Sonntag, 25. Januar 2015

(მინიატურა) გივი გაიძვერაა!

მე-8, თუ მე-9 კლასში ვიყავი, მიტინგობანა რომ დაიწყო. ძალიან კარგი ქართულის (ქალი)მასწავლებელი გვყავდა. თითქოს მკაცრი იყო, მაგრამ ამავდროულად ძალიან ჰუმანური, არა მარტო ბრწყინვალე ქართულის მცოდნე, არამედ საუკეთესო მასაწავლებელიც. მას მერე ვიცი, რომ მასწავლებლობა თანდაყოლილი რამაა, ან ხარ მასწაველებლი, ან - არა! შეიძლება ითქვას, რომ ქართული ენისა რაც გამეგება, მხოლოდ მისი დამსახურებაა. (ქართულმა) უნივერსიტეტმაც კი ვერ მომცა იმაზე მეტი, რაც მან. მეტიც, ძველი ქართული ენის სახელმძღვანელო უნივერსიტეტში ხეირიანად არც კი გადამიშლია. რაც შიგ ეწერა, მე უკვე უმეტესწილად ჩემი ქართულის მასწავლებლისაგან მქონდა სკოლის გაკვეთილებზე ნასწავლი. რა თქმა უნდა, ძველი ქართული ენის ლექციები საინტერესო იყო და დამატებითი ცოდნაც შევიძინე, მაგრამ ეს მხოლოდ დამატება იყო.


ჯერ კიდევ სკოლაში დავდიოდი, უფროსკლასელი ვიყავი, ჩემი მეზობლის ბავშვმა რომ მომიკაკუნა ერთხელ კარზე და მთხოვა, მისთვის ერთ-ერთი ძველი ქართული ენით დაწერილი ნაწარმოები მეთარგმნა(!). ამ ტექსტის თანამედროვე ენით გადმოცემული მოკლე შინაარსი ვერ მოიძია, არადა იცოდა, რომ მომავალ გაკვეთილზე მასწავლებელი აუცილებლად გამოიძახებდა. დიდხანს ვუხსნიდი ანას ტექსტის შინაარსს, მერე მაინც ტექსტის მოკლე შინაარსად თარგმნა მომიწია. შევატყე, როგორ გახალისდა ანა, ჩემს ბოლო წინადადებებს რომ იწერდა სიტყვასიტყვით რვეულში. ახლა მას საიმედოდ ჰქონდა ერთ-ერთი საპროგრამო ტექსტის მოკლე შინაარსი ჩაწერილი.  დაფასთან ანას დიდი ალბათობით ხვალისთვის დაგეგმილი გამოძახება, ჩემი მოკრძალბული გათვლებით, მცირე წარმატებით მაინც უნდა დაგვირგვინებულიყო.


შეიძლება ითქვას, რომ მთელი ეროვნული გამოღვიძების ისტერიამ თავისი დროშების ფრიალით, მეგაფონებში ყვირილით, ეგზალტირებული (აღგზნებული) მემიტინგეების გულში მჯიღის ცემით ჩვენი საკლასო ოთახის გარეთ ჩაიარა. ჩვენმა ქართულის მასწავლებელმა გვითხრა, რომ იქ არც ჩვენი და არც ჩვენნაირების ადგილი არ იყო. ჩვენი ადგილი იყო სკოლაში, მერხზე და აქვე უნდა ვმსხდარიყავით გაკვეთილების ბოლომდე. ამიტომ ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ მიტინგებზე,  მაგრამ ამ დროს გარეთ დატრიალებულ ამბებს ზოგჯერ ჩვენნაირებისგანაც ვიგებდით.


ჩვენ ერთი ფიზიკის მასწავლებელიც გვყავდა, ის კომუნისტური რიგების, პარტიის წევრი იყო, შეუვალი და ამავდროულად არ უყვარდა ადამიანები. რაღაც თავისებური მეთოდი შეიმუშავა იმისა, თუ როგორ უნდა ესწავლებინა ჩვენთვის ფიზიკა. ფიზიკის მთლიანი სახელმძღვანელო დააკონსპექტა ასე ვთქვათ, მოკლე შინაარსად გადააქცია. მერე ადგა და ამ კონსპექტის ნაწილებს გვკარნახობდა და გვაწერინებდა ჩვენს რვეულებში. როცა ჩაწერილმა გვერდებმა გარკვეულ რაოდენობას მიაღწიეს, ამოგვარჩია რამოდენიმე მოსწავლე, ვინც სავარაუდოდ ამ ჩანაწერის რვეულის გარეშე და სიტყვასიტყვით გამეორებას შეძლებდა, გადაგვამოწმა დაფასთან, ვფლობდით თუ არა მასალას სათანადოდ, ხარვეზების გარეშე და მოგვამაგრა თითოს ხუთიდან ათამდე ჩვენივე კლასელი. ჩვენ ჩვენის მხრივ უნდა შეგვემოწმებინა მათი ცოდნის სიახლოვე გაშინაარსებულ კონსპექტთან და შეგვეფასებინა ეს მოსწავლეები. თან ნება დაგვრთო, კონსპექტიც, ყოველგვარი გაუთვალისწინებელი გაუგებრობის გამოსარიცხად თან გვქონოდა. ასე და ამრიგად, ყოველ ფიზიკის გაკვეთილზე ოთახს რამოდენიმე წყვილი მოსწავლე აკლდა. მათი ნახევარი გარეთ მყოფ დანარჩენ ნახევარს ცოდნას უმოწმებდა და აფასებდა. უკვე შეფასებულები შიგადაშიგ საკლასო ოთახის კარებს აღებდნენ და ბრუნდებოდნენ, ხოლო რიგში მდგომი შესაფასებლები საკლასო ოთახს შუა გაკვეთილზე რიგრიგობით ტოვებდნენ. თუკი ფიზიკის მასწავლებელი იმ წუთისათვის დაფისკენ იყო მიტრიალებული, ასეთი გამოსაცდელი დარჩენილ კლასს მთელი მონდომებით ეჯღანებოდა და ბედნიერი სახით გადიოდა ცოდნის ტაძრის ერთ-ერთი საკნიდან.


ახალი სასწავლო წელი დაიწყო და იმ ფიზიკის მასწავლებელმა გადაწყვიტა, რომ ჩვენი მერხზე დალაგებული სასკოლო ნივთები შეემოწმებინა. ჩამოვლისას აღმოაჩინა, რომ ნიკოს მერხზე ორი დღიური ედო. აიღო ეს დღიურები ხელში და სთხოვა მას ამდგარიყო;-მამაშენი ქურდია ხომ, იპარავს არა?! სახელმწიფოს პარავს არა?! მაშ, საიდან შენ ორი დღიურის ყიდვის საშუალება, სხვას ერთიც არ აქვს?!და ისეთი სიძლიერით გაუქანა მუშტი, რომ ნიკო წაბარბაცდა და უკანა მერხებს გადაეფინა. წამოცვივდნენ ახლოს მჯდომი ბიჭები და მოაცოცხლეს ნიკო, ვერავინ ბედავდა განრისხებულ მასწავლებელთან მიახლოებას. ნიკოს არაფერი უთქვამს, დასისხლიანებულ ცხვირზე ცხვირსახოცი აიფარა და ისევ ჩუმად დაჯდა მერხზე. ნიკოს მამა იმ ზაფხულს, არდადეგებზე გარდაცვლილა თურმე.

ამასობაში ეროვნულ-გა(ნ)მა(ნ)თავისუფლებელი ტალღა ისე ძალიან გაძლიერდა, რომ ქართულის არა, მაგრამ ჩვენი ფიზიკის გაკვეთილსაც მოსწვდა. ერთ მშვენიერ დღეს, როცა საკლასო ოთხებში შევედით, ჩვენმა მასწავლებელმა დაფა დაკეცა და გვითხრა, წაიკითხეთ ჩემთან ერთად დაფაზე რაც წერიაო. თავად ზურგი გვაქცია, დაფისკენ მიტრიალდა და დაიწყო კითხვა:მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა… დაკეცილი დაფის მეორე მხარეს მეორე ლოცვა ეწერა წმინდა სამებისათვის, ისიც წავიკითხეთ. ყოველი ლოცვის მერე პირჯვარიც გადავიწერეთ სამ-სამჯერ. ამის მერე ყოველი ფიზიკის გაკვეთილის დასაწყისში მთელი კლასი ფეხზე ვდგებოდით და ჩვენი ფიზიკის მასწავლებელთან ერთად დაკეცილი დაფის უკანა მხარეზე დაწერილ ლოცვებს ვკითხულობდით. ასე ისწავლა ჩემმა ოცდათორნეტივე კლასელმა ჩემი ჩათვლით ეს ორი ლოცვა სხაპასხუპით, ზეპირად. სავარაუდოდ ამ მეთოდით დაიზეპირეს იგივე ლოცვები ჩემი სკოლის რამოდენიმე ასეულობით მოწაფემ.თვიდან თვემდე უკვე მიძნელდებოდა ფიზიკის გაგება. გონებისა და ნებისყოფის დიდი დაძაბვა იყო საჭირო, გამეგო წიგნში გადმოცემული მასალა. ვხედავდი, რა დღეში იყვნენ ჩემი კლასიდან დანარჩენები. ჩვენგან არც ერთი არ მომზადებულა აბიტურიენტად ფიზიკაში.


ამბობენ, უცხო ენას იმ დოზით და იმ დონეზე სწავლობ, რა დოზით და რა დონეზეც მშობლიური ენა იციო. ენა მარტო საუბარი ხომ არ არის, ენა სტრუქტურირებული, ლოგიკურად აწყობილი აზროვნების პროცესიცაა. ენა ინსტრუმენტია და ცუდად მოხმარებული, მავანთ ხელში ბოროტი იარაღიცაა. ჩემის ღრმა რწმენით, სწორედ ენა ჰქმნის იდენტობას და არა კულტურის ან ტრადიციის გარკვეული ფორმები, ნაგლეჯები, ნაფლეთები. ამ ამბავში რა თქმა უნდა რელიგიაც მძლავრად ურევს ხელებს. რაღა დასამალია და ქართული ენის კარგად ცოდნა მართლაც ძალიან დამეხმარა სხვა და სხვა ენების შესწავლაში, მაგრამ ზემოთ რომ მშობლიური ენის ფლობისა და უცხო ენის შესწავლის ხარისხის კორელაცია (ურთიერთკავშირი) ვახსენე, ჩემს შემთხვევაში სულაც არ აღმოჩნდა უდაო ჭეშმარიტება. უცხო ენები მალე ვსწავლე, მაგრამ მე მაინც კარგა ხანს არეული ვლაპარაკობდი. ჩემს საუბარს აკლდა ლოგიკური აზროვნების ჯაჭვი, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, ხშირად მთავარ სათქმელს, წინადადების მთავარ მიზანს დიდხანს ვერ ვუახლოვდებოდი და ამას უმეტესად ჩემს სახლიდან გამოტანებულ სოციალიზაციას (ხალხში გამოსვლა-გარევა) ვაბრალებდი, რასაც უმოწყალო და თავდაუზოგავი ბრძოლა გამოვუცხადე, რადგან დიდად მაბრკოლებდა ჩემს მიერ დასახულ გეგმებში.

ერთ მშვნიერ დღესაც ქართველ მაღალჩინოსანთა დელეგაცია მომაბარეს. სინქრონული ენისა და კულტურის თარგმნისას აღმოვაჩინე, რომ ჩემს ბრძოლას შედეგი გამოეღო და უფრო უცხოელებში ვიპოვე ჩემი თავი, ვიდრე ჩემს „ზემლიაკებში“. მათ საუბარში და მოქმედებაშიც კი ხელისგულზე დადებულივით მოჩანდა ქართული კოგნიტიური (აზროვნების) აქტი.


რამოდენიმე ხნის შემდეგ ამათგან დამოუკიდებლად ერთი ქართველი ყმაწვილკაცი გავიცანი, უფრო სწორად ერთმა ჩემმა უცხოელმა ნაცნობმა გამაცნო: ჩვენს ქალაქშია, მარტოა, თან სწავლა გადაუწყვეტია და იქნებ შეეხმიანო და დააკვალიანო, აინტერესებს აქაური ბიბლიოთეკები როგორ ფუნქციონირებსო. სიამოვნებით-მეთქი ვუთხარი ჩემს ნაცნობს. ასე გავიცანი გივი.


გივი რამოდენიმე წლის შემდეგ საქართველოში შემხვდა შემთხვევით: არ მომეწონა თქვენი ქალაქი, ჩემი მშობლიური ქალაქი ვარჩიეო, მითხრა და იქვე, რესტორანში დამპატიჟა. გინდა თუ არა, უნდა წამომყვე, ახლა შენ ჩემი სტუმარი ხარო.
კარგი, ყავა დავლიოთ, არც ისე ძალიან მეჩქარება-მეთქი. ყავის დალევისას მაგიდას გადაფარებული თეთრი სუფრა სულ უფრო და უფრო უჩინარდებოდა შეკვეთილი კერძების ქვეშ. წინააღმდეგოის გაწევას აზრი არ ჰქონდა, მივხვდი, ჩვენი შეხვედრა ყავის დალევით არ დამთავრდებოდა. გივისგან შევიტყე, რომ ის ახლა პარლამენტის დეპუტატია და ამასთან ღრმად მორწმუნე კაცი. ამბობდა, რომ მისი მოძღვარიც და სხვა ტიპებიც მართალს ბაზრობენ. ევროპა ცუდი არაა, მაგრამ ყველა ქვეყნიდან ის უნდა ავიღოთ, რაც საქართველოს კულტურას შეეფერება. საჭიროა რუსეთთან საერთო ენის გამოძებნა, ბოლო-ბოლო მეზობლები ვიყავით ამდენ ხანს. ერთმორწმუნე რუსეთთან უფრო მეტი რამ გვაკავშირებს, ვიდრე ევროპასთან და ენჯეოშნიკები მაგრა მუშაობენო. ეგ ევროპასაც ძალიან აწყობს, გამოგზავნილ ფულს შუაზე იყოფენ და დიდი ნაწილი ისევ ევროპელებს რჩებათო. შარშან ერთი ამბავი იყო, ბიომეტრულ პასპორტებზე, ხალხი აღელვებული იყო და ჩემი მოძღვარი ახლაც იმას ამბობს, საბანკო პლასტიკურ ბარათებშიც სამი ექვსიანის კოდი დევსო.

დაძალებული ორი ჭიქა წითელი ღვინის შემდეგ იმ რესტორნის ზემოთ მდებარე სასტუმრო ოთახში აღმოვჩნდით ორივე. გივი ამასობაში ცოტა შეუძლოდ შეიქნა. ვიფიქრე, მაჯას გავუსინჯავ-მეთქი, ვხედავ, მის მაჯაზე როლექსია. გავხადე ფეხსაცმელებიც, მისი ფეხსაცმლები ლუი ვიტონის აღმოჩნდა.
ნეტავ რა მეთოდით გადაიხადა ეს ფული, ამხელა ფულს ჩემოდნით ხომ არ მიიტანდა გამყიდველთან? - გავიფიქრე ჩემთვის. ახლა ჯიბეში ჩავუყავი ხელი. იქ აიფონ ექვსი ედო. გადავწყვიტე გივისთვის შარვალიც გამეხადა, ქამარი გავუხსენი, ვხსნი ქამარს… ოჰო, კელვინ კლაინი!
გივი გაიძვერაა!
სამშობლოს ძვირფასი დეპუტატის სხეულს საბანი წავაფარე, რომ არ შესცივნოდა და მის სარეცელს მოვშორდი.
სად მიდიხარ, მტოვებ? წაილუღლუღა გივიმ.
ხვალ შევხმიანდეთ, კარგი, - ვუპასუხე და დავტოვე მოსასვენებლად.

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen