Montag, 26. November 2018

სიტყვები

ხომ სიტყვებით იწყება ყველაფერი, კარგი და ცუდი, გასაგები და გაუგებარი სიტყვებიდან, რომლებიც მეხივით თავზე გვატყდებიან, სეტყვასავით თავზე გვეცემიან, რომლებსაც ტყვიებად გვიმიზნებენ, რომლებსაც გვიყალბებენ, მნიშვნელობებს უცვლიან, ასწლობით ფასდადებულებს აუფასურებენ, უკვე გაუფასურებულებს გვიბრუნებენ, სახმარად დაობებულებსა მოუხეშავებს პირში გვიდებენ და ერთმანეთთან გვაუცხოებენ. რაც არის, იმის ათვისების საშუალებასაც არ გვაძლევენ, სად დარჩეს ახლების გამოგონება და უკვე მერამდენე ასწლეულია, სიტყვებს გვაყლაპებენ და ხშირად, სანამ ისინი აღმოცენდებიან, ზედ წყალს გვაგუბებინებენ.

რეგრესირებად, უკვე შეზღუდული აზროვნების მქონეებს სახრავადაც და კონსუმადაც ლექსებს გვიყრიან, ხოლო თუ ურჩობას გამოვიჩენთ, გვეტყვიან, რომ ლექსებს აღარ მოგვიძღვნიან და საერთოდ, აღარც მოგვასმენინებენ, ჩვენ არ ვართ ადამიანები.
თავიდან გოგო იცინის ბიჭზე იმის გამო, რომ ის ბიჭი გოგოს თავისი ზაფხულის გეგმების შესახებ გრამატიკულად არასწორი ფორმებით უყვება და ეუბნება, რომ როდესაც ერთმანეთს ვნახავთ, "ძალიან ბევრი ვკოცნოდ და ვეხუტოდ ერთმანეთს"-ო. გოგო ასწავლის და ამბობს, რომ ეს სიტყვები ცოცხალი ზმნებია, ისინი მოქმედებას გამოხატავენ, ამიტომ მათი წარმოება მკვდარი ზმნიზედების სავრცობი -დ და -ოდ სუფიქსებით არ შეიძლება და ამბობს, რომ "ვკოცნოთ" და "ვეხუტოთ" თხაკიკინა თ-ების გამო ჭინკასავით ცოცხლდებიან, -თ მრავლობითი ფორმის ნიშანია, თვალსაჩინოდ.
გადის დრო და გოგო ხვდება, რომ დარაზმული გრამატიკის მცოდნე ინსპექტორები საჭმლის მაგიერ ერთმანეთით იკვებებიან, სჭამენ და ჰსვამენ ერთიმეორეს და ზუსტადაც რომ ის "ვკოცნოდ და ვეხუტოდ" ურჩევნია. იმასაც ხვდება, რომ ერთ სახელმწიფოში არათანაბარი განვითარების მიზანი პირველ რიგში შიდა დაქსაქსულობისა და მტრობის აღმოცენებაა.
კაპიტალიზმის კონტექსტიდან უშინაარსოდ ამოგლეჯილი "მუდმივი კონკურენცია" გაუნათლებელ თაობებს იაფ მუშა ხელად გადააქცევს, ხოლო დასავლეთში უკვე უიმედობის მუზეუმად ცნობილ თბილის-დედაქალაქს ახალი მერობის კანდიდატი კ.კალაძე ღამით გაცოცხლებას ჰპირდება. ფილმის სცენარი ლოგიკურ დასასრულს იღებს-ყველაფერი ყირაზე უნდა დადგეს.
სახელმწიფო გაერთიანებას შეფარებული პარაზიტები ერთი ხელით "ბოზებს" იჭერენ, ხოლო მეორეთი ახალგაზრდებს დაუნანებლად პროსტიტუციის ნედლეულად აწარმოებენ, სატელიტი პარტია-გაერთიანებები კი აქტუალური სიტუაციის მიხედვით, პროსტიტუციის ბიზნესის უსაფრთხოდ სამართავად, თავიანთი თავის პარლამენტში არჩევას ითხოვენ, რათა "შექმნან" "ადექვატური" კანონები.
მხოლოდ გერმანიაში, უმაღლესი აკადემიური პროფესიის გარდა, 360- ზე მეტი დასახელების პრაქტიკული დანიშნულების პროფესია ისწავლება, აქედან 360- ის სწავლა მის დედაქალაქ ბერლინშივეა შესაძლებელი. სწავლის ხანგრძლიობა მინიმუმ ორი , მაქსიმუმ სამნახევარი წელია. განათლებას სრულიად აფინანსებს სახელმწიფო.
დარჩა კიდევ რაიმე "წმინდა" მაგ ქვე-ყანაში?!

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen