Donnerstag, 20. August 2015

შემოსვლა საქართველოში

თითქმის ერთი კვირა ხდება, რაც გზაში ვარ, საქართვლოსკენ.
ყოველ ჯერზე დიდი ცნობისმოყვარეობით ვაკვირდები კულტურის მიერ გამოწვეულ მენტალურ განსხვავებებს და შესაბამისად ადამიანების ქცევის თავისებურებებს გეოგრაფიული ადგილის შეცვლისას. აეროპორტშივე თვალში მომხვდა ერთი შუახნის, რუსულ ენაზე მოსაუბრე ქალბატონი. საუბრის ტონითა და ჩაცმულობით საბჭოთა კავშირის უფროსი ძმის, რუსეთის სოციალისტური რესპუბლიკის საშუალო განათლებული ფენის ტიპიურ დაკონსერვებულ წარმომადგენელს განასახიერებდა. თვით შორსმხედველობისთვის დამზადებულ, მზისა და ავდრისთვის დაბინდულ სათვალესთან შესისხლხორცებულობა ამ ქალის თვითდაჯერებულობას ერთიორად უსვამდა ხაზს. ქალიშვილი, რომელიც თან ახლდა, დედის ფასეულობებს სავარაუდოდ უკვე მხოლოდ ნაწილობრივ იზიარებდა. მგონი "რუსი გერმანელები“ იყვნენ, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, საბჭოთა კავშირი მომაგონდა და ესეც საკმარისი აღმოჩნდა ჩემი "შთაბეჭდილებების ხურჯინისათვის".
თვითმფრინავში დავჯექი თუ არა, ჩემს გვერდით სასიამონო გარეგნობის, მოკლე, დაქარგული წითელი ჩითის კაბაში ჩაცმული გოგონა დამხვდა, რომელმაც ჩემი ყურადღება ჯერ კიდევ ტრანსპორტში ასვლამდე მიიქცია,  მსუბუქი ხელჩანთით მშვიდად რომ ელოდებოდა ჩასხდომას. ჩვენი თვითმფრინავი გასვლას ცოტათი იგვიანებდა. ერთიორი სიტყვა გავცვალე თუ არა ჩემს თანამგზავრთან, აღმოჩნდა, რომ ისიც თბილისში მოდოდა, იენაში დაესრულებინა ერაზმუსის ერთსემესტრიანი სტუდენტური გაცვლითი პროგრამა, ეკონომიკას სწავლობდა, თელავიდან იყო. რა დამთხვევაა! წინა ჯერზე რომ ვიმგზავრე ბერლინიდან, მაშინაც ქართველ გოგონას დავემგზავრე, ისიც თელავიდან იყო წარმოშობით, ერაზმუსის პროგრამით იურიდიული ფაკლულტეტის მორიგი სემესტრი დაეხურა მასაც იენაში და საქართველოში ბრუნდებოდა. კარგა ხანს ვისაუბრე მაშინ მასთანაც სტამბოლის აეროპორტში, სანამ გაფრენის დრო მოგვიწევდა.
ორივემ, სალომემაც სოფომაც აფრენის წინ ჩუმად ილოცეს, რათა მშვიდობით ჩავფრენილიყავით დანიშნულების ადგილზე.
სტამბოლში ჩასული, ამჯერად ჩემს თანამგზავრს იმ იმედით დავემშვიდობე, რომ თვითმფრინავში ისევ ერთმანეთს შევხვდებოდით, მაგრამ თბილისის რეისი სავსე აღმოჩნდა და სტიუარდესამ წინასწარ დარეგისტრირებული ადგილების დაკავება გვთხოვა. ერთ თანამგზავრს, ფანჯარასთან მოკალათებულს, უკვე ეძინა. დავჯექი თუ არა, ცოტა ხანშივე ახალგაზრდა მამაკაცი მომიჯდა გვერდით, ალბათ 30 წლისაც არ იქნებოდა. მომიჯდა კი არა, უფრო სწორად დაღლილ- დაქანცული, უმძიმესი "ვაი დედა"- თი სკამზე დაეშვა. ერთი კი გავიხედე გვერდზე, რამე ხომ არ უჭირს- მეთქი, მაგრამ ჯანსაღი სხეულის პატრონი უნდა ყოფილიყო, არც ზედმეტი წონა ჰქონდა და საკმაოდ ახალგაზრდაც იყო მსოფლიო დარდისა და ვარამის სატარებლად, ამიტომ ეს მიზეზი გამოვრიცხე, სხვების ძიებას კი აზრი არ ჰქონდა, მასთან საინტერესო არაფერი იყო, თავადაც ჯიბიდან აიფონი ამოიღო, ყურსასმენები ყურებზე დაიდო და სკამს გახდილი პიჯაკივით გადაეფინა.
დანარჩენი მგზავრები ჯერ ისევ აგრძელებდნენ სალონში შემოსვლას. წინა რიგები ორ გერმანელმა წყვილმა და თინეიჯერ პოლონელებმა დაიკავეს. ხალისიანდ შეაგდეს თავიანთი ზურგჩანთები საბარგულში და იქვე სკამებზე მოიკალათეს.
თვითმფრინავი გასვლას აგვიანებდა. თურქულ კომპანიას, რომელიც თვითმფრინავის მეპატრონე იყო, დაგვიანების არც მიზეზი და რაც სავარაუდო ხამგრძლიობა ჩვენთვის არ უცნობებია. ერთი საათის დაგვიანებით ჩამოვფრინდით. საბაჟო საკონტროლო პუნქტი კეთილსინდისიერად აკეთებდა თავის საქმეს, რიგი ჩქარა მიდიოდა. რეისის დაგვიანებით გამოწვეულ ცუდ განწყობას მგზავრებს მებაჟეების მიერ საჩუქრად ღიმილით გადაცემული ნახევარ ლიტრიანი საფერავი უცებ უცვლიდა. რეგისტრაციაში გატარებული პირადობის მოწმობასთან ერთად იესოს, მარიამისა და ნინოს მინი ხატებით შემკულ მინის გამჭვირვალე კვადრატში მჯდომმა მებაჟემ, რა თქმა უნდა, მეც გამომიწოდა ტრადიციული ქართული ღვინით სავსე ნახევარლიტრიანი ბოთლი და კარგი დროის გატარება მისურვა; როგორც მამულიშვილს, თუ როგორც ტურისტს,- ეს უკვე ჩემი გადასაწყვეტი იყო.
და აი, რამოდენიმე წუთში ფეხი სამშობლო მიწას დავადგი, ღვინის ბოთლი მამაჩემს მივაწოდე ბარგის ნაწილთან ერთად და სახლის ბნელ გზას დავადექით.
შემდეგი  რამოდენიმე დღე ჩემთვის ყველაზე მნიშველოვანი ადამიანების ნახვას და მოსიყვარულებას მოვანდომე და აქაურობას შევერიე.
სიცხისა და გათანგულობის გამო ცოტა ხნით ბორჯომს მივაშურე. მანქანაში რამოდენიმე მგზავრის ცალმხრივი სატელეფონო ლაპარაკის უნებლიე მსმენელი გავხდი. არ დამითვლია, მაგრამ ყოველი ზარის საუბარში რამოდენიმეჯერ მეორდებოდნენ სიტყვები: „ რავი", „არვი", „აბარავი". ვეჭვობ, ვერც როგორც ორმხრივი საუბრის მონაწილეს, რაიმე გამეგო აღნიშნული დიალოგებიდან.
სოფელში ჩასვლისთანავე მეზობლის რძალმა შემოაღო ჭიშკარი. ათ წუთში უკვე ვიცოდი, ვინ მოკვდა, ვინ საზღვარგარეთ წავიდა, ვინაა ჩამოსული ქალაქიდან დასასვენებლად, რამდენი სახლი დაცარიელდა…
თემოს ძმა, გიორგი, მისთვის ცალკე აშენებულ სახლს ყიდის თურმე, მშობლებმა რომ აუშენეს, შენი სახლი გქონდეს ცალკეო. გიორგის სოფელში ცხოვრება არ უნდა, არც არასდროს უცხოვრია აქ, თავისი ცოლის ოჯახში ჩაესიძა. თემო კი მშობლების სახლში დაწვრიშვილდა და იქვე დარჩა. მათი და, ლელა, გათხოვდა. რამოდენიმეჯერ კარგა ხნითაც იყო ჩამოსული სოფელში, ამბობენ, ქმართან ჩხუბი მოსდიოდა და დედულეთში მორბოდაო. ქმარი ყოველთვის მალევე აკითხავდა და უკან მიჰყავდა ლელა, ძმის კარზე როდემდე უნდა იყოო. ლელას არც ამ სოფელში და არც სხვაგან სახლი არ აქვს, მშობლებს მისთვის არაფერი აუშენებიათ. ლელა სკოლის დამთავრებისთანავე გათხოვდა, კარგი ბიჭი იყო თურმე, ვინც ეძლეოდა და მშობლებიც დაეჩქარნენ.
ზურა და ხატია პალიკოს შვილები არიან. ხატია ადრე გაათხოვეს, ზურა მშობლებთან დარჩა. ზურას ორი ბიჭი ეყოლა და რადგან მეორე ბიჭისათვის ცალკე სახლი ვერ ააშენა, მამისეული სახლი გაუყვია ორ ნაწილად. თითქმის ისე, როგორც ევროპაშია, ერთ სახლში რამოდენიმე ოჯახი რომ ცხოვრობს იზოლირებულად, ცალკე შესასვლელით, ცალკე საპირფარეშოებით, საერთო ბაღით და საერთო ჭიშკრით. პალიკო წელს გაზაფხულზე გარდაცვლილა.
იზოს ოთხი გოგო და ერთი ბიჭი ჰყავს. მანაც დაათხოვა გოგოები. სახლ-კარი ბიჭს გადააწერა, მაგრამ შიგადაშიგ გოგოებიც სტუმრობენ ხოლმე იზოსა და მის ქმარს. იზოს ბიჭი უხასიათო ვინმე გამოდგა, თან ამ ცხოვრებასაც ვერ გაუგო ვერაფერი. ხშირად თავის დებსაც უმიზეზოდ ებუზღუნება.ამას წინათ სტუმრად მისული ანა ისეთ დღეში ჩააგდო, ლამის ბავშვიანად სახლიდან გარეთ გამოუძახა. მისი ნერვები შეპასუხებას ვერ იტანს. მერე უნდოდა ცოტა ხნით მარტო დარჩენილიყო მამისეულ სახლში სიმშვიდის დასაბრუნებლად, გამოდიოდა, რომ ანას თავის ბავშვთან ერთად მშობლების სახლი დროებით უნდა დაეტოვებინა, მანამ, სანამ შალვა დამშვიდდებოდა.
დედამისიც ძალიან სწუხს შალვას ნერვებზე, მაგრამ უფრო მეტად მის ქონებრივ მდგომარეობაზე. მამა-პაპის ტრადიციების გამგრძელებელი ეს ერთი ბიჭი ჰყავს და აბა სახლს ხომ არ დაუნაწევრებდა და დააქუცმაცებდა და გოგოებსაც დააწერდა თითო ოთახს საჯარო რეესტრში კანონით. თანამედროვე, ცივილიზებულ კანონებს იზო არ სცნობს, ის ტრადიციული ადამიანია, მორწმუნე ქრისტიანი და პენსიონერი, ისევე, როგორც მისი მეუღლე. მათ თავიანთი კუთვნილი მწირი ხანდაზმულობის პენსია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეხდებათ. ეს თანხა კი საკმარისი არაა იმისათვის, რომ მათ სახელმწიფო „იწამონ“.
თანამედროვე კანონის თანახმად შალვა მოძალადეა, შესაბამისად მოძალადეა იზოც.
საქართველოში არსებული სასაქონლო ფასებისა და თანამედროვე მასშტაბების მიხედვით სახელმწიფოც მოძალადეა, ის ადამიანებს აიძულებს დაიჯერონ ზღაპრები.

თბილისისკენ მომავალს, მორიგმა მძღოლმა, ჩემთვის უკვე ასე კარგად ნაცნობი არსებული ტრადიციული საზღვრები რუსების მობილური „სამშვიდობო“ საზღვრებივით ველურ ხახაში გადაუშვა და ახალი გამყოფი ხაზი გაავლო. მან მოახერხა ჩემი განცვიფრება ქართული თანამედროვე ეთნოპოპის ცინცხალი შედევრ-ტექსტებით, რომლებზეც პარალელური კი არა, „ნამდვილი ქართული კულტურა“ იმყნობა. ამონარიდს ამ სიმღერის ავტორ ელგუჯა უძილაურის ლექსიდან აქვე მოვიყვან და თავად განსაჯეთ:

„...კვლავ აღარ მოგიხმობ, ვით სატრფოს ქორბუდა,
ხეობებს არ შევძრავ მოთქმით და ძახილით,
არ მინდა სხვის მკლავზე ნაწოლი დიაცი,
არ მინდა სხვის ხელში დამჭკნარი ვარდები…"

(სიმღერა იხ. აქ https://www.youtube.com/watch?v=ATwepGWYzg0 )

სულ მიკვირდა, რატომ არის, რომ როგორც ევროპაში მაცხოვრებელ მეორე-მესამე, მაგრამ ჯერ ისევ ვერინტეგრირებულ თურქებთან, ისე ამასობაში ევროპაში "კარგადმოწყობილ“ უცხო „ენაათვისებულ“ ქართველებთანაც იშვიათობას არ წარმოადგენს სამშობლოდან იმპორტირებული თვალშისაცემად ახალგაზრდა საპატარძლოები. ამასთან, თუკი თურქები ევროპელი, „ადგილობრივი პატარძლის“ ან საცოლის მიერ მათი ენის არ-ცოდნას, როგორც მნიშვნელოვან ხელისშემშლელ ფაქტორს დიდი ოჯახის ფუნქციონირებისთვის ასახელებენ, ქართველი ბიჭებისა და კაცებისათვის წინა პლანზე ევროპელი გოგოების, როგორც სავარაუდო საპატრძლოდ „გაფუჭებულობა“ სახელდება. შესაბამისად სამშობლოში მაცხოვრებელ ქალებს ევროპული განათლება „აფუჭებს“.
სადღაც შუა გზაზე მძღოლმა წყლის დასალევად გააჩერა. მეც გადავედი და წყლის ასავსებად ცარიელი ბოთლებით ხელში მდგარ ორ ქალბატონს უკან ამოვუდექი. ქალები შვიდი მომაკვდინებელი ცოდვის დასახელების ერთად გახსენებას ცდილობდნენ და თვლიდნენ: ამპარტავნება, ავხორცობა, ნაყროვანება, მრისხანება, შური…
სასმელი წყლის სათავესთან გულგრილად მიმოფანტული ცარიელი პლასტმასის ბოთლები და გახრწნილი ნაგავი იქაურობას ტურისტისათვის საშინელ შესახედავს ხდიდა. 
ათ წუთზე უფრო სწრაფად მანქანაში დავბრუნდით და მგზავრობა გავაგრძელეთ. საგზაო ნიშნების მიხედვით ამოვიკითხე, რომ ბორჯომ- ბაკურიანის ეპარქიიდან სურამისა და ხაშურის ეპარქიაში გადავედით. 

ტურისტი თუ მამულიშვილი?!-არ ვიცი დავსვი თუ არა ეს კითხვა სათავეშივე სწორად.