Montag, 14. September 2015

მთა-წმინდა

დღეს საღამოს ლამის ოთხკვირიანი თავაუღებელი მუშაობის მერე დამსახურებული გავლა-გამოვლა გამოვუწერე ჩემს თავს და ფუნიკულიორიდან თბილისზე გადმოხედვა გადავწყიტე. სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი მშვენიერი ხედის დასანახად აგებული გამჭვირვალე სამთო მატარებლით. მსგავსი რამ წლების წინ კარლსრუეში ვნახე, გერმანიის პირველი მთის საბაგირო მატარებელი ყოფილა, თავის დროზე მათი სიამაყე და ახლა უკვე ტურისტული ღირსშესანიშნაობა. იქაც ძალიან მომეწონა ჯერ მწვანეში ჩაფლული გზა და მერე ზედხედი ქალაქზე.
ფუნიკულიორზე ასვლა ცოტა დამაგვიანდა, დღისით უფრო კარგი სანახავი იქნებოდა აქაურობა, თუმცა ამჯერად სხვაგვარად ვერ მოვახერხე.
მოკლედ, ტურისტების პატარა ჯგუფთან ერთად შევედი, მოლარეს რომ დავესესხო, ე.წ. "კუკუშკაში" და ორი რუსი ახალგაზრდა მამაკაცის გვერდით აღმოვჩნდი ჩემს ახლობელთან ერთად.
მძღოლი მოსვლას არ ჩქარობდა.
რუსებმა ჩვენი დაკითვა გადაწყვიტეს და მეც ჯერ თავის ნებაზე მივუშვი ორივე. აინტერესებდათ ყველაფერი, ჩემი პოლიტიკური შეხედულებითა და სოციალურ-კულტურული ორიენტაციით დაწყებული, თვით ჩემი და ჩემი მდედრობითი თანმხლები ახლობლის გენეტიკური მდგენელებით დასრულებული დეტალები.
მე მხოლოდ ის გავიგე, რომ მათთვის ყველა რუსულ ენასთან მონათესავედ მოლაპარაკე ერთიანად სლავია. არ არსებობს უკრაინელი და თვით ბულგარელიც კი. მოურიდებელ შეკითხვაზე, წარმომიდგენია, თუ არა, ჩემს ქმრად მართლმადიდებლის გარდა სხვა მამაკაცი, ვუპასუსეხე, რომ მართლმადიდებელ ქმარსაც და კაცსაც ცივილიზებულ ადამიანს ვანიჭებ უპირატესობას.
-როგორ, გაურკვეველი რელიგიის ამერიკელთანაც შეგიძლიათ, კათოლიკთანაც, პროტესტანთანაც, ბუდისტთანაც?
-დიახ, თუ მათაც შეუძლიათ, მე- სიამოვნებით.

ჩვენს მეზობლებს მთაწმინდის მთა ჯერ კიდევ თვითმფრინავში დაენახათ და თბილისის გაცნობა ამიტომ სწორედ აქედან გადაეწყვიტათ. თბილისის ცენტრში მდებარე მინის შენობები შუფერებლად მიაჩნდათ იქაური ადგილობრივი არქიტექტურის გვერდით. ცნობისმოყვარედ კითხულობდნენ სამზარეულოსა და გასართობი ადგილების შესახებ. ქვეყნის ქალაქებისა და მაცხოვრებლების შესახებ. აინტერესებდათ, მუშაობდა თუ არა საქართველოში რაიმე ტრანსპორტი ჯერ ისევ ქვანახშირზე.
-თქვენ რამ ჩამოგიყვანათ აქ, ვკითხე სტუმრებს, შპიონებს ჰგევხართ, მაგრამ ალბათ უფრო საკუთარი ბიზნეს-მიზნები გამოძრავებთ?!
-არა, შპიონები ამდენს არ ლაპარაკობენ. ხვალ მერიოტში დიდი თათბირია. მეტალურგიული ქარხნის განვითარებას ვგეგმავთ. თქვენ, გოგონებს ალბათ არც გეცოდინებათ, აქვე ქალაქი რუსთავია, ინდუსტრიის ცენტრი იყო ადრე, იქაა ის ქარხანა. მისი მეპატრონე ვიღაც პატარკაციშვილი იყო, მაგრამ ის გარდაიცვალა. რუსეთთან ჰქონდა ამ ქარხანას ადრე კავშირი. რუსეთი ხომ აქვეა, რამოდენიმე კილომეტრში.
-თქვენ ალბათ სამხედრო გზას გულისხმობთ და ლარსის პუნქტს, მაგრამ ეს „აქვე" ორასამდე კილომეტრი იქნება, შევუსწორე მე.

მთაწმინდის პარკი ცარიელი აღმოჩნდა. 
დისნეილენდის კიჩურ ატრაქციონებს თუ ყურადღებას არ მივაქცევთ, მშვენიერი ადგილია სასეირნოდ, მაგრამ მხოლოდ ახალგაზრდა მამაკაცები მიდი-მოდიოდნენ მცირე ჯგუფებად და ისიც კანტი-კუნტად.
-ნამდვილი რუსული კომენდანტის საათია, შევნიშნე მე. ქალები სახლებში არიან გადამალულები, გარეთ მხოლოდ მსტოვრები დაძრწიან.
გესლის ნთხევას არც ახალგაცნობილი მამაკაცები ერიდებოდნენ, თუმცა იმედს მაინც იტოვებდნენ, რომ ჩვენი მეშვეობით და ჩვენთან ერთად სადმე საინტერესო ლაუნჩ-ბარში ან კლუბში ამოყოფდნენ თავს, ამიტომ ჩვენი იმდღინდელი კვების განრიგით დაინტერესდნენ. ზედაპირული საუბარი უკვე შორს მიდიოდა, მათი თავიდან მოცილების დრო იყო.

-მე მაპატიეთ, ვუთხარი, დასარეკი მაქვს.
-კი, რასაკვირველია, ჩვენ ამასობაში პარკს მოვავლებთ კიდევ თვალს და 10 წუთში ისევ აქ მოვალთ.
იქვე, სამთო მატარებლის სადგურის თავზე მშვენიერი რესტორანი ფუნიკულიორია, სადაც შესანიშნავი მწვანე ჩაისა და სხვადასხვა გემრიელობების დაგემოვნება შეიძლება. ხედიც ჩინებულია. თუ აივანზე გრილი სიო დაჰბერავს, პლედებსაც მოგახურებენ. 

ვინც სახელით არ წარმოგიდგება, იმას არც ცივილიზებულად უნდა გამოემშვიდობო.

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen