Donnerstag, 5. Februar 2015

ბიორნსტერნე ბიორნსონი: „მამა“

(თარგმანი ნორვეგიულიდან)


ეპარქიის ყველაზე გავლენიან კაცს, რომლის შესახებაც აქ უნდა მოგითხროთ, ერქვა თორდ ოვერაასი. ერთ დღესაც შემართული და სერიოზული გამომეტყველებით, წარდგა იგი მღვდლის წინაშე: „მე ვაჟი გამიჩნდა“, თქვა მან „და მსურს მოვნათლო“.- „რა უნდა ერქვას მას?“ -„ფინი, როგორც მამაჩემს“- და ნათლიები?“- მან დაიწყო მათი ჩამოთვლა: ეპარქიის ყველაზე პატივცემული ბატონები და ქალბატონები, - ისინი მისი ნათესავები იყვნენ,.„კიდევ რამეა?“ იკითხა მღვდელმა და ამოხედა. გლეხი ყოყმანობდა. „მე მსურს, რომ ის მარტო მოინათლოს“ დაამატა მან. „შენ გინდა თქვა, რომ კვირის დღეებში?“ - „ამ შაბათს  შუადღის 12 საათზე.“ - „კიდევ რამეა?“ იკითხა მღვდელმა - „სხვა აღარაფერია“.  გლეხმა გადაატრიალა ქუდი, თითქოს წასვლა უნდოდა. -„და აი, კიდევ რა,“ სწორედ ამ დროს წამოდგა მღვდელი გაემართა თორდისაკენ, დაიჭირა მისი ხელი ხელში, ჩახედა თვალებში და უთხრა: „ღმერთმა ქნას, რომ შენი შვილით დალოცვილი ყოფილიყავ!“
ამ დღის თავზე 16 წლის შემდეგ თორდი კვლავ იდგა მღვდლის წინაშე. „შენ კარგად შენახულხარ თორდ“, თქვა მღღვდელმა, რადგან იგი კვლავ ძველებურად გამოიყურებოდა. „მე ხომ სადარდებელი არაფერი მაქვს“, უპასუხა თორდმა. მღვდელი გაჩუმდა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ მაინც ჰკითხა: „ამ საღამოს რაღას შეუწუხებიხარ?“- „ამ საღამოს ჩემი ვაჟისთვის მოვედი, რომელსაც ხვალ კონფირმაცია აქვს.“ - „ის კარგი ბიჭია.“ - „სანამ ბატონ მღვდელს გასამრჯელოს გადავუხდიდი, მინდა ვიცოდე, რიგით მერამდენე იქნება იგი.“ - „ის იქნება რიგით პირველი.“ - „ძალიან კარგი, - აი, აქ ათი ტალერია ბატონი მღვდლისათვის.“ - „კიდევ რამეა?“ - ჰკითხა მღვდელმა და შეხედა თორდს. - „სხვა აღარაფერია.“ - თორდი იქაურობას გასცილდა.
გავიდა ისევ 8 წელი.ერთ დღესაც მღვდლის სამუშაო ოთახის წინ ხმაური ატყდა, მოვიდნენ კაცები, რომელთაც წინ თორდი მიუძღოდათ. მღვდელმა შეხედა თუ არა მაშინვე იცნო თორდი. „დღეს შენ მთელი ამალა გახლავს თან “- „მე მსურს ჩემი ვაჟის დანიშვნა გამოვაცხადო. მას ცოლად მოჰყავს კარენ სტორლიდენი, ქალიშვილი გუდმუნდისა, რომელიც ახლა თქვენს წინაშეა“. - „ის ხომ ქალაქში ყველაზე მდიდარი გოგონაა“. -„ასეა ეს“, უპასუხა გლეხმა და ხელით თმა მაღლა გადაიწია. მღვდელი რამოდენიმე ხანს იჯდა, თითქოს ფიქრებში ჩაძირული და ხმას არ იღებდა. მერე მხოლოდ სახელები შეიტანა თავის წიგნში, კაცებმა კი - ხელი მოაწერეს. თორდმა სამი ტალერი დადო მაგიდაზე. „მე მხოლოდ ერთი მეკუთვნის“, თქვა მღვდელმა -„ვიცი, მაგრამ ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილია, მსურს ყველაფერი სწორად გამოვიდეს“. მღვდელმა აიღო ფული. „ეს მესამე ჯერია თორდ, შენი ვაჟიშვლისთვის რომ ჩნდები აქ“. -„ახლა კი დავამთავრე ამით“, თქვა თორდმა, დაკეცა თავისი ბლოკნოტი, გამოემშვიდობა და წავიდა, კაცებიც გაჰყვნენ ნელ-ნელა.
14 დღის შემდეგ მამაშვილი ნავში ისხდნენ და მიცურავდნენ წყნარად წყალზე სტორლიდენისკენ, ქორწილის ამბებზე მოსათათბირებლად. „დასაჯდომი წესიერად არაა დამაგრებული“ თქვა ვაჟმა და ადგა, რათა გაესწორებინა იგი. უცებ ფიცარი გაცურდა, რაზეც ის იდგა, ხელები გაიქნია, ერთი დაიყვირა და წყალში გადავარდა.
„მაგრად მოეჭიდე ნიჩაბს“, დაიყვირა მამამისმა, წამოხტა და გაუწოდა იგი. რამოდენიმეჯერ სცადა ვაჟმა მისი დაჭერა, მაგრამ კუნთების კრუნჩხვამ შეუშალა ხელი. „მოიცა“, დაიძახა მამამ და სცადა ახლოს მიცურებულიყო. უცებ ვაჟი უკან გადავარდა, მიაშტრედა მამას და დაიწყო ჩაძირვა.
თორდს არ სჯეროდა, ის აჩერებდა ნავს და დიდხანს აკვირდებოდა იმ ადგილს, სადაც მისი ვაჟი გაუჩინარდა, თითქოს იგი ეს-ეს არის ახლა ამოყვინთავსო. რამოდენმე ჰაერის ბუშტი ამოუშვა წყალმა, მერე კიდევ რამოდენიმე, ბოლოს ერთი დიდი და გასკდა- ტბა კი იდგა ისევ სარკესავით მოპრიალებული
სამი დღისა და ღამის განმავლობაში ხედავდნენ მეზობლები, თუ როგორ დაცურავდა მამამისი იმ ადგილის გარშემო უჭმელ-უსმელი. ის თავის ვაჟს ეძებდა. მესამე დღეს, დილით კი მან ის იპოვნა, გადაატარა მთაზე და წაიღო თავის სახლში. 
ერთი წელი გავიდა მას შემდეგ. ერთი შემოდგომის საღამოს უცებ მღვდელს დერეფანში შრაშუნი და კარების სახელურის ფრთხილი ჩამოწევის ხმა შემოესმა. მღვდელმა კარი გააღო და შერჩა ერთი მაღალი, მაგრამ წელში მოხრილი გამხდარი კაცი თეთრი თმით.
მღვდელი დიდხანს უცქერდა მას, ვიდრე მასში თორდს ამოიცნობდა. „რა გვიან მოხვედი?“ თქვა მღვდელმა და გაჩერდა ჩუმად მის წინ. „ჰო, მართალია, გვიან მოვედი“, თქვა თორდმა და ჩამოჯდა. მღვდელიც იქვე დაჯდა და დაუწყო ლოდინი. სიჩუმე სუფევდა დიდხანს. თორდმა წამოიწყო: „რაღაც მოვიტანე თან, რაც ღარიბებს მინდა გადავცე“. ის ადგა, დადო ფული მაგიდაზე და ისევ დაჯდა. მღვდელმა დათვალა: „ეს ფული ბევრია“- თქვა მან. -„ეს ჩემი კარ-მიდამოს ნახევარია, დღეს გავყიდე“. მღვდელი დიდხან იჯდა მდუმარედ. ბოლოს როგორც იქნა ჰკითხა თანაგრძნობით: „თორდ, რა გინდა ქნა ამიერიდან“ - „რაღაც უკეთესი.“- ასე ისხდნენ ისინი კარგა ხანს, თორდი მზერადახრილი, ხოლო მღვდლის თვალები ზემოდან დაჰყურებდნენ მას. ბოლოს მღვდელმა ნელა და ჩუმად უთხრა: „მე ვფიქრობ, რომ შენმა ვაჟმა შენ ახლა, როგორც იქნა, დაგლოცა.“- „ჰო, ახლა მეც მჯერა ამისა“, თქვა თორდმა და აიხედა. წყვილი ცრემლი მოგორავდა მის ღაწვებზე.  

მთარგმენილსაგან
ბიორნსტერნე ბიორნსონი (1832-1910) ნორვეგიელი მწერალია, რომელიც ნორვეგიულ ლიტერატურაში რეალიზმის წარმომადგენლად გვევლინება. იბსენისაგან განსხვავებით იგი არ არის ურბანული კულტურის წარმომადგენელი, მისი დამახასიათებელი ნიშანი ხალხთან სიახლოვეა. იგი წარმოშობით გლეხების ფენიდანაა. მისი მოთხრობა „მამა“ ჯერ კიდევ მის ახალგაზრდობაშია დაწერილი, რომელიც 1860 წელს დაიბეჭდა მისსავე კრებულში „Småstykker“ (პატარა მოთხრობები).
ამ მოთხრობაში დასაწყისია ძალზედ საყურადღებო, საიდანაც იხსნება ქალაქის ერთი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი კაცის ამბავი. მოთხრობა ძალიან პატარა ზომისაა, მაგრამ სწორედ ამ ორიდ გვერდის განმავლობაში ახერხებს ბიორნსონი, გაშალოს ცხოვრების მთლიანი დრამა. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ იკითხება სტრიქონებს შორის. მოკლე რეპლიკები ავითარებენ მოქმედებას. ავტორი არაფერს ხსნის, ინტერპრეტაცია მკითხველმა უნდა გააკეთოს თავად.
ამასთან პირადად მსურს აღვნიშნო ის, რომ ნორვეგიის ეკლესიის შენობები ყველაზე მოწიწებულია, რაც კი მინახავს დღემდე მსოფლიოში. ნორვეგიისთვის ტიპიური ეკლესიის არქიტექტურულ მოდელს ე.წ. სტავკირკე (stavkirke) წარმოადგენს, ეკლესია, რომლის ძირითად საყრდენ კონსტრუქციას ხის ბოძები (stav. ნორვეგ. ბოძი) წარმოადგენენ და დანარჩენი ნაწილებიც ხისგანაა აშენებული.
მსგავსი ტიპის ეკლესიები ნორვეგიაში 12-13 საუკუნიდან იღებენ სათავეს. დღესდღობით მხოლოდ 33 სტავკირკეა ნორვეგიაში შემორჩენილი და მათი ნახვა ლამის ყველა ტურისტული პროგრამის განუყოფელის ნაწილია. ნორვეგიელთა უნეტესობა, კერძოდ 79 % ევანგელურ-ლუთერანულ ეკლესიას მიეკუთვნება. ამ ეკლესიას უკვე 1961 წლიდან აჰყავს ქალები სასულიერო რანგებში (ხარსიხებში), ხოლო 2013 წლიდან უშვებს ერთსქესიანი ადამიანების ქორწინებას.

1 Kommentar:

  1. საოცრად სულში ჩამწვდომი და ამაღელვებელი მოთხრობაა. ძალიან მაგონებს სკანდინავიურ საგებსა თუ ზღაპრებს. როგორი ლაკონურია და რამდენი აზრია სტრიქონებს შორის. დიდი მადლობა თარგმანისთვის!

    AntwortenLöschen