Samstag, 21. Februar 2015

გადაყრილი წიგნების შურისძიება



ოფიციალური ვერსიით, 1783 წელს რუსეთთან საქართველოს შეერთებით, საქართველომ გარეშე მტრები დააშოშმინა და ცოტაც ამოისუნთქა, მაგრამ სწორედ აქ დაიწყო ქვეყნის მიზანმიმართული განადგურება. რუსეთის იმპერიამ აამოქმედა სხვადასხვაგვარი იარაღები საქართველოს აწ უკვე გუბერნიებად მყოფი ერთეულების სავარაუდოდ ერთიან სახელმწიფოდ განვითარების წინააღმდეგ. დაიწყო ქვეყანაში არსებული განათლებისა და კულტურის სისტემატური წაშლა, ან გადაწერა და ჩანაცვლება რუსული იმპერიალისტური კულტურით, რუსულ ენაზე.
ამჯერად ისტორიაში ნახტომს გავაკეთებ და პირდაპირ მე-20 საუკუნის 80-იან წლებში გადავინაცვლებ, როდესაც საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის დაშლა დაიწყო.
დიახ, ეს მოხდა 80-იანი წლების ბოლოს, და არა 90-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად. სამწუხაროდ ჩემს ხელთ არ არსებობს რაიმე დოკუმენტი, ბრძანებულება მაშინდელი განათლების სისტემისა, რომლის დამოწმებასაც მე აქ შევძლებდი. თუმცა მე მაქვს მოგონებები, ხოლო იქ, სადაც არ არსებობს დოკუმენტები, შეიძლება დავიხმაროთ მაგალითად სუბიექტური მეხსიერებაც. ცივილიზებული მსოფლიოს ისტორიოგრაფია კარგა ხანია იყენებს თვითმხილველთა მონათხრობებს, როგორც ისტორიულ წყაროს.
80-იანი წლების ბოლოს საქართველოს სკოლებმა, უფრო სწორედ ცალკეული სკოლის დირექტორებმა, კოლეგ მასწავლებლებთან შეთანხმებით, ზოგ შემთხვევაში კი სავარაუდოდ თვითნებურადაც, გადაწყვიტეს ე.წ. „სასკოლო რეფორმის“ ჩატარება. ამ „რეფორმის“ მიხედვით სწავლის პროცესი უნდა მოწყობილიყო ისე, როგორც ეს „უცხოეთში“ იყო. მათ იცოდნენ, რომ იქ არსებობდნენ სხვადასხვა პროფილისა და დასპეციალების კოლეჯები, გიმნაზიები.
ამ პროცესს თან დაერთო პროფესიული სასწავლებლების (ე.წ. პროფი) გაუქმება, რომლებიც სუსტი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებს სასკოლო პროგრამის პარალელურად რომელიმე ხელობას ასწავლიდნენ და ასპეციალებდნენ.
არავის უნდოდა იქ წასვლა, თუმცა სურვილი ამ შემთხევაში არავითარ როლს არ თამაშობდა შემდგომი მოვლენების განვითარებაში. აკადემიური მოსწრება (და ქრთამიც) წყვეტდა ფაქტს, თუ ვინ მოხვდებოდა ამ პროფებში გადასანაწილებელთა „შავ სიაში“ ან გააგრძელებდა თუ არა მოსწავლე საშუალო საგანმამათლებლო სკოლაში სიარულს.
ეს პროფის მოსწავლეთა კონტიგენტი ავსებდა შემდგომ მომავალში ქარხანა-ფაბრიკებისთვის დასპეციალებულ მუშა-ხელთა რიგებს, ან პროფესიის მიხედვით - სხვადასხვა სახელოსნო დაწესებულებას. პროფ.სასწავლებელი ნებისმიერი ახალგაზრდა ადამიანისათვის პრაქტიკულად წყევლას წარმოადგენდა. ის განსაზღვრავდა მოზარდთა შემდგომ მომავალს, გაამწესებდნენ თუ არა მას (პრაქტიკულად უკვე იძულებით)ქარხნის მუშად ან ხელოსნად, თუ ექნებოდა მას საშუალო სკოლის განათლების ატესტატი, რაც პირდაპირ იმაზე მიუთითებდა, რომ მისი აკადემიური მოსწრების მიხედვით მან შეძლო და „აიცილა“ პროფში „გადაგდება“ და სავარაუდოდ სადმე უკეთეს ადგილზე დაიწყებდა მუშაობას. რა თქმა უნდა სუსტი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეთათვის უმაღლესი განათლების კარიერის შანსი მისი საგნობრივი ცოდნის დაბალ შეფასებებს უკვე კარგა ხანია გადაეწყვიტათ,

მაგრამ არც მთლად ასე იდგა საკითხი. საქმე კი იმაში გახლდათ, რომ თუკი მოსწავლეს პროტექტორი გამოუჩნდებოდა და ის როგორმე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში დარჩებოდა, შემდგომ ასევე პროტექტორების საშუალებით მას შეეძლო „უმაღლესი განათლების“ მიღებაც. პროფსასწავლებლიდანაც შეეძლო მოსწავლეს უმაღლესი განათლების საფეხურზე გადაენაცვლა, მაგრამ შანსი იმისა, რომ პროფის მოსწავლე უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას შეძლებდა, ასე ერთი-ორად მცირდებოდა, რადგან დრო და ენერგია, რომელიც მას უმაღლესი განათლების მისაღები გამოცდების მოსამზადებლად სჭირდებოდა, ძალაუნებურად უნდა დაეთმო პროფესიული საქმიანობის შესასწავლად. თანაც პროფესიულ სასწავლებლებში ზოგადსაგანმანათლებლო საგნების სწავლების დონე შესამჩნევად ჩამორჩებოდა საშუალო სასკოლო ზოგადსაგანმანათლებლო საგნების სწავლების დონეს და კიდევ, ეს პრესტიჟის საკითხიც იყო.
ამასთან არსებობდა იძულებითი კვოტა (გარკვეული რაოდენობის მოსწავლეთა სავალდებულო გადაგზავნა), თუ რამდენი მოსწავლე უნდა გაგზავნილიყო პროფესიულ სასწავლებელში, რადგან იქ ხალისით არავინ მიდიოდა. 80-იანი წლების ბოლოს კი ისე შესუსტდა სახელმწიფო საგანმანათლებლო ზედამხედველობის კონტროლი, რომ 1989 წლიდან პროფში აღარავინ „წაუყვანიათ“.
სწორედ ამ დროისათვის დაიწყო სკოლებში ზემოთ აღწერილი გაურკვეველი რეფორმები. ჩემის დაკვირვებით არ არსებობდა ერთიანი კონცეპტი (გეგმა), რის მიხედვითაც იგი გატარდებოდა. შესაბამისად მას შეიძლება „ყურმოკრული(ს) რეფორმაც“ ეწოდოს. ზოგიერთმა სკოლამ გიმნაზია დაირქვა. ცალკეულ კლასებს შეეძლოთ აერჩიათ ჰუმანიტარული ან ტექნიკური დასპეციალება, რის შედეგად ჰუმანიტარული კლასის მოსწავლეებს აღარ ესწავლებოდათ ე.წ. „ტექნიკური საგნები“ და რის გამოც თაობებს უკვე აღარ მიეწოდებოდათ ფუნდამენტალური, სასიცოცხლო მნიშვნელობის ცოდნა მათემატიკაში, ბიოლოგიაში, ფიზიკასა და ქიმიაში.
ზუსტად აღარ მახსოვს დეტალებში, თუ როგორ წერიმართა ეს თვითმარქვია „განათლების რეფორმა“ 80-იანი წლების ბოლოს საქართველოს სკოლებში, მაგრამ დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ იმ მოსწავლეთაგან, რომელთაც მე ვიცნობდი და რომლებიც მაშინდელი ამ „რეფორმის“ მიერ „დასავლური ნორმების“ მიხედვით „დასაკვალიანებელი“ ობიექტები იყვნენ, სამწუხაროდ ცხოვრების საბურთაო ობიექტებადაც გადაიქცნენ. ეს განსაკუთრებით საგრძნობი გახდა ჩემზე რამოდენიმე წლით პატარა მოსწავლეებთან.
განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ის ფაქტი, რომ ისინი საზოგადოდ, აზროვნებაშიც უკვე საკმაოდ ჩამორჩებოდნენ. ამ თაობამ (თითქოს)სხვა (ცრუ)ფასეულობათა სისტემა შექმნა. სავალალო შედეგი კი ამ „რეფორმირებული განათლებისა“ არის ის, რომ მათ დღეს არ იციან ანგარიში, ვერ გამოჰყავთ რიცხვის პროცენტი, არ აქვთ უნარი განსაჯონ და შეაფარდონ არა მხოლოდ მათემატიკური რიცხვები, არამედ ცხოვრებისეული სიტუაციები და წარმოიდგინონ საზოგადოდ მასშტაბები.
ეს კონკრეტული რეფორმა მე აქ უბრალო თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანე. ეს და ამტიპის (ცრუ)რეფორმები ერთდროულად არის სიმბოლოც, მიზეზიცა და შედეგიც ქვეყნის დღევანდელი განათლების სისტემის მდგომარეობისა, ქვეყანაში არსებული ზოგადი სურათისა.

ამ ყოველივეს კი ღრმა ფესვები აქვს, რასაც წინ უძღოდა საბჭოთა კავშირის განათლების პოლიტიკა ერთის მხრივ, თავად „უფროს-ძმა“ - რუსეთის ფედერაციაში და მეორეს მხრივ „უმცროს-ძმა“- სხვა დანარჩენ და განაპირა საბჭოთა რესპუბლიკებში.
გასაბჭოებასთან ერთად ნელ-ნელა და სისტემატურად დაიწყო ბიბლიოთეკების წმენდა და „მავნე“, ანტიბოლშევიკურ ლიტერატურას დაუნდობელი ბრძოლა გამოეცხადა. თავისუფალი იდეების მატარებელი წიგნები გახდნენ საბჭოთა სახელმწიფოს მტერი ნომერი 1.
წიგნების ბეჭდვის პრეროგატივა (უპირატესობა) მიეცათ მხოლოდ სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ უწყებებს. აქაც დაიწყო გამოსაცემი წიგნების სელექცია (გადარჩევა). ამუშავდა ცენზურა (გამაკონტროლებელი უწყება). ამავდროულად წიგნებს „დაედო ფასი“, ისინი რეალურადაც გაძვირდნენ, შესაბამისად წიგნების „ფლობა“ გახდა პრიორიტეტი და ეს ყოველივე გადაიქცა სიმდიდრის მაჩვენებელად, როგორც სიტყვასიტყვით, ასევე გადატანით მნიშვნელობთაც. ერთი სიტყვით განათლება „დარეგულირდა“ პარტიისა და საბჭოების მიერ. საგნობრივი და დარგობრივი ლიტერატურის გამოცემა მასიურად რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. მშობლიურ ენაზე ლიტერატურა გამოიცემოდა მხოლოდ აქა-იქა, შემცირებულად, შეზღუდულად.

დაიწყო ახლად გამომცხვარი ელიტის მიერ ძვირადღირებული წიგნების თარო-ფასად-კედლებით ოჯახებისა და სახლის შიდა მოწყობილობის შემკობა.
განათლება, თუმცაღა გაკონტროლებულ-გადარჩეული შეიქნა ძვირადღირებული და ამდენად მხოლოდ ცალკეული ადამიანებისათვის ხელმისაწვდომი. საზოგადოდ კი იგი მაინც ყველასთვის ფრაგმენტული გახდა.
რამოდენიმე წლის წინ ჩეხოვის მოთხრობათა კრებული დამჭირდა და ბუკინისტებში მოვიძიე ერთი ძველი, 50-იან წლებში გამოცემული ეგზემპლარი. ჩემი ვარაუდი დადასტურდა. საბჭოთა გოსიზდატის (Gosudarstvennoe izdatel`stvo= სახელმწიფო გამომცემლობა) მიერ გამოცემული კრებული ღირდა 25 რუბლი. თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ საბჭოთა დაწესებულების მოსამსახურის საშუალო ხელფასი მაშინ 100 მანეთსაც (საბჭოთა რუბლს) ვერ აჭარბებდა, ჩვენ შევძლებთ წარმოვიდგინოთ წიგნის ხელმისაწვდომობისა და მისი გავრცელების შესაძლებლობები, უფრო სწორად კი - საბჭოთა ადამიანის მასთან გაუცხოების მასშტაბები.
ამდენად მდიდარი ბიბლიოთეკა გადაიქცა ერთგვარ (ცალკეულ) შემთხვევა-ძეგლად, რომელიც დადგმულ იქნა განათლებისთვის. რადგანაც ძეგლი რაიმეს უკვდავსაყოფად იდგმება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის რაღაც უკვე მკვდარია. სწორედ ისევე, როგორც თავის დროზე დედაენის ძეგლი დაიდგა დედაენის ბაღში, თბილისში. აქაც, როცა ენას ძეგლს უდგამ, ის უნდა გაიხსენო, მას პატივი უნდა სცე, როგორც ძეგლს, რომელიც უკვე სტატიკურ ფორმაშია განსხეულებული. პრაქტიკულად, რეალურად ის უკვე მკვდარია.

რა ხდება დღეს, რა მდგომარეობაა წიგნებთან და ბიბლიოთეკებთან მიმართებაში? საბჭოთა კავშირისაგან განცალკევების შემდგომ, ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს არ ჰქონია ფუფუნება, შეევსო უდიდესი დეფიციტი წიგნებისა, ლიტერატურისა, განათლებისა. ბიბლიოთეკების მაგიერ ფინანსდებოდნენ რელიგიური ინსტიტუციები, შენდებოდა ეკლესიები.
უფროსებისა და ბავშვების თავისუფალი დროის გასატარებელ ადგილად გადაიქცა რელიგიური დაწესებულება, სადაც ეს უკანასკნელნი ნაწილობრივ სტიქაროსნებადაც  მოღვაწეობენ. სწორედ აქ გაივლო მკვეთრი ხაზი, მოხდა სქესთა და სოციალური გაყოფა. ბიჭუნებს, ჯერ ისევ ბავშვებს მიეცათ რიტუალებში თანამონაწილეობის უფლება, ისინი (დამსწრე) საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდენენ, როგორც „მნიშვნელოვანი საქმის“ მსახურები.
შეძლებულ ოჯახებმა კარგა ხანია შეიგრძნეს განათლების აუცილებლობა, მათი შვილები წიგნებს უსხედან, ხოლო საზოგადოების დუხჭირი ნაწილი ცდილობს ეს მიუწვდომელი პრიორიტეტი ეკლესიასთან თანამშრომლობით აინაზღიროს.
არადა ბავშვები, განურჩევლად სოციალური მიკუთვნებულობისა, უნდა ისხდნენ წიგნებთან, ჰქონდეთ სრულფასოვანი განათლების საშუალება და პარალელურად  დაკავებულნი იყვნენ სპორტით, სხვადასხვა ფიზიკური აქტივობებით.
სწორედ აქ იკვეთება საზოგადოების ფენებად გახლეჩის თვალსაჩინო ტენდენციები.
არც სააკაშვილის მმართველობას ჰქონდა გასიგრძეგანებული ბიბლიოთეკების მნიშვნელობა. სწორედ მის დროს მოხდა რაიონებში მასიურად ბიბლიოთეკების დახურვა და გაუქმება. ეს ბოლშევიკების მიერ წიგნების წმენდაზე უარესი ღონისძიება იყო. ფსევდო-საგანმანათლებლო პროექტებმა, როგორიცაა წიგნების მედიათეკებით ჩანაცვლება, წიგნიერების დეფიციტის ახალ-ახალი ადგილები გააჩინა ამ გაუქმებული ბიბლიოთეკების ადგილებზე.
ბიბლიოთეკა „შეთქმულების“ ადგილად გადაიქცა, რადგან გარკვეული (სოციალური)ფენა მოქალაქეებისა ახლა უკვე საბოლოოდ გაუცხოვდა წიგნთან მიმართებაში.
მხოლოდ ბეჭდური მედია ქმნის დისკურსს ამა თუ იმ საკითხზე. ამაზე ცივილიზებული სამყარო კარგა ხანია შეთანხმდა.
წიგნები თავმოყრილია დედაქალაქში. რაიონებში ბიბლიოთეკები თითქმის აღარ არსებობს. ამის საკომპენსაციოდ ახლად აშენებული პრეზიდენტის ბიბლიოთეკა ვერ გამოდგება. მით უმეტეს, რომ იქ მოთავსებული ლიტერატურის უმეტესობა ან ინგლისურ ენაზეა, ან რუსულად. ქართულად ენაზე ხეირიანი საგნობრივი ლიტერატურა არ არსებობს, ზოგიერთი მიზეზი ზემოთ ჩამოვთვალე. სწორედ ამიტომ
ყველაზე წინ ახლა ბიბლიოთეკების რაიონებში ამოქმედების საკითხი დგას.
სანამ ხალხი მივა წიგნებთან და მათ დაწვავენ, წიგნები უნდა „მივიდნენ“ ხალხთან.

ამის შედეგად, საქართველოში, სამწუხაროდ არ არსებობს არც ტექნიკური და აღარც საგნობრივი, დარგობრივი განათლება. ისევ ჩაკვდა ინიციატივები ევროპულ კოოპერაციებთან ხელობის შესწავლის საქმეში.
წარსულის გაიდეალება სამწუხაროდ გაუაზრებლად ხდება. ქვეყანა უკვე ვეღარ „აშენდება“ ქარხნების აშენებით, რადგან ქარხანა შეუქცევად ზიანს აყენებს და აბინძურებს გარემოს. ძველებური, საბჭოური ტიპის ქარხნებში ლამის ავტომატიზირებული, გაუნათლებელი მოქალაქე მუშობდა. ამ ტიპის სამუშაოს საზღვარგარეთ უკვე კარგა ხანია რობოტები ასრულებენ, მექანიზირებული ფორმით. დასავლეთ ევროპის ქვეყნების მაგალითები რომ დავიმოწმო, ქარხნები მათ უკვე 2000-იანი წლების დასაწყისში ჯერ აღმოსავლეთ ევროპაში გადაიტანეს იაფი მუშა-ხელის გამო, შემდგომ კი სულ რამოდენიმე წელიწადში ისინი ჩინეთში გადაანაცვლეს. საქართველოს პირობებში თუკი ქარხნები აშენდება, იქ დასაქმებული ადამიანის შრომა ვერასოდეს ანაზღაურდება ისე, რომ მან შეძლოს ადამიანურად, ღირსეულად ცივილიზებულ დონეზე ცხოვრება. საქართველოში ცხოვრების სტანდარტი კარგა ხანია გასცდა საბჭოთა ცხოვრების სტანდარტს. საბჭოთა კავშირი კი - წარსულია, შუძლებელია წარსულში, უკან დაბრუნება. ტექნოლოგიები წინ მიიწევენ. ადამიანი ვითარდება.


რამოდენიმე სტატია ბიბლიოთეკების გაუქმების შესახებ.

სააკაშვილის დროს დახურული ბიბლიოთეკები
აქციები სააკაშვილის ბიბლიოთეკის წინააღმდეგ
უგულავას დახურული ბიბლიოთეკები
კიკვიძის ბაღის მედიათეკის მშენებლობა




Donnerstag, 5. Februar 2015

ბიორნსტერნე ბიორნსონი: „მამა“

(თარგმანი ნორვეგიულიდან)


ეპარქიის ყველაზე გავლენიან კაცს, რომლის შესახებაც აქ უნდა მოგითხროთ, ერქვა თორდ ოვერაასი. ერთ დღესაც შემართული და სერიოზული გამომეტყველებით, წარდგა იგი მღვდლის წინაშე: „მე ვაჟი გამიჩნდა“, თქვა მან „და მსურს მოვნათლო“.- „რა უნდა ერქვას მას?“ -„ფინი, როგორც მამაჩემს“- და ნათლიები?“- მან დაიწყო მათი ჩამოთვლა: ეპარქიის ყველაზე პატივცემული ბატონები და ქალბატონები, - ისინი მისი ნათესავები იყვნენ,.„კიდევ რამეა?“ იკითხა მღვდელმა და ამოხედა. გლეხი ყოყმანობდა. „მე მსურს, რომ ის მარტო მოინათლოს“ დაამატა მან. „შენ გინდა თქვა, რომ კვირის დღეებში?“ - „ამ შაბათს  შუადღის 12 საათზე.“ - „კიდევ რამეა?“ იკითხა მღვდელმა - „სხვა აღარაფერია“.  გლეხმა გადაატრიალა ქუდი, თითქოს წასვლა უნდოდა. -„და აი, კიდევ რა,“ სწორედ ამ დროს წამოდგა მღვდელი გაემართა თორდისაკენ, დაიჭირა მისი ხელი ხელში, ჩახედა თვალებში და უთხრა: „ღმერთმა ქნას, რომ შენი შვილით დალოცვილი ყოფილიყავ!“
ამ დღის თავზე 16 წლის შემდეგ თორდი კვლავ იდგა მღვდლის წინაშე. „შენ კარგად შენახულხარ თორდ“, თქვა მღღვდელმა, რადგან იგი კვლავ ძველებურად გამოიყურებოდა. „მე ხომ სადარდებელი არაფერი მაქვს“, უპასუხა თორდმა. მღვდელი გაჩუმდა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ მაინც ჰკითხა: „ამ საღამოს რაღას შეუწუხებიხარ?“- „ამ საღამოს ჩემი ვაჟისთვის მოვედი, რომელსაც ხვალ კონფირმაცია აქვს.“ - „ის კარგი ბიჭია.“ - „სანამ ბატონ მღვდელს გასამრჯელოს გადავუხდიდი, მინდა ვიცოდე, რიგით მერამდენე იქნება იგი.“ - „ის იქნება რიგით პირველი.“ - „ძალიან კარგი, - აი, აქ ათი ტალერია ბატონი მღვდლისათვის.“ - „კიდევ რამეა?“ - ჰკითხა მღვდელმა და შეხედა თორდს. - „სხვა აღარაფერია.“ - თორდი იქაურობას გასცილდა.
გავიდა ისევ 8 წელი.ერთ დღესაც მღვდლის სამუშაო ოთახის წინ ხმაური ატყდა, მოვიდნენ კაცები, რომელთაც წინ თორდი მიუძღოდათ. მღვდელმა შეხედა თუ არა მაშინვე იცნო თორდი. „დღეს შენ მთელი ამალა გახლავს თან “- „მე მსურს ჩემი ვაჟის დანიშვნა გამოვაცხადო. მას ცოლად მოჰყავს კარენ სტორლიდენი, ქალიშვილი გუდმუნდისა, რომელიც ახლა თქვენს წინაშეა“. - „ის ხომ ქალაქში ყველაზე მდიდარი გოგონაა“. -„ასეა ეს“, უპასუხა გლეხმა და ხელით თმა მაღლა გადაიწია. მღვდელი რამოდენიმე ხანს იჯდა, თითქოს ფიქრებში ჩაძირული და ხმას არ იღებდა. მერე მხოლოდ სახელები შეიტანა თავის წიგნში, კაცებმა კი - ხელი მოაწერეს. თორდმა სამი ტალერი დადო მაგიდაზე. „მე მხოლოდ ერთი მეკუთვნის“, თქვა მღვდელმა -„ვიცი, მაგრამ ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილია, მსურს ყველაფერი სწორად გამოვიდეს“. მღვდელმა აიღო ფული. „ეს მესამე ჯერია თორდ, შენი ვაჟიშვლისთვის რომ ჩნდები აქ“. -„ახლა კი დავამთავრე ამით“, თქვა თორდმა, დაკეცა თავისი ბლოკნოტი, გამოემშვიდობა და წავიდა, კაცებიც გაჰყვნენ ნელ-ნელა.
14 დღის შემდეგ მამაშვილი ნავში ისხდნენ და მიცურავდნენ წყნარად წყალზე სტორლიდენისკენ, ქორწილის ამბებზე მოსათათბირებლად. „დასაჯდომი წესიერად არაა დამაგრებული“ თქვა ვაჟმა და ადგა, რათა გაესწორებინა იგი. უცებ ფიცარი გაცურდა, რაზეც ის იდგა, ხელები გაიქნია, ერთი დაიყვირა და წყალში გადავარდა.
„მაგრად მოეჭიდე ნიჩაბს“, დაიყვირა მამამისმა, წამოხტა და გაუწოდა იგი. რამოდენიმეჯერ სცადა ვაჟმა მისი დაჭერა, მაგრამ კუნთების კრუნჩხვამ შეუშალა ხელი. „მოიცა“, დაიძახა მამამ და სცადა ახლოს მიცურებულიყო. უცებ ვაჟი უკან გადავარდა, მიაშტრედა მამას და დაიწყო ჩაძირვა.
თორდს არ სჯეროდა, ის აჩერებდა ნავს და დიდხანს აკვირდებოდა იმ ადგილს, სადაც მისი ვაჟი გაუჩინარდა, თითქოს იგი ეს-ეს არის ახლა ამოყვინთავსო. რამოდენმე ჰაერის ბუშტი ამოუშვა წყალმა, მერე კიდევ რამოდენიმე, ბოლოს ერთი დიდი და გასკდა- ტბა კი იდგა ისევ სარკესავით მოპრიალებული
სამი დღისა და ღამის განმავლობაში ხედავდნენ მეზობლები, თუ როგორ დაცურავდა მამამისი იმ ადგილის გარშემო უჭმელ-უსმელი. ის თავის ვაჟს ეძებდა. მესამე დღეს, დილით კი მან ის იპოვნა, გადაატარა მთაზე და წაიღო თავის სახლში. 
ერთი წელი გავიდა მას შემდეგ. ერთი შემოდგომის საღამოს უცებ მღვდელს დერეფანში შრაშუნი და კარების სახელურის ფრთხილი ჩამოწევის ხმა შემოესმა. მღვდელმა კარი გააღო და შერჩა ერთი მაღალი, მაგრამ წელში მოხრილი გამხდარი კაცი თეთრი თმით.
მღვდელი დიდხანს უცქერდა მას, ვიდრე მასში თორდს ამოიცნობდა. „რა გვიან მოხვედი?“ თქვა მღვდელმა და გაჩერდა ჩუმად მის წინ. „ჰო, მართალია, გვიან მოვედი“, თქვა თორდმა და ჩამოჯდა. მღვდელიც იქვე დაჯდა და დაუწყო ლოდინი. სიჩუმე სუფევდა დიდხანს. თორდმა წამოიწყო: „რაღაც მოვიტანე თან, რაც ღარიბებს მინდა გადავცე“. ის ადგა, დადო ფული მაგიდაზე და ისევ დაჯდა. მღვდელმა დათვალა: „ეს ფული ბევრია“- თქვა მან. -„ეს ჩემი კარ-მიდამოს ნახევარია, დღეს გავყიდე“. მღვდელი დიდხან იჯდა მდუმარედ. ბოლოს როგორც იქნა ჰკითხა თანაგრძნობით: „თორდ, რა გინდა ქნა ამიერიდან“ - „რაღაც უკეთესი.“- ასე ისხდნენ ისინი კარგა ხანს, თორდი მზერადახრილი, ხოლო მღვდლის თვალები ზემოდან დაჰყურებდნენ მას. ბოლოს მღვდელმა ნელა და ჩუმად უთხრა: „მე ვფიქრობ, რომ შენმა ვაჟმა შენ ახლა, როგორც იქნა, დაგლოცა.“- „ჰო, ახლა მეც მჯერა ამისა“, თქვა თორდმა და აიხედა. წყვილი ცრემლი მოგორავდა მის ღაწვებზე.  

მთარგმენილსაგან
ბიორნსტერნე ბიორნსონი (1832-1910) ნორვეგიელი მწერალია, რომელიც ნორვეგიულ ლიტერატურაში რეალიზმის წარმომადგენლად გვევლინება. იბსენისაგან განსხვავებით იგი არ არის ურბანული კულტურის წარმომადგენელი, მისი დამახასიათებელი ნიშანი ხალხთან სიახლოვეა. იგი წარმოშობით გლეხების ფენიდანაა. მისი მოთხრობა „მამა“ ჯერ კიდევ მის ახალგაზრდობაშია დაწერილი, რომელიც 1860 წელს დაიბეჭდა მისსავე კრებულში „Småstykker“ (პატარა მოთხრობები).
ამ მოთხრობაში დასაწყისია ძალზედ საყურადღებო, საიდანაც იხსნება ქალაქის ერთი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი კაცის ამბავი. მოთხრობა ძალიან პატარა ზომისაა, მაგრამ სწორედ ამ ორიდ გვერდის განმავლობაში ახერხებს ბიორნსონი, გაშალოს ცხოვრების მთლიანი დრამა. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ იკითხება სტრიქონებს შორის. მოკლე რეპლიკები ავითარებენ მოქმედებას. ავტორი არაფერს ხსნის, ინტერპრეტაცია მკითხველმა უნდა გააკეთოს თავად.
ამასთან პირადად მსურს აღვნიშნო ის, რომ ნორვეგიის ეკლესიის შენობები ყველაზე მოწიწებულია, რაც კი მინახავს დღემდე მსოფლიოში. ნორვეგიისთვის ტიპიური ეკლესიის არქიტექტურულ მოდელს ე.წ. სტავკირკე (stavkirke) წარმოადგენს, ეკლესია, რომლის ძირითად საყრდენ კონსტრუქციას ხის ბოძები (stav. ნორვეგ. ბოძი) წარმოადგენენ და დანარჩენი ნაწილებიც ხისგანაა აშენებული.
მსგავსი ტიპის ეკლესიები ნორვეგიაში 12-13 საუკუნიდან იღებენ სათავეს. დღესდღობით მხოლოდ 33 სტავკირკეა ნორვეგიაში შემორჩენილი და მათი ნახვა ლამის ყველა ტურისტული პროგრამის განუყოფელის ნაწილია. ნორვეგიელთა უნეტესობა, კერძოდ 79 % ევანგელურ-ლუთერანულ ეკლესიას მიეკუთვნება. ამ ეკლესიას უკვე 1961 წლიდან აჰყავს ქალები სასულიერო რანგებში (ხარსიხებში), ხოლო 2013 წლიდან უშვებს ერთსქესიანი ადამიანების ქორწინებას.