Donnerstag, 1. August 2019

რატომ გვჭირს ის, რაც გვჭირს?

დავიწყებ სულ თავიდან, მაგრამ ვეცდები მოკლედ. მოკლედ:
ქ რ ი ს ტ ი ა ნ ო ბ ი ს არსის გასაგებად ეს ფორმატი ვერ გვეყოფა, ამიტომ ქრისტიანობის ძირითად მახასიათებლებს და მის რამოდენიმე ვარიანტს განვიხილავ, მათ შორის, ჩემს საკუთარ მოსაზრებებსაც, მაშ ასე;
ქრისტიანობის ფესვები რომაელთა მიერ მართულ ებრაულ კულტურაში აღმოცენდა. მოგვიანებით ქრისტიანობა ხმელთაშუაზღვის აუზშიც გავრცელდა. ამასთან, ქრისტიანობაზე ძალიან დიდი გავლენა ანტიკურ, ბეძნულმა ჰელენიზმმა მოახდინა. ქრისტესა და ქრისტიანობის გაგება გაჭირდებოდა, რომ არა ძველი აღთქმა, რომელსაც ქრისტიანები ქრისტიანობის ქრონიკებივით კითხულობენ. ქრისტე, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის 28/30 წლებში გამოჩნდა საჯარო სივრცეში და იერუსალიმში აცვეს ჯვარს, ღმერთის მიერ ადამიანის უპირობო სიყვარულს და ასევე ყველა ცოცხალი არსების სიყვარულით შემოქმედებას, სამყარო-ღმერთი-ადამიანის ფილოსოფიის გამოხატულებას წარმოადგენს, სადაც ადამიანს ღმერთის დაკვეთის - სიყვარულის გავრცელება ევალება და ამდენად ევალება მისიონერობაც.
ქრისტიანობის მთავარი მონაპოვარი წიგნიერების გავრცელებაა, თუმცა ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქრისტიანობა ყოველთვის ანადგურებდა ადგილობრივ კულტურას, ან უკეთეს შემთხვევაში, ისრუტავდა მას და საკუთრად ხდიდა.
ქრისტიანობის ბევრი ვარიანტი არსებობს, აქედან ყველაზე გავრცელებული და ჩვენთვის ნაცნობი მიმდინარეობებია: კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი, მართლმადიდებლობა. ქრისტიანობის ერთ-ერთ ცენტრალურ რიტუალს საკრამენტი, ანუ საიდუმლო-რიტუალი წარმოადგენს, რომელიც ღმერთის უხილავი არსებობის ხილული განსხეულება და მასში მონაწილეობაა.
მართლმადიდებლობა 7 საიდუმლოს აღიარებს. ესენია: ნათლისღება, მირონცხება, ზიარება (ევქარისტია), სინანული, მღვდლობა, ქორწინება და ზეთის კურთხევა. 7 საიდუმლოს აღიარებს ასევე რომაულ-კათოლიკური ეკლესიაც, სადაც ისინი დაახლ. მე-13 საუკუნიდან დამკვიდრდნენ. თუმცა ზოგიერთ, კათოლიკების ჩატარებულ საიდუმლოს მართლმადიდებლები არ სცნობენ ჩატარებულად, თუკი ის მართლმადიდებელი სასულიერო პირის მიერ არაა განხორციელებული.
პროტესტანტული, ანუ ევანგელური ეკლესია მხოლოდ 2 საიდუმლოს აღიარებს, ესენია: ნათლობა და ზიარება, ანუ ევქარისტია, იგივე ყოველკვირეული წირვა ზიარების თანხლებით. ლუთერის მიხედვით, საკრამენტები ღვთიური სურვილი და ნიშანია, რომელთა წყალობითაც რწმენა ერთის მხრივ იღვიძებს, ხოლო მეორეს მხრივ მყარდება, თუმცა, ზეთისცხება და ზიარება ღვთიური სურვილი და ნიშანი არაა, თუმცა მათი ჩატარება ლუთერანულ ეკლესიაში დასაშვებია. ზიარების საიდუმლოს შესახებ ლუთერი დიდ კატეხიზმოში წერდა: „ხარ თუ არა შენ ამისი ღირსი, უფალი გაძლევს და აი, გაქვს მისი ხორცი და სისხლი ამ სიტყვების ძალით და მიიღე პური და ღვინო. შეიცანი და შეითვისე. რადგან სიტყვებზე დგას ჩვენი ყველა საძირკველი, თავშესაფარი და დაიცავი ყველა შეცდომისა და ცდუნებისაგან, რომლებიც გადაგხდა, ან წინ გელის“.
ლუთერმა (1483-1546) მაქსიმალურად გაფილტრა ქრისტიანობა არასაჭირო რიტუალებისაგან, დატოვა რა სიმბოლურად ყველაზე მნიშვნელოვანი ორი საიდუმლო, ხოლო ბიბლია თარგმნა ლათინურიდან ხალხისათვის მის საკუთარ, გერმანულ ენაზე, რადგან მისი აზრით, თუკი ხალხი რიტუალის აღსრულებაში საკუთარ ენაზე არ მონაწილეობს, ის რელიგიას ვერასოდეს გაითავისებს.
აქ მცირე ისტორიულ გადახვევას გავაკეთებ. როდესაც გერმანელი მოგზაურები შორეულ წარსულში თავიანთ ადრეულ ჩანაწერებს აკეთებდნენ რუსეთზე, მათ შორის განცვიფრებულნი აღნიშნავდნენ, რომ რუსი მღვდლები საეკლესიო რიტუალის აღსრულებისას, ხშირად ზურგით შებრუნებულნი მრევლისაგან, რაღაც ჯადოქრობებს სჩადიოდნენო, ხოლო როდესაც მრევლს შემოუტრიალდებოდნენ, ისეთ ენაზე საუბრობდნენ, რომ მრევლს მათი არაფერი ესმოდაო.
როდესაც მიხეილ ლომონოსოვმა (1711-1765), პირველმა რუსულ სამყაროში, ენის რეფორმის საჭიროება გააჟღერა, მან ერთიანი რუსული სახელმწიფო ენა კი არა, ყველა ფენისათვის შესაბამისი ენის სტილი, ე.წ. სამი სტილის თეორია შეიმუშავა: მაღალი, ანუ პრესტიჟული სტილი, იგივე საეკლესიო სლავური, ანუ „ცერკოვნოსლავიანსკი“, საშუალო სტილი ბიუროკრატიისა და ოფიციოზისათვის და დაბალი, მდაბიო ხალხის სასაუბრო ენა. ცხადია, დაბალ ფენას არც მაღალი და არც საშუალო სტილი არ ეხერხებოდა, შესაბამისად საშუალო ფენასაც საჭირო ხანგრძლივი მეცადინეობის გარეშე ძველ წიგნებში, არ ესმოდა „ცერკოვნოსლავიანსკი“, მეტიც, რუსეთის დიდგვაროვნები ფრანგულ ენაზე საუბრობდნენ და არ მეტყველებდნენ რუსულად მანამ, სანამ 1812 წელს მოსკოვში შესულმა ნაპოლეონმა არ გადაწვა ქალაქის ნაწილი და არ დააფიქრა რუსები, რატომ იყო საჭირო, ესაუბრა მტრის ენაზე. სწორედ ამ დროისათვის ევლინება რუსეთს პუშკინი (1799-1837), რომელმაც თავისი შემოქმედების ენად სახალხო რუსული გახადა, თუმცა რუსული ლიტერატურა ვერ იქნებოდა ისეთი, რომ არა ლიტერატურის კრიტიკოსი ბესარიონ ბელინსკი (1830-1848). ჩემის აზრით, ლიტერატურას არა მწერლები, არამედ კრიტიკოსები ავითარებენ, ანაც ისეთი მწერალ-კრიტიკოსები, რომლებსაც ქვეყნის პულსზე უდევთ ხელი, როგორებიც იყვნენ რუსეთისათვის, მაგალითად ჩეხოვი და ტურგენევი, საქართველოსათვის ვაჟა და ილია და ა.შ. ოქტომბრის რევოლუციამდე რუსეთი პრაქტიკულად კვლავ ამ სამ ენაზე საუბრობდა. ცერკოვნოსლავიანური ხმა ეკლესიების ნგრევასთან ერთად შეწყდა. ლენინის მოკლე ვადიანი კორენიზაცია მალე სტალინის „საერთო ენამ“, რუსულმა ჩაანაცვლა და 1944 წლიდან იგი ყველა საბჭოთა სკოლაში სავალდებულო, მეორე ენად იქცა, ხოლო მშობლიური ენა მხოლოდ მოკლე არეალზე სამოძრაოდ, ფოლკლორის ძეგლების აღმწერ ენად ფორმირდა. დაიწყო დიდი საბჭოთა „ჰომოსოვიეტიკუსის“ პროექტი, რომრელმაც საბჭოთა კავშირის დაშლამდე იარსება, თუმცა ინერციით მერე გაგრძელდა და რომელიც საქართველოში რუსულის ინგლისურით ჩანაცვლებით, მოკლე წყვეტის (2003-2012) შემდეგ დღეს ისევ აღსდგა.
როდესაც გერმანიაში რეფორმაციის წლებში რწმენის ამოსავალ წერტილად ლუთერმა ბიბლია გამოაცხადა, ამას შედეგად ეკლესიები დაიცალა ხატებისა და ე.წ. სხვადასხვა წმინდა ნაწილებისაგან, ზოგ შემთხვევაში პროტესტანტი მრევლი ეკლესიის აღკაზმულობას ფანჯრიდან და ღია კარიდან პირდაპირ გარეთ ყრიდა, რის შედეგადაც შვილი - დედას ან მამას, ან - ორივეს, და - ძმას, ნათესავი - ნათესავს, ყმა - ბატონს, ბატონი - ყმას გაემიჯნა და დაიწყო მასიური მიგრაცია: თანამოაზრეები იხიზნებოდნენ, დიდგგვაროვნები ახალ ქვეშევრდომებს იფარებდნენ,ან მათ ემშვიდობებოდნენ. სწორედ ამიტომ ლუთერანელებს, ანუ პროტესტანტებს ეკლესიის მგმობელებად და კულტურის გამანადგურებლად მოიხსენიებდნენ.
ცნობილია, რომ სკანდინავიაში ქრისტიანობა დაახლ. 999 წელს გავრცელდა. სკანდინავიელებისათვისაც ორგანული სწორედ პროტესტანტული ქრისტიანობა აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგია, მაგალითად, დიდი ხნის განმავლობაში დანიის მიერ იყო დაპყრობილი და იქ მღვდლებად და მაღალ ფენად დანიელები გვევლინებოდნენ, დანიელი მღვდლები ხშირად სოფელ-სოფელ დადიოდნენ და ნორვეგიული ენის ნიმუშებს იწერდნენ, მოსახლეობას ბევრ სხვადასხვა საკითხში მეგობრულად ეხმარებოდნენ.
(სკანდინავიური და საბჭოთ ენობრივი პოლიტიკის რამდენიმე ცენტრალური ასპექტის შესახებ იხილეთ აქ:)
სოლიდარობაა ის სიძლიერე, რაც სკანდინავიელებს სხვა ქვეყნებისაგან ასე გამოარჩევს და მათ მსოფლიო ინდექსების მიხედვით ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავიათ ეკონომიური წარმატების და მოსახლეობის ბედნიერების თვალსაზრისით.
სწორედ სკანდინავიაა ის ადგილი, სადაც პირველი ე.წ. „საბაჟო დაფები“ გაჩნდა. საბაჟო დაფებზე ყველა მოსახლე ვალდებული იყო ღიად დაეწერა, თუ რა თანხას გაიღებდა ის საყოველთაო კეთილდღეობისათვის. მდიდარ მოსახლეს შესაბამისად დიდი საწევროს გადახდა ევალებოდა, ხოლო სიკეთე არა მალულად, არამედ ყველას დასანახად კეთდებოდა. ცნობილია, რომ გამჭვირვალობა და კონკრეტული პოზიტიური მაგალითები ადამიანებს არა მხოლოდ მხნეობას მატებენ, არამედ ის კარგი ორიენტირია შედარებისათვის, საზომად და პიროვნების გასაზრდელადაც. „ქვაზე დადებული“, ჩუმად გაკეთებული სიკეთე, რასაკვირველია, დასაძრახი არაა, როცა საქმე ქველმოქმედებას ეხება, იქ ეს სრულიად დასაშვებია.
ე ნ ა ზ ე, კულტურის ამ მნიშვნელოვან ასპექტზე, შემთხვევით არ შევჩერებულვარ. ის, რომ ცნობიერება (სასაუბრო) ენის მეშვეობით ყალიბდება და ყოფიერებას, ყოფნას განსაზღვრავს, დიდი ხანია ცნობილია. ინსტიქტურად კი ეს ყოველმა ადამიანმა იცის. ამ ინსტრუმენტს განსაკუთრებით დომინანტი ჯგუფები ან ინდივიდები იყენებენ. ყველაზე მარტივი მაგალითია საუბრის უფლების ჩამორთმევა. მათ შორის, პატრიარქალური კულტურაც სწორედ ამ მძლავრ იარაღს იყენებს, განსაკუთრებით ქალებისა და ჩაგრული ჯგუფების მიმართ, სადაც კომუნიკაცია, ისიც მაქსიმალურად შეზღუდული, ან შინაარსისაგან დაცლილია და მხოლოდ ერთი მიართულებით ხორციელდება: ზემოდან ქვემოთ. დიქტატორულ სახელმწიფოშიც მხოლოდ ძლიერები საუბრობენ, ხოლო ჩაგრულები ან სდუმან, ან მათი ენა სრულიად გამოუსადეგარია სახელმწიფო და გლობალურ სისტემაში ინტეგრაციისათვის. ამისი კარგი მაგალითია საქართველო თავისი გამოუსადეგარი ქართული ენით, რომელზეც საჭირო ინფორმაცია არც ერთ სფეროში თითქმის არ მოიძებნება.
ენის სახელმწიფო საზრუნავად გადაქცევის პიონერები ფრანგები იყვნენ, ხოლო მსოფლიოში ენის პირველი ასეთი ოფიციალური ინსტიტუცია სწორედ 1635 წელს დაარსებული Academie francaise-აიყო. დღეს სხვადასხვა სამინისტროსთან 18 ტერმინოლოგიური კომისია მუშაობს, რომლებსაც ანგლიციზმების ფრანგულად თარგმნა ევალებათ. ენასთან პურისტული მიდგომა აქვს ისლანდიასაც, თუმცა მასშტაბები იქ გაცილებით მცირეა.
ძალიან გამიგრძელდა ევროპის მიმოხილვა,თუმცა რეალური ცვლილებები მართლაც კულტურათა შორის გაცვლა-გამოცვლას მოაქვს. პირველ რიგში ცვლილებები ზუსტად ცნობიერებიდან იწყება- სადამდეც მოგდევს ცნობიერება, ზუსტად იქამდე გწვდება ცვლილებების სურვილიცაა და მოტივაციაც. ჩვენ ერთი ძალიან კარგი გამოთქმა გვაქვს: შეჩვეული ჭირი გერჩივნოს შეუჩვეველ ლხინსაო. გერმანელებს კი ასეთივე სამართლებრივი ნორმაც კი გააჩნიათ- „შეჩვეული პირობები“, რომლის მყისიერი შეცვლა არ შეიძლება.
ზუსტად ეს გახდა იმისი მიზეზი, რომ აუხსნელი ლხინი, ანუ სახელმწიფოებრივი კეთილდღეობა და მისთვის ბიუჯეტში გადახდილი გადასახადი, რომელსაც ნებისმიერი ევროპელი სავალდებულოდ იხდის, გუბაზ სანიკიძემ „მიშას ქურდულ წილად“ მონათლა. მაგალითისთვის, რომ ყოფილიყო თავის დროზე თანამედროვე სახელმწიფო ბიუჯეტის მდგენელები ახსნილი თუნდაც ერთ ბუკლეტზე და ეს ბუკლეტები იუსტიციის სახლებში დაგ(ვ)ერიგებინათ, ამას წაიკითხავდნენ პირველ რიგში ახალგაზრდები, ბავშვები, რადგან ისინი ძალიან ცნობისმოყვარენი არიან, ყველაფერს კითხულობენ და როდესაც მათ დაბერებულ მშობლებს ან გაუთვითცნობიერებელ სოფლელ ბიძაშვილებს გუბაზი და სხვა „ოცნების“აქტივისტები მარშუტკებით მიადგებოდნენ, ზუსტად ეს ბავშვები აიგდებდნენ მათ სასაცილოდ. შური არა მხოლოდ ბიძინამ იძია ქართულ სახელმწიფოზე, არამედ მისმა ბუნებრივმა მოკავშირემ - მოხუცმა და გაუნათლებელმა თაობამ.
რეალურად საქართველომ რამოდენიმეჯერ გაარღვია სივრცე მომავლისაკენ და ეს სამივე ჯერზე ენისა და ცნობიერების გადახალისებით დაიწყო. თავისთავად დასაწყისი იყო დამწერლობა, რომელიც დიდი ალბათობით ქრისტიანობამ განავითარა. პირველი სერიოზული ნახტომი საქართველომ ადრე რენესანსის ხანაში გააკეთა, საზღვარგარეთ კულტურული კერების აღოძინებით. როდესაც ათონის მონასტერში გამწესებულ გიორგი მთაწმინდელს იქ მყოფმა ბერებმა ენა და რწმენა დაუწუნეს, მან ხელმეორედ თარგმნა ბიბლია და თარგმანში ყველგან „ელინი“-ს მაგიერ „წარმართი“ ჩასვა. ასე იძია შური გიორგიმ მათზე. როგორც სჩანს, ბერძნულ-ქართული მეგობრობასთან ბერძნულ-ქართული კონკურენციაც თანაარსებობდა. სწორედ ამ კონკურენციამ დაბადა ის განვითარების ტალღა, რამაც შემდეგ ადრეული რენესანსი ააზვირთა და ქვეყანა რუსთაველამდე მიიყვანა. აქ შეგნებულად გამოვტოვებ სულხან-საბასა და იტალიელი მისიონარების მოღვაწეობას, რომელსაც, მართალია დიდი გარდატეხა არ მოუტანია, მაგრამ დუღაბი იყო საქართველოს სახელწიფოს მომავალი არსებობისათვის.
შემდეგი დიდი განვითარების ტალღა 1832 წლის შეთქმულთა ქვეყნის გარეთ გასახლებამ გამოიწვია. 145 აჯანყებული დაამგზავრა ცარისტულმა რუსეთმა რუსეთის გუბერნიერბში, მათ შორის პოლონეთშიც. შეთქმულთა უმეტესობამ პირველ რიგში უცხო კულტურის ათვისება და ამ კულტურიდან ქართულ ენაზე თარგმნა დაიწყო. გიორგი ერისთავმა, მაგალითად, რომელიც ასევე აჯანყებულთა რიგებში ირიცხებოდა და პოლონეთში იქნა გადასახლებული, სწორედ პოლონეთში გაიცნო თეატრის ხელოვნება და პოლონელი დრამატურგის, ალექსანდრე ფრედროს მიბაძვით დაწერა თავისი კომედია „გაყრა“, რომელიც პირველი ქართული თეატრალური ნაწაროები იყო და რომელიც პირველი გიმნაზიის სცენაზე დაიდგა. დიმიტრი ყიფიანი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, სოლომონ დოდაშვილი-ყველანი გადასახლებულები იყვნენ, რომლებიც თარგნმნიდნენ, თარგმნიდნენ და თარგმნიდნენ უცხო კულტურას ქართულ ენაზე. სოლომონ დოდაშვილი საერთოდ პირველი კანტის მიმდევარი იყო თვით რუსეთშიც კი, ნიკოლოზ ბარათაშვილის მასწავლებელი და ალბათ საუკეთესო პედაგოგი თავისი საუკუნისა.სამწუხაროდ იმ 145 კაციდან მხოლოდ ის გარდაიცვალა გადასახლებაში.
მესამე ტალღა კი 2003 წლიდან წლიდან დაიწყო საქართველოში. ამას აქ აღარ აღვწერ გასაგები მიზეზების გამო.
კონსუმი
ზემოთ მოყოლილ ამბებში ჩემთვის ერთი რამაა ძალიან საინტერესო: სურათ-ხატებისა და ენისა და ტექსტის ჭიდილი სხვადასხვა კულტურებში. სურათებიცა და ტექსტიც, დღევანდელი გაგებით, მეტნაკლებად კონსუმია. კონსუმი მოხმარების საგნებია, რომელიც ადამიანს დასაბამიდან მოჰყვება. კონსუმი შესაძლოა სათემო კუთვნილებაც იყოს, რაც სოციალურ ჯგუფებს ერთმანეთთან კრავს. კონსუმის ინდივიდუალიზირება მე-15 საუკუნიდან იწყება, ინგლისში აღმოცენებული ბეჭდვის ტექნოლოგიითა და ბამბის წარმოებით. მოგვიანებით იწყება კონსუმის მოჭარბებული მოხმარება, მათ შორის „მშვენიერი ნივთებისა“.
დღეს, თანამედროვე მეცნიერებებს უკვე კარგად აქვთ შესწავლილი კონსუმის ადამიანზე ზემოქმედების მექანიზმები, რასაც მანიპულაციებისათვის კარგად იყენებდნენ და იყენებენ როგორც პოლიტიკური სისტემები, ისე დიდი კონცერნები.
ამაოდ არ მიაჩნდა ლუთერს ზედმეტი კონსუმი სურათ-ხატების სახით ქრისტიანობისათვის დამაბრკოლებელ გარემოებად, რომლის ცენტრალური საყრდენი ბიბლია იყო, ხოლო დანარჩენი ზედნაშენი სიწმინდეეები მხოლოდ ადამიანის ფანტაზიის ნაყოფი. სწორედ ბიბლია იყო დასავლური ცივილიზაციებისათვის სახელმწიფოებრიობის მძლავრი იმპულსი, სადაც მცნებებს ქცევის კოდექსის მნიშვნელობა ენიჭებოდა, ხოლო ქრისტიანული მორალი მაშინდელ ეკონომიკას არეგულირებდა.
მორალისა და ეკონომიკის ჭრილში საინტერესოა ერთი ეპიზოდი საქართველოს ისტორიიდან. ცნობილია, რომ მთიელები და ფშავ-ხევსურები ძალიან გვიან და ისიც ზედაპირულად გაქრისტიანდნენ.იყო ფაქტები, როდესაც მთიელები იქ მივლენილ მღვდელს ხშირად უკან აგზავნიდნენ. არადა როგორც კი ბარს მტერი შემოესეოდა, მთიელი ამხედრებული მეომრები ქალიან-კაციანად რამოდენიმე საათში ბარში იყვნენ გაჩენილები, მირეკ-მორეკავდნენ მტერს და ისევ სახლებს უბრუნდებოდნენ. მკაცრი პირობებისა და სიღარიბის გამო მათ არ შეეძლოთ ეხადათ ზედმეტი გადასახადები ეკლესიისათვის, რადგან შეზღუდული შესაძლებლობები მღვდლის შენახვის ფუფუნებას არ იძლეოდნენ. სწორედ ამიტომ ვერ გაიდგა ფესვები მთაში ქრისტიანულმა ბიზანტიურმა, პომპეზურმა კულტურამ, რომელსაც ფუფუნებისა და კონსუმის დიდი მოთხოვნილება ჰქონდა.
სწორედ ამ მკაცრი პირობების გამო მთიელების ეკონომიკა ძირფესვიანად განირჩევა ბარის ქართველების ეკონომიკისაგანაც, ზუსტად ისევე, როგორც სკანდინავიისა დანარჩენი ევროპული ქვეყნებისაგან. ყველაზე ნათლად ეს ქალებთან მიმართებაში ჩანს. თუკი, მაგალითად, ბარში ქალის გასათხოვებლად მზითევი იყო საჭირო, მთაში კაცის ოჯახს პატარძალი მამის ოჯახიდან უნდა გამოესყიდა, რადგან მამას ოჯახში მუშა-ხელი დააკლდებოდა. სექსის და ამდენად დემოგრაფიის საკითხებს მთაში ისეთი სპეციფიური კანონები, თუ ქცევის წესებიც არეგულირებდნენ, როგორიც იყო, მაგალითად ქალ-ვაჟთა წაწლობა.
ასევე საინტერესოა ერთი ეპიზოდი ცივილიზებული დასავლეთის ისტორიიდან. 1980-იან წლებში, როდესაც მსოფლიოს შიდსის ეპიდემია მოედო, მყისიერად გაიზარდა მოთხოვნა ილუსტრირებულ ჟურნალებზე, განსაკუთრებით კი ნახევრად ან სრულიად გაშიშველებული ქალების გამოსახულებებზე. კაცებისათვის გამოშვებულმა ჟურნალებმა რეკორდული მოგება დაიწერეს. მიზეზი აღმგზნები გამოსახულებებით სუბლიმირებული მამაკაცის სექსუალობა იყო, რომელსაც რეალური სექსის, ან მეორე სხეულთან კონტაქტისა და დაინფიცირების შიშით ვიზუალურად გამოსახული ესთეტურობა და საკუთარი ფანტაზიით შექმნილი კინო ერჩივნა. დღეს მეცნიერებამ ისიც იცის, რომ ერთსა და იმავე გამოსახულებას კაცები და ქალები სხვადასხვაგვარად აღიქვამენ. მაშინ, როდესაც ქალები იქ პირველ რიგში წარწერებსა და ორივე სქესის სახეებს უმზერენ, მამაკაცი მხოლოდ ქალის სახეს, მკერდს, ფეხებს უყურებს, ხოლო იქვე განთავსებულ ტექსტს, ან სხვა გამოსახულებას ის არ კითხულობს. ზუსტად ამ მიზეზის გამო კითხულობენ ქალები ზოგადად უფრო მეტს (ვეფხისტყაოსანსაც ამიტომ ატანდნენ ქალს), ვიდრე კაცები. კონსუმისა და მშვენიერების ხიბლს თავდაპირველად სსრკ-მაც დაუხარა თავი და ფუტურისტების მიერ კვლავაღმოჩენილი ანტიკური „რაც მშვენიერია, კარგია“ საკუთარი დოქტრინის ნაწილად გაიხადა, რითაც თავისკენ მიიმხრო მოსახლეობის საკმაო ნაწილი, თუმცა ისევ ძალიან მალე შებრუნდა ფორმულა შუასაუკუნეების- „რაც კარგია, მშვენიერია“-დ. რასაც ასევე მოჰყვა დისციპლინა სკოლებში და სტალინის მიერ „სქესთა განცალკევება“- ვაჟთა და ქალთა ცალ-ცალკე სწავლება. თამაშის, მუსიკის, ესთეტიკის აკრძალვა, ან საკუთარ ჩარჩოებში მოქცევა საერთოდ საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა იყო. იგივე ითქმის რეპროდუქციისა და სექსის საკითხების შესახებაც, თუმცა რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკა ქალებისადმი ლმობიერი მოპყრობით გამოირჩეოდა, რაც იქ არსებულ სექსის ეკონომიკაზეც აისახებოდა, ხოლო კავკასიასა და აღმოსავლეთში სექსი ნარკოტიკებთან ერთად კრიმინალურ და სადამსჯელო ინსტრუმენტად გადაიქცა.
ზუსტად ამ ინერციებით მოდის საქართველო დღესაც. როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, რუსეთის მიერ დანერგილმა და გამძაფრებულმა პატრიარქალურმა ქცევის წესებმა ქალების მყისიერი გაღატაკება გამოიწვია. როდესაც აღარ არსებობდა სახელმწიფო დაცვის მექანიზმები, ხოლო ქონება მთლიანად კაცებზე გადანაწილდა. ამის დასტურად ჩემი საკუთარი ოჯახის ისტორიაც კმარა, რომელიც ძალიან გვიან აღვიქვი, სადაც ორივე მშობლების მშობლები დიდგვაროვანი თავადები იყვნენ, რომლებმაც ქონებაცა და მიწებიც კოლმეურნეობას ჩააბარეს. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებსათან ერთად კი ბებიას, მაგალითად, უკვე აღარაფერი ეკუთვნოდა, რადგან ის ქალი იყო. ბაბუა დიდი ხნის წინ საბჭოთა არმიის საიდუმლო ნაწილის ოფიცრად გარდაიცვალა, ხოლო მეორე ბებია-ბაბუის მთლად მეთორმეტე საუკუნის ეკლესია და მამულები თავისი ტოპონიმიკით, სადაც წყაროებსა და ადგილებს ჩემი წინაპრების სახელები ჰქვიათ, რაიონის ადგილობრივმა საძმოებმა, კაი ბიჭებმა და ბანდის წევრებმა გაიყვეს, რადგან გოგოებს მიწები რად უდოდათ, მაინც უნდა გათხოვილიყვნენ. იგივე დატრიალდა ასიათასობით ოჯახებში ქალების თავზე, რის შედეგადაც ქალები პირდაპირ, ან ირიბად იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ ქვეყანა, რადგან ჯუნგლებში ან უნდა გაიქცე, ან ხერხს მიმართო და რამენაირად თავი გადაირჩინო.
კაპიტალიზმი კუნკურენციააო, იტყვის მავანი, მაგრამ ასეთი მასშტაბური მიგრაცია, განსაკუთრებით ქალებისა არ ახსოვს ალბათ ამ საუკუნეს. აქაც მავანი იტყვის, ქალებთან ერთად კაცებიც გაუდგნენ გზასო, მაგრამ სუბკულტურები ყოველთვის კარგად ასახავენ ხოლმე ადგილობრივ განწყობებს (https://www.youtube.com/watch?v=WAydbyBu4C4) ისევე, როგორც ჩვენებური „ბირჟები“. სიტყვა ბირჟაც ინგლისური Börse-დან მოდის, რაც ბაზარს, ანუ შესაკრებ, გასაყიდ ადგილს ნიშნავს. ბირჟებიც ხომ იგივე დაკვირვების ადგილებია, სადაც ინფორმაცია გროვდება, იფილტრება, ხარისხდება, იკვეთება ტენდენციები, იქმნება ისტორიები. სხვათაშორის სტატისტიკა ქმნის ისტორიას და არა პირიქით. თუმცა სტატისტიკასთანაც ყოველთვის კაცებს ჰქონდათ წვდომა ისევე, როგორც ამ ბირჟებსა და ეკლესიებშიც, სადაც კაცები მშვიდ გარემოში სწავლობდნენ, აანალიზებდნენ და იკვლევდნენ გარემოს, ადამიანებსა და მათზე ზემოქმედების საშუალებებს. იმისათვის კი, რომ ისინი თავიანთ ლიბიდოს არ შეეწუხებინა და ქალების დევნის მაგიერ და მშვიდად ეკვლიათ, მცენარეული ჰორმონალური პრეპარატების მიღებასაც არ ერიდებოდნენ. მაგალითად, Mönchspfeffer, რომელიც მართალია ქალის ჰორმონალურ ბალანსს აწესრიგებს, აქვეითებს კაცის ლიბიდოს და მას ანიჭებს კვლევებისა და მეცნიერული საქმიანობისათვის საჭირო სიმშვიდეს. ქალის ჩასახვის საწინააღ დეგო აბები, რომლებსაც ანტიბები პილეს ეძახიან და რომელიც 1960-იანი წლებიდან გამოვიდა ბაზარზე და რამაც სექსუალური განთავისუფლების ტალღა ააგორა, სწორედ კათოლიკური ეკლესიის მფლობელობაში მყოფ სამედიცინო საკვლევ დაწესებულებაში იქნა აღმოჩენილი.
სხვათა შორის, მუსიკაც ტვინის იმავე ზონებს ააქტიურებს, რასაც სექსი. კონსუმია ინტერნეტის და ილუსტრაციების მოხმარებაც. სექსმაც კარგა ხანია ინტერნეტში გადაინაცვლა, სადაც მას უსაზღვრო ვირტუალური შესაძლებლობები აქვს და მისი მოხმარებაც უსაზღვრო გახდა. პარადოქსია, თუმცა მილიონობით ინტერნეტ მომხმარებელი ცხოვრობს დიგიტალური „ინტიმური“ ცხოვრებით, რომელიც მას მხოლოდ სააბონენტო საფასური და ინფრასტრუქტურის - დენისა და აპარატის ფასი უჯდება, რეალური ცხოვრება კი გაცილებით ძვირია და პრობლემატურიც. სწორედ ამიტომ გახდა ფეისბუკი როგორც ინტიმური, ასევე სხვა ტიპის სოციალური ინტერაქციის ფუნქციის შემთავსებელი და ისეთი ღატაკი ქვეყნის მოსახლეობისათვის, როგორიც საქართველოა, პრაქტიკულად ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი.
და სანამ ბიძინა მახათას გუმბათს, თუ მთლიანად კედლებს, ფერადი ნახატებით გაგვიფერადებს და სრულიად მოსპობს წიგნიერებას, სანამ ჩვენ იმაზე ვდაობთ, არის თუ არა „მიშტერების კანონი“-ს მიღება ადექვატური (არის, რადგან ასეა ევროპაშიც. მორალი ყოველთვის ვერ დაგიცავს მაშინ, როცა სხვადასხვა კულტურებს მორალის სხვადასხვა საწყაო აქვთ და მხოლოდ კანონი აწონასწორებს), უნდა იყოს თუ არა გოგონა ქალიშვილი და უნდა ისწავლებოდეს თუ არა თუნდაც ელემენტარული სქესობრივი საკითხები სკოლებში (უნდა ისწავლებოდეს, რადგან ასეა და მეტადაც ევროპაშიც), ხელიდან გვეცლება სახელმწიფო. ხოლო „შიშის“, დათესვით, რომ ბავშვები გაირყვნებიან, მოგებულები უფროსი და ასაკოვანი კაცები რჩებიან, სადაც მათია ბურთი და მოედანი და განსაკუთრებულად პატარა გოგონებიც, რადგან ისინი განცალკევებულნი არიან მათი თანატოლი ბიჭუნებისაგან და სანამ ეს ბიჭუნები საკუთარ სქესსა და სექსს აღმომაჩენენ, დიდმა ბიძიებმა ავად თუ კარგად უკვე მოიხმარეს და მიიღეს სხვისი წილი სექსიცა და სიყვარულიც. სწორედ ამ მიზეზის გამო მათ არ აწყობთ სახელმწიფოსა და პირველ რიგში კი, ახალგაზრდების გაძლიერება, რადგან კონკურენცია ასაკში პატარა საქმე არაა. შედარებით პროგრესული ნაწილი მამაკაცებისა კი, დანარჩენ კაცებთან სოლიდარობის გამო ან ჩუმადაა, როცა ქალებთან სოლიდარობაა საჭირო, ან ირონიულად იცინიან.
იცინეთ.

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen