Mittwoch, 25. Januar 2017

ვანკა-სტანკა, ჰოკუს-ფუკუს, იყო და არა იყო რა… VANKA-STANKA, HOKUS-FOKUS, ES WAR UND NICHTS WAR



მგონი მეცხრამეტე დღეა, ფეხებქვეშ მიწა მომიზომეს, ამომთხარეს და მერე ზუსტად იმდენი დამაყარეს, რაც ჩემი მგზავრობისათვის იქნებოდა საკმარისი, არც მეტი და არც ნაკლები.

წინა წელს წინ ჩემი ერთი დობილიც ასე გადააადგილეს. ერთმა წელმა ერთი დღესავით გაირბინა, ახლა კი ეს ჩემი დღეები წლებად მეჩვენება. ამბობენ, ძველ ხეებს აღარ გადარგავენ და ადგილს აღარ უცვლიანო. მაგრამ ისეთი დრო დადგა, დედამიწის ზოგიერთ ადგილას დროის ათვლის წერტილები მუდმივად იცვლება, ან ცვლიან მავნე მავანნი. ასეთ ტერიტორიებზე ზოგჯერ ყველაფერია შესაძლებელი. ცივილიზებული სამყარო ამ ადგილებს „უფლებებისაგან თავისუფალ“ ზონებს უწოდებს. ადგილებს, რომლებსაც თავად დახმარების ხელს „უწვდის“, უხვად აფინანსებს, მათ მმართველებს საქმიან შეხვედრებსა და სუფრაზეც ეპატიჟება დროდადრო, მაგრამ გადის ათწლეულები და ამ „ზონებში“ არაფერი იცვლება დროის გარდა. ცალკეული გამონკლისების გარდა, იქ დრო უკუღმა ტრიალებს. სწორედ ამიტომ ასეთ ადგილებში მაცხოვრებელი ადამიანები თითქმის ვერაფერს გრძნობენ. ჯერჯერობით საქართველოც მათ რიცხვს მიეკუთვნება. ბევრის მომსწრე ვარ, გამიგია და მინახავს - ამბავი ქართველებისა და ამბები სხვებისაც. ამბებს ვიგებ ხმელეთით, ცითა და ზღვით - მე ჩემი არხები მაქვს.
აი, რა ვიცი საქართველოს შესახებ:

საქართველომ, მართალია, გერმანიისა და ინგლისის უშუალო პროტექციის ქვეშ 1919 წელს დამოუკიდებლობის აღდგენა და სახელმწიფოდ შედგომა მოახერხა, იგი ბოლშვიკების მუშაობის შედეგად 1921 წელს ისევ რუსეთის კლანჭებში, ამჯერად საბჭოთა დიქტატურის, თუმცა არსით თითქმის კვლავ ცარისტულ სისტემაში აღმოჩნდა. საბჭოთა სისტემის ნგრევის შემდეგ 1991 წელს საქართველოს სახელმწიფო კვლავ დაიბადა, თუმცა მას არ გააჩნდა სახელმწიფოებრიობის ნიშანთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი - კონსტიტუცია, ანუ შეთანხმება ქვეყანაში საერთო ქცევისა და წესების ნორმის შემოღებაზე. ედუარდ შევარდნაძის მიერ მთავრობის უზურპაციის შემდგეგ კონსტიტუციაზე მუშაობა ფორმალურად რამოდენიმე ჯგუფმა დაიწყო, დაიწერა არაერთი ვარიანტიც, საბოლოოდ კი შერჩეულ იქნა შევარდნაძის მიერ პირადად დაკვეთილი ვერსია ისე, რომ კონსტიტუციის დანარჩენი ვარიანტები, რომელთა მომზადება უცხოელი სპეციალისტების უშუალო დახმარება-დაფინანსებით მიმდინარეობდა, დაწუნებულად, ანუ გამოუსადეგად გამოცხადდა. საზღვარგარეთ მიწვეულ ქართველ და იქ მყოფთ იურისტთა და მრჩეველთა შორის გამართული  ფორუმები, ურთიერთთანამშრომლობა, მივლინებები - ყველაფერი ეს საქმის კეთების ილუზიასთან შეწყვილებული უაზრო შრომა და უშედეგოდ გაფლანგული რესურსი აღმოჩნდა. ქართული კონსტიტუციის წარმოქმნის მიმდინარე პროცესის დიდ ნაწილს უშუალოდ გერმანელი დოქტორანტი, ვოლფგანგ გაული ნაწილობრივ აკვირდებოდა და იკვლევდა, რომელსაც საქართველოს მთავრობაში კარგი კონტაქტები ჰქონდა და იქ მომუშავე ქართველი პოლიტიკოსებისაგან პირველ წყარო-დოკუმენტებით მარაგდებოდა. თუმცა მას დახმარებას სავარაუდოდ იმ იმედით აღმოუჩენდნენ, რომ ის, რასაც ახალგაზრდა დოქტორანტი, ბატონი გაული თავის კვლევაში აღწერდა, ქართველებისათვის გაუგებარ, უცხო ენაზე დარჩებოდა და საქართველოს რელობისა და ქართული ენის მიღმა იარსებებდა. ნაშრომი წიგნის სახით გამოიცა გერმანულ ენაზე, საქართველოში ამ ნაშრომს არავინს გასცნობია, სავარაუდოდ იგი მხოლოდ ერთეულებმა წაიკითხეს. ამ კვლევის მოკლე ნაწყვეტიდანაც ცხადად სჩანს, თუ რა მდგომარეობა იყო „შევარდნაძის საქართველოში“:

„კორუფცია განვითრების თანამშრომლობის პროგრამებში კომპლექსური და ტაბუდადებული თემაა. მიუხედავად ამისა, ეს აქ უნდა განვიხილოთ, რადგან კორუფცია სამართლებრივი ნორმების აღსრულებისას სამართლიანობის წინააღმდეგ დგას და ამიტომ სამართლებრივი დოკუმენტების ერთობლივი მომზადების პროექტებს საგრძნობლად ამუხრუჭებს. კორუფციას ხელს უწყობს აგრეთვე დამფინანასებელი უწყებების სუსტი შიდა ორგანიზაცია.
ამასთან კორუფციის მექანიზმები საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის პროგრამებში ისევე ფუნქციონირებენ, როგორც შიდა სახელმწიფობრივი ურთიერთობა ქვეყნისა საკუთარ მოქალაქესთან: 
ჩინოვნიკთა ხელოვნურად გაბერილი აპარატი, რომელიც ხშირად სხვა მიზნების გამოა დასაქმებული და რომელთა გასამრჯელო ამავდროულად ფისკალური მიზეზების (სახელმწიფო ხაზინიდან გამომდინარე ინტერესების) გამო არასაკმარისად ანაზღაურდება, იღებს ლეგალურ შემოსავალს სხვა წყაროებიდან, როგორიცაა მფარველობითი გარიგებები, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება.
ასეთი გაბერილი ჩინოვნიკთა აპარატის მიერ  წარმოქმნილი პროცესები კი მაგალითად, მრავალფეროვანი კანონები, როგორიცაა, სახელმწიფო კონტროლი, ნებართვის შეზღუდვები, აწესებენ შესაბამის „სტავკებს“ (თავიანთ ფასებს), რომლებიც იძლევიან მოქრთამვების შესაძლებლობების ფართო სპექტრს. ბიუროკრატიის ზოზინა ტემპიც ამ ინტერესების გათვალისწინებითაა გამოწვეული.
კორუფცია ეფუძნება ამასთან შიდა ადმინისტრაციულ სტრუქტურებს, რომლებიც ვერტიკალურადაა განლაგებული. ამასთან ეროვნული გამაკონტროლებელი ინსტიტუტებიც დამატებითი შემოსავლების წილში სხედან, რომლებიც არალეგალური მოგების ნაწილს ფიქტიური დავალებების განაღდების ხარჯზე, ანუ „ჩამაწოდე-ჩაგაწოდეს“ (ხელი ხელს ბანს) პრინციპით იღებენ.
დამფინანასებელთა მაკონტროლებელ ადმინისტრაციულ ორგანოებს ამ პირობებში შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ. როდესაც არ არსებობს დამოუკიდებელი უწყება სახელმწიფოს შიგნით, რომელიც სუვერენულად მიიღებს გადაწყვეტილებას და დააწესებს სანქციებს, პროექტზე პასუხისმგებელს სხვა არა დარჩენია რა, თუ არა:  „pay it or leave it“  (ან გადაიხადოს, ან თამაშიდან გავიდეს). მაგრამ დამფინანსებელთ შეუძლიათ წააყენონ მოთხოვნათა კრიტერიუმები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია კორუფციასა და ბუნდოვან გადაწყვეტილებებზე სანქციების დაწესება.“(1)

გონიერმა ადამიანებმა იციან, რომ საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის მოსახლეობას იმ დროისათვის უბრალოდ „გადასცეს“, ხოლო მისი ამოსავალი პირველწყარო გერმანული კონსტიტუცია იყო და დღემდე რჩება. თვით კონსტიტუციის დოკუმენტზე მუშაობა ახლაც სისტემატურად მიმდინარეობს, თუმცა განათლების, წიგნსა და ხარისხიან ბეჭდურ მედიაზე ხელმისაწვდომობის თითქმის კატასტროფული მაჩვენებლის გამო ქვეყანაში მცხოვრებთა უდიდესი უმრავლესობა არ იცნობს კონსტიტუციის შინაარსს და არც საკუთარი უფლებების შესახებ აქვს მიახლოებითი წარმოდგენა. ადამიანური ცხოვრების ქონა, კვების პირობებსა და საკუთარი ქვეყნის ბუნებრივ რესურსებზე წვდომა ადამიანის მთავარი, სასიცოცხლო უფლებების ნაწილია. ისევე, როგორც დანარჩენ ცივილიზებულ ქვეყნებში, გერმანიაშიც ბუნებრივ რესურსებზე წვდომა, ზოგადად, ადამიანის ისტორიული წარსულითაა განპირობებული. სხვადასხვა დროს სხვადასხვა საჭიროებიდან გამომდინარე, ადამიანი ბუნების წიაღიდან იღებდა ან ნაწილობრივ ივსებდა საკვების მოთხოვნილებას. საკუთარი საჭიროებისათვის ზომიერი ნადირობა, მიწის დამუშავება, ცხოველთა შინაური მეურნეობა, ნატურით გაცვლა - ესენი ადამიანის სარჩოს მოსაპოვებლად არსებული ძირითადი მეთოდები იყო. მე-19 საუკუნისათვის ევროპაში ინდუსტრიალიზაციის შედეგად ქალაქში კონცენტრირებული მუშა-ხელისათვის კვების დეფიციტების შევსების აუცილებლობამ  პროდუქტების თვითუზრუნველყოფის იდეა გააჩინა, რის შედეგადაც დასახლებულ ცენტრებთან ახლომდებარე ტერიტორიებზე საბოსტნე მეურნეობები აღმოცენდა. ბაღების იდეა ძალიან მალე ავსტრიასაც გადაწვდა და გარკვეულ წრეებში ეკოლოგიურ ცხოვრების სტილის პოპულარიზება გამოიწვია. (2) მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიაში კერძო სარგებლობაში მყოფ ბაღებს ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭათ. მათ პატარა ბაღები ერქვათ. პატარა ბაღები ქალაქებში ახლაც ბევრ ადგილასაა შემორჩენილი. დღესდღეობით მხოლოდ ქალაქ ბერლინის დასახლების დაახლოებით სამ პროცენტზე, სამ ათასამდე ჰექტარზე, 70 ათასზე მეტი ასეთი ბაღია გაშენებული, (3) სადაც ე.წ. „ბუნდის მცირე ბაღის  წესდება“ მოქმედებს. ამ ჯერ კიდევ ნაწილობრივ კაიზერის დროინდელი კანონის მიხედვით ბაღის მეპატრონე ვალდებულია ბაღის ფართობის მინიმუმ ერთ მესამედზე ხილ-ბოსტნეული აწარმოოს. (4) ბაღების ერთი ნაწილი პაწაწა ქოხებითაცაა განაშენიანებული. ისევე როგორც სხვაგან, ევროპაში, გერმანელი მოქალაქეების მიერ ბუნებისა და მის ბინადართა სიცოცხლის პატივისცემა (საკუთარისა და სხვისაც) სხვადასხვა კანონებით რეგულირდება, (5) რადგან მხოლოდ ბუნების სიყვარული არაა საკმარისი გარემოს დასაცავად. სპეციალური „ხის დაცვის კანონი“ არა მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული გაზრდილ მწვანე ნარგავებს იცავს, არამედ კერძო საკუთრებაში მყოფ მიწის ნაკვეთებზე არსებული ხეების ბედსაც განაგებს იმდენად, რომ არა მხოლოდ მათი მოჭრა, ან გაკაფვა არამედ მათი ტოტების შეჭრა და იერსახის ცვლილებაც კი აკრძალულია მკაცრი რეგულაციებით. ხოლო თუკი მათ ახლომახლო სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები ნარგავებს სამი ყვავილობის პერიოდში აკვირდებიან, ხომ არ მიიღო მცენარემ რამე სახის დაზიანება. ჰესენის მიწის სამშენებლო კანონის მიხედვით, მაგალითად, ხეების უნებართვოდ მოჭრა, რომელთა დიამეტრიც ერთ მეტრ სიმაღლეზე უკვე 60 სანტიმეტრს შეადგენს, აკრძალულია. შვედეთში კი ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში, მეფის ბრძანების საფუძველზე მოჭრილი ხეების სანაცვლოდ ახალი ხეების დარგვა წესად იყო შემოღებული. (6) გარდა ადგილობრივი კანონებისა, (7) ბუნების დაცვას ერთიანი ევროსტანდარტის კანონი, „ნატურა 2000“-იც არეგულირებს. (8) კანონი არ ეხება ხეხილს, სახურავზე და მიწაზე კომერციული მიზნებისათვის გაშენებულ ნარგავებს. საინტერესოა გერმანიის მაგალითზე ერთი 2015 წელს მომხდარი შემთხვევა, როდესაც WWF-ის ეგიდით მომუშავე ბაიერის ბუნების დაცვის კავშირმა ებრახის მიდამოებში გაშენებული ტყე განსაკუთრებული მზრუნველობის საჭიროების ზონად გამოაცხადა. მიუხედავად ამისა ადგილობრივმა მიწის ხელისუფლებამ მისი ჩეხვა გააგრძელა. სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ტყის მცველი ამტკიცებდა, რომ ნარგავები უმეტესად ძალიან ახალგაზრდაა და ადგილზე მხოლოდ რამოდენიმე ძველი ხე იყო შემორჩენილი - ისიც უკვე გამხმარი, ამდენად ამ ტყეს არ გააჩნდა განსაკუთრებული ფასეულობა. ჯიპიეს ტექნოლოგიით ადგილის დეტალურმა შესწავლამ სრულიად საპირისპირო სურათი აჩვენა: იქ მყოფ ორ  პროცენტამდე გამხმარი ხეების გარდა, რომლებიც უპირობოდ იქ არსებული ბიოტოპის სახეობებისათვის უძვირფასეს საკვებს წარმოადგენდნენ და აღრიცხულნი არ იყვნენ, 8 ჰექტარზე საკმაო სიძველის წიფლის ტყე იყო გაშენებული, სადაც 380-მდე ძირ ძველ ეგზემპლართაგან ზოგიერთი 180 წლისაც კი აღმოჩნდა. 3000 ძირი კი უკვე ასაკოვან ხეებს განეკუთვნებოდა, რომელთა გარშემოწერილობა 1,3 მეტრ სიმაღლეზე 80 სანტიმეტრს აჭარბებდა (9) - დასტური იმისა, რომ სახელმწიფო სტრუქტურებსაც სჭირდებათ კონტროლი და მხოლოდ კანონი ვერ იცავს სახელმწიფო და საერთო დოვლათს განადგურებისაგან. ტყე გაჩეხვას გადარჩა.
წინა საუკუნეში საბუნებისმეტყველო მეცნიერების განვითარების დაჩქარებულმა ტემპებმა  ბუნების კომპლექსურად აღქმა განაპირობა. ტერმინი ბიოტოპი სწორედ ამ კომპლექსურობის აღსანიშნავად შემოიტანა მეცნიერებაში1908 წელს ზოოლოგ ფრიდრიხ დალმა. ბიოტოპი, ანუ ბიოზონა ბუნების ერთი, გარკვეული ერთეულია, რომელიც  როგორც ტყეებს, ან წიწვოვანი ხეებით განაშენიანებულ ერთ ერთეულს, ისე ცალკეულ აღებულ ტბებს, მდინარეებს, ან ბუნების სხვა ერთიან ერთეულებს მოიაზრებს და მასში თანამცხოვრებ და ურთიერთმოქმედ ყველა ორგანიზმს გულისხმობს. იცვლება ბიოტოპის ერთი კომპონენტი, ირღვევა ბალანსი მასში მცხოვრებ ორგანიზმებს შორის, ბიოტოპი სახეცვლილება თავის მხრივ მასზე მიბმული დანარჩენი ბიოტოპებისა და უფრო დიდი მოცულობის ეკო სისტემის ცვლილებას განაპირობებს, რადგან ბიოტოპი არასოდესაა იზოლირებულად წარმოდგენილი. გარდა ამისა, ცივილიზებულ სამყაროში ხეებზე მზრუნველობა არა მხოლოდ ეკოსისტემაზე ზრუნვის ნაწილია, არამედ დღეს მას კულტურული დანიშნულებაც  გააჩნია. (10) ძველი ხეები უკვე ლანდშაფტის ისტორიას „ჰყვებიან“ და ამიტომ ისინი კულტურულ ძეგლებსაც წარმოადგენენ, რომლებსაც კონკრეტული მისამართები გააჩნიათ - კონკრეტულ ადგილებზე დგანან. ტყეებსაც თავიანთი ისტორია აქვთ თავიანთ „მაცხოვრებლებთან“ ერთად. ძველი ისტორიები უმეტესად ტურისტული ბილიკების მოწყობისას „ცოცხლდებიან“ თემის, სახელმწიფოს, ან სულაც ინფორმირებულ მოხალისეთა მიერ გაწერილ სხვადასხვა კულტურულ თუ ბუნების დაცვის პროგრამებში.(11)

2015 წლის 31 დეკემბერს აჭარის მთავრობის ბრძანება ნომერ 431-ის მიხედვით, რომელიც დიდხანს არ გასაჯაროებულია, ციხისძირის სანერგე მეურნეობიდან ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ მფლობელობაში არსებული პარკის მოსაწყობად სამი ე.წ. გიგანტური ხე შეიძინა. (12) მედიაში გავრცელებული სხვა ინფორმაციის მიხედვით, ხეები სახელმწიფო ბალანსზე არსებულ ტერიტორიაზე იყვნენ დარგულნი და შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენენ.(13) იმავდროულად, ხეების გადარგვა აჭარის მთვრობამ ადგილობრივი მოსახლეობისათვის და მუნიციპალიტეტისათვის სარგებლობის მომტან დენდროლოგიური პარკის პროექტის ნაწილად გამოაცხადა, რომელიც შემდგომ ხალხის საერთო განკარგულებაში იქნებოდა გადაცემული. აჭარის მთავრობისადმი გაზეთ „ბათუმელების“ მიერ დასმული დამატებითი კითხვების შემდეგ სახელმწიფო ჩინოვნიკებმა წინა, ხალხისათვის სარგებლობის აღმწერი განაცხადი გააუქმეს და ნათქვამი უარჰყვეს: „მსგავსი განცხადება ჩვენ არსად გაგვიჟღერებია“.(14) შავიზღვისპირა ბოტანიკური ბაღის მშენებლობას რამოდენიმე წლის წინ ოლიგარქის თბილისის სახელმწიფო ბოტანიკურ ბაღში ჩასახლება უძღოდა. იურისტ ეკა ბესელიამ, რომელმაც საქართველოს შევარდნაძისეულ კონსტუტიციის შექმნის პროცესშიც მიიღო მონაწილეობა, განცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მნიშვნელოვან ობიექტებთან ერთად საკუთარი ჯიბიდან მრავალი წლის განმავლობაში ბოტანიკურ ბაღსაც ინახავდა, ამიტომ არაფერია ტრაგიკული იმაში, რომ ბოტანიკური ბაღის ნაწილი სწორედ მასზე გასხვისდა.(15) რამოდენიმე დღის წინ გაზეთ „გურიის მოამბის“ ცნობით, ოლიგარქ ივანიშვილმა სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის ეზოში მდგომი ასწლოვანი ჭადრის ხე შეთვალა.(16) გარდა ამისა, ზემოთ აღნიშნული კერძო დენდროლოგიური პარკის მოსაწყობად ციხისძირიდან სხვა, 50-მდე ხანდაზმული ხის გადარგვაა დაგეგმილი. შთამბეჭდავი კერძო ტყეპარკების მოწყობა საკუთარ მამულში ფეოდალური ხანის დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა. ბაღის დაგეგმარება-მოწყობა ბაროკის დროს იქცა ყველაზე პოპულარულ სახელოვნებო საქმედ, სადაც ბაღი და საცხოვრებელი სივრცე რენესანსის ეპოქისაგან განსხვავებით ერთმანეთთან უკვე ჰარმონიულად იყო შეერთებული. უსვამდნენ რა ხაზს აბსოლუტისტი ფეოდალები ამ ხერხით თავიანთი ძალაუფლებით თვით ბუნების დამორჩილებას, მასში სხვა ეგზოტიკურ ნიმუშებსაც განათავსებდნენ, როგორიც მაგალითად აღმოსავლურ სტილზე ნაგები ფანჩატურები, ან გარდასული დროის ქანდაკებები იყო, რაც მებატონის სტატუსს ერთიორად ზრდიდა. ბაროკის დროინდელი ტყე-პარკები დღეს ევროპაში მუზეუმებადაა ქცეული და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი გააჩნიათ. პოსტსაბჭოთა ხანის ოლიგარქებმა ბაროკული პარკების გაშენება ახლა დაიწყეს. ის, რასაც ისინი ტურისტულ ატრაქციონად ან სახალხო კეთილდღეობად ნიღბავენ, კერძო სარგებლობისათვის განკუთვნილი პრივატიზებული, ანუ პირად მფლობელობაში არსებული დასახლებული ტერიტორიებია. „სახალხო კეთილდღობა“, „ტურისტების მოსაზიდად განკუთვნილი ინვესტიცია“, „ინვესტიცია ხალხის დასასაქმებლად“ - ესენი პროფილაქტიკის მიზნით გამოგონილი სატყუარა სიტყვათა შეთანხმებებია, რომლებიც ოლიგარქ(ებ)ს საშუალებას აძლევს მშენებლობის დროის განმავლობაში სავარაუდოდ ღარიბი ხალხის ფენისაგან წამოსული საპროტესტო ხელისშემშლელი აურზაურის გარეშე განახორციელოს თავისი სამშენებლო გეგმა - კერძო, დიდი ხნის წინ გადაფორმებულ საკარმიდამო ნაკვეთში, რომელიც რამოდენიმე ასეულობით, ზოგჯერ ათასჯერაც აღემატება ჩვეულებრივი მოკვდავი მოქალაქის მფლობელობაში მქონე მიწასაც და საარსებო რესურსსაც. ამასობაში საკარმიდამო ნაკვეთებად თითქმის ახლად, სულ რამოდენიმე წლის წინ შემოღობილ სახელმწიფო საზოგადო ქონებას პატრონებისათვის უკვე ხანშიშესული ხეები სდარაჯობენ - ქმნიან რა საკუთრების ხანდაზმულობის ილუზიას, გნებავთ იმიჯსაც. ასაკოვან ხეებზე განსაკუთრებით უკრაინიდან და სხვა პოსტსოციალისტური ქვეყნებიდან დღესდღობით დიდი მოთხოვნაა. 50 წლის მუხის ევროპული ბაზრის ფასი, მაგალითად, დაახლოებით 20 - 25 ათასი ევროს ფარგლებში  მერყეობს. ზოგჯერ ძლიერი ბუნებასაც ამსახურებს: ამ შემთხვევაში, „თუ მუჰამედი არ მივა მთასთან, მაშინ მთა მივა მუჰამედთან“. სინამდვილეში ეს ახალი ტენდენციაა. ასეთ ტყეპარკებს ოლიგარქები საკუთარი ისტორიის (გა)დასაწერად იყენებენ, როდესაც მათი კონკრეტულ ადგილზე ყოფნისა და მფლობელობის დრო ხანდაზმული ხეების წყალობით ილუზორულად დაგრძელდება, ხოლო იმავდროულად იქვე მცხოვრები დარჩენილი მოსახლეობის ადგილზე ყოფნის დრო და უფლება რეალურად პირდაპირპროპორციულად მცირდება. სხვა ცოცხალი არსებები დროის გარეთაც გადიან. ბუნების საათის ფლობის ფიქციის საშუალებით ფიქტიური (ტრადიციის) ისტორია ფორმდება: „რამდენი წლისაა მამაშენის ბაღში ხეები?“ - კითხვის პასუხი დამატებით კითხვებს, როგორიცაა: „რამდენი ხანია, რაც ამ მამულში ცხოვრობთ?“ აღარ აჩენს. სხვა ფესვების გამოგონებაც საჭირო აღარ ხდება. გარდა ამისა, „ბუნებრივი“ დამცავი ღობე იმსიმაღლე და იმსისქეა, რომ ღობის იქიდან გადმოფურთხებაც პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ ტიპის ოინბაზობის საშუალებით უკვე თავისუფლად შესაძლებელია ერთ დროს არასასურველ დაბადების ადგილზე დაბადებულ „საქართველოს მოქალაქემ“ ერთ ადამიანში უპრობლემოდ შეითავსოს ერთმანეთთან ადრე თითქმის შეუთავსებელი სტატუს-სიმბოლოები: დიპლომი, სოციალურად დაცული ქვეყნის პასპორტის ქვეშ პროტეჟედ ყოფნა, წინაპრების მიერ ნაანდერძევი „ხანდაზმული“ მამული და ზედმიყოლებული გვარიშვილობაც.
რაც შეეხება დროს, მასზე დიდი ლაზღანდარობაა გამართული საქართველოს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილსა და ე.წ. უნეტარეს კათოლიკოსს-პატრიარქს შორის: ათეულობით ათასად დაკვეთილ საიუველირო საათს ხან ერთი სჩუქნის მეორეს, ხან ეს უკანასკნელი პირველს.
ზემოთ ვამბობდი, ფეხებქვეშ მიწა ჯერ ისევ გამოცლილი მაქვს და არ ვიცი - გავხევდები, თუ სქელ კანს შემოვიხვევ-მეთქი. ბოლოს ყველაფერი ალბათ მაინც მებაღეზე იქნება დამოკიდებული - სასტიკი შეძახილებით გამახმობს, თუ სიყვარულით მომრწყავს. თუ გადავრჩები, ვიცი, ადრე თუ გვიან, ჩემს ამომთხრელს ჩემს ფეხებთან დაასვენებენ. დედამიწაზე არსებულ ცოცხალ არსებათა ყველა მიგრაციულ პროცესს ოდესღაც თავისი დასასრული აქვს.

გამოყენებული ლიტერატურა
1. Gaul, Wolfgang: Verfassungsgebung in Georgien: Ergebnisse internationaler rechtlicher Beratung in einem Transformationsstaat. Berlin 2001, S. 354-355.


Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen