Montag, 26. November 2018

ინტელექტუალები, ელიტა-ვინ არიან ისინი და გვჭირდებიან თუ არა დღეს?!





„კულტურა, როგორც სჩანს, ბარბაროსობის საპირისპირო რამ არ არის. ის საკმარისზე უფრო მეტად სტილიზირებული სიველურეა […]. კულტურა ჩაკეტილობაა, სტილია, ფორმაა, განწყობაა, გემოვნებაა, გარემოს გარკვეული სულიერი წყობაა, ყველაფერი ის, როგორც არ უნდა გიჟური, უცნაური, ველური, სისხლიანი ან საშინელი იყოს იგი. კულტურას შეუძლია ქარიშხალს, მაგიას, პედოფილიას, ბუას (vitzliputzl), ადამიანურ მსხვერპლს, კულტურის ორგიებს, ინკვიზიციას, განაჩენს, ქორეას (ნერვული დაავადება), შხამით მოწამლვა-მკვლელობებს და ათასგვარ საშინელებებს მოიცავდეს.“ (თომას მანი)"

როდესაც სტალინმა 1932 წლის 26 ოქტომბერს მოსკოვის მწერლები გაქცეული მდიდარი ვაჭრის იუგენდ სტილით აშენებულ საუცხოო ვილაში შეკრიბა, რომელიც ახლა უკვე იტალიიდან „სოციალისტური რეალიზმის“ ასაყვავებლად მიწვეულ მაქსიმ გორკის ეკუთვნოდა, მათ ასეთი სიტყვებით მიმართა: „ჩვენი ტანკები არაფრად ღირს, თუკი სულები, რომლებმაც ისინი უნდა მართონ, თიხისაგან არიან. ამიტომაც ვიტყოდი, რომ სულების წარმოება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტანკებისა… და ამიტომაც ვწევ ჩემს ჭიქას თქვენთვის, მწერლებისათვის, სულის ინჟინრებისათვის.“
სტალინის სტრატეგიამ იმუშავა. ტერორისა და პროპაგანდის თანდემმა 1933 წლისათვის ქვეყანას ადამიანთა მიერ ხელით გათხრილი 227 კილომეტრიანი ბელომორის არხი შესძინა. მუშა ხელები 220 ათასი გულაგის ტყვისა იყო, რომელთაგანაც ათიათასობით იმ არხშივე ჩაიმარხა. სწორედ ამ დროს აღმოცენდა კანონიერი ქურდების ინსტიუტიც, რომლებიც ამ მშენებლობის შიდა სამზარეულოს დამატებით აკონტროლებდნენ. 122 ინტელექტუალმა კი 38 დღეში ბელომორის არხის „ი.ბ. სტალინის მეთაურობით დიდებული მშენებლობის ისტორიას“ ასეთივე „დიდებული“ წიგნი მიუძღვნა.
ზოგადად ბუნებისა და კერძოდ კი, წყლის მოთვინიერება, სსრკ აგენდის ერთ-ერთ პირველ პუნქტად იქცა. დღესდღეობით დასავლელ მკვლევარებმა უკვე იციან, რომ საბჭოთა კავშირში ხშირად 50/70 პროცენტამდე წყალი უბრალოდ მიწაში იკარგებოდა ამ გადამკვალავ სამუშაოებთან ერთად. გარდა ამისა, მიწის მილიონობით ჰექტარი იტბორებოდა და შეუქცევადად ნადგურდებოდა როგორც ფლორა, ისევე ფაუნა, ხოლო დარჩენილ წყალს ზუსტად იმდენივე ენერგიის გამომუშავება შეეძლო, რასაც, მაგალითად, იმავე ადგილიდან აღებული ნამჯის დაწვა და მის მიერ გამოყოფილი სითბო შეძლებდა, რომლის თვალსაჩინო მაგალითია ე.წ. გიგანტური პირველი ჰესის„დნეპროჰესის“ დღესდღეობით გამოთვლილი პროდუქტიულობა. ასეთივე კონტრაპროდუქტიული აღმოჩნდა ვოლგის ახლომდებარე ე.წ. კუიბიშევის ზღვა, რომელმაც უბრალოდ დაალპო მიმდებარე ტერიტორია და მდინარეში კი წყლის დონე კატასტროფულად დასწია.
მაშინ არავინ ფიქრობდა არც ეკონომიაზე და მით უმეტეს არც ეკოლოგიაზე. გიგანტური წყლის პროექტებს კი 1950-იან წლებამდე საიდუმლო პოლიციის ქვედანაყოფები კურირებდნენ. დაგეგმილი იყო კიდევ ბევრი სხვა „შესწორებები“ ლანდშაფტში: „დაე, ციმბირის ბანჯგვლიანი გულმკერდი ქალაქის ცემენტის ტანკებით შეიმოსოს, გამოცდილი ქვის შენაკადებითა და ფაბრიკის საკვამურებით, გადაიკოჭოს რკინიგზის ტრასებით. ტაიგა დაიფერფლოს და გაიჩეხოს, სტეპი დაიჭყლიტოს, დაე, ეს გარდუვალია. აი, მაშინ კი, მხოლოდ ცემენტსა და რკინაზე აღმოცენდება ადამიანთა ძმური კავშირი […]“- ეს ვ. სასუბრინის 1926 წლის სიტყვებია.
1966 წელს შვედ ბიოლოგმა აღმოსავლეთის ზღვაში ჯერ თევზებში, შემდეგ კი არწივის ბუმბულებში უაღრესად საშიში ქიმიური ნივთიერება PCB (პოლიქროლიზირებული ბიფენოლი) აღმოაჩინა. მსოფლიოსათვის ცნობილი გახდა სიცოცხლის ახალი მტრის სახელწოდება- PCB. ნივთიერების უმცირესი დოზაც კი საკმარისია, რომ მთელი ფაუნას გამრავლება შეწყდეს. გრამის მემილიონედი ნახევარი ლიტრ წყალზე საკმარისია, რომ მთლიანი ოკეანე გაუკაცრიელდეს. PCB - ს წარმოება მთელს მსოფლიოში აიკრძალა. 1974 წელს კი ხელი მოეწერა ჰელსინკის აღმოსავლეთის ზღვის შესაბამის შეთანხმებას. საბჭოთა კავშირმაგანაცხადა, რომ ამ ნივთიერებას არ აწარმოებს და არც მომავალში დააპირებს. 1976 წელს კი ჰიდრომეტეოროლოგიისა და გეოფოზოკის ერთმა თანამშრომელმა, საბჭოთა კავშირის მდინარეების წყლების კვლევა დაიწყო. PCB სსრკ-ს პრაქტიკულად ყველა მდინარეში აღმოჩნდა, ხოლო ნივთიერების შესახებ ინფორმაციას საიდუმლოდ ინახავდა თავდაცვის სამინისტრო, რომელიც, როგორც გაირკვა, PCB -ს იარაღის საწარმოებლად იყენებდა. რასაკვირველია ნარჩენებს უდარდელად რეცხავდნენ მდინარეებსა თუ ზღვებში. ისევე, როგორც მაგ. აზერბაიჯანში, ნავთის ნაკლები საჭიროებისა და შესაბამისად მისი ნაკლები მოცულობით წარმოების მაგიერ, რასაც ლოგიკურად მუშათა ხელფასის დაკლება უნდა მოჰყოლოდა, ჩვეულებრივ მაქსიმალური ნავთობის რაოდენობის წარმოებას აგრძელებდნენ. რასაც ვერ ითვისებდა ინდუსტრია, პირდაპირ ეშვებოდა კასპიის ზღვაში. ამ ტიპის ბრძანებებს კი, როგორც წესი, ჩვეულებრივი ბრიგადირი იძლეოდა. აზოვის ზღვაში დღეს დაჭერილი თევზი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დაჭერილი თევზის რაოდენობის 0.011 %-ია. ერთ დროს ეს ზღვა მსოფლიოში ყველაზე ნაყოფიერი ზღვა იყო და სამჯერ მეტს თევზს იძლეოდა, ვიდრე აღმოსავლეთის, კასპიისა და შავი ზღვები ერთად აღებული. მიზეზი ზღვაში ჩარეცხილი ბორისა და ბერილის ნარჩენებია. 1975 წელს გამოშვებულ სსრკ-ის ჟურნალ „ჯანმრთელობა და ჰიგიენა“-მ ერთ-ერთი ქალაქის წყალში ბორის მჟავის შემცველობა გაასაჯაროვა. ციფრი ლიტრზე 0,5-დან 5 მგ-მდე მერყეობდა. ქალაქის მოსახლეობის შესაბამისი ასაკის მამრობითი სქესის დაახლ. 50 % შეუქცევადი იმპოტენციით იყო დაავადებული. მაშინ, როდესაც ამერიკელმა მეცნიერებმა 17 ათასამდე მავნე ნივთიერება და შენაერთი დაადგინეს, საბჭოთა კავშირმა 300 ყველაზე მომწამლველი ნივთიერებიდან საკუთარ ტერიტორიაზე მხოლოდ 15 ნივთიერება „აღმოაჩინა“ და რამოდენიმე თვეში „სტრატეგიული ინფორმაციის“ შენახვის საბაბით დატოვა სტენფორდის შეთანხმებაც.
დოტაციაზე მყოფი მწერლები, ხელოვანები, კულტურის დამსახურებული მოღვაწეები, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ბუნების, ეკოლოგიისა და მოსახლეობის ბატონ-პატრონი ბრიგადირები, პარტ.მუშაკები - ეს საბჭოთა კავშირის მიერ მიღწეული საზოგადოების „პროგრესული“ მოწყობაა, სადაც მღვდელი და ეკლესია „წარსულს ჩაბარდა“.
ევროპაშიც მღვდელს ინტელექტუალი ანაცვლებს, თუმცა!…
იქ 1960-იანი წლებიდან მედიცინისა და ტექნიკის შეუქცევადი განვითარება იწყება. ინტელექტუალი ჯერ ისევ საზრდოობს თავისი კრედიტებით. მისი სათამაშო არეალი სოციალური კონფლიქტებია. მხოლოდ მან იცის, თუ რა არის ადამიანისათვის სარგო, ან საზიანო. მისი მთავარი დავალება მისი შეგრძნება და სუბიექტური, მისი სააზროვნო სისტემიდან აღმოცენებული წესრიგის ნორმების საზოგადოებისათვის პრეზენტაციაა, თავისი ავტორიტეტეტის წყალობით თავისი მორალური და ეთიკური ნორმების დადგენა და გახმოვანებაა. მაგრამ მისი ეს როლი უკვე საუკუნეებს ითვლის და ამდენად მწუხრის ჟამსაც. კომპლექსური საზოგადოებისათვის, სადაც საგნისა და დარგის სპეციალისტები, სტატისტიკა და თანამედროვე მეცნიერული ინსტრუმენტებია საჭირო, იგი უკვე არამცთუ გამოუსადეგარი, არამედ პროგრესის მუხრუჭიცაა.
როგორც ცნობილია, ინტელექტუალები ყველაზე ამორალური და უპრინციპო ხალხია. ასე იყო ნაციონალ-სოციალისტურ გერმანიაში, სადაც ფაშიზმის დამცველებად პირველნი სწორედ სტუდენტობა და პროფესორები მოგვევლინენ. სწორედ მათ გააჩაღეს საერთო-სახალხო აღმზრდელობითი საქმიანობა დისციპლინისათვის, ქვეყნის ეკონომიური კრიზისიდან გამოსაყვანად. პარადოქსია, თუმცა ჟანრის კანონის თანახმად, იგივენი უდგებიან სწორედ ოპოზიციასაც ავანგარდში.
საქართველოში კი თანამედროვე ტექნიკის მიღწევების ნაცვლად ფოლკლორის ზეიმია. იქ, სადაც ბავშვები სპორტითა და განათლებით უნდა იყვნენ დაკავებულნი, ისინი მოძველებულ ენაზე ლიტურგიასა და ქუჩურ გარჩევებში არიან ჩაბმულნი. ქვეყანაში, სადაც ეკონომიკის სამინისტრო ცალკეა და ენერგეტიკის მინისტრს თავისი სავარძელი აქვს, ნიშნავს იმას, რომ მათგან არც ერთს არ აქვს წარმოდგენა, თუ რა ფუნქცია და ურთიერთკავშირში აქვს ენერგიასა და ეკონომიკას. იგივე ითქმის უკლებლივ სხვა დანარჩენ დარგზეც.
სივრცისა და დროის მიღმა გათრეული ქვეყანა ორი, ყველაზე დიდი რუსეთის აგენტის-ილია მეორესა და ბიძინა ივანიშვილის საჭიდაო მოედნადაა გადაქცეული საკუთარი გუნდითა და გულშემატკივრებით, სადაც ერთის მხრივ საბჭოთა ბნელი ელიტა და ინტელექტუალები, ხოლო მეორეს მხრივ მღვდლები და მრევლი ერთმანეთს მუშტებს უღერებენ, გარეთ კი 21 საუკუნეა.


შენიშვნა: ხშირად, თვით საგაზეთო სტსტაიების ქვეშ არაა მითითებული წელი, როცა მითითებულია თვე და დღე ან პირიქით.

გამოყენებული ლიტერატურა:
„Soll doch die Taiga eingeäschert werden“. DER SPIEGEL 46/1979. წყარო: http://www.spiegel.de/spiegel/print/d-39867245.html
Traum, Reiner: Die Ingenieure der Seele. 01.10.2003. წყარო: http://www.spiegel.de/spiegelspecial/a-272693.html

ფოტოკომენტარები:
1. რა უსურვა პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილს? წყარო: https://pia.ge/post/233589-ra-usurva-patriarqma-bizina-ivanisvils-
2. ბიძინა ივანიშვილმა კათოლიკოს პატრიარქს უმასპინძლა.2013-09-13. წყარო: http://www.newposts.ge/?id=19245
3. საქინფორმი: „საათი, რომელიც პატრიარქმა ილია მეორემ პრემიერ ივანიშვილს აჩუქა, ქართული წარმომავლობის რუსი ბიზნესმენის მიერ არის ნაყიდი, და არა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ფულით“. წყარო: 
http://saqinform.ge/news/15948/saqinformi%3A+„saaTi%2C+romelic+patriarqma+ilia+meorem+premier+ivanishvils+achuqa%2C+qarTuli+warmomavlobis+rusi+biznesmenis+mier+aris+nayidi%2C+da+ara+qarTuli+marTlmadidebeli+eklesiis+fuliT“.html

იხილე აგრეთვე:
ოცი მილიონიც რომ დაჯდეს მზად ვარ ბათუმში მეჩეთის მშენობლობა დავაფინანსო - ბიძინა ივანიშვილი
http://www.newposts.ge/?l=G&id=117773-ივანიშვილი%2C+დაფინანსება&fbclid=IwAR0CZhfqRpIJTBhDVo6bsTorukPqES5swcezyfCMEDrcCb1hvKw7z56XE-k

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen