Donnerstag, 1. August 2019

გავრილოვიადა საქართველოში: ერთმორწმუნე აპრილში, ერთმორწმუნე მაისში, ერთმორწმუნე ივნისში და ივლისშიც...


სულ თავიდან ამჯერად ვერ დავიწყებ, მაგრამ შევეცდები საქართველოში რუსული ექსპანსიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასაყრდენის, რელიგიის და „ერთმორწმუნეობის“ გავრცელების ბოლო დროის ზოგიერთი „საკვანძო“ მოვლენის აღწერას.
ისევე როგორც ყველაფერს, რა თქმა უნდა ამასაც აქვს თავისი მიზეზი. უმიზეზოდ არაფერი ხდება!

ამასთან, დასაწყისშივე უნდა აღვნიშნო ის განსაკუთრებული ამბავი, რომ საქმე პრაქტიკულად აბსურდულ სიტუაციასთან გვაქვს-ოფიციალურად მე-4 საუკუნეში გაქრისტიანებულ საქართველოს მრწამსს 988 წელს, ანუ მე-10 საუკუნეში ქრისტიანობამიღებული მეზობელი ქვეყანა, რუსეთი უწუნებს, შეაქვს რა თავისი „კორექტივები“ პირველ რიგში „წმინდა მარიამის წილხვედრი“ ქვეყნის მაცხოვრებელთა ქცევის მორალურ წარმოდგენებში.
მართალია, ქრისტიანობა და ბიბლია -  იგივე წიგნთაწიგნი, თავის დროზე მორალს და ამდენად ადამიანთა ეკონომიკურ თანაცხოვრებას აწესრიგებდა, თუმცა დასავლურ ცივილიზაციებში მორალი დიდი ხანია დაწერილმა კანონებმა ჩაანაცვლეს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში დაწერილი კანონების 60%-ს გერმანული კანონები შეადგენენ მაშინ, როდესაც ინგლისური და ამერიკული სამართალწარმოებაც პრეცედენტებისა თუ საერთო შეთანხმების საფუძველზეა ამოზრდილი.
შეხვდებოდა თუ არა ორი კაცი (ადამიანი) ერთმანეთს, სახელმწიფოც იქვე იწყებოდა; ძველ რომალებთან არსებობდა კანონი „Verträge muss man halten“ [პირობა პირობაა], რაც იმას ნიშნავდა, რომ ხელშეკრულებები და დადებული პირობები შესრულებული უნდა იქნეს. ამ ჭრილში საინტერესო იქნებოდა შეკითხვები:
1. რა ფასი ჰქონდა და აქვს ზოგადად (ქართველის) სიტყვას?
2. რა ფასი ჰქონდა და აქვს (პირობითად ინგლისელი) ჯენტლმენის სიტყვას
3. რა ფასი ჰქონდა და აქვს (პირობითად გერმანელის) ღირსეულ სიტყვას ("Ehrenwort")
4. რა ფასი ჰქონდა და აქვს თუნდაც (თურქის) ნამუსიან სიტყვას (სიტყვა "ნამუსი" თურქულია).
მიუხედავად იმისა, რომ, მაგალითად გერმანელები ლამის ნებისმიერი შეთანხმებისთვის წერილობით ხელშეკრულებებს დებენ, ისინი ზეპირ შეთანხმებასაც იშვიათად არღვევენ. გარდა ამისა, თუკი საქმე სამართალსა და სამართლიანობაზე მიდგება და რაიმე შეთანხმებისთვის მხარეებს წერილობითი ხელშეკრულება არ დაუდიათ, გერმანიაში ინგლისისავით მოქმედებს „…auch mündliche Verträge sind Verträge.“ [ზეპირი პირობაც პირობაა], რომლის  სამართლებრივ დოკუმენტად წერილობითი გაფორმება ნებისმიერ დროს შესაძლებელია (საქართველოში წინასააარჩევნოდ მიცემული დაპირებების არ-შესრულებაც ნებისმიერი სამართლებრივი ნორმით სწორედ რომ ხელშეკრულების გაუქმების პირობად უნდა ჩაითვალოს). 
ზოგადად კანონების წერა წიგნიერებასთან პირდაპირ კავშირშია და დისკურსს (განგრძობითობას, ამ შემთხვევაში - ფასეულობის უწყვეტობას) ქმნის. 

საბჭოთა დროში, საქართველოში, ლამის ყოველ 20 წელიწადში ერთხელ ბიბლიოთეკები არასაჭირო ლიტერატურისაგან „სუფთავდებოდნენ“, ცარისტული რუსეთიც პირველ რიგში საქართველოს სტამბებს აოხრებდა. 1709 წელს ანთიმოზ ივერიელის მიერ საქართველოში დაარსებული პირველი სტამბის აღდგენა, რომელიც შემდგომში სპარსელებმა დაარბიეს, მხოლოდ ერეკლე მე-2-მ შეძლო. 1783 წლის ტრაქტატის შემდეგ კი, მასობრივი რუსიფიკაციის და ქართული ნაბეჭდი ტექსტების პრაქტიკულად სრული გაქრობის შემდეგ, სოლომონ დოდაშვილი გეგმავდა ქართული ბიბლიოთეკისა და ქართული სტამბის კვლავ დაარსებას. ერთ მეგობარს მაგ. იგი წერილში სწერდა: „ენის სიმდიდრე ცნობიერების, აზროვნების სიმდიდრეა. ლიტერატურის აყვავება ერის აყვავების გამოხატულებაა.“ მან ცენზურის გატუტუცებით დაარსა „ტიფლისსკიე ვედომისტი“, სადაც ეროვნულ იდეებს აღვივებდა, მაგრამ გაზეთი ძალიან მალე დაიხურა.
ასევე ტფილისის გიმნაზიაში გამოვიდა რამოდენიმე ნომერი ნიკოლოზ ბარათაშვილის მიერ დაარსებული ქართული ხელნაწერი ჟურნალისა, როგორც მისსავე გიმნაზიის რუსული ჟურნალის კონკურენტი. სამწუხაროდ ტფილისის გიმნაზიის ბიბლიოთეკას ცეცხლი გაუჩნდა და როგორც ეს ხელნაწერი ჟურნალები, ასევე სოლომონ დოდაშვილის მიერ ხელით ნაწერი რამოდენიმეტომეული უნიკალური ნააზრევი გაანადგურა.
იმ დროისათვის საქართველოს შიგნით ქართული ბეჭდური მედია საერთოდ აღარ გამოიცემოდა.
შემორჩენილია ერთი ცნობა, რის მიხედვითაც 1836 წელს საქართველოს სამხრეთ საზღვართან, ვინმე იოსებ ხუციშვილმა, საკუთარი ხელით დაამზადა ქართული სტამბა და დაიწყო ქართულად ჯერ სასულიერო, შემდე საერო სასწავლო შინაარსის წიგნების ბეჭდვა. მან გახსნა კერძო სკოლაც და ასწავლიდა ბავშვებს. დიდი ხნის განმავლობაში დოდაშვილის „ტიფლისსკიე ვედომოსტი“-ში დაბეჭდილი ქართული ნაწარმოებები და ხუციშვილის სტამბაში გამოშვებული წიგნები ქვეყანაში ერთადერთი, ქართულ ენაზე გამოცემული ნაბეჭდი ტექსტები იყვნენ მანამ, სანამ ისინი 1870 წელს არ განადგურდნენ რუსი მოხელეების მიერ, როგორც უკიდურესად ნაციონალური შინაარსის მატარებლები.

როდესაც 1991 წელს დამოუკიდებელმოპოვებულმა საქართველომ თავისი პირველი კონსტიტუცია მიიღო, საჯაროდ მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის დამატება-შესწორებები გამოდიოდა, ხოლო თავად კონსტიტუციის ტექსტი რამოდენიმე ეგზემპლარად იდო ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. შესაძლოა იგი მოიძებნებოდა ზოგიერთი კერძო მოქალაქის ბიბლიოთეკაშიც. ეს მაგალითი კარგად ასახავს საქართველოში ბეჭდვისა და ამდენად, ერთიანი სტანდარტის, გნებავთ საერთო შეთანხმების (რასაც ერის თანხმობასა და კონსოლიდაციასაც ეძახიან) კატასტროფულ მდგომარეობას, ან მის არარსებობას, რომლის გამოსწორებასაც უკვე ნელ-ნელა 2003-2012 წლამდე დაარსებული ახალ-ახალი სტამბები ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. 2012 წლიდან სტამბა სტამბაზე კოტრდებოდა და იხურებოდა. თუმცა სტამბების საქმე, მედიაში გაბნეულ ცალკეულ სტატიებს თუ არ ჩავთვლით, სისტემატური კვლევის ღირსად ჯერ არავის მიუჩნევია. საუკუნეებია უწიგნურობის აჩრდილი საქართველოს თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია. საუკუნეების განმავლობაში რუსული ენა ფილტრივით იყო ჩაშენებული საქართველოსა და გარე სამყაროს შორის, ხოლო მშობლიური ქართული ენა ისე იყო კონტროლისა და წნეხის ქვეშ მოქცეული, რომ იგი მხოლოდ რობოტებად შტამპავდა საქართველოს მოსახლეობას. დიახ, სწორედ რობოტის ანალოგს წარმოადგენდა საბჭოთა ქართველი ჰომოსოვიეტიკუსი, რომელსაც მხოლოდ იმ მცირედის კვლავწარმოება შეეძლო, რისი სწავლისა და წაკითხვის უფლებაც მისცეს მას. შემოქმედება, თვითგანვითარება, თამაში, ინიციატივა, ხელოვნება, ფერადოვნება, კითხვების დასმა - ოოო, ეს ყველაფერი ძალზედ საშიში იყო კომუნისტური პარტიის მიერ ერთხელ აღებული ხაზისათვის, მწკრივიდან გარეთ ცეკვას კი ნომენკლატურა თითქმის არავის ჰპატიობდა. სწორედ ამიტომ უკეთ აზროვნებს და მეტ წინააღმდეგობას უწევს რუსეთს დღეს უკრაინა, მიუხედავად მის თავს დატეხილი ჰოლოდომორისა, სტალინიზმისა და საბჭოთა სხვადასხვა, უკიდურესად გამანადგურებელი რეპრესიებისა. უკრაინელს ხომ არ სჭირდებოდა თვისობრივად ახალი ენის სწავლა, რადგან რუსსა და უკრაინელს სასაუბროდ თარჯიმანი არ სჭირდებათ! რუსულად კი გაცილებით მეტი საგნობრივი და დარგობრივი, უბრალოდ გონების გასახსნელი ლიტერატურაც მოიპოვებოდა.

2012 წლისათვის, როდესაც ხელისუფლება ოპოზიციამ მშვიდობიანად გადაიბარა და დემოკრატიისა და დასავლური ცივილიზაციის მშებებლობა კი არა, მთლად „გასაოცარი დემოკრატიის“ („გასაოცარ დემოკრატიას“ ქვემოთ კიდევ დავუბრუნდები) მშენებლობა აღუთქვა ამომრჩეველს, ბევრს ალბათ გამორჩა ის ყურადსაღები ამბავი, რომ 2013 წლიდან საქართველოს სკოლებში კვლავ აღდა რუსული ენის სავალდებულო სწავლება. ამ ამბავს ალბათ ვერ შევაფასებდი ჯეროვნად, რომ არ მცოდნოდა 2004 წლიდან ჩატარებულ სასკოლო რეფორმების შესახებ, რომელიც სახსრების უქონლობისა და ამდენად თავისი ზედაპირულობის გამო, მაინც მიღწევა იყო დიქტატურის რეჟიმიდან ქვეყნის ახალ, თავისუფალ რელსებზე გადასაწყობად. სკოლებში ისევე, როგორც ეს დასავლურ ქვეყნებშია დამკვიდრებული, პირველ სავალდებულო უცხო ენად რუსულის ნაცვლად ინგლისური დამკვიდრდა, რითაც საქართველო, ერთის მხრივ, რუსეთის ორბიტას შორდებოდა, ხოლო მეორეს მხრივ ევროპაში ინტეგრაციისათვის ყველაზე სტრატეგიულ იარაღს - ცივილიზებულ საკომუნიკაციო ენას ირჩევდა. ტყუილად არ მიიჩნევენ დასავლელი და ასევე რუსი მეცნიერებიც ენასა და ენობრივ პოლიტიკას სახელმწიფო უშიშროებისა და სტაბილურობის მთავარ ქვაკუთხედად.

უცნაურია, მაგრამ „ოცნების“ პრორუსული პოლიტიკის პრაქტიკულად ყველა გადაწყვეტილება მხოლოდ გადაწყვეტილების დანერგვის შემდეგ ხდება ცნობილი, ხშირად რამოდენიმე წლის შემდეგაც კი, როდესაც უმეტესად პირადი აზრების გაცვლის შემდეგ ვიღაც ინტერესდება და ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს იწყებს ტენდენციის გამოსაკვეთად. არადა, 2012 წლიდან ქვეყანაში კვლავ პრორუსული პოლიტიკის გატარების სრული სურათი დიდი ალბათობით გაცილებით მძიმეა. საგულისხმოა, რომ 2103 წლიდან რუსული ენის სკოლებში დაბრუნებით საქართველო ისევ სტალინიზმის გზას დაადგა, როდესაც 1924 წელს სტალინმა ჯერ ლენინის მიერ დანერგილი საბჭოთა კავშირის ერების კორენიზაციის, იგივე ეროვნული ენის პოვნა-თვითდამკვიდრების პოლიტიკა შეწყვეტა და 1938 წელს შემოიღო რუსული, როგორც საყოველთაოდ სავალდებულო ენა საბჭოთა კავშირის ყველა საგანმანათლებლო სკოლაში.
(ზოგიერთი დეტალი საბჭოთა ენობრივ პოლიტიკაზე აქ: http://www.nplg.gov.ge/user_upload/SPRACHPOLITIK-PP_1.pdf).
მიუხედავად იმისა, რომ სტალინიზმს დიდი ხანია იკვლევენ, ჩემის აზრით, იგი ჯერ კიდევ არაა საკმარისად გამომზეურებული. სტალინიზმის მთავარი „სამარკო ნიშანი“ ტოტალური განადგურებაა, დესპოტიზმი, რითაც იგი ცარიზმისაგან პრაქტიკულად დიდად არც განირჩევა. მეტიც, სტალინიზმი უფრო უარესია, ვიდრე ცარიზმი, რადგან ცარიზმში გარკვეული სტრუქტურები, გნებავთ სიფრთხილე იკითხება, ხოლო სტალინიზმი ტლანქად და სისტემატურად შლის და ანადგურებს ყველაფერს, რასაც შემდგომში თუნდაც ჩანასახში რაიმეს შექმნა შეუძლია. ამის ნათელი მაგალითი 1937 წლის რეპრესიების გარდა უკრაინის მიმართ 1932/1933 წლებში ჰოლოდომორის (შიმშილით სიკვდილი) სახელით ცნობილი ჩადენილი სისასტიკეა, რომელიც მე-20 საუკუნის ერთ-ერთ დიდ დანაშაულებათაგანს მიეკუთვნება და რომლის მსხვერპლის ციფრის მიახლოებითი დადგენაც კი თითქმის შეუძლებელია. სხვადასხვა გამოთვლებით, მსხვერპლთა რაოდენობა 3,5 მილიონსა და 14,5 მილიონს შორის მერყეობს. ეს დაუზუსტებელი ციფრები იმის მაჩვენებელია, რომ მკვლევარები ხელებს პრაქტიკულად დღესაც სიბნელეში აცეცებენ. აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მკვლევარი, ანნე აპლებაუმი თავის ახლახან გამოცემულ წიგნში „წითელი შიმშილი“, მათ შორის დოკუმენტებზე დაყრდნობით აღწერს უკრაინელთა მაშინდელ ყოფას. აი, რა წერია ერთ-ერთი უკრაინელის წერილში: „ძვირფასო ამხანაგო სტალინ, საბჭოთა მთავრობას აქვს ისეთი კანონი, სადაც მითითებულია, რომ სოფლის მაცხოვრებლებმა უნდა იშიმშილონ? ჩვენ, კოლმეურნეების მომუშავეთ, სახელდობრ 1 იანვრის აქეთ ჩვენს ეზოში ერთი პურის ნაჭერიც კი არ გვქონია, როგორ უნდა ავაშენოთ სოციალისტური საბაზრო ეკონომიკა, თუ ჩვენ შიმშილით სიკვდილისათვის ვართ განწირულნი, რადგან მოსავალი მხოლოდ 4 თვის შემდეგ იქნება? რისთვის ჩავიხოცეთ ფრონტებზე? იმისათვის, რომ ვიშიმშილოთ და ჩვენი შვილების შიმშილს ვუცქიროთ?“
მეორე უკრაინელის წერილში კი იკითხება შემდეგი: „ყოველ დღე ათიდან ოცამდე ოჯახი შიმშლობს, ბავშვები გარბიან, და სადგურები სავსეა გაქცეული სოფლელებით. მიწაზე ცხენები და ცხოველები აღარ დადიან. ბურჟუაზიამ ჩვენ ნამდვილი შიმშილობა მოგვიწყო, რომელიც კაპიტალისტური გეგმის ნაწილია, რათა გლეხთა კლასი საბჭოთა მთავრობას წაჰკიდოს“. პირველი წერილში მოშიმშილენი პირდაპირ სტალინს სწერენ საყვედურის წერილს, რადგან მათ დასაკარგავი აღარაფერი აქვთ, მეორე წერილის ავტორს კი ბურჟუაზიის მიერ მოწყობილი შეთქმულება ჰგონია შიმშილი, რომელიც სინამდვილეში სტალინმა დაგეგმა უკრაინისთვის საბოლოოდ ბოლოს მოსაღებად. რასაკვირველია, ჰოლოდომორის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო მარცვლეულის საბჭოთა კავშირიდან ექსპორტის დროებითი შეჩერებით და ასევე საერთაშორისო თანამეგობრობისადმი დახმარების თხოვნით, მაგრამ სტალინს ეს არ გაუკეთებია. (წყარო: https://www.nzz.ch/feuilleton/roter-hunger-anne-applebaum-zeigt-was-stalin-in-der-ukraine-tat-ld.1493982)
ისტორიის შავი ლაქაა საქართველოს კოლექტივიზაციაც, რასაც სხვათა შორის, ბებიაჩემის დედა, ეფენია ზედგინიძეც შეეწირა. მან ვერ გაუძლო ბავშვების შიმშილის დარდს, დაცარიელებულ სახლს, ბეღელს და კარ-მიდამოს ჩამორთმევის შემდეგ დარდით მალევე გარდაიცვალა. იგივე ბედი ეწია მეორე ბებიის მშობლებსაც და მათ საგვარეულო ადგილ-მამულებს, მე-12 საუკუნიდან შემონახულ ასევე საგვარეულო ეკლესიას, მათ შორის ტყეებსაც და სარჩო-საბადებელს. ასევე ჯეროვნად არ უკვლევია არავის დემოგრაფიისა და გენოციდის ჭრილში არა მხოლოდ საქართველოს კოლექტივიზაციის ამბავი, არამედ ინდუსტრიალიზაციის ამბავიც, თავისი თანხმლები გადასახლება-ჩამოსახლებებით, რომლებიც ხშირად სატყუარა „საჭოთა სიკეთეებთან“ იყო მიბმული და ადამიანებს არა მხოლოდ სოფლიდან ქალაქად, არამედ ათასობით კილომეტრ სიშორეზე, მათ შორის რუსეთის შორეულ მხარეშიც აგზავნიდა, ბევრსაც უკან დასაბრუნებელი ბილეთის გარეშე.
სისტემურად მუშაობდა სტალინი, ეწეოდა რა საიდუმლო პოლიციის შექმნას, ხელში იგდებდა მედიას, კრძალავდა და ამარგინალებდა პოლიტიკურად არაკომფორტულ ცივილურ საზოგადოებას, ხოლო კრიზისის შემთხვევაში ეთნიკური წმენდასა და დეპორტაციას მიმართავდა. თანამედროვე დიქტატურები ამ მეთოდებისაგან დღესაც არ დგანან შორს. რუსთავი 2-ის გარშემო ატეხილი სამართლებრივი დავა და ნაციონალური მოძრობის პარტიის, ან მის მხარდამჭერთა დევნა-შევიწროება, ან სულაც მათი ერთი ბელადის გარშემო სექტანტებად გამოცხადება სწორედ ამისი ნათელი მაგალითია. ეთნიკური წმენდის ნაცვლად საზოგადოებაში ირაციონალური შიშების გავრცელებაც პრაქტიკულად იგივე ეფექტებს წარმოქმნის, ხოლო დეპორტაციის ნაცვლად მშიერი და დაშინებული მოსახლეობა ყველა ხერხს ხმარობს ქვეყნიდან თავადვე გაიქცეს. მიდის ასევე არაკონფორმისტი და საზოგადოების ყველაზე პროდუქტიული და ახალგაზდა ნაწილიც.

მეორე მსოფლიო ომმა საბჭოთა კავშირს მოუმზადებელს მოუსწრო. აგრარულ და ჩამორჩენილ საბჭოთა ტერიტორიებზე საჭირო გახდა ჩქარი ინდუსტრიალიზაციისათვის სასწრაფო ღონისძიებების გატარება. ამისათვის ამოიქოქა პროფესიული განათლების რეფორმა, რომელიც სასკოლო განათლების სისტემის შეცვლასაც მოითხოვდა, თუმცა როგორც სხვა ცვლილებები, სტალინის ხელმძღვანელობით ეს რეფორმებიც უკიდურეს რეპრესიულ ხასიათს ატარებდნენ. პირველ რიგში შეიზღუდა ქალთა უფლებები, რამაც, რასაკვირველია კაცთა უფლებებიც ავტომატურად შეზღუდა. მაგალითისათვის, 1943 წელს სახალხო კომისართა საბჭოს ქალთა დამატებითი, საჭირო დისციპლინირებისათვის წინა საუკუნის, 1877 წლის „სახალხო განათლების პროგიმნაზიისა და გიმნაზიის მოსწავლეთა წესებზე“ დაყრდნობილი რეკომენდაციები წარედგინა: „ქალთა გიმნაზიებში 9 საათის შემდეგ მოსწავლე გოგონებს ეკრძალებოდათ მშობლებთან შეხვედრაც კი, ყოფნა საზოგადო ბაღებსა და პარკებში, აგრეთვე ეკრძალებოდათ სასწავლო დროის განმავლობაში ნებისმიერი გასართობი ადგილის მონახულება. ძალიან სწორად იყო დასმული საკითხი იმის შესახებ, რომ გიმნაზიის მოსწავლე ქალებს თავი ღირსეულად უნდა დაეჭირათ, მათ არ ეძლეოდათ უფლება ეტარებინათ მოურიდებელი ვარცხნილობა, ეტარებინათ ზედმეტი სამკაული და ეცხადებოდათ მკაცრი ვალდებულება, თავი დაეჭირათ წესივრად, რათა არ აეფორიაქებინათ თავიანთი უწესობით ვინმე“.
1943 წლიდან სასწავლო სივრცეები კვლავ გაიყო სქესის მიხედვით, რამაც სტალინის გარდაცვალებამდე, 1954 წლამდე გასტანა. 1948 წლიდან დაწესდა სასკოლო ფორმა. სქესთა განცალკევებული სწავლების ერთ-ერთი საბაბი ე.წ. „კულტურულად ჩამორჩენილ“ ერებში ქალებისათვის სწავლების ნებართვის მიცემა იყო, თუმცა ეს ახალი ტიპის სასწავლებლები, დაყოფილები სქესებად, არა სოფლად, არამედ ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში იხსნებოდა. 1944/1945 წლისათვის უკვე 146 ქალაქში იქნა ასეთი სწავლების ტიპი შემოღებული. სოფლებში ორივე სქესი სასწავლო ფართობის, მასწავლებლის და სხვა რესურსების დეფიციტის გამო ისევ ერთად სწავლობდა. სქესთა დიფერენციაციის გამო გაყოფილი სივრცეების ორგანიზების საჭიროებამ ქალაქებში დამატებით, დიდი ქაოსიც გამოიწვია. ეს შემთხვევა სტალინის რეპრესიული პოლიტიკის ნათელი მაგალითია - ნაცვლად ერთიანი ცივილიზებული ნორმის შემოღებისა, იმ კულტურული ნორმების რესტავრაცია ხდებოდა, რაც მოცემულ მომენტში სასურველ სახელმწიფო პოლიტიკას გაამართლებდა. 1945 წლიდან ეკლესიას უფლება მიეცა, ევაჭრა საკუთარი ნაწარმით, რამაც მას საკუთარი შემოსავალი გაუჩინა. ესეც არა მხოლოდ ომის დასასრულისთანავე ერის კონსოლიდაციისათვის ნებადართული რელიგიის რეაბილიტაცია იყო, არამედ კარგად ჯდებოდა პატრიარქალური წესების გაცოცხლებისა და ომისაგან უკიდურესად გაღარიბებული მასების დისციპლინირების ჩარჩოებში, ხოლო კონტროლის შენარჩუნების მიზნით, 1948-49 წლებისათვის სახელმწიფომ ისევ შეცვალა პოლიტიკა და რელიგიის კვლავ ჩახშობის მცდელობები დაიწყო. სქესთა დაყოფის გამო ახალგაზრდების გართობამაც წინა საუკუნის გროტესკული ბალ-მაკსარადის ფორმა მიიღო, თუმცა წესრიგის დამცველებთან ამისთვისაც მუდმივად ნებართვის გამოთხოვა იყო საჭირო. რეპრესიებისა და წარსულის რესტავრაციაზე პასუხმა არ დააყოვნა, რასაც ხელი დასავლეთთან გახშირებულ კონტაქტებმა შეუწყო - საბჭოთა რკინის ფარდა არასაკმარისად ეფექტური აღმოჩნდა გარედან შემოსული კულტურული იმპულსების გასანეიტრალებლად. განსაკუთრებით 1940-იანი წლების მიწურულს ახალგაზრდებში გაჩნდა პროტესტი, რაც მათ მკაფიო ჩაცმასა და ცეკვისას მიხვრა-მოხვრის განსხვავებულ მანერაში გამოიხატა - სტილიაგები - ასე დაერქვათ მათ. მეორე უკიდურესობას 1950-იანი წლების შუიდან ახალგაზრდების მასიურად საეკლესიო ცხოვრებით დაინტერესება გამოხატავდა, რის მიზეზსაც მღვდელმსახურების მათთან აქტიური აგიტაციურ მუშაობა განაპირობებდა. რელიგიურ სასწავლებელში შესული 28,6% სწავლის მსურველი ყოფილი საერო სკოლის მოსწავლე იყო. სასულიერო მსახურთაგან კი საკმაო რაოდენობა სრულიად საკავშირო ახალგაზრდა ლენინური კომუნისტური კავშირის (VLKSM) ყოფილ წევრს წარმოადგენდა.  რასაკვირველია ეკლესიის მსახურთა აქტიურობა წინასწარ იყო შეთანხმებული კომუნისტური პარტიის გარკვეულ მმართველ ჯგუფებთან, თუმცა რელიგიურობა ქვეყანაში ოფიციალურად კვლავ იდევნებოდა. რელიგიურობას მალევე დაემატა ფსევდო პატრიოტობა. ეროვნულობის კიდევ უფრო გასაღვივებლად 1964 წელს მოსკოვში ეროვნულ ძეგლთა და კულტურის დაცვის სრულიად რუსეთის საზოგადოება „Rodina“ (სამშობოლო) ჩამოყალიბდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ ამავე დანინულების გაერთიანება „Rossija“. ისტორიის ძეგლების აღდგენა საბჭოთა კავშირში შემდგომ უკვე მასიურად დაიწყო და ასე დაედო სათავე სხვადასხვა რესპუბლიკების და თვით მცირე გაერთიანებების ლოკალურ პატრიოტობებსაც.
დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს ჯერ საბჭოთა ლიტერატურაში, ხოლო შემდგომ საბჭოთა ჰომოსოვიეტიკუსის ლექსიკაშიც, თუ როგორ დამკვიდრდა რელიგიური ტიპის მეტაფორები და სხავადასხვა ენობრივი გამოხატვის ხერხები სეკულარული საბჭოთა ცხოვრების ყოველდღიურობაში. საბჭოთა იდეოლოგიამ და კგბ-ს მიერ კულტივირებულმა და უკვე ნებადართულმა ქრისტიანობამ  თანდათანობით სინთეზი განიცადა და ერთმანეთს შეერწყა.
დროთა განმავლობაში საბჭოთა მითოსი საბჭოთა რეალობამ დაამსხვრია. სკოლის განსაკუთრებული როლი, რომლის ფუნქციაც მომავალი თაობებისათვის ცხოვრებაში გამოსადეგი საკმარისი ცოდნის მიცემის გარდა, აღმზრდელის ფუნქციის შეთავსებაც იყო, პრაქტიკაში არსებობასთან ასევე შეუთავსებელი აღმოჩნდა. უკიდეგანო დეფიციტების ამოსავსებად იდეოლოგია უკვე აღარ კმაროდა. საბჭოთა ადამიანის ილუზორული უნიკალურობისა და დანარჩენი სამყაროს მტრად აღქმის ფონზე ჰომო სოვიეტიკუსი გაიხლიჩა. ამ ძალიან კარგად შემუშავებულმა ფსიქოლოგიურმა მექანიზმმა საბჭოთა ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში თვითიზოლაციას დაუქვემდებარა. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს იდეა საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგაც, გარკვეულ წრეებში, განსაკუთრებით  - ქართულ ორთოდოქსულ რელიგიურ დაჯგუფებაში თვითგენერირებას განიცდის.
დასავლურ პედაგოგიურ მეთოდებზე გალაშქრებამ და 1930-იან წლებში თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში პედოლოგიის დემონიზაციამ, სტალინის მიერ სწავლების რეპრესიულ, შუა საუკუნეების რეაქციულ და პატრიარქალურ წესზე აწყობილ ლიანდაგებზე შეგდებამ, პრაქტიკულად წარუშლელი ნეგატიური გავლენა იქონია საბჭოთა პედაგოგიკაზე, რისთვისაც ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, ბალტიისპირეთის გამოკლებით, დღემდე თავი ვერ დაუღწევიათ. სამწუხაროდ მათ რიცხვში არიან საქართველოს საჯარო სკოლები დღესაც. „დედა ენის“ დაბრუნება სკოლებში სწორედ ამ რეგისტრიდანაა. 

როგორც ზემოთ აღვნიშნე, 2003-2012 წლებში ჩატარებული რეფორმები, პირველ რიგში უსახსრობის გამო, ძალიან არამდგრადი აღმოჩნდა. 2012 წლიდან საქართველომ ნელ-ნელა ისევ რუსეთის ორბიტის მიმართულებით დაიწყო მოძრაობა. დასავლეთში ამბობენ, რომ ნებისიერი ცვლილებებისათვის დასანერგად ქვეყანაში უკვე არსებული ქსელის გამოყენება ყველაზე ეფექტურია, რადგან ის უკვე გამოსცადა დრომო. ჰოდა რუსეთმაც ამისათვის პირველ რიგში ისევ ნაცად ხერხსა და ერთმორწმუნეობას მიმართა.
სხვათა შორის, აქ ძალიან საინტერესოა ერთი ისტორია, რომელიც დღევანდელი ყოფის ლამის ასლს წარმოადგენს:
ქარფშუტა ქართველი თავადაზნაურობის გაღარიბების თავიდან ასაცილებლად, რომელთა უმეტესობამაც ქონება რუსული ბალ-მასკარადების მოსაწყობად დააგირავა, ილიას მეთაურობით 1875 წელს სათავადაზნაურო ბანკი დაარსდა. ამ ბანკს დაბალპროცენტიანი კრედიტები უნდა გაეცა გაკოტრებულ თავადებზე, რათა მათ საკუთარი მამულები აღარ გაეყიდათ და მიწა უცხოებზე არ გასხვისებულიყო. ბანკის ერთ-ერთი მიზანი კარგა ხნის წინ დაგეგმილი განათლებისა და კულტურის პროექტების განხორციელებაც იყო. ასეთ პროექტებს მიეკუთვნებოდა პირველ რიგში ქართული თეატრის, ანუ „დრამატული საზოგადოების“ და ასევე „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დაარსებაც. დისკუსია ქართული თეატრისათვის „სამუდამო სცენის“ დასაარსებლად კერძო წრეებში დიდი ხანია მიმდინარეობდა. ილია ამ საქმეშიც სრულიად ჩაფლული იყო. 1878 წლიდან თბილისში მუდმივი კერძო თეატრალური წრე შეიქმნა. უკევ ერთი წლის თავზე თეატრი მდინარე მტკვრის სანაპიროს მსახიობთა საზაფხულო სახლში მართავდა წარმოდგენებს. ერთ-ერთ წერილში ილია თავის მეგობარს სწერდა: „შენ იცი, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება (თეატრს) ისეთი დაცემული ერისათვის, როგორიც ჩვენია. ამის გარდა ჩვენ არავითარი ეროვნულობის ნიშანი არ გაგვაჩნია. ეს ის ადგილია, სადაც ჩვენი ენა საჯაროდ გაისმის, და საჯაროდ მოქმედებს.“ ილიას აზრს ამასობაში 70 წელს მიტანებული გრიგოლ ორბელიანი სახალხოდ აკრიტიკებდა: „ჩემო ბატონო კნიაზო ილიავ! დღეს ვერ ვიქნები ჩვენი საზოგადოების კრებაში თეატრის გამო, რადგან ვარ მიიწვეული в екстренное заседание обшчества возстановления христианства [ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების რიგგარეშე (sic!) ყრილობა]: მაგრამ გავბედავ კი და გულწრფელობით მოგახენებ, რომ მე არა ვარ თანამგრძნობი ქართული თეატრის ამჟამად დაწესების, რომელზედაც დახარჯული ფული მგონია დაკარგულად. მე არ მესმის, როგორ უნდა დაემყაროს თეატრი რომელსა არა აქვს თავისი შენობა, რომელსა არა ჰყავს გასწავლული აკტიორები, რომელსა არ შეუძლიან შენახვა თავისა თვისისა? და თუ ქართული სცენის მოყვარენი წარმოადგენენ რასმეს წელიწადში ორჯელ, სამჯერ, ხომ ეხლაც არის ამგვარი თეატრი. - არა მგონია, რომ ჩვენი ბანკი იყოს ისე გასუქებული, რომ სამასის თუმნის უსარგებლოდ დახარჯვა არაფრად მიაჩნდეს მას.“
ილია კი მტკიცედ იდგა თავის გადაწყევტილებაზე; „წელიწადში სამასი თუმანი სულ ფეხზედ დააყენებს ჩვენს თეატრს იმ მხრით მაინცა, რომ დასი ეყოლებაო“.
1879 წლის 5 ოქტომბერს ქართულმა მუდმივმა დასმა სეზონი გახსნა ბარბარე ჯორჯაძის კომედიით „რას ვეძებდი და რა ვპოვე“. სწორედ ამ დროს, თითქოს მიწიდან ამოძვრა ასიკო (ავქსენტი) ცაგარელი, თავისი რეპერტუარით და პირველი დაუვიწყარი „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“-თი.
1880 წლიდან ქართულ თეატრს კრიზისი დაუდგა, თბილისში რუსული კულტურის აღმავლობა დაიწყო, რისი მიზეზიც მეფის რუსეთის მიერ გულუხვად გაღებული დაფინანსება იყო. გაზულუქებული ზედა ფენა ქართულ თეატრს სამარცხვინოს უწოდებდა. გულმოკლული ილია კი სევდიანად ჩიოდა: „ნუთუ ჩვენმა საზოგადოებამ სრულიად დაჰკარგა თავისი ცნობისმოყვარეობა?!“. ქართული დასი ხშირად თამაშობდა ისტორიულ და პატრიოტულ თემებზე დაწერილ პიესებს. ერთ-ერთი ასეთი ისტორიული სპექტაკლის დასრულებისას მსხიობებმა ბოლოს სცენაზე საქართველოს დროშა აღმართეს, რასაც გაზეთ „მოსკოვსკიე ვედომოსტი“ მეორე დღესვე გამოეხმაურა რუსეთის მოხელე ვინმე კატკოვის ცინიკური წერილით, სადაც ავტორი ქართული დასის წევრებს ურჩევდა, სჯობდა დროშა ცირკისათვის მიეყიდათ და ამით თავიანი ღარიბი ბიუჯეტი ამოევსოთ.

პარადოქსია, მაგრამ სწორედ 150 წლის წინ ნაცადი ხერხის გამეორებას ცდილობს რუსეთი 2012 წლიდან საქართველოში - ის 21-ე საუკუნეში უკვე მერამდენედ „ავრცელებს“ „ქრისტიანობას“ მეზობელ და ვასალად მიჩნეულ ქვეყნებში. იქ, სადაც სოციალური უზრუნველყოფა დეფექტურია და განათლების დონე დაბალია, ამისთვის ნოყიერი ნიადაგია შექმნილი, რადგან ასეთ ქვეყნებში ეკონომიკას, სახელმწიფო ინსტიტუციების ნაცვლად, მორალი არეგულირებს, რაც ნიშნავს იმას, რომ მორალი პირველ რიგში ადამიანის კვებას და სექსუალურ ქცევას აკონტროლებს, რასაც ერთის მხრივ ღარიბ ქვეყანაში ყველაზე დიდი რესურსი სჭირდება და შესაბამისად ყველაზე მტკივნეული საკითხია და მეორეს მხრივ, კვებისა და სექსუალური ქცევის რეგულაციით ასევე კონტროლის ქვეშაა მოსახლეობის გამრავლების, გნებავთ შემცირების(! ) მექანიზმი-დემოგრაფია. იგივე ითქმის ნარკოტიკული საშუალების გამოყენებაზეც, რასაც დასავლური ცივილიზაცია ასევე ინსტიტუციების საშუალებით, რეპრესიული მექანიზმების გარეშე, თანამედროვე მედიცინისა და სოციალური სტრუქტურების დახმარებით არეგულირებს.
ჰოდა, რადგანაც დემოგრაფია და მორალი ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია, გამოდის, რომ დემოგრაფიის საკითხებს ჩამორჩენილ ქვეყანებში დღესაც რელიგიური ავტორიტეტები მართავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტორიტეტები ერთგვარი „სიყვარულის დარაჯებიც“ არიან. რელიგიის მიერ დემოგრაფიის მართვის ეტაპი დასავლურმა ცივილიზაციამ კარგა ხანია უკან მოიტოვა. მაგრამ რადგან აღმოსავლური კულტურა თავისი არაადექვატურობის გამო ვერ მიჰყვება პროგრესსა და ვერ ქმნის შესაბამის სერვისებს, ის დასავლეთის მოძველებულ ქცევაში, მეორადი ტანსაცმელივითაა გახვეული. მართალია, ეს ტანსაცმელი უკვე ყველა ნაკერავიდან ირღვევა, მაგრამ დაკემსვის გარდა ჯერჯერობით სხვა გამოსავალი არ სჩანს, რადგან ახლის საყიდელი ფული ოლიგარქებისა და მისი დასაყრდენი, წვრილ-წვრილი ფაშებისა და ეგოისტების ჯიბეებში მიდის.
თემა არა მხოლოდ ამბიონს (ამაღლებული ადგილი სამლოცველოში) მიღმაა აქტუალური, არამედ სწორედ ამიტომ ბოლო წლებში ასე სოკოებივით აღმოცენდნენ საქართველოში დემოგრაფიაზე მზრუნველი სხვადასხვა ორგანიზაციები. 2016 წლის 16 მაისს კი, თბილისში, ლევან ვასაძის მეთაურობით, „მსოფლიოს საოჯახო კონგრესის“ მეათე საიუბილეო სესია ჩატარდა. კონგრესის შესახებ ფეისბუკში თავად ლევან ვასაძის რამოდენიმე ვიდეოს გარდა არაფერი იძებნება. (წყარო: https://www.facebook.com/pg/wcf10/about/?ref=page_internal). მწირ ინფორმაციას იძლევა ასევე ინტერნეტქსელიც მათი საქმიანობის შესახებ. ერთადერთი სტატია, რომელიც კონგრესისისა და მისი დაარსების მიზნის შესახებ განმარტებას აკეთებს, რადიო თავისუფლების გვერდზე გამოქვეყნებული ოცამდე სტრიქონია: „ „თავისუფლების ნაცვლად, რომელსაც ჩვენ ველოდით დასავლეთისგან, მივიღეთ ციხე, ტერორი, გარყვნილება და უსამართლობა“, - ამის შესახებ საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან ვასაძემ მსოფლიოს საოჯახო კონგრესის მეათე საიუბილეო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე მტკიცებით, ქართულმა ერმა უკვე გააკეთა დასკვნები დასავლეთის პოლიტიკის შესახებ და მისი იმიჯი ჩვენს ქვეყანაში სრულიად დამახინჯდა. კონგრესის მუშაობაში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების, მათ შორის საკანონმდებლო ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობენ. კონგრესს ესწწრებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე. ვასაძემ გააკრიტიკა ქართული მედია, სადაც, ბიზნესმენის სიტყვებით, „გამეფებული ლიბერალების ტოტალური დიქტატურა“. რაც შეეხება უშუალოდ კონგრესს, ვასაძის თქმით, სამი წლის სამზადისის შემდეგ, კონგრესის ”საქართველოში ჩამობრძანება”, ჩვენს ქვეყანაში ჩატარებული მსოფლიო საოჯახო კონგრესის ორი რეგიონალური კონფერენციის შედეგად, ასობით სატელეფონო საუბრისა და ათასობით ელექტრონული წერილის მეშვეობით მოხერხდა.“
ლევან ვასაძეს 2016 წელს ზემოთხსენებული კონგრესის ჩასატარებლად თარიღად 16 მაისი შემთხვევით არ შეურჩევია. 17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის მსოფლიო დღეა, თუმცა 2014 წლიდან საქართველოს საპატრიარქომ სწორედ 17 მაისი გამოაცხადა ოჯახის სიწმინდის დღედ. გონივრული გადაწყვეტილებების ნაცვლად, ეკლესიამ პოლარიზაციისა და პირდაპირი დაპირისპირების გზა აირჩია. მიუხედავად იმისა, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს, რომელთა რიცხვი მსოფლიო სტატისტიკების მიხედვით ხუთსა და ათ პროცენტს შორის მერყეობს, დემოგრაფიაზე გავლენა მათ ვერ ექნებათ, რადგან ეს რიცხვი ყოველ დროში სავარაუდოდ მეტ-ნაკლები უმნიშვნელო განსხვავებებით იგივე რჩებოდა. უფრო მეტად დასაფიქრებელი ეკლესია-მონასტრებში გამწესებული ახალგაზრდა ბიჭუნები და გოგონები, ასევე ქალები იყვნენ და არიან, რომლებიც სწორედ ამ საგანგაშო დემოგრაფიული სურათის პოზიტიური ბალანსისაკენ შეცვლას შეძლებდნენ. საერთოდ, ეკლესიაში მორჩილად და ბერ-მონაზვნებად ყოფნა დღევანდელ დღეში, სერიოზულად გადასახედი ამბავია. დასავლურმა ცივილიზაციამ ეს გზაც გაიარა, იცნობს რა, მთელ ნუსხას ეკლესიის სახელით ჩადენილ დანაშაულებებისას - ქალთა შრომით ექსპლუატაციას ისევე, როგორც ქალთა და ბიჭუნათა იძულებით პროსტიტუციაში ჩაბმას, თუ მათი საერო ქონების მისაკუთრებას, ფეხმძიმე მონაზონთა იძულებით აბორტებსა და უკვე გაჩენილ ჩვილთა აურაცხელ მკვლელობებს მათზე სწორედ ეკლესიის მამების ძალადობის კვალის დაფარვის მიზნით. რიგ ეკლესიებში კი სწორედ ამ მიზეზების გამო აღარც მონაზვნად და არც ბერებად მსურველებს დღეს აღარ იღებენ და ეს ინსტიტუციები ერთიმეორეს მიყოლებით საერთოდ უქმდებიან.
რელიგიურობის აქტუალიზაციის კონტექსტში ყურადსაღებია 2019 წლის 12 მაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ  და უქმედ გამოცხადება, რომელიც ისედაც უქმე დღე იყო, რადგან წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღედ ითვლებოდა, ხოლო დღის საზეიმო აღნიშვნა სახელმწიფოს 694 000 ლარი დაუჯდა. 2019 წლის 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლისადმი მიძღვნილი მარში ვაშაძისა და მისი მომხრეების მიერ დაანონსებული კონტრაქციის გამო არ ჩატარდა. კარგა ხანს გასტანა მედიაში ლგბტქ-სა და ქართველობის დაკრგვა-შენარჩუნების პრო და კონტრა არგუმენტებმა. რამდენჯერაც გამოცხადდა ჩაგრულ ჯგუფებისადმი სოლიდარობის მარში, იმდენჯერვე გამოცხადდა კონტრაქცია ლევან ვასაძისა და მისი მხადრამჭერების მიერ. საბოლოოდ მარში მაინც ჩატარდა გასაიდუმლოებულად, თუმცა მას სიმბოლური ხასიათი ჰქონდა და დასავლურ ფერად მარშებთან, სადაც ადამიანები სიცოცხლესა და ფერებს ზეიმობენ - თითქმის აღარაფერი საერთო. განსაკუთრებულ შენიშვნას იმსახურებს უკვე ყოველდღიურ ლექსიკონში დამკვიდრებული ტერმინებიც: კონტრაქცისტები, მარში-ფარშელები, ვასასინები, რომლებიც ერჩიან ადამიანებს ფერად ტანისამოსში, მოკლე შარვალსა და კაბაში, როგორც ამას აკეთებდა „სამოქალაქო ზედამხედველობა“ 1950-იანი წლების „სტილიაგების“ მიმართ, როდესაც რუხ საბჭოეთში სიღარიბის და გაცრეცილი ძონძებისა თუ უნიფორმების გვერდით გაჩნდა ფერები - როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ე.წ. ვასასინების მსგავსად იქცევიან დღეს ასევე მღვდლებიც და საზოგადო მორალისა თუ წესრიგის დამცველები, რომლებიც დგამენ დაფებს კულტურული ძეგლების წინ მითითებით - „ჩაცმის წესები“ და კრძალავენ ზემოთხსენებულ მინი ქვედაბოლოებსა თუ მინი შარვლებს. ქცევის იგივე მოდელი გვხვდება რელიგიური ახლო აღმოსავლეთის საჯარო სივრცეშიც. აქ საინტერესოა ერთი ამბავიც: რამოდენიმე დღის წინ, 18 ივლისს, შსს აკადემიის გამშვებმა პუნქტმა მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი კგბ-ს არქივში არ შეუშვა შორტების გამო - არ შეიძლებაო შორტებით შესვლა მაშინ, როცა შინაგანაწესში სტუმართათვის ჩაცმის წესების შესახებ არაფერი წერია.

სულ უფროდაუფრო ცხადი ხდება, რომ საქართველომ დღეს ტოტალიტარული სისტემებისათვის დამახასიათებელი კურსი აიღო. ამასობაში, რუსული ორთოდოქსიაც, გარდა იმისა, რომ რუსული სამყარო თავს მესამე რომად მოიაზრებს, ცდილობს შექმნას რაღაც ინდივიდუალური. ისეთი, რაც ერთის მხრივ დარჩება ქრისტიანობის ჩარჩოებში და ამით შეინარჩუნებს „კეთილშობილისა“ და ცივილურობის სტატუსს, ხოლო მეორეს მხრივ მუდმივად ექნება შესაძლებლობა, ეს თავისი ქრისტიანობა მანიპულაციის იარაღად ეჭიროს. აკი უჭირავს კიდეც: ჩართო რა  სექსუალობის (ნარკოტიკისაც) საკითხი ყველა ჩამორჩენილ ქვეყანაში მწვავე და ეკლესიის (მორალის) მიერ გადასაჭრელ პრობლემად, რომელსაც ლოგიკურად თან ერთვის დემოგრაფიის პრობლემა და განუჭვრეტელი მომავალი და რადგან საქართველო დღეის მონაცემებით მსოფლიოს გადაშენების პირას მყოფთა ერების სიაში ერთ-ერთი პირველია, იდეალური სამიზნეა რუსეთის ამ გეგმისათვის. გადაშენების მიზეზი, რასაკვირველია, რუსეთია თავისი სისტემატური მანიპულაციებით და ადამიანთა თანაცხოვრების სტრუქტურებში მუდმივად მომწამვლელი ჩარევით.
სექსუალობა და ნარკოტიკები - ეს ორი და ამავდროულად ძნელად გადასაჭრელი პრობლემური საკითხები არიან ყველ დროისა და კულტურის საჯილდაო ქვები. ასეა ჩვენშიაც. რუსეთიდან გზავნილი პირდაპირი თუ ირიბი სიგნალებით კი - ჩვენი უბედურების მიზეზი ზოგიერთ ადამიანში ჩაბუდებული ეშმაკები ყოფილან, რომელსაც ადამიანების მეორე ნაწილს მიუსევ სანადიროდ, რომელსაც თავი იმ პირველ ნაწილზე აღმატებული ჰგონია, ხოლო პრობლემების თვით სათავე - გაუმაძღარი რუსი მეზობელი კი „გვაქრისტიანებს!“ და „გვაქრისტიანებს!“ რაც შეუძლია. ამ ჭრილში უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს პარლამენტში ხან „დამკვირვებლებად“, ხან „მრჩევლებად“ და ხანაც იმა თუ ამ „კომისიის წევრებად“ მივლენილი კაბიანი მამაოები ნიადაგის მოსინჯვის, თვალისა და ყურის შეჩვევისათვის გაგზავნილი რუსის პარტიზანები იყვნენ, ქართულ საკანონმდებლო ორგანოებში. 
ერთი თვით ადრე, 12 მაისის წილხვდომილობის დღედ გაფორმება და რელიგიის საკითხების პარლამენტის ტრიბუნაზე დაყენება კი დიდი ალბათობით - დირექტივა რუსეთიდან იმის შესახსენებლად და იმ ასოციაციების უკეთ გასამყარებლად , რომ საქართველო „ქრისტიანული კულტურის“ ქვეყანაა და ქრისტიანობა - სახელმწიფო პოლიტიკის რანგში ასაყვანი საკითხია, რასაც ნიადაგი უნდა შეემზადებინა ე.წ. მართლმადიდებელთა საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე შეხვედრისათვის საქართველოში და შედეგად, დიდი ალბათობით, საქართველო-რუსეთის უფრო მჭიდრო ურთიერთობებისათვის. მერე რა, რომ პუბლიკა ინტერნაციონალურია… ანსამბლეის ჩატარება კი უკვე დესანტის გადასხმას შეიძლება შევადაროთ. თუმცა აქაც მივყვეთ ქრონოლოგიას. რა მოხდა სინამდვილეში?
ამ დღეებში საბერძნეთის პატრიარქმა განაცხადა, რომ ანსამბლეა საქართველოში ილია მეორის მიწვევით ჩასულა (ბერძნულ წყაროს ვიძიებ). ანსამბლეის ოფიციალურ გვერდზე მითითებულია, რომ ანსამბლეა თბილისში 2019 წელს პარლამენტის თავმჯდომარემ მიიწვია (წყარო: http://eiao.org/archives/16639). რუსულმა გადაცემამ, „60 Minut“ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანსამბლეის ჩატარებას მის წევრებს საქართველო ორი წელი ეხვეწებოდა, საქართველოს მთავრობამ ისინი ჯერ მიიწვია ქვეყანაში, ხოლო შემდეგ სალომე ზურაბიშვილს განუცხადებია, რომ რუსეთი მტერია და თავად, ამის შემდეგ, მინსკში გამგზავრებულა, სტუმრები კი ქვეყნიდან გამოუყრიათ. აღშფოთებული დუმის რუსი დეპუტატი გავრილოვი, რომელიც ამ გაურკვეველი მართლმადიდებლური ფორუმის წევრობა-თავმჯდომარეობასაც ითავსებს, ამბობს, რომ ეს ველური ქმედება საქართველოს საერთაშორისო იმიჯს ძალიან დაარტყამს. შესაძლოა ამან იმოქმედოს ნატოში წევრობის სურვილზეცო და მისთანებიო. 
მართლმადიდებელთა საპარლამენტთაშორისო ასამბლეა, რუსულად მაპი - М А П (Межпарламентская Ассамблея Православия ), საბერძნეთის პარლამენტის ინიციატივითა და რუსეთის სახელმწიფოს უშუალო მონაწილეობით 1993 წელს, ათენში შეიქმნა. იქვეა მათი ცენტრალური ოფისიც, იგივე „შტაბ-კვარწირა.“
ასამბლეის მიზანია წევრი ქვეყნებისა და მათი საკანონმდებლო ორგანოების მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა, ჩარევა კანონშემოქმედებით საქმიანობაში, მართლმადიდებლურ სულიერ ფასეულობათა დაცვა და ამ ფასეულობებისათვის ევროკავშირის მასშტაბით როლის გაზრდა მისი (მართლმადიდებლობის), როგორც მნიშვნელოვანი პოლიტიკურ-კულტურულ-სულიერი გამოხატულების შეტანა ახალ ევროპულ რეალობაში.
ასამბლეას წევრად 25 ქვეყანა ჰყავს: ალბანეთი, სომხეთი, ბელარუსია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, საბერძნეთი საქართველო, იორდანია, ყაზახეთი, კვიპროსი, ლატვია, ლიეტუვა, ლიბანი, მოლდავეთი, პალესტინა, პოლონეთი, უკრაინა, რუსეთი, რუმინეთი, სერბეთი, სირია, ფინეთი, მონტენეგრო, ესტონეთი, ასევე  დეპუტატი სტუმრები ქვეყნებიდან, როგორიცაა: ავსტრალია, არგენტინა, ეგვიპტე, კანადა, კონგო, მოზამბიკი, სუდანი, აშშ, უგანდა, ჩილე, ეთიოპია. (აქ მადლობა ერეკლე თურქაძეს ანსამბლეაზე ფესიბუკში ჩანიშნული ტექსტის გაზიარებისათვის)
ასამბლეის წევრები ყოველწლიურად, ივნისში, დაახლოებით ერთი კვირით, სხვადასხვა სახელმწიფოში რომელიმე წევრის შემწეობით იკრიბებიან. ასამბლეის გენერალური წევრთა პალატა ირჩევს პრეზიდენტს, რომელიც შემდგომ ანსამბლეას ხელმძღვანელობს. ასამბლეას ჰყავს საერთაშორისო სამდივნო, რომელიც ყოველ სამ წელიწადში ერთხელ იკრიბება გენერალური მდივნის, გენერალური მდივნის წარმომადგენლისა და ასამბლეის შვიდი წევრის შემადგენლობით, აქედან ერთი მუდმივმოქმედი დეპუტატი საბერძნეთიდან და ერთი მუდმივმოქმედი წარმომადგენელი რუსეთიდანაა. ასამბლეას ჰყავს აგრეთვე ორი საგანგებო მრჩეველი არასაპარლამენტო კომისიიდან. სამდივნო ხელმძღვანელობს ასევე შემდეგ რვა კომისიას: ფინანსურს, ადამიანთა უფლებებისას, განათლებისას, დღის წესრიგისას, სოციალური მიმართულების, ოჯახისა და დედობის, კულტურის, ბიოეთიკის, საერთაშორისო პოლიტიკისას. ყოველ ამ კომისიაში შესულია ანსამბლეის წევრი ქვეყნის თითო წევრი. წევრის ისევე, როგორც ანსამბლეის უფლებამოსილება გრძელდება ორი წელი.
(წყარო: http://eiao.org/archives/1001)
ასამბლეის მუდმივმოქმედ წევრებად საქართველოდან 2013 წლიდან არიან: ოცნების დეპუტატი და დელეგაციის ხელმძღვანელი - ზაქარია ქუცნაშვილი, პატრიოტთა ალიანსის წევრი - ადა მარშანია, ქართული ოცნების წევრი - დიმიტრი ხუნდაძე, ასევე, სათადარიგო რიგში - ქართული ოცნების წევრი ენძელა მაჭავარიანი, დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე და ქართული ოცნების წევრი ზვიად ძიძიგური.
როგორც ანსამბლეის წევრები აცხადებენ, ანსამბლეის 26-ე შეხვედრას 2019 წლის ივნისში სურდა, საქართველოს ცნობადობის ამაღლება ასამბლეის წევრ სახელმწიფოებში, რელიგიური ტურიზმის პოპულარიზაცია, ახალი პლატფორმის შექმნა ოკუპაციის თემის გარშემო. როგორც ზაქარია ქუცნაშვილმა აღნიშნა, რუსეთის პატრიარქი კირილი, განსხვავებით რუსეთის პრეზიდენტისაგან, არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის ეკლესიების დამოუკიდებლობას, რაც საქართველოსთვის მხოლოდ სიკეთის მოიტანდაო ანსამბლეის მსვლელობისას. აღსანიშნავია, რომ 2012 წლამდე აღნიშნული ანსამბლეის შესახებ საქართველოში არავის ჰსმენია. ამ ორგანიზაციით დაინტერესებული არ იყო არც საქართველოს ეკლესია. სხვათა შორის, ძალიან საინტერესოა ინციდენეტი, რომელიც 2013 წლის ივლისში მოხდა: მოსკოვისა და თბილისის საფეხბურთო გუნდების თბილისში ჩატარებულ მატჩს საყურებლად სერგეი გავრილოვი, რუსეთის დუმის დეპუტატი ესტუმრა, რაც მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მწვავედ გააკრიტიკა - მიუთითა რა, სტუმართმოყვარე საქართველოს უსაფრთხოებისა და ღირსების საკითხის უგულებელყოფაზე რუსეთის მხრიდან. ფეხბურთის რამოდენიმე გულშეატკივარმა და „თავისუფალი ზონის“ წევრებმა რუსეთის დუმის დეპუტატის თბილისში ყოფნა გააპროტესტეს, რის შემდეგაც ‚თავისუფალი ზონის“ რამოდენიმე წევრი საქართველოს პოლიციამ დაიჭირა. (წყარო: https://www.svoboda.org/a/25039711.html?fbclid=IwAR2K8ILBBVT5cpXCysoKQ3n7M0s03Fp8jxgZRO4dUJyLxDtLn9DT3aXRaBQ)
2018 წლიდან МАП-ის თავმჯდომარედ სწორედ მოსკოვის ლომონოსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტეკონომიისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული იურისპრუდენციის კურსდამთავრებული, ოთხი შვილის მამა, სერგეი ანატოლის ძე გავრილოვი (დაბ. 1966) გვევლინება. მის ბიოგრაფიაში ხაზგასმითაა მითითებული, რომ იგი ასევე ფლობს უცხო, ინგლისურ ენას. „რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის“ კანდიდატი, გავრილოვი -  2016 წლიდან სახელმწიფო დუმის დეპუტატი, დუმაში საზოგადო და რელიგიური საკითხების, მოქალაქეობრივი საზოგადოების განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეა. ამავდროულად იგი დუმის ფრაქციათაშორის ქრისტიანული ფასეულობების დამცავი ჯგუფის კოორდინატორია, რომელსაც მიღებული აქვს „სამშობლოს წინაშე დამსახურების“ მეორე ხარისხის ორდენი და მადლობები, ასევე რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ჯილდოები და რომელიც ასევე არჩეული იყო დუმის მეხუთე და მეექვსე მოწვევის დეპუტატად.
(წყარო: http://eiao.org/archives/15188) 
ასეთივე დუბიოზური ბიოგრაფიისა და საქმიანობის პატრონია 2004-2011 წლებში ანსამბლეის რუსეთის წარმომადგენლობის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი 2008-2012 წლებში ანსამბლეის საერთაშორისო კომიტეტის საგარეო ურთიერთობათა თავმჯდომარე, კონსტანტინ ზატულინი. ბათუმში, ოფიცრის ოჯახში 1958 წელს დაბადებული კონსტანტინ ზატულინი ორივე მშობლის წარმომავლობით დონის კაზკებს განეკუთვნება, რომელიც რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის წევრი, დამოუკიდებელი ქვეყნების თანამეგობრობის  (СНГ) ინსტიტუტის დირექტორი, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის პირველი(1993-1995), მეოთხე(2003-2007) და მეხუთე (2007-1011) მოწვევის დეპუტატია. 1977 წელს 19 წლის ზატულინი კრასნოდარში შრომითი საქმიანობის შემდეგ ლომონოსოვის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა, ხოლო 1985 წელს იმავე ფაკულტეტის ასპირანტურანტურის კურსდამთავრებული. სწავლის პერიოდში იყო კომუნისტური პარტიის აქტიური წევრი, ხოლო 1989-1993 წლებში საბჭოთა კავშირის ახალგაზრდა მეწარმეთა კავშირს დირექტორად ხელმძღვანელობდა. 1991-1992 წლებში იგი მონაწილეობდა ლუჟკოვის მეთაურობით დაარსებულ ქალაქ მოსკოვის სამართავ ჯგუფში, ხოლო 1997-2010 წლებში იყო მოსკოვის მერის, ლუჟკოვის პირადი მრჩეველი.
აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი ქვეყნების თანამეგობრობის  ინსტიტუტი ზატულინის უშუალო ხელმძღვანელობით შეიქმნა. იგი 1995 წელს შავი ზღვის ფლოტის კომისიასაც მეთაურობდა, 1994 წელს კი მისი ინიციატივით დაარსდა რუსეთის სახელმწიფო კომისია საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეთა (!) საქმეებისათვის, ხოლო  ერთი წლის შემდეგ - თანამემამულეთა საბჭო. 1996 წლიდან დღემდე იგი გვევლინება დამოუკიდებელი ქვეყნების თანამეგობრობის ინსტიტუტის დირექტორად, რომელიც ოფიციალური განცხადებით, ახლო სამეზობლო ქვეყნებისა და უცხოეთში თანამემამულეთა მდგომარეობის შემსწავლელი ერთადერთი სამეცნიერო (!) დაწესებულებაა.
საგულიხმოა, რომ 1998 წელს, ზატულინი, ჯერ სოციალურ-პატრიოტული მოძრაობა „Держава“-ს თავმჯდომარე, შემდეგ სრულიად რუსეთის პოლიტიკური ორგანიზაციის „Отечество“-ს დამფუძნებელი, ხოლო 2001 წელს ამ უკანასკნელის მოძრაობა „Единство“-სთან მიერთების შედეგად შექმნილი პოლიტიკური პარტიის, „Единая Россия“-ს ცენტრალური საბჭოს წევრია. „Единая Россия“-ს პარტიის თავმჯდომარე მინისტრპრეზიდენტი დიმიტრი მედვედევია, ხოლო პარტია კი, საკონსტიტუციო უმრავლესობით- ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერია. ზატულინს აქვს როგორც საავტორო სატელევიზიო გადაცემები, ასევე წერს წიგნებსაც პოლიტიკურ თემებზე, როგორიცაა მაგ.: რუსეთი და აფხაზეთი: ორი ქვეყანა, ერთი ხალხი. მოსკოვი 2011. (!)
(წყარო:http://eiao.org/archives/15150?fbclid=IwAR2jZPniywaXjLacM6i2tf5SRVIMsokjyDS875Yf5PrT6jHSjCV7ybq4pM)
ანსამბლეის ისტორიაში განსაკუთრებით საინტერესო 2013 წლის მე-20 საიუბილეო ანსამბლეაა, რომელიც საბერძნეთის პარლამენტში ჩატარდა , რადგან მიღებულ დოკუმენტს - „საპარლამენტო დემოკრატია-ქრისტიანობა-მართლმადიდებლობა: ფასეულობები და საზრისი“ ხელი საქართველოს მხრიდან დავით უსუფაშვილმა მოაწერა (წყარო: http://eiao.org/archives/6348).
ასამბლეის სხდომაზე მიღებული დოკუმენტის თანახმად, ასამბლეის წევრობა მხოლოდ მართლმადიდებელი აღმსარებლობის ადამიანს შეუძლია, თუმცა იგი მიზნად ისახავს დემოკრატიული ინსტიტუტების მეშვეობით მაღალი სულიერი ფასეულობებისა და ტოლერანტობის განმტკიცებას, წარმოადგენს რა, ქრისტიანთა მრავალგვარობის მიუხედავად - ერთიანობას - მათი საერთო განათლებისა და კულტურული ბაზისის, ეთნიკურობისა თუ პარტიულობის მიუხედავად, აჩვენებს ქრისტიანობისა და დემოკრატიის ფასეულობებსა და პრინციპებს ისევე, როგორც მათ  ვალდებულებებს ტრადიციული ფასეულობების შესანახად და გასაგრძელებლად, ადამიანთა უფლებებს, თანასწორობას, უფლებას შრომასა და განათლებაზე, ცხოვრებისა და გარემოს დაცვაზე.
საინტერესოა, საიდან მოდის ბატონ დავით უსუფაშვილის თანამშრომლობის სურვილიცა და ოპტიმიზმიც, ნაყოფიერად ითანამშრომლოს ორგანიზაციასთან, რომელიც იმ ქვეყნის (იგულისხმება რუსეთი) დიდი ძალისხმევით, შესაძლოა ინიციატივითაც, კულუარებში, დაფუძნდა, რომელმაც ამასობაში დიდნაწილად მართლმადიდებლური (ერთმორწმუნე) აღმსარებლობის ქვეყნის, საქართველოს 20%-ზე მეტი ტერიტორიის ოკუპირება მოახდინა, ყოველდღიურად ლახავს საკუთარ თანამოქალაქეთა და ასევე ქართველთა უფლებებს, რომელთაგან ნახევარი მილიონი ლტოლვილია საქართველოშივე და მილიონნახევარი - პოლიტკორექტულად - ემიგრაციაში, თუმცა, რეალურად ჰიბრიდული ომის შედეგად გადასახლებაში წასულნი; ქვეყანა-რუსეთი, რომელიც სისტემატურად, საუკუნეების განმავლობაში აუქმებდა განათლებისა და შრომის უფლებებს ისევე, როგორც უფლებებს ადამიანის ჯანმრთელობასა და საცხოვრებელ გარემოზე და იგივეს ცდილობს დღესაც.
(ნაწილობრივ საქართველოსა და საბჭოთა კავშირის გარემოს დაცვის ისტორიულ პერსპქტივაზე იხ. http://maniawomania.blogspot.com/2018/11/blog-post.html).
პარადოქსია, მაგრამ 2013 წლისსავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ ანსამბლეა სოლიდარობას უცხადებს კრიზისის პირობებში მსოფლიოს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, რომელიც დევნისა და წამების, სიღარიბის, შიმშილის, ბუნებრივი კატასტროფების მსხვერპლად იქცა, თუმცა დოკუმენტის მიღებამდეც და მიღების შემდეგაც რუსეთი საქართველოში კლავს, ანადგურებს და აწამებს.
ამავე კონტექსტში საინტერესოა ის ამბავი, რომ 2015 წლის 4-7 აპრილს ეს ასამბლეა საქართველოში იმყოფებოდა და პარლამენტის დეპუტატებიცა და სტუმრებიც დავით უსუფაშვილის მეთაურობით არა მხოლოდ ილია მეორეს სტუმრობდნენ და ეკლესია-სახელმწიფოს უფრო მჭიდრო თანამშრომლობას აღუთქვამდნენ (წყარო: https://www.youtube.com/embed/l9eJnhFIWYE?autoplay=1), არამედ მანანა კობახიძის მიერ საზეიმოდ გახსნილ სხდომაზეც მუშაობდნენ. ამ სხდომის შესახებ ანსამბლეის გვერდზე ინფორმაციის ამოკითხვა მხოლოდ ბერძნულ ენაზეა შესაძლებელი (წყარო: http://eiao.org/archives/10224), თუმცა არსებობს ერთი ინგილსური მოკლე სტატიაც (წყარო: https://diaspora.parliament.gr/en-us/Newsletter/joint-meeting-of-the-iao-committees-on-culture-and-education). ალბათ განსაკუთრებული მშვიდობისმოყვარეობის ჟესტია 9 აპრილამდე ორი დღით ადრე, დიდწილად რუსული დელეგაციის მიერ საქართველოს დედაქალაქის სამუშაო ვიზიტად „მონახულება“.
ანსამბლეის ამა თუ იმ ქვეყანასთან შეღწევადობაზე თუ თანამშრომლობის სიახლოვეზე ძალიან გარგად მეტყველებს ანსამბლეის ჩატარების ადგილიც. თუკი, მაგალითად, 2014 წლის  სხდომა რუსეთის დუმაში გაიმართა, 2015 წელს იგი ვენაში, ძველ რატუშაში, ქალაქის მმართველი საბჭოს ძველ სახლში შედგა. ასეთი საბჭოს სახლები  ევროპაში ხშირად მუზეუმად ან სარიტუალო დარბაზადაა ხოლმე გადაკეთებული. მათ რიცხვს განეკუთვნება  ვენის რატუშაც.
(წყაროები: http://eiao.org/archives/7630http://eiao.org/archives/10524). ესმით თუ არა ანსამბლეის ორგანიზატორებს ზოგადად შეხვედრის ადგილის მნიშვნელობა, რადგან მათ წელს საქართველოს პარლამენტში მოიკალათეს? - დიახ, ესმით, რაზეც მეტყველებს მაგალითად გერმანიის მიტროპოლიტ ავგუსტინეს (Высокопреосвященнейший Митрополит Германии и Экзарх Центральной Европы) სტუმრებისადმი მისასალმებელი სიტყვა მაპ-ის ერთ-ერთ ღონისძიებაზე: „Для меня большая честь принимать вас здесь […] в приходском центре Дюссельдорфа. Здесь впервые проходит конференция, проводимая Межпарламентской Ассамблеей Православия. Выбор этого места для вашей встречи свидетельствует о том, что вы понимаете, чем занимаемся здесь мы, православные митрополиты, священники и паства – мы строим нашу церковь в этой гостеприимной стране.“  [ჩემთვის დიდი პატივია მიგიღოთ თქვენ აქ …დიუსელდორფის ცენტრის შესასვლელში. აქ პირველად ტარდება კონფერენცია, რომელსაც მართლმადიდებლობის საპარლამენტათაშორისო ანსამბლეა ატარებს. ჩვენი შეხვედრისათვის ამ ადგილის არჩევა მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ გესმით, რით ვართ ჩვენ, მართლმადიდებელი მიტროპოლიტები, მღვდელმსახურები და სამწყსო დაკავებულები - ჩვენ ჩვენს ეკლესიას ვაშენებთ ამ სტუმართოყვარე ქვეყანაში].
(წყარო: МЕЖПАРЛАМЕНТСКАЯ АССАМБЛЕЯ ПРАВОСЛАВИЯ (М.А.П.): Конференция на тему: „Вторая мировая война –христианский взгляд: 70 лет спустя“ Приветствия –выступления. Дюссельдорф 2015г. გვ.11, ინტერნეტში: http://eiao.org/books/World_War_II_RU/index.html)
მეტი დამაჯერებლობის, სერიოზულობისა და აკადემიურობისათვის, პარლამენტში ჩატარებული ღონისძიებების გარდა, ანსამბლეა თავს ასევე სხვადასხვა ინსტიტუციის მეცნიერ-თანამშრომლის წევრობით, ხანაც წიგნებში მოთავსებული სტატიების მყვირალა, სასიგნალო სიტყვებითა და დასათაურებებითა და ამ წიგნის გამოცემის ადგილად ევროპული ქალაქების მითითებით იწონებს. როგორც სჩანს, ანსამბლეის მესვეურნი კარგად იცნობენ პირველი შთაბეჭდილების მომხდენ საშუალებებსა და ყურადღების მიპყრობის ხერხებს. უნივერსიტეტის პირველ კურსელთა ტუტორიუმები გამოუცდელ სტუდენტებისათვის სწორედ ამ ტიპის რჩევებით იწყება: მიაქციეთ ყურადღება, თუ ვინაა ლიტერატურის ავტორი, სადაა წიგნი გამოცემული, რა ტირაჟით, შეიძლება თუ არა ვებ-გვერდის იდენტიფიკაცია, აქვს თუ არა მას იმპრესუმი, როდის მოხდა ინფორმაციის ბოლო განახლება, აქვს თუ არა გვერდს ძიების ფუნქცია მეტი გამჭვირვალობისათვის და ა.შ. ამ მითითებათაგან ანსამბლეის წარმდგენელნი რასაკვირველია მხოლოდ ზოგიერთ ელემენტეს იყენებენ და ისიც ზერელედ. გარდა ამისა, ანსამბლეა თითქმის ყველა მიღებულ დოკუმენტსა თუ დაგეგმილ ღონისძიებასთან კავშირში, აქტუალურ გამოწვევებსა და ჩვენს დროსთან შესაბამისობას ახსენებს. აქ საინტერესოა, რომ პრეზენტაციის ფორმიდან შესავალზე გადასვლაც ზედმიწევნით აკადემიურია.
ანსამბლეის გაცხადებული მიზნის - დევნის, წამების, სიღარიბის, შიმშილის, ბუნებრივი კატასტროფების შედეგების აღმოსაფხვრელად პირველ რიგში საერთაშორისო ნორმირებული და ამდენად გამოსადეგი განათლების, ადამიანთა, ქალთა, ბავშვთა ცივილიზებული უფლებების დანერგვაა საჭირო. რას სთავაზობს ანსამბლეა თავის წევრ ქვეყნებს ამ პრობლემების დაძლევაში, რომელთა სათავე პირველ რიგში გაუნათლებლობაა და აქედან გამომდინარე სიღარიბე და სიახლის შიში?
ანსამბლეის ვებ-გვერდზე განთავსებულ მრავალრიცხოვან დოკუმენტთა შორის თქვენ ვერ აღმოაჩენთ ვერც ერთ სერტიფიცირებულ დარგობრივ ან საგნობრივ სასწავლო მასალას, თუმცა უხვად ნახავთ შეხვედრების და ამ შეხვედრებზე გამომსვლელთა აუდიო თუ ვიზუალურ ანგარიშებს, ძველსა და ახალ ქრისტიანულ იკონოგრაფიას. სწორედ აქ წყდება დასავლური აკადემიზმის ელემენტების გამოყენება  და იშლება რუსული ჰიბრიდული ომი მისი ერთ-ერთი მთავარი ფლანგით - რელიგია, რისთვისაც მისწრებაა საზღვარგარეთ უკვე არსებული ბერძნულ-ორთოდოქსული ეკლესიის ქსელი.
საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტები ურჩევენ, რომ იქნება ეს მაგალითად ჯანდაცვისა თუ განათლების საკითხების გავრცელება, ყველაზე ქმედითი უკვე შექმნილი და დროის მიერ გამოცდილი ქსელების გამოყენებაა. იმავე ქსელებით, რასაკვირველია, ასევე ეფექტურად გავრცელდება ყველა სხვა სახის ინფორმაცია. ზემოთ ნახსენები ორივე რუსი დეპუტატი, ზატულინიცა და გავრილოვიც სწორედ ამიტომ ეძებენ და უფრთხილდებიან უცხოეთში გასულ თანამემამულეებს. ალბათ ბევრისთვის სიურპრიზი იქნება იმ ამბის გაგება, რომ უცხოეთში მყოფ რუსული საელჩოების რიგით თანამშრომლებს უფროსები ევროპული სამედიცინო სერვისით სარგებლობას „არ ურჩევენ“. მათი ჯანმრთელობის გადაუდებელ პრობლემებს ან თავად საელჩოში აკრედიტირებული რუსი ექიმივე აგვარებს, ან თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას იძლევა, მათ სამკურნალოდ რუსეთში აგზავნიან. შესაძლოა არსებობდეს ამ ნორმიდან გადახვევაც. ამ ფონზე კი, საქართველოს საელჩოები საკუთარ თანამშრომლებს ყოველთვის თავისუფალი არჩევანის და საჭირო ცივილიზებული სამედიცინო სერვისით სარგებლობის უფლებას აძლევდნენ.
ამ კონტექსტში ასევე ძალიან საინტერესოა ბიძინა ივანიშვილის წამოცდენილი სინანული საქართველოს გახსნილი საზღვრების შესახებ, რომ „არანაკლებ დიდი უბედურება იყო, ჩვენთვის, რომ გაიხსნა საზღვრები. ყველა გადის გარეთ და ხედავს, როგორ ცხოვრობენ სხვები და ამან ჩვენი უბედურება გააღრმავა. ჩვენ რომ ვნახეთ სად ვცხოვრობთ ჩვენ, როგორ ვცხოვრობთ და როგორ ცხოვრობენ სხვები, კიდევ უფრო გავუბედურდით, რომ დავინახეთ, რამდენად უფრო უკეთესად შეიძლება ცხოვრება“ (წყარო: http://www.tabula.ge/ge/verbatim/91076-ivanishvili-didi-ubedureba-iko-chventvis-rom-gaixsna-sazghvrebi)

დავუბრუნდეთ ისევ პარლამენტთაშორის მართლმადიდებლურ ანსამბლეას.
საინტერესოა 2019 წელს გამოცემული ანსამბლეის ბიულეტენი,  რომელიც მათი 2018 წლის საქმიანობის შეჯამებაა. ბიულეტენი დიდნაწილად თანამედროვე იკონოგრაფიული ნახატებითა და ანსამბლეის აქტივობის ფოტოდოკუმენტაციითაა დაკომპლექტებული. არის ციტატებიც ავტორების ფოტოებთან ერთად, როგორც ყურდასაღები „სიბრძნეები“, ან „აფორიზმები“. თუმცა, არის ნებითა თუ უნებლიეთ ნათქვამი გულწრფელი სიტყვებიც, რომლებსაც ქვემოთ მოვიყვან თარგმანითურთ.
„За эти годы МАП из региональной, чисто европейской парламентской структуры стала поистине международной. И в смысле количества, то есть числа участников со всех континентов Земного шара, так и в смысле возможного международного взаимодействия. Я имею в виду и ООН, и Европарламент, и Панафриканский парламент, и Парламентский Союз исламского сотрудничества, Парламентскую Ассамблею Средиземноморья, Межпарламентский Союз и многие другие межпарламентские институты. …Наша организация - политическая, любят повторять мои коллеги, но для нас задача отстаивания и защиты христианских ценностей…“ [ამ წლების განმავლობაში მაპი რეგიონალური, ევროპულიდან, სუფთა ინტერნაციონალურ სტრუქტურად იქცა, როგორც რაოდენობის თვალსაზრისით, ანუ წევრების რიცხვის მიხედვით მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან, ასევე შესაძლო საერთაშორისო ურთიერთქმედებათა თვალსახრისით. მხედველობაში მაქვს გაერო, ევროპარლამენტი და პანაფრიკული პარლამენტი, ასევე ისლამური ურთიერთთანამშრომლობის პარლამენტი, ხმელთაშუაზღვის პარლამენტი, პარლამენტთაშორისი კავშირი და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტები…ჩვენი ორგანიზაცია - პოლიტიკურია, უყვართ ჩემს კოლეგებს გამეორება, მაგრამ ჩვენთვის ამოცანად რჩება ქრისტიანული ფასეულობების დაცვა…]-ეს სიტყვები ასამბლეის ყოფილ პრეზიდენტს, სერგეი პოპოვს ეკუთვნის.
(წყარო: http://eiao.org/books/Bulletin2019/index.html გვ. 13. ).
საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარის, ნიკოლაუს ვუცის აზრით კი:
„Межпарламентская Ассамблея Православия - это чисто политическая организация, имеющая в качестве связующего звена и выражения Православную религию», - общую культурную матрицу наших народов …которая в течение 25 лет успешно защищает и демонстрирует своей парламентско-политический характер, в поисках именно культурных и политических выражений и логики, помимо вопросов общей веры. Она впитывает их в себя из богатых исторических и художественных традиций, мысленно и духовно выгодных для наших граждан.“
[მართლმადიდებელთა საპარლამენტათაშორისო ანსამბლეა-ეს სუფთა პოლიტიკური ორგანიზაციაა. რომელსაც შემაერთებელ რგოლად და გამოხატულებად მართლმადიდებლური რელიგია აქვს - ჩვენი ხალხის საერთო კულტურული მატრიცა…რომელიც 25 წლის განმავლობაში წარმატებით იცავს და აჩვენებს თავის საპარლამენტო-პოლიტიკურ ხასიათს და ეძიებს სწორედ კულტურისა და პოლიტიკის გამოხატულებებსა და ლოგიკას საერთო რწმენის გვერდით. ის იწოვს მათ მდიდარი ისტორიული და მხატვრული ტრადიციებიდან ჩვენი მოქალაქეების აზროვნებისა და სულიერების გასამდიდრებლად.]
(წყარო: http://eiao.org/books/Bulletin2019/index.html გვ. 13.).
და იქვე, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰანის ამანათიდის აზრით:
„Если европейская культура, которой мы гордимся, постоянно ссылается на систему ценностей, разработанную и созданную последней великой религией древности -христианством, тогда Православная Церковь является той, которая сохраняет древние дохристианскую и древнюю этику (нравственность), и 
мы, православные - люди той традиции, которая с одинаковой легкостью общается с древними и более новыми временами. Именно это и делает Межпарламентская Αссамблея Православия уже 25 лет“.
[თუკი ევროპული კულტურა, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ, მუდმივად იხმობს ფასეულობათა სისტემას, რომელიც შემუშავებული და შექმნილია ბოლო უძველესი რელიგიის-ქრისტიანობისაგან, მაშინ მართლმადიდებლური ეკლესია წარმოადგენს იმას, რაც ინახავს ძველ ქრისტიანობამდელსა და ძველ ეთიკას (წეს-ჩვეულებებს) და ჩვენ, მართლმადიდებლები - იმ ტრადიციის ხალხი ვართ, რომელებიც ერთნარი სიმსუბუქით ურთიერთობენ ძველ და შედარებით ახალ დროებებთან. სწორედ ამას აკეთებს საპარლამენტათაშორისო ანსამბლეა უკვე 25 წელია.]
(წყარო: http://eiao.org/books/Bulletin2019/index.html გვ. 13.).
ის, რომ ანსამბლეა პოლიტიკური ორგანიზაციაა, აღდგომის თემატური თანამედროვე ხატწერის მათივე, 2018-2019 წლის გამოშვების კატალოგშიც ნათქვამია (წყარო: http://eiao.org/books/The_Resurrection_Of_Christ2/index.html გვ. 8.), ხოლო იქვე, მათ შორის დეპუტატ გავრილოვის ხელმოწერა  ადასტურებს იმას, რომ: „„Настоящее издание посвящено каждому человеку, который является жертвой несправедливости, живет в условиях эксплуатации, скорбит, подвергается гонениям, которого лишают возможности учиться и развиваться, которого вынуждают эмигрировать и который оказывается в изоляции, в конечном счете – каждому, кто находится в ожидании ВОСКРЕСЕНИЯ“
[კატალოგი იმ ადამიანებს ეძღვნებათ, ვინც უსამართლობის., ექსპლუატაციის, შეურაცხყოფის, დევნის მსხვერპლია, მომსპარი აქვს საშუალება განვითარებისა და სწავლისა, რომელიც იძულებულია წავიდეს ემიგრაციაში და აღმოჩენილია იზოლაციაში, ერთი სიტყვით ყველას-ვინც აღდგომის მოლოდინშია]
სინამდვილეში ძველ და შედარებით ახალ დროებებთან ერთნარი სიმსუბუქით ურთიერთობა საბერძნეთს სამწუხაროდ ვერ გამოსდის. შეიძლება ისიც კი ითქვას, რომ იგი ევროგაერთიანების ყველაზე დიდი თავის ტკივილი და ზრუნვის საგანია. ათწლეულზე მეტია სახელმწიფო ბანკროტის წინაშე მდგარი ქვეყანა ევროპულ და საერთაშორისო დოტაციებზეა. პირველი დიდი ფინანსური დახმარება ქვეყანამ 2010/2011 წლებში მიიღო 73 მილიარდის რაოდენობით, ხოლო „მეორე სამაშველო პაკეტის“ სახელით ცნობილმა დახმარებამ 2012-2014 წლებში 154 მილიარდს მიაღწია. ტრანსნაციონალურმა კორუფციამ და ჩამორჩენილმა შიდა სახელმწიფოებრივმა მოწყობამ საბერძნეთი დიდი ხნით დააშორა მდგრად განვითარებასაც და სხვა ევროპულ სოციალურ სიკეთეებსაც. შერჩევითმა ხელფასების საშუალოზე მაღალმა ზრდამ, სახელმწიფო ბიუჯეტის გაუმჭვირვალედ ხარჯვამ, მათ შორის ბერძენი პარტნიორების დიდი რაოდენობით მოქრთამვამ გერმანელი მეწარმეებისაგანაც შეიარაღებისა და მედიცინის სფეროში, სახელმწიფო აპარატის ზრდამ და მისმა არაეფექტურობამ, არარსებულ ან მკვდარ პენსიონერებზე პენსიებისა და სოციალური სერვისების გაწერამ, შეიარაღებაზე გაზრდილმა თანხებმა, მიზერული სახელმწიფო ბაჟის დაწესებამ, ასევე მიზერულმა მოგებისა და ქონების გადასახადმა, ბაჟის ამოღების შეუძლებლობამ, დიდი მასშტაბით ჩრდილოვანმა ეკონომიკამ, კონტრაბანდამ, დაუმსახურებელმა კრედიტების გაცემამ, მიზერულმა ინვესტიციებმა საბერძნეთის ეკონომიკას გრძელვადიანი და მძიმე ვალები დაადეს.
(ბერძნული სახელმწიფო დავალიანების კრიზისში გასარკვევად ძალიან კარგია ვიკიპედიას გერმანულ- და ინგლისურენოვანი სტატიები. https://de.wikipedia.org/wiki/Griechische_Staatsschuldenkrise#Äußere_Ursachen )
რა შეიძლება ცივილიზებულმა დასავლეთმა საბერძნეთის კრიზისის მაგალითზე ისწავლოს? მაგალითად ის, რომ, თუ ქვეყნის ეკონომიკა ჩამოიშლება, წარმოიქმნება სურსათის დეფიციტი, პირველ რიგში კი მედიკამენტები გახდება ხელმიუწვდომელი; შეწყდება ელექტროენერგიით მომარაგება, ენერგიის ნაკლებობის გამო სასმელი წყალი გახდება მოსახმარად უვარგისი, რაც ჯანმრთელობის მძიმე პრობლემებსაც გამოიწვევს; ჩამოიშლება საბანკო სექტორი და ფულის მიმოქცევა, მოიმატებს კრიმინალი, აჯანყებები და ძარცვა და თუ ვინმე იტყვის, რომ ამას „გაგებით უნდა მოკიდება“, ის დემაგოგობს და დროის მოიგება უნდა მანამდე, სანამ ხალხი გამოფხიზლდება; ფინანსური კრიზისის დროს ადამიანები ისევ ნატურით გადახდასა და გაცვლას დაუბრუნდებიან; ეკონომიური კრიზისის დროს აფეთქდება თვითმკვლელობათა რიცხვი, დაიწყება ინფლაცია, სახელმწიფო კი ვეღარ დაიცავს საკუთარ მოქალაქეებს. (შდრ. http://www.propagandafront.de/1115080/krisenvorsorge-10-dinge-die-man-von-der-griechenland-krise-lernen-kann.html). დღეს ყველა ამ ნიშნის მიხედვით საქართველოც უკვე ეკონომიკური კრიზისის მდგომარეობაშია.
თუმცა დავუბრუნდეთ ისევ მართლმადიდებლურ საპარლამენტათაშორისო ანსამბლეის აღდგომის თემატურ თანამედროვე ხატწერის 2018-2019 წლის გამოშვების კატალოგს, რომელიც კიდევ ერთის მხრივაა ძალზედ საყურადღებო: იგი საინტერესო თეოლოგიურ დისკუსიას შლის მართლმადიდებლური სამყაროს განსაკუთრებულობასა და ამით დანარჩენ ქრისტიანთაგან განსხვავებულობაზე. კიდევ ერთხელ უსვამს რა ხაზს, მართლმადიდებელთა „სხვანაირ“, ანუ პირველყოფილ ქრისტიანულ იდენტობას - იესოს ჯვარცმის გარშემო, ხოლო დასავლურ ქრისტიანობას „შობის კულტურად“ აცხადებს: იესომ, სიკვდილით სიკვდილის დამთრგუნველმა განდევნა რა ადამიანზე მბრძანებელი შიშის ეშმაკი და ამით გაათავისუფლა ადამიანი მონობისაგან.
სალონიკის უნივერსიტეტის პროფესორის, პეტროს ვასილიადის აზრით, მართლმადიდებელთა მიერ ყოველ კვირას, განსაკუთრებით დილით აღვლენილი ღმრთისმსახურება სწორედ იესოს აღდგომის უწყვეტი კვლავწარმოებაა, რომელიც დასავლეთის კულტურაში თანდათანობით დავიწყებას ეცემა, განსხვავებით შობის ზეიმისაგან, რომელიც მათთვის ცენტრალურ დღესასწაულს წარმოადგენს. მკვლევარის აზრით, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქრისტიანების წამოდგენებს განასხვავებს ასევე ესქატოლოგია, რომლის მიხედვითაც ადამიანის  სიკვდილით  სრულდება არა დრო, ან იწყება ახალი სამყარო, ან სიცოცხლე ზეცაში, არამედ სრულდება ტანჯვა და იწყება უსასრულო დრო ტანჯვის გარეშე (წყარო: http://eiao.org/books/The_Resurrection_Of_Christ2/index.html გვ.17).

ქრისტეს ჯვარცმის დეტალებს კატალოგის მეორე თეოლოგიურ წერილში, ათენის კაპოდისტრიის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, იოანა შტოუფი-პოულიმენოუ მიმოიხილავს. წერილი ძირითადად ჯვარცმის იკონოგრაფიული სიმბოლოების კრიტიკით შემოიფარგლება.(წყარო: http://eiao.org/books/The_Resurrection_Of_Christ2/index.html გვ. 34. ff.).
არადა საინტერესო ზუსტად აღდგომის სიმბოლური დატვირთვისა და ევროპული შობის სიმბოლოს შინაარსობრივი გამიჯნვაა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ახალი აღთქმა იესოს აღდგომას, როგორც ადამიანის მიერ დანახულ ამბავს, ოთხიდან არც ერთ სახარებაში არ აღწერს. იესოს აღდგომა იქ ამბების მიზეზ-შედეგობრიობიდან გამომდინარეობს მორწმუნეთათვის: „რადგან თუ შენი ბაგეებით უფლად აღიარებ იესოს და გულით გწამს, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, - ცხონდები.“  (რომაელთა მიმართ. 10.9) ბიბლიის კრიტიკულ-ისტორიული კვლევები, რომელიც 1750-იანი წლებიდან დაიწყო, იესოს მკვდრეთით აღდგინებას რაციონალური ჭრილიდან უყურებდნენ. საკითხის მიმართ ასევე კრიტიკულად იყო განწყობილი პროტესტანტიზმიც და მას ფსიქოლოგიური მოტივებით ხსნიდა. მაშინ, როდესაც თეოლოგები და ზოგიერთი ფილოსოფოსი ახალ აღთქმაში აღწერილ ქალებს იესოს ცარიელ საფლავთან, როგორც დროის მემატიანეს მიერ აღწერილ ამბავს, ისე განიხილავდნენ - მარკოზის სახარება, „ქალები ცარიელ საფლავთან“ 16,6. იესოს სიკვდილსა და მისი აღდგომის საკამათო ნამდვილობაზე წერდნენ გოეთეცა და შლაიერმახერიც, გოტლობ პაულუსიცა და გეორგ ვენტურინიც, გრუბერი, ჰოლტცმანი, კლაუსნერი, დავიდ ფრიდრიხ შტრაუსი და სხვები.
ევროპას ბიბლიის თეოლოგიური და კრიტიკული კვლევის გრძელი ისტორია აქვს. ქართული თეოლოგია დღეს რუსული თეოლოგიის მოწაფეა. მიზეზი რუსეთის ორ საუკუნეზე მეტი ბატონობაა საქართველოზე, რა დროის განმავლობაშიაც გადაიწერა ან გადაიშალ-გადაიღება არა მარტო საეკლესიო იკონოგრაფია, არამედ გატანილ იქნა საეკლესიო არქივებიც - ძვირფასი ნივთები, ხელნაწერები და წიგნები-არქივი, ხოლო მღვდელმსახურნი თავის დროზე რუსი მღვდელმსახურებით ჩანაცვლდნენ, ლიტურგიის ენა რუსულით ჩანაცვლდა. მოგვიანებით, საეკლესიო ლიტერატურის თარგმანებიც უკვე რუსული ენიდან გაიშალა. ქართულმა ქრისტიანულმა კულტურამაც, საეროს მსგავსად, გეტოიზირება განიცადა. ფილტრად ჩაშენებულმა რუსულმა ენამ ქართული რელიგიური იდენტობაც სრულიად გამოცვალა. შუასაუკუნეებში საზღვარგარეთ, უცხო ცოდნის მშობლიურ ენაზე სათარგმნად და კულტურის გასამდიდრებლად გაგზავნილი და ცოდნის გამავრცელებელი ქართველი ბერი, რომელიც ადრე ლამის შპიონივით მოქმედებდა, ხოლო დღეს უცხოეთში სასწავლებლად გაგზავნილ და ქვეყნის სასიკეთოდ ცოდნის ჩამომტან კურსდამთავრებულ სტუდენტს შეეფარდება, ახლა ეკლესიაში უფუნქციოდაა გამოკეტილი.

[…უსამართლობის., ექსპლუატაციის, შეურაცხყოფის, დევნის მსხვერპლი, მომსპარი აქვს საშუალება განვითარებისა და სწავლისა, რომელიც იძულებულია წავიდეს ემიგრაციაში და აღმოჩენილია იზოლაციაში, ერთი სიტყვით ყველას-ვინც აღდგომის მოლოდინშია] - ეს გავრილოვის თავმჯდომარეობით საქართველოში ჩატანილი და „ექსპორტზე გატანილი ქრისტიანობის“ სამიზნე ჯგუფია, რომელსაც ის „სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველის“ მაგალითზე ანუგეშებს, მაგრამ გარდა იმისა, რომ ამას მორწმუნე ადამიანის აბსტრაქტული აზროვნება სჭირდება, როგორი ცინიზმია, არა?!
თანამედროვე ნახატი ჯვარცმის კატალოგები და იქ მოთავსებული, სულ რამოდენიმეგვერდიანი მსჯელობები თეოლოგიურ საკითხებზე, რომელთა თარგმანი ინგლისურ, ბერძნულ, რუსულ და არაბულ ენებზე მოხერხდა მხოლოდ და ქართულად ვერა, ასევე როგორი ცინიზმია არა?! რატომღაც ბავშვთა კვების საბჭოთა, რუსულენოვანი კოლოფები, „Малыш“ გამახსენდა, რომლის ინსტრუქციასაც ხშირად ქართველი მშობლები ვერ კითხულობდნენ და ბავშვს ერთ ულუფას მთელ დღეზე უნაწილებდნენ რუსული ენის არ-ცოდნის გამო. მშიერი ბავშვები კი ტიროდნენ და არ იზრდებოდნენ მანამ, სანამ ვინმე ღვთისნიერი რუსული ენის მცოდნე არ გადაამოწმებდა მშობლების ქცევას ბავშვის კვების ინსტრუქციასთან მიმართებაში.

(პირველი ნაწილის დასასრული)

გაგრძელება

ამ კონსტექსტში უფროდაუფრო საინტერესო ხდება დასავლური ქრისტიანობისაგან „შობის კულტურის“ მიზეზით გამიჯნული ორთოდოქსული, „ჯვარცმული“ კულტურა. ბიბლიის ტექსტში, რომელიც თარგმანში ნიუანსების განსხვავებულობის მიუხედავად, ყველა ქრისტიანს აერთიანებს, შობის ამბავი მხოლოდ ორ - მათესა და ლუკას სახარებაშია აღწერილი. მართალია, ორთოდოქსული ქრისტიანობაც ღვთისმშობლის ფიგურის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ იქ გაცხადებულ მთავარ გზავნილზე - იესოს დაბადების გამო დროის ახალი ათვლის დაწყებაზე, ორთოდოქსია სდუმს. 25 დეკემბერს დაბადებულმა იესომ სათავე დაუდო ახალ წელთაღრიცხვას, რომელიც ამასობაში საერთაშორისო ურთიერთობის სტანდარტიცაა. აქ კი, შეიძლება ორთოდოქსული ძველი კალენდარი თავისი 7 იანვრის ორთოდოქსული შობით სერიოზული დისპუტებისა და ამდენად დისკომფორტის წყაროდ გადაიქცეს ყველა მიმართულებით, რადგან არგუმენტები დასაცავი გახდება როგორც საკუთარი მრევლის, ისე გარე მომკითხავებისათვის. აღმოსავლეთის ქრისტიანობა, მათ შორის ალბათ ამიტომაც, არგუმენტების წერას - დუმილსა და ხატების წერას ამჯობინებს. იგივე ითქმის მარიამის ქალწულობის, ქალწულებრივი ჩასახვისა და უბიწოების შესახებაც, რომელზე კამათიც ბევრ ანატომიურ-გინეკოლოგიურ საკითხს მოჰფენს ნათელს, გაააქტიურებს საკითხებს სექსუალობაზე, ქალთა და ბავშვთა უფლებებზე, ალბათ დასავლურ კაპიტალიზმსა და კონსუმზეც. ეს საკითხები კი ქალთა ემანსიპაციას მოკლე გზით გაიყვანს სამშვიდობოზე, ხოლო პატრიარქატს საბოლოოდ დაასამარებს, მათ შორის იდეურ-სიმბოლურ დონეზეც: ფეხმძიმე ქალებს ბავშვის მამის წარმომავლობას არავინ დაეკითხება. ბავშვი ღმერთის ძეა ბიჭუნა ისევე, როგორც გოგონა. „იოსები“ კი მიიღებს ბავშვს, როგორც საკუთარს ზუსტად ისევე, როგორც ამას ამასობაში დასავლურ ცივილიზაციაში აკეთებენ კაცები - უკლებლივ ყველა, ანაც - იხდიან სახელმწიფო ბაჟის გადასახადს საერთო ბიუჯეტისთვის, რომლიდანაც „ბავშვის ფულის“ სახელით ცნობილი ყოველთვიური შემოსავალი ყველაზე ღარიბ მშობელსაც კი აძლევს საშუალებას, გააჩინოს რამდენი ბავშვიც უნდა და ვისგანაც უნდა და მისცეს მათ სავსე და უზრუნველი, ბედნიერი ბავშვობა. დასავლური ცივილიზაცია ე.წ. „Leistungsgesellschaft“-ს ანუ შედეგზე ორიენტირებულ საზოგადოებას წარმოადგენს. ამიტომ აუცილებელი გახდა დასავლეთისთვის დროის მკაცრი დათვლაც. ყოველდღიური და რამდენიმესაათიანი ღმრთისმსახურების შესახებ რუსეთში, ჯერ კიდევ საუკუნეების წინ გადმოსცემდნენ გაოცებული გერმანული ფოსტის მოხელეები, რომლებიც სამოგზაურო შთაბეჭდილებებსაც იწერდნენ. საკამათოა, არიან თუ არა ქალები დროსთან მიმართებაში უფრო რაციონალურები, ხოლო კაცები უფრო მფლანგველები, რადგან ორთოდოქსული ქრისტიანობა კაცების მიერ სტრუქტურირებული რელიგიაა?!

აი, სწორედ ამ ელემენტებისაგან შედგება რუსული ილუზორული კონსერვატიზმიცა და მემარჯვენეობაც სინამდვილეში, რომელიც ასევე სტალინის მიერ „წითლად“ რესტავრირებული წარსულიცაა და არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ იგი ჯიჰადის ელემენტებსაც საკმაოდ შეიცავს, ქმნის რა საკუთარ იდეოლოგიას, საკუთარ რეალობასა და (ფსევდო)მეცნიერებასთან ერთად. ირონიაა, რომ ამ ანსამბლეის აბრევიატურასაც მაპ-ი ჰქვია ისევე, როგორც დროში გაწერილი რეფორმების გეგმას ჰქვია MAP (Membership Action Plan), რომელთა შესრულების შემთხვევაში და ნატოს წევრი ქვეყნების პოლიტიკური გადაწყვეტილებით საქართველოც შეიძლება გახდება ნატოს წევრი. რა არის მესიჯი მთელი ამ დასავლურ-აღმოსავლური ქრისტიანობის დაყოფა-დიფერენციაციისა? რას გვთავაზობს რუსულ-ორთოდოქსული მაპ-ი?
ორთოდოქსულ მართლმადიდებლობას პირველ რიგში სქესთა გაყოფა და ქალის უფლებების შეზღუდვა მოაქვს, იყენებს რა რელიგიას ინსტრუმენტად, რაც შემდეგში იწვევს საზოგადოების პოლარიზაციას. ქვეყნებში, სადაც სქესობრივი განათლება დემონზირებულია, სამედიცინო რჩევებს რელიგიური წინამძღოლი იძლევა და მედიცინა ევროპა-ამერიკული საერთო სტანდარტისაგან განყენებულად არსებობს, არ სუფევს არც მშვიდობა. რადგან რელიგიურ წინამძღოლებს ამავდროულად კანონმდებლების როლიც აკისრიათ, რადგან ისინი ამავდროულად „ჭკუის მოსაკითხი“, ან ძალადობაზე დამყარებული ავტორიტეტები არიან; ის, რაც წესით უნდა ჰქონდეთ სახელმწიფო ინსტიტუციებსა და დამოუკიდებელ, ერთი ნორმით მომუშავე სასამართლოებს, რათა კანონის წინაშე ყველა თანაბარი იყოს და სხვადასხვა ადამიანისათვის სხვადასხვაგვარი, ინდივიდუალური კანონი არ მოქმედებდეს - ერთი, დაწერილი საზომით იზომებოდეს ყველასათვის.



დასკვნად შეიძლება ითქვას, რომ დღესაც ვერ გამოვდივართ ცოდვიანობის და მორწმუნეობის, ვადაგასული ზნეობისა და მორალის და საერთო ჯამში სსრკ აზროვნების პარადიგმიდან (პარადიგმა ნიშნავს ფიქრთა, აზროვნების წყობის ერთ კონკრეტულ სისტემას), რომელიც რუსულმა და მასზე ჩამოკიდებულმა ქართულმა ეკლესიამ ასე შეითვისა თარგმნილი ლიტერატურისა თუ იქ მოკალათებული ხელმოცარული კომუნისტების წყალობით. ამას თან ერთვის ტოტალური უწიგნურობა, რაც დღეს საქართველოში მძიმე ფონს ქმნის და ზოგადად საღი აზრის გავრცელებას დიდად აბრკოლებს. მათემატიკასა და ფიზიკას რომ ვეღარ შვისწავლით საფუძვლიანად, ფაქტია. ასეთი ტიპის ცოდნას ბაზა და რესურსები (ფული) სჭრდება. საშუალო სტატისტიკური ქართველის საქართველოში გადარჩენის შანსები დღითიდღე მცირდება. ესაა რეალური სურათი.

არსებობს იმდენი ფორმის სექსუალობა, რამდენი ადამიანიც ცხოვრობს დედამიწაზე. სექსუალობა და მისი ნებისმიერი ფორმის გამოვლინება არის პირადი არჩევანი და ის ხელშეუხებელია! ადამიანის სქესიცა და სექსის ფორმა ეკუთვნის მისსავე ლოგინს/პირად სივრცეს, გარშემომყოფებს ეკუთვნით მხოლოდ ადამიანის სახე!

ადამიანი გამუდმებით ორი პარალელური ტერიტორიისათვის იბრძვის და ებრძვიან მას: მიწისა და სხეულისათვის. გლობალიზაციამ ეს ბრძოლა კიდევ უფრო გაამძაფრა და სასტიკი გახადა. ამ ომს საქართველოშიც დიდი ხანია უსასტიკესი ფორმები აქვს მიღებული.
1900-იანი წლების კულტურის დისკურსი (ილია-ვაჟა-იაკობი (და არა აკაკი!) საბჭოთა სისტემამ სრულიად წაშალა, ხოლო მის ადგილას ცალკეული (იმავე) ავტორების კონტექსტიდან ამოგლეჯილი მაგალითები დაგვიტოვა. ისეთები, რომლებიც საბჭოთა დროის (უტოპიური) კულტურის კაფსულებშიც ჩაეტეოდნენ. გაქრა თანმიმდევრობით, პირველ რიგში, კულტურა, რასაც მიჰყვა ეროვნულობა, თვითმყოფადობა, მომავლის პერსპექტივები. სოციალისტური გაერთიანებ(ებ)ის სახელით გადახალისდა რუსეთის იმპერია. დადგინდა გეოგრაფიული საზღვრები და დაიწყო დიდი ექსპერიმენტი - კომუნიზმი. (ეროვნული)კულტურის შემდეგ პირველი დიდი შეტევა ისევ სხეულზე განხორციელდა, - გეოგრაფიული ტერიტორია ამ დროისათვის უკვე სრულიად ოკუპირებული იყო.
ქვეყანა ოკუპაციისაგან სიმბოლურად დაახლოებით 25 წელია გათავისუფლდა, მაგრამ ეს გათავისუფლება გეოგრაფიული ტერიტორიის შემცირების ხარჯზე მოხდა, თუმცა მაშინვე გაჩაღდა სხვაგვარი, ჰიბრიდული ომი.
ქვეყნის წარმატებული არსებობა მისი მიწისა და იქ მცხოვრები სხეულების მდგრად უსაფრთხოებაში გამოიხატება. ორივეგან ადამიანს შეუძლია იშრომოს, აღიდგინოს ძალები და დაისვენოს,- (დროებით)გადააბაროს კონტროლი და გაიხედოს მომავალში.
მიწა და სხეული საარსებობო და ამდენად რეგენერაციის ტერიატორიებიცაა. ამიტომ ორივე არასოდეს კარგავს აქტუალობას გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რადგან სხეულს ჯერჯერობით გარკვეული დროის განმავლობაში მაინც ისევ ესაჭიროება „ფეხის მოსაკიდებელი“ ადგილი.
საქართველო მუდმივად დგას კიდევ უფრო მეტი ტერიტორიების დაკარგვის საშიშროების წინაშე. პრევენცია მხოლოდ განათლების გზით კულტურის განახლებაშია, არადა ამ შიშებით მუდმივად მანიპულირებს ძალიან კარგად მომზადებული მეტოქე, რომელიც შეკითხვაზე: „სად მოისვენოს სულმა, სად მიიდრიკოს თავი“? - მზა რეცეპტებს გასცემს - სად და წარსულსა და წარსულის დიდებაში. უბრალო ხატად ქცეულ დავით აღმაშენებელს დღემდე ვერა და ვერ დაუპირისპირდა სტაბილური დროით „ილია-ვაჟა-იაკობის“ იდეა. შესაბამისად, თავისი სრული შინაარსით, ვერც სალოცავი ტაძრის შესასვლელში დამარხული დავით მეფის იდეა გაცოცხლდა, რომელმაც ყველაზე დიდი ფართობის ფეხის დასადგმელი ადგილი დაუტოვა შთამომავლობას და თავადაც სიმბოლურად ამ ფეხის დასადგმელი ადგილის ერთ მცირე ნაწილად იქცა თავისი საფლავის ქვითა და მასზე ამოტვიფრული ეპიტაფიით: „ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნისამდე, ამას დავემკვიდრო, რამეთუ მთნავს ესე“. ანა კალანდაძის პოეზიამაც დიდი მეფის ჩანაფიქრი რიტმულ-რიტუალურ სიტყვებში გააშეშა: „დამადგით გულზე ფეხი დამადგით გულზე ყოველმან, წყალობა ჰყავით…“
გვგონია, ძალიან ბევრი რამ ვიცით, მაგრამ სინამდვილეში სწორედ ამ რიტმულ-რიტუალური კედლების გამო სიტყვები ჩვენიანად არ მიგვაჩნია. სწორედ ამიტომ არც იდეები ცოცხლდებიან.
მოსასვენებელი ტაძარიცა და სამყაროს ცენტრიც,პირველ რიგში - (მეორე) ადამიანია.

(მეორე ნაწილის დასასრული)



ნაწერი წარმოადგენს მისი ავტორის, მანია ხუციშვილის საკუთრებას.




ფოტოები: 1. გავრილოვი, კლერიკალი და სხვები
                    2. კომპარტიის წევრი გავრილოვი
                    3. გავრილოვი საბერძნეთის პარლამენტში
                    4. საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარე
                        ნიკოლაუს ვუცი
                    5. საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰანის ამანათიდი
                    6. საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰანის ამანათიდი
                        და კლერიკალი