Mittwoch, 3. Mai 2017

გახსნილი საზღვრები და ჩიხში შესული ქვეყანა



წლებია საქართველო საერთაშორისო პოლიტიკური ინტერესის საგანს წარმოადგენს - ხან მეტად, ხანაც ნაკლებად - იმის მიხედვით, თუ რა გეოსტრატეგიული მდგომარეობაა კავკასიასა და აღმოსავლეთში, ასევე რუსეთთან მიმართებაში. გადამწყვეტი როლი განსაკუთრებით ენერგო რესურსებს  და მათი მოპოვების გზებს ენიჭება. დაახლოებით 20 წლის წინ, როდესაც აზერბაიჯანში ნავთობის ბუმი ძალებს იკრებდა, პრაქტიკულად ყველა დიდი ევროპული ფონდი და ჰუმანიტარული ორგანიზაცია ბაქოში იჯდა. ეს ფონდები, როგორც საერთაშორისო მოღვაწეობასთან აუცილებელ არსებულ ეტიკეტს - ქველმოქმედების ელემენტსაც შეეფერება, გარკვეული საგანმანათლებლო მისიითაც იყვნენ დაკავებულნი, რის შესახებაც მათ ვებ-გვერდებზე შეიძლებოდა ინფორმაციის მიღება. ინტერნეტი იმ დროისათვის ახალი განზომილება იყო, თუმცა ეს ტექნოლოგია, დროის შესაფერისად, სრულად ჰქონდათ ათვისებული საერთაშორისო ორგანიზაციებს. გერმანული ფოლკსვაგენი, ბოში, ნორვეგიული ოლიეფონდი და სხვა დაწესებულებები ამაყად აცხადებდნენ კონკურსებს კავკასიის ქვეყნების განვითარებისათვის დაწესებულ სხვადასხვა გრანტებზე. ქვეყანებისათვის განკუთვნილი კონკრეტული პროექტების ძიება მათ ვებ-გვერდზე მოთავსებულ საძიებო ჩამონათვალში იყო შესაძლებელი. იძებნებოდა ქვეყანა აზერბაიჯანი და სასომხეთი, რუსეთიც, ყაზახეთიც, მაგრამ არ იძებნებოდა მათ გვერდით საქართველო. შესაბამისად არაფერი იყო განკუთვნილი საქართველოს განვითარებისათვის. ამ გვერდებს სისტემატურად ვაკვირდებოდი რამოდენიმე წლის განმავლობაში, სურათი არ იცვლებოდა. 2004 წელს ეს დაკვირვება შევწყვიტე.

დროთა განმავლობაში საქართველოს გეოსტრატეგიული მნიშვნელობა გაიზარდა. დღეისათვის მთავარ ბიუროს ადგილად მხოლოდ თბილისი დარჩა რიგი ფონდებისათვის, რადგან ბაქოს ავტორიტარული რეჟიმი და სასომხეთის რუსეთის სატელიტობა მათ იქ სრული გაქანებით მუშაობის საშუალებას არ აძლევს. გარდა ამისა, აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების და ამერიკის მიერ საქართველოს მიმართ სტაბილური ინტერესის შენარჩუნების გამო, თბილისი მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოთამაშე გახდა და რჩება.
საინტერესოა, რას წარმოადგენენ ეს ფონდები ზოგადად და რა არის მათი კონკრეტული მისია. რას აკეთებენ ისინი საქართველოში, რა საზოგადოებრივ ძვრებს იწვევენ ფონდებში მივლენილი უცხოელი აკადემიური თუ პრაქტიკული განათლების მქონე ადამიანები და რა მხარდაჭერას აძლევენ, მეორეს მხრივ, უცხოეთში მივლინებულ ქართული საზოგადოების რჩეულ, ელიტური წრის წარმოადგენლებს? საკითხი ვრცელია, სურათი კი არაერთგვაროვანი და არ იძლევა პირდაპირი ამოკითხვის საშუალებას. ზოგადად ცნობილია მხოლოდ ის, თუ რომელი პარტიის მხარდამჭერია ესა თუ ის ფონდი და მათი პოლიტიკური პლატფორმა. მაგალითად, გერმანიის პარტია CDU -ს (ქრისტიან-დემოკრატების გაერთიანება), რომლის თავმჯდომარე გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელია, კონრად ადენაუერის ფონდი უჭერს მხარს. კონრად ადეანუერის ფონდი ასევე მხარს უჭრდა თავის დროზე პარტია ქართულ „ოცნებას“, რომელიც დღეს საქართველოს მმართველ პარტიას წარმოადგენს და ცდილობს, დემოკრატიული გერმანული პოლიტიკური პრაქტიკებისაგან განსხვავებით, საქართველოში პოლიტიკური ველის სრულ უზურპაციას.
მეორე გერმანული ფონდი, რომელიც ფრიდრიხ ნაუმანის სახელს ატარებს და ჰქვია - „ფონდი თავისუფლებისათვის“, გერმანიის პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ზურგის ქარია. პარტია ლიბერალურ პლატფორმაზე დგას და მემარჯვენეობისაკენ იხრება, რომელმაც ზედიზედ ორჯერ წააგო არჩევნები და შესაბამისად, ბუნდესთაგში შესვლის საშუალება. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ პარტია „თავისუფალ დემოკრატებს“, შემოკლებით FDP-ს ანგარიში არ შეუძლია. თუმცა, მათი წლევანდელი საარჩევნო სლოგანია - „პარტია, რომელმაც ანგარიში იცის“. ამიტომაც, სრულებით ლოგიკურია, რომ ეკონომიური საკითხები მათ წლევანდელ საარჩევნო კამპანიაში უკვე უკანა პლანზეა გადაწეული. ისინი სახელმწიფო მოხელეთა შემცირებისა და ქვეყნის ეკონომიური და ეფექტური მართვის მაგიერ, ჩინოვნიკთა აპარატის რიცხვის გაზრდას აპირებენ, კერძოდ - ახალი, დიგიტალიზაციის სამინისტროს მოწყობით, რომლის ფუნქცია ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაციის დიგიტალიზირება იქნებოდა. გარდა ამისა, ბაჟის გაზრდაზე პროპაგანდით - კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთებით, რომ 50 %-ს არ უნდა გადააჭარბოს გადასახადმა, ის გადასახადი იგულისხმება, რომელიც პირდაპირ შემოსავალს წარმოადგენს. მოქალაქეების გადასახადებზე კი, როგორიცაა კომუნალური და მიმდინარე ხარჯები, რომელთა დაწესება სავარაუდოდ ყოველ ჯერზე თავიდან მოხდება, გერმანიას, როგორც სოციალურ სახელმწიფოს ყოველგვარი დამცავი ფუნქცია ეხსნება და ამდენად, დიდი სატყუარაა. აქედან გამომდინარე, არა კონსტიტუციაში რაიმე ტიპის ჩანაწერი, არამედ თანხების შესავალ-გასავალთა სწორი დაანგარიშება და ადამიანის არსებობისათვის საკმარისი რესურსები (თანხებით) ქმნიან სოციალური სახელმწიფოს საძირკველს. ეს პარტია ანალოგიური დასახელების ქართულ პარტიას მფარველობს და ნაწილობრივ მათი ეკონომიური პროგრამის მრჩევლადაც გვევლინება - პერსპექტივა არც თუ ისე სახარბიელოა. 
გუშინ კონრად ადენაუერის ფონდის დახმარებით, „ფაბრიკაში“, გამოფენა „ცივი ომი“ მოეწყო. ისტორიულ ფაქტებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით, რვა ენაზე ნათარგმნი, უკვე სტანდარტიზირებულ მასალაზე გაცნობა ახლა ქართულ ენაზეც შეიძლება. ორი შესავალი სიტყვის შემდეგ გერმანელმა ისტორიკოსმა, პროფესორ როლფ შტაინინგერმა ცივი ომის შესახებ საინტერესო აკადემიური მოხსენება წაიკითხა. ფონდის მმართველმა, თომას შრაპელმა, რომელმაც გამოფენა გახსნა და ნაწილობრივ მოდერატორობაც ითავა, დამსწრე საზოგადოებასთან შენიშნა, რომ წარსულის „გადამუშავება“ და „გახსენების კულტურა“ ადვილი საქმე არაა არც ქართველებისათვის და როგორც წესი, ერთი თაობა მაინც უნდა შეიცვალოს, რომ საზოგადოებამ ამაზე ვნებათღელვების გარეშე შეძლოს საუბარი. იგივე აზრი გაატარა მეორე მოდერატორმაც, მის განკარგულებაში მქონე მცირე დროის მიუხედავად. როგორც სჩანს, ბატონებს მიაჩნიათ, რომ საზოგადოებას სიმართლის მოსასმენად განსაკუთრებული ხანგრძლიობის დრო ესაჭიროება. მაგრამ არც ერთს არ განუხილავს საქართველოს კულტურული სპეციფიკა, რაც ისეთივე საინტერესო იქნებოდა, როგორიც თავად მოხსენება და დამსწრე საზოგადოებას მისცემდა საშუალებას, წაკითხული ლექციის შემდგომ, ცივი ომის დროს, გარე პოლიტიკისადმი, მასში პირდაპირ თუ ირიბად მონაწილე ქვეყნ(ებ)ის შიდა პოლიტიკის, ადამიანების კონკრეტული ბედის დაკავშირებას. გერმანიის „თაობათა კონფლიქტს“, რომელიც 1950-იანი წლებში მიმდინარეობდა ამერიკის ძლიერი მხარდაჭერა ახლდა თან - მატერიალური ისევე, როგორც ინტელექტუალური, ხოლო 1990 წლის რკინის ფარდისა და გერმანიის კედლის დაცემისას, იმავდროულად მოქალაქეთა თვითორგანიზებულმა კომიტეტებმა თავის თავზე აიღეს გერმანიის უშიშროების არქივის კონტოლი და იქ განთავსებული ინფორმაციის გადამუშავება. უშიშროების არქივის, მოკლედ კი -  შტაზის ყველა თანამშრომელი უკლებლივ დათხოვილ იქნა, გარდა დარაჯებისა და მალე ისინიც ჩანაცვლდნენ. მოხალისე ცივილისტებს ჩქარა გვერდით დაუდგნენ დასავლეთ გერმანიის განსწავლული ისტორიკოს-არქივარიუსები და დაიწყეს ცივი ომი შესწავლა როგორც საერთაშორისო, ისე მოქალაქეთა ყოველდღიურობის პერსპექტივიდან. დღეს BSTU-ს არქივის სახელით ცნობილი ინსტიტუცია გერმანიის ახლო წარსულის გამორჩეული მუზეუმია. კონკრეტული ადამიანების მიერ კონკრეტულ ადამიანებზე შექმნილი, ათეულობით კილომეტრობით თაროზე დახარისხებულ საქაღალდეებში არსებული, სისტემატური დასმენის დოსიეები - დაქვემდებარების სტრატეგიები, ძალადობა როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური - შეუძლია ნებისმიერ დაზარალებულმა ან მკვლევარმა გამოითხოვოს და გაეცნოს საკუთარი ან საკუთარი ქვეყნის ისტორიის ბნელ ფურცლებს - მოჰფინოს ნათელი ბნელს. საქართველოსთვის წარსულზე საუბარი, როგორც სჩანს, ჯერ საფრთხილოა. თუ რატომ - ამას შეძლებისდაგვარად გვერდს უვლიან როგორც ავტორიტეტი უცხოელი დემოკრატიზაციის „დამხმარეები“, ისე ქვეყნის შიგნით არსებული კონიუნქტურა (სურათი). რეალობასა და რეალურ საჭიროებას აცდენილი, თვითტკბობაში ჩავარდნილი ევროპელი ჭკუის დამრიგებლები კითხულობენ საქართველოში აკადემიურ ლექციებს, რომელსაც ვერც ახალგაზრდა და ვერც ასაკიანი თაობა ვერ ათავსებს საჭირო რეგისტრში და ვერ აკავშირებს მას რეალობასთან საქართველოზე  და საქართველოში არსებული არასაკმარისი ინფორმაციის გამო. დარბაზში მსხდომთა ერთი მეოთხედი პირველი ათი წუთის განმავლობაშივე წავიდა, მხოლოდ თხუთმეტამდე  ადამიანმა, რომელთა უმეტესობა გერმანელი იყო, შეძლო ორიგინალურ ენაზე მოსმენა, ხოლო სინქრონულად ნათარგმნი მოხსენების დასასრულს სამოცდაათი ადამიანიდან, ორ-სამ ქართველზე მეტს არ გასჩენია საერთაშორისო მეცნიერისათვის შეკითხვის დასმის სურვილი. ღონისძიება, რომელსაც, დამატებით, გერმანიის სახელმწიფო ფონდმაც გაუწია ორგანიზება, უფრო ელიტარული, ვიწრო წრისათვის მოწყობილ მოგზაურობას ჰგავდა - რომელსაც ქართველებისათვის შემეცნების ელემენტი სრულიად აკლდა, ან თუ იყო, იყო დიდწილად არაეფექტური. სამაგიეროდ, გერმანელებს თვითრეალიზაციითა და უცხო ქვეყნის ხილვით ტკბობის საშუალებას უხვად აძლევდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის უშუალო ინიციატივითაც ეს ღონისძიება მოეწყო, ძალიან მონდომებული იყო გამოფენის წარმატებით ჩასატარებლად. მათი უკიდურესად მწირი შესაძლებლობების ფონზე გაწეული სამუშაო, როგორც ღონისძიებისათვის, ისე ზოგადად საბჭოთა წარსულის გადასამუშავებლად, უზარმაზარია. მხოლოდ თავდადებული სიბეჯითის წყალობით შეიძლება იმ შედეგების მიღწევა, რასაც ისინი გრანტის მიღებიდან მორიგ გრანტამდე ახერხებენ. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ საქართველოს არქივებსა და მუზეუმებში ძველი ტიპის ჩინოვნიკები კვლავ მყარად სხედან სკამებზე და თავიანთ დანიშნულებად არქივის ადამიანებისაგან დაცვა მიაჩნიათ, ასევე ნებისმიერ ფასად, დაინტერესებული პირის დაბრკოლება ინფორმაციაზე მისაწვდომად, ადვილი წარმოსადგენია, თუ რა იმედგაცრუებას უნდა იწვევდეს, უფროსი ევროპელი მკვლევარ -კოლეგებისაგან განსხვავებით საქართველოში  (ქართველებისათვის) კვლევა-ძიება. მაშინ, როდესაც ევროპის არქივებსა თუ უწყებებში დოკუმენტების გამოთხოვნა უკვე დიგიტალურ ფორმატში და ხშირად უფასოდ, ან სიმბოლური თანხის სანაცვლოდ შეიძლება, ანაც კვლევის ბოლოს კომპენსირდება, ქართული ეროვნული მუზეუმი და სხვადასხვა დოკუმენტების საცავები ერთი გევრდის ასლისათვის ათობით ლარს ითხოვენ. თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში მიდის. ერთი საშუალო ზომის კვლევისათვის ათასობით გვერდის გამოთხოვნაა საჭირო, მაგრამ საქართველოში „ყველაფერს თავისი ფასი ადევს“ და როგორც წესი, ამ ქვეყანაში მუშაობა ინფორმაციის გადამალვა ჰგონიათ არქივარიუსებს ისევე, როგორც პოლიტიკოსებს.

ტოლს არ უდებს არც სუბიექტი - ქართული ოჯახი, რომელიც უფრო ადამიანების ციხეს წარმოადგენს, ვიდრე ნებაყოფლობითა და სიყვარულით არსებულ გაერთიანებას. არცაა გასაკვირი, რადგან იგი სახელმწიფოსაგან არსებული დამოუკიდებელი ერთეულია, არსებობს მხოლოდ ადამიანების კვლავწარმოებისათვის და სრულიად გამოცლილი აქვს ჯანმრთელობის, სოციალური და ეკონომიური დაცვის ელემენტი. მართალია იგი თავისთავად ეკონომიური გაერთიანებაა, მაგრამ ცივილიზებული ქვეყნებისაგან განსხვავებით, ის სრულიად თავის შესაძლებლობებზეა დაყრდნობილი. ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსის, ადამიანის არსებობისათვის აუცილებელი სერვისი - განათლება და ჯანდაცვა, ქვეყანაში, სრული ბუტაფორიაა. სახელმწიფო განათლება საბჭოთა კავშირში არსებული განათლების სიტემის აჩრდილია, ხოლო ჯანდაცვის სისტემა პრაქტიკულად არ მოქმედებს. 70 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეთათვის ჯანდაცვის საბაზისო პაკეტი უმაქნისია და თანამედროვე ფაშიზმის ფორმას წარმოადგენს, სადაც პენსიონერი საკუთარი მწირი პენსიით, რომელიც 100 დოლარსაც არ უტოლდება, ყიდულობს წნევის და ტკივილის წამალსაც, ანტიბიოტიკსაც და საჭმელსაც, ან აკეთებს არჩევანს და შემდეგ პენსიამდე ელოდება გამოფიტვამდე და ნელ სიკვდილამდე. შედარებით ახალგაზრდები ასევე საკუთარი ჯიბიდან ჰფარავენ თითქმის ყველაფერს. აქაც დიდი მოთმინებაა საჭირო. ამიტომ, ოჯახებისთვის ყველაზე დიდი რესურსი შვილებია და ყოველგვარი ხერხით ცდილობენ ოჯახის მეთაურები, არ გაუშვან ისინი თვალთა ხედვის არეალიდან შორს. ერთი კვირის წინ აღმოსავლეთ საქართველოს აზერბაიჯანული უმცირესობით დასახლებულ რეგიონში 17 წლის წარმატებული მოსწავლე გოგონა 10 წლით უფროსმა მამაკაცმა ქორწინების მიზნით  სკოლიდან გაიტაცა. არადა ეს დანაშაული წინა ხელისუფლების დროს პრაქტიკულად აღმოფხვრილი იყო და პოლიტიკური ნების შემთხვევაში მისი ერთი ხელით გაქრობა კვლავაც შესაძლებელია. ორი დღის განმავლობაში ტიროდა გოგონას ოჯახი და უმოქმედო იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მაშინ, როდესაც მამაკაცის ახლობლებთაგან ყველამ უკლებლივ იცოდა, თუ სად ამყოფებდა მათი ნათესავი გატაცებულ გოგონას. ორი დღის გასვლის შემდეგ ტვინგამორეცხილი და დაშინებული გოგონა „ნებაყოფლობით გაჰყვა“ მომტაცებელს. მოტაცების ფაქტის დაფიქსირების გამო გამტაცებელმა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ბიუჯეტს ჯარიმა გადაუხადა და „ბედნიერი ქორწილის“ ზეიმიც შესაძლებელი გახდა. როგორც სჩანს, ბიუჯეტში საკმარისი თანხები შედის, რათა არც ქართველ ჩინოვნიკებს მოაკლდეთ ბაირამობდა და დღესასწაულები. ტენდერები, რომლებიც ჩინოვნიკებისათვის ასობით კილოგრამი შოკოლადისა და კიდევ უფრო დიდი რაოდენობის საზამთროს საყიდლად იხარჯება, ამაზე მეტყველებენ. იგივეს ადასტურებს მილიონობით ლარის ოდენობით გაცემული მხოლოდ პრემიები - ბატონყმობის ლეგალური დემონსტრაცია.
ოჯახში ჩაკეტილობის პრობლემა, თუ კარგად დავაკვირდებით, მხოლოდ ეროვნულ უმცირესობებს არ ეხებათ. ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ერთმა საზღვარგარეთ მცხოვრებმა და მოღვაწე ქართველმა ქალმა, კეთილი ნების გამოხატულებად, ნებისმიერი ლტოლვილი ახალგაზრდა გოგონას თავისთან სტუმრობის შესახებ გამოაცხადა. გამოჩნდა ლტოლვილი გოგონაც და მოგზაურობის სურვილიც, მაგრამ იქვე გაჩნდა მამაც, რომელმაც 20 წლის ზრდასრულ ქალიშვილს საზღვარგარეთ გამგზავრება აუკრძალა. როგორც სჩანს პრობლემა უფრო გეოგრაფიულ-კულტურულია, ვიდრე ეთნიკური. შვილისათვის ვერც განვითარების ეშხმა და ვერც ნაჩუქარი ბედნიერი დღეების შესაძლებლობამ ვერ მოალბო სასტიკი მამის გული, რომელიც დიგიტალურ განზომილებაში გადაყვანილი საზოგადოების ნაწილია, პაუზის ღილაკ-დაჭერილი. გუშინ საპატრიარქოს წინ სხვა ქალმა ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე - მან გადაწყვიტა თავი მტკვარში დაეხრჩო. სამწუხაროდ, ქართული სახელმწიფო ადამიანებს გამოუვალ მდგომარეობასა და სუიციდს შორის არჩევანის გაკეთების საშუალებას აძლევს. სხვა გამოსავალი მიგრაციაა, რაც უკვე განუწყვეტელ რეჟიმში მიმდინარეობს, გაურკვეველი შედეგებით. დიქტატორული წესრიგის აგენტ-დეპუტატები (მაგ. ზაქარია ქუცნაშვილი და სხვები) კი, გამუდმებულ რეჟიმში, მორალსა და ღირსებაზე აპელირებენ.

გერმანელი მწერალი, ბერთოლდ ბრეხტი „სამგროშიან ოპერაში“ ბურჟუას, რომელიც ღარიბს უღირს საქციელზე მიუთითებს, ღარიბის პირით წამოაძახებს:
-„ჯერ მოდის სათქვლეფი.  შემდეგ მორალი. თუ ასე არაა, მაშ რით არსებობს ადამიანი?“

როგორც სჩანს, ქართველებმაც საკმარისად უნდა დაღეჭონ ეს სიტყვები- "ღირსება"-ცა და "მორალი"-ც, რომ სამკურნალო ნივთიერებების გამოყოფა დაიწყოს. მერე მათი გადაფურთხებაც შეიძლება. ასე მოხდა გერმანიაში და ალბათ ასე მოხდება ჩვენთანაც, მაგრამ გვახსოვდეს: განა ყველა კაცი კაცია და ყველა გერმანელი გერმანელი?! ისე კი, დამნაშავისათვის დანაშაულზე საუბარი ყოველთვის „ჯერ ადრე“ იქნება, ხოლო მსხვერპლისათვის ყოველთვის დაგვიანებული, ამიტომ, არჩევანის გაკეთება საღად მოაზროვნე მოქალაქეების ვალია დაუცველი ადამიანების წინაშე.