Mittwoch, 9. September 2015

ბაზარი არეგულირებს, ბაზარი არარი!


ვზივარ ოთხივ კუთხივ ჯვარდაწერილ, თბილისის ერთ-ერთ მშვენიერ ალაგას და  სამება, სიონი, ნარიყალა, მამა დავითი, - ერთბაშად მიფრთხობენ ყველა ეშმაკებს. როგორც 100 წლის წინ, მტკვარი აქ ისევ დუდუნებს, საბაგიროს ერთი ნაპირიდან მეორეზე გადაჰყავს ტურისტები, ადგილობრივები- ალბათ უმეტესად ახალგაზრდები, თავგადასავლების მოყვარული, ცნობისმოყვარე ადამიანები, მეგობრები, საყვარლები... მშვიდობის ხიდიც უწინდებურად განათებულია. ხედი მშვენიერია, ესპრესო უგემრიელესი, კერძები კიდევ უფრო უკეთესი, სერვისი ლამის ზედმეტადაც კი ყურადღებიანი და მომღიმარი, ვერაფერს იტყვი. ლიფტშიც უზოდ თავაზიანი გამცილებელი შემხვდა, მუსიკოსებთან ერთად ადიოდა ზედა სართულების მოსამსახურებლად. კეთილად ხვდებიან მისი, ანუ ჩემი უმცირესობის მობრძანებას. აქ ასეა მიღებული. დრეს კოდიც, ზედა სოციალური ფენის საურთიერთო ნიშან- სისტემათა სხეულზე განლაგების კომბინაცია აქ ზუსტადაა გაწერილი და უმეტესობისაგან დაცულიც, თუმცა შეგიძლიათ მას ზედმიწევნით არ მისდიოთ.
ეს ზედხედია, ზედა თბილისი, ზედა ფენებისათვის.
მანამ, სანამ ღრმად არ ჩაისუნთქავ აქაურ ჰაერს, ვერ მიხვდები, რომ აქ ყველაფერი ზედაპირზე ძევს. ჰაერი მძიმეა, მძიმე მეტალებით გაჟღენთილი ზუსტად ისევე, როგორც ამ ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის სხეულები დიდიან-პატარიანად. ტემპერატურა აწეულია, მაგრამ ამასაც ვერ იგრძნობთ, აქ არ თბილა.

ქუჩები მანქანებითაა სავსე, ფეხით იშვიათად დადიან. თუ ვინმეს დაინახავთ ქვეითად, ან ძალიან მიეჩქარება, ან ზანტად ერთ ადილას დგას. ტურისტები ცნობისმოყვარედ ანელებენ ნაბიჯს სუვენირების მაღაზიებთან, მერე ისევ ტემპს უმატებენ. ქუჩაში ჯგუფებად დგანან ან ჩაცუცქულან კაცები, თითქმის ყველა ასაკისა, ზოგი რაღაცას ყიდის და მუშტარს ელოდება, ზოგსაც უბრალოდ საქმე დაჰლევია და მასლაათობს თავისნაირებთან. ასე უსაქმურად გაჩერებულ ქალებს აქაც და სხვაგანაც, ქალაქში, იშვიათად ნახავთ.
წინა სტუმრობისას ცნობისმყვარებამ მძლია და ჩემი თავისთვის მიცემული სიტყვა გავტეხე. მახსოვს, მერე როგორი ლაზღანდარა წერილი მივწერე ერთ მეგობარს, რომ: "გუშინ ჩვენი სამებაი საკვირველი ვიხილე და პირველად შევდგი ფეხიც ამ ეკლესიასა შინა. მანდილიც დავიბურე, ყოველი შემთხვევისათვის, ავ თვალს რა გამოლევდა. ძალიან მაინტერესებდა იქ დასაქმებულ ძალთა  თანაფარდობა და ძლიერთა ამათა ურთიერთშეფარდება. ყველაფერი ხელისგულზე იდო... ჯერ ერთი საპატიო წრე დავარტყი ტაძრის გარშემო. ყველა კიჩ-ელემენტი, სიმბოლო, თუ რა ვიცი რა, იქ იყო თავმოყრილი: პაგოდა, მონღოლური კარავი, შუა საუკუნეების კოშკი თავისი გალავნის ფრაგმენტით, ანტიკვარული მანქანა და ა.შ. მაგრამ, აი, შიგ რომ შევედი, იქ უკვე რა გითხრა. ღიპიანი მამაოები მიდი-მოდიან იქაც და ყველგან და აფრქვევენ არაქართველურ სიმშვიდეს. მოხუცი წელში მოხრილი ქალები ასუფთავებენ იატაკს და საერთოდ ყველაფერს, რაც კი ხელში მოხვდებათ.
ხატები დახუნძლულია ყოველგვარი თვალპატიოსანი მოოჭვილობით და ყოველი მათგანი გახსენებს: თუ მომცემ, მოგცემ (შესაწირი ყუთები ყოველ მათგანთან, ზოგს ორ-ორიც აქვს), თუ შესწირავ, მოგეცემა. მაგრამ ყველაზე მთავარი, თურმე, ბოლოს მელოდებიდა. გასასვლელში იდგა ერთი შუა ხნის მამაო და ესაუბრებოდა ამავე ასაკის ქალს.
თემა?
ჰაჰაჰაჰა
მეგონა შაყირობს ხალხი!
მე ჩამოვჯექი ვითარცა ცოდვილი იქვე შეჭრილ კორიდორში დადგმულ სკამზე.  სინამდვილეში ძალიან მეჩქარებოდა, მაგრამ ცნობისმოყვარეობა იყო დიდი.
თან სამების გარეთ უამრავი ტაქსი დგას, შეხვედრაზე დროულად მივიდოდი და ასე რომ... მამაო სექსოლოგ-რეპროდუქტოლოგის რჩევები მოვისმინე. თან სწუხდა, ქალი ლამაზიაო და  მის ქმარს მეტი რა უნდაო და რამოდენიმე წელი აქვთ კიდევო.....''

სანამ ამ საღამოს თბილისს ზემოთ მოვექცეოდი, ქვემოთ ერთი ტურისტული ქუჩის დაღმართი ჩამოვიარე.  ქალის სუსტი ხმა მომესმა: დამეხმარე, შვილო.
მეგონა ბინდში მომეჩვენა და გზა გავაგრძელე. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი, მაგრამ რაღაცამ  უკან მომატრიალა. ის სუსტი ხმა არ აპირებდა ჩემი ყურებიდან გასვლას. არ მომჩვენებია. ერთი შიმშილსაგან დაუძლურებული და გალეული, მოხუცი ქალი, რომელიც საეკლესიო დანიშნულებისათვის სარესტავრაციოდ გამზადებული ძველი, მყარად ნაგები შენობის სარდაფის სარკმელში იჯდა, ხელგაწვდილი იჯდა და თავი ლამის თავისსავე კალთაში ჰქონდა ჩაყოფილი. ვერ შევძელი, რომ უკითხავად მიმეცა ფული და გამევლო, ეს ქალი რაღაცნაირად არ მიშვებდა.
-ბებო, რატომ ზიხართ აქ, არავინ გყავთ?
-მყავს შვილო, კი, ერთი ბიჭი მყავს, მაგრამ სახლი ბანკის ვალებმა წაიღო, ჩემს ბიჭს კიდევ...
აღარაფერი მესმოდა, ცრემლები მახრჩობდნენ. მეორედ ამოვიღე საფულე.
ბებოს ჩემი მაჯა ეჭირა და მკოცნიდა. 
- არა შვილო, აღარ მინდა ამდენი, შენც დაიტოვე, დაგჭირდება.
ორი ასაკიანი ქალი მომიახლოვდა. მეკითხებდნენ, თუ სად შეძლება აქ ღირსშესანიშნაობების ნახვა, განსაკუთრებით ტაძრებისა. ხელი გავითავისუფლე და გავიშვირე სომხური ეკლესიისაკენ, რომელიც ჩემს წინ დავინახე, უცებ სხვა ვეღარაფერი მოვიგონე. ერთადერთი რაც კიდევ გამახსენდა იყო, ბაზარი არეგულირებს, მაგრამ გავჩუმდი. ის ქალები მაინც ვერაფერს გაიგებდნენ, ისედაც დამტვრეული ქართულით საუბრობდნენ.

1 Kommentar:

  1. ძალიან კარგია, ცრემლი მომადგა

    AntwortenLöschen