონს წარმოადგენდა 8,55 მილიონი დასაქმებულით მაშინ, როდესაც დასავლეთ გერმანიაში  249 კმ2-ზე 61,8 მილიონი, აქედან 30,4 მილიონი დასაქმებული ცხოვრობდა. გაერთიანების შემდეგ 1991-1994 წლებში საერთო, შრომისუნარიან დასაქმებულთა რაოდენობამ 38,7-დან 37,7-მდე დაიწია, თუმცა 2001 წლისათვის 39,5 მილიონს მიაღწია (შდრ. https://de.statista.com/statistik/daten/studie/249689/umfrage/vergleich-von-west-und-ostdeutschland-vor-der-wiedervereinigung/?fbclid=IwAR20japPOzK3LrK8MJpF4YRQ-A6CAIy9Z5Xy1TXGpotoUaIdm4jc75Witr4).
შრომისუნარიან დასაქმებულთა რიცხვმა სისტემატური მატება 2005 წლიდან დაიწყო და 2012 წელს 41,61 მილიონი, ხოლო 2018 წლისათვის 46,1 მილიონი შეადგინა. 2018 წელს კი დასასაქმებელი კაცებისა და ქალების თანაფარდობა 23,26/20,09 მილიონი იყო, საიდანაც დასაქმებულ კაც/ქალთა თანაფარდობა 22,38/19,51 მილიონს წარმოადგენდა. განსაკუთრებით საინტერესოა იმავე წელს მომუშავეთა რიცხვი ყოფილი აღმ. გერმანიის ტერიტორიაზე, სადაც დასაქმებულ კაცთა და ქალთა თანაფარდობა 4,37/3,87 მილიონია. (შდრ. აგრეთვე https://www.destatis.de/DE/Themen/Querschnitt/Jahrbuch/jb-arbeitsmarkt.pdf?__blob=publicationFile&fbclid=IwAR2CpDuC0cINZGpGx9Cj-BGlgwddAP3Ewx2pM-1Uhu5tAGW6KWNy-v3dyVo)
ეს ციფრები იმას ცხადყოფენ, რომ საზღვრის ნგრევამ გერმანიის სამუშაო ბაზარზე, მართალია, უარყოფითი გავლენა იქონია, თუმცა ქალებსა და მამაკაცებს შორის სამუშაოს გადანაწილება რომელიმე სქესის სასარგებლოდ არავის უფიქრია. ეს ბუნებრივიცაა, რადგან აღმოსავლეთ გერმანია თავისი მოსახლეობითა და ტერიტორიებით დასავლეთის გამართულმა ინსტიტუციებმა გადაიბარეს.
რა მოხდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურები ზოგან ნაწილობრივ და ზოგან მთლიანად ჩამოიშალა?

ბულგარეთში, მაგალითად, დასავლურმა ქვეყნებმა ცივილური საზოგადოების მშენებლობა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ანტიდისკრიმინაციული, განსაკუთრებით კი ქალზე ძალადობის საწინააღმდეგო კანონების შექმნითა და გავრცელებით დაიწყეს. ერთ-ერთი ძალზედ ცნობილი ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციის დირექტორი, რომელიც თავადაც ამ პროცესების მონაწილეა, ჰყვება, რომ დასავლეთი პარალელურად ასევე აფინანსებდა მამაკაცთა სამუშაო ადგილებს სამთო-მოპოვებისა, თუ მძიმე ინდუსტრიის სხვადასხვა დარგებში, ხოლო ქალთა სამუშაო ადგილების შენარჩუნება-შექმნაში მას მონაწილეობა პრაქტიკულად არ მიუღია. სახელმწიფომაც ქალთა ძირითად საქმიანობად მეოჯახეობა გამოაცხადა და სამუშაო ბაზრიდან მყისიერად მოხსნა შრომისუნარიანი მოსახლეობის ნახევარი, აარიდა რა თავი უმუშევრად დარჩენილი ქალების წინაშე სამუშაო ადგილების შენახვისა, თუ გადარჩენის ვალდებულებებს. სამუშაო ბაზრის ჩამოშლასთან ერთად უმუშევართა რიცხვიც შესაბამისად ამის გამო „აღარ გაზრდილა“(შდრ. http://www.intellectures.de/2019/11/04/good-sex-for-future-oder-love-kills-kapitalism/). უმუშევრობის შედეგად წარმოქმნილი პოლარიზება ნაწილობრივ სწორედ ამ ფორმით განიმუხტა. 
ცივი ომი სამუშაო ბაზრისათვის მსგავსი შედეგით დასრულდა აღმოსავლეთის თითქმის ყველა ქვეყანაში.
იმის გამო, რომ ეს ანალიზი მოყვარულის ფორმატშია დაწერილი, ვრცელი დოკუმენტების შრომატევადი მოძიებისაგან თავი შევიკავე.
თუმცა, რამოდენიმე თვის წინ (ნანა დიხამინჯიას წყალობით) შემთხვევით ხელში ჩამივარდა ერთი უმნიშვნელოვანესი საარქივო დოკუმენტი, რომელიც ფასდაუდებელია არა მარტო ანალოგიურ დროს საქართველოში მიმდინარე პროცესების გასაგებად. დოკუმენტი დანომრილია ქ. თბილისის განათლების სამინისტროს ბრძანება N194-თ და გამოცემულია 1991 წლის 30 აპრილს სათაურით: „უფროსკლასელ გოგონათა პროფესიულ-შემეცნებითი გასართობი კონკურსის ჩატარების შესახებ“. მასში სხვათა შორის წერია:
„უფროსკლასელთა საყოფაცხოვრებო პროფესიული დონის ამაღლების და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს კანონის „ქალთათვის საქორწინო ასაკის 16 წლის დადგენის“ პროპაგანდის მიზნით ვბძანებ:
1. ჩატარდეს პროფესიულ-შემეცნებითი, გასართობი კონკურსი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების X-XI კლასის გოგონებისათვის „საუკეთესო ახალგაზრდა დიასახლისის“ სახელის მოსაპოვებლად. […]

უფროსკლასელ გოგონათა პროფესიულ-შემეცნებითი, გასართობი კონკურსის დებულება: უფროს კლასელ გოგონათა პროფესიულ-შემეცენებითი, გასართობი კონკურსი „საუკეთესო ახალგაზრდა დიასახლისის სახელის მოსაპოვებლად“ ტარდება დევიზით „ოჯახი ერის ბურჯია“, სატელევიზიო გადაცემას ეწოდება „ქალიშვილი მზითვით“.
კონკურსის მიზანი: უფროსკლასელ გოგონათა საყოფაცხორებო პროფესიული ცოდნის ამაღლება, მათი ყოველმხრივი მზადყოფნა ოჯახის შექმნისათვის და საქართველოს უზენაესი საბჭოს კანონის-ქალებისათვის საქორწილო ასაკის 16 წლის დადგენის პროპაგანდა.

კონკურსის ორგანიზაცია: კონკურსში მონაწილეობას იღებენ ზოგადმანათლებლო სკოლების X-XI კლასელი გოგონები. იგი ტარდება 3 ტურად: შიდასასკოლო, ზონალური და ფინალური.
შიდასასკოლო ტურში გამარჯვებული მოსწავლე მონაწილეობას მიიღებს ზონალურ ტურში, ხოლო ზონალურში გამარჯვებული-ფინალურ ტურში.

პრიზების დასახელება:
I საზღვარგარეთის ერთ-ერთი ქვეყნის (აშშ, ინგლისი, საფრანგეთი) საგზური, მაგნიტოფონი, ივერთბანკის აქცია (1000 მან.) და სხვ.
II ტელევიზორი, ივერთბანკის აქცია (1000 მან.) და სხვ.
III საკერავი მანქანა და სხვ.
დაწესებულია სხვადასხვა წანახალისებელი პრიზები“

ამ დროისათვის ბერლინის კედელი უკვე წელიწადნახევარზე მეტი ხნის ჩამოშლილი იყო, რასაც წინ ეკონომიური კოლაფსისაკენ მიმავალ საბჭოთა კავშირთან წარმატებით დასრულებული  მოლაპარაკებები უძღოდა. დამატებით, დაახლოებით 10 მილიარდი მარკა „დაუჯდა“ დასავლეთ გერმანიას დაკარგული ნაწილების უმტკივნეულოდ მიერთება. აღმოსავლეთ ევროპის ნაწილები ერთი მეორეს მიყოლებით ახალი რეალობის წინაშე დგებოდნენ. თავქვე მირბოდა ამასობაში საბჭოთა კავშირის ეკონომიკაც. დანაწევრება გარდუვალი იყო, მთავარი კითხვით - როდის?  თუმცა, როგორც სჩანს, ამ დროის შესახვედრად სამზადისი უკვე დაწყებული იყო. პირველ რიგში საჭირო იყო სოციალური სტრუქტურების ნელ-ნელა მორღვევა. რესურსების ახალ გადანაწილებამდეც დიდი დრო აღარ რჩებოდა, რადგან ქალთა საკითხი-ყველა კრიზისული დროის საჯილდაო ქვა - ასპარეზე იყო გამოტანილი, უფრო სწორედ, შემთხვევის შესაბამისად, როგორც ბულგარელი და სხვა აღმოსავლეთევროპელი ქალებისათვის - „კუხნისაკენ გზამიჩენილი“.
აქ 1990-იან წლებში აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე კონფლიქტების მიმოხილვისაგანაც თავს შევიკავებ. იგი ძალიან ჰგავდა რეგიონალურ-სეპარატისტული, თუ სოციალურ-კრიმინალური კონფლიქტების ანატომიას საქართველოში. როგორც სჩანს, საბჭოთა პროპაგანდა არა მხოლოდ ქალთა საკითხზე მუშაობდა, არამედ ის საზოგადოების სხვა განწყობებზეც საკმაოდ წამატებით მანიპულირებდა. საინტერესოა, როგორ წარიმართებოდა ჩვენი ისტორია, რომ არა განსაკუთრებით ჰოლივუდის ფილმი „ერთხელ ამერიკაში“, რომელმაც ასიათასობით განგსტერი გმირები და გაუპატიურებების სერიული კოპიები აწარმოა?!
ზუსტად ამ ადგილას უპრიანია ბიძინა ივანიშვილის 2019 წლის ბოლო, ვრცელი ინტერვიუს მოხმობა, სადაც მან საგანგებოდ აღნიშნა, რომ ბავშვებზე ზრუნვა უპირობოდ ქალის ვალდებულებაა. აქვე, დავიხმარ ერთი თვის წინ, ფეისბუკის მომხმარებლის, ალექსანდრე ქართველის ფსევდონიმით გამოქვეყნებულ ციფრებს საქართველოში 2012 წლამდე სასჯელაღსრულებაში მყოფი პატიმრების რიცხვისას, რომელიც უტოლდებოდა 24,0000-ს.  „4.2 მილიონიან საქართველოზე ევროპული მაჩვენებელით ციფრი უნდა შეადგენდეს 100,000 მოქალაქეზე ხუთას პატიმარს 500/100,00, კოეფიციენტით = 0.005, ანუ ერთდროულად ციხეში უნდა იჯდეს 4.2 მილიონი x 0.005 = 21,000  ადამიანი. ამ მაჩვენებლის ამერიკული კოეფიციენტი კიდევ უფრო მაღალია. საქართველოს შემთხვევაში მაჩვენებელი ევროპულზე მეტია, თუმცა ამერიკულზე ნაკლები. ედიკას დროს იჯდა 5,000. ახლა ზის 8,000. სამი ათასიც და welcome back to 90’s.
პ.ს. სხვათა შორის დიქტატორულ და/ან კორუმპირებულ რეჟიმებს ახასიათებთ მცირერიცხოვანი პატიმრები.“
ქვეყნის უკვე თვალსაჩინოდ სახელმწიფო დოტაციაზე არსებული და დიდნაწილად ჩამოშლილი სამუშაო ბაზრიდან სახლებში გაგზავნილი ქალებითა და ასევე ქვეყანაში თავისუფლად მოთარეშე კრიმინალით, ჟანრის კანონის მიხედვით გაჩანაგებული სახელმწიფოს უტყუარი დემონსტრაცია იკითხება მისთვის, ვინც გზავნილებში მთავარ ამბავს ამოიცნობს.
ეს პარალელები იდეის ისტორიის ქვეშაც შესანიშნავად იკითხება.

მაგრამ რა ბედი ეწია 30 წლის განმავლობაში „ქალიშვილს მზითვით“, რომელსაც საუკეთესო ახალგაზრდა დიასახლისის სახელი უნდა მოეპოვებინა? შედგა თუ არა საქართველო როგორც ერი, ხოლო „ოჯახი ერის ბურჯად“ იქცა?
1990-იანმა წლებში, როდესაც არსებული ქონება კიდევ ერთხელ გადანაწილდა ე.წ. პრივატიზაციის პროცესით, მემკვიდრეებად, გამონაკლისების გარდა, მხოლოდ ვაჟები/მამაკაცები ჩართეს, ხოლო სხვებთან ერთად, კაპიტალიზმის გზას დამდგარმა საქართველომ, საანაბრო დანაზოგების ინფლაციის გამო, ქალიშვილები „უმზითვოდ“,  შრომის გაკვეთილებზე რუსული წიგნებიდან მიღებული პროფესიული განათლებით დაათხოვა-ელემენტარული კერვის, ქსოვის, პროდუქტების დაკონსერვებისა და სხეულის მოვლის საბჭოთა ჰიგიენური სტანდარტის ცოდნით. ქალიშვილების ნაწილმა, რომელმაც დაუკითხავი „ერის ბურჯობის“ წევრობიდან თავი დაიძვრინა, ელექტროენერგიის, წყლისა და ყოველგვარი კომუნალური სიკეთის გარეშე, ხშირად შიმშლის ზღვარზეც, ძვირადღირებულ, თუმცა დიდნაწილად ცხოვრებაში  გამოუსადეგარ უმაღლეს განათლებას დაუწყო შერკინება, რომელიც ბევრისათვის ემიგრაციამ დააგვირგვინა. იმ დროისათვის დასავლური პროფესიული განათლება ა(ღა)რ არსებობდა. მართალია, ქალებს ახლა წინა საუკუნეების მსგავსად ჯადოქრებად აღარ აცხადებდნენ, რათა დაპატრონებოდნენ მათ ქონებას, მაგრამ მათი სხეულები წინანდებურად და  შესაძლოა უფრო მეტადაც საინტერესო გამხდარიყო პატრიარქატსა და კაპიტალიზმს შორის გაჭედილი საწინააღმდეგო სქესისათვის. იქ, სადაც არ ჭრიდა ტკბილი სიტყვა, ქალის პატიოსნების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება იარაღის სხეულზე მიშვერითა და მსუბუქი დაშინებით სასურველ შედეგს იძლეოდა.
საქართველოში ველური კაპიტალიზმი, იგივე „ბეზპრეძელი“ გაჩაღდა, რომელსაც დღევანდელი გადმოსახედიდან მე კოლონიალიზმს ვუწოდებ, რადგან მას სოციალური უსაფრთხოების სიმბოლური მექანიზმიც აღარ გააჩნდა.

კომუნალური შენობები მყისიერად გასხვისდა, ან დაიტაცეს, დაწვეს, ან დაშალეს. საეკლესიო სტრუქტურების სულ უფროდაუფრო მზარდი ქსელი გადაიჭიმა მთელს ქვეყანაზე კაზინოებისა და საეჭვო განათლების დიპლომით მოვაჭრეთა პარალელურად, ერთი სიტყვით, კარგა გვარიანად ჩამობნელდა.