Donnerstag, 15. Oktober 2015

ვილაპარაკოთ საერთო ენა, ვოლაპუკ!



მადლობა მეგობარ თინას, შთაგონებისთვის, ფოტოსათვის და მასვე ეძღვნება


უცხო ენის შესაწავლა ყველას არ შეუძლია, რადგან დრო და არსებული რესურსები ხშირად ამის საშუალებას არ იძლევიან. არადა გარემო სამყაროსა და ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარება ან/და საუბარი ადამიანის ფუნდამენტური მოთხოვნილებაა, შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანიც. ამ საკითხზე ადამიანები უხსოვარი დროიდან ფიქრობდნენ. მეტიც, კომუნიკაცია ზოგჯერ იქაც დგებოდა, სადაც ამისი წარმოდგენა შეუძლებელი იყო. ამის საჩვენებლად კი ყველაზე კარგად ვაჟა-ფშაველას „გულთმისნობა“ გამოდგება.
„რამეთუ პირველად იყო სიტყვა“. ეს სიტყვებიც შემთხვევით არ დაწერილა. ვინც ენას ფლობს, ის ადამიანებსაც ფლობს, რამდენი ენა(ც) იცოდე, იმდენი კაცი ხარ-გამიგია.
ენის ათასგვარი ფორმები არსებობს, და მათ ბევრი დანიშნულებით იყენებენ. თუმცა ამ ფუნქციათაგან ორი მთავარი უნდა გამოირჩეს: ენა დაახლოების და ენა გათიშვის მიზნით. თუკი ექსცენტრულ-ექსტარავაგანტულ ხელოვანთათვის საკუთარი ენის შექმნა და მერე მისი გახმოვანება ხელოვნების აქტს წარმოადგენს და მისი დანიშნულება ენის განსაკუთრებული მნიშვნელობისთვის ხაზგასმაა, სხვებისთვის ერთი საერთო ენის მოძიება და შექმნაა იგივე მიზანი. საბოლოო ჯამში საერთო ენა ადამინებს შორის მშვიდობას აგდებს და მათი ურთიერთობის მოწესრიგებას ემსახურება. 
საერთო ენის შექმნის იდეა ახალი არაა, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ პირველი საერთაშორისო ენის შექმნის მცდელობა 135 წლის წინ ესპერანტო კი არა, ვოლაპუკი იყო, ჩახვეულ-ჩაკვანძული ასოებით და იგი ბადენის ერთმა მღვდელმა, იოჰან მარტინ შლეიერმა (Johann Martin Schleyer) წამოიწყო.
1879 წლის 31 მარტს ერთ-ერთ თავის წერილში იგი წერდა, რომ მას ღვთაებრივი გასხივოსნება ეწვია და „რაღაც გამოუცნობი, საიდუმლო ხერხით, მაშინ როცა მე ჩვენი დროის უბადრუკობაზე ვფიქრობდი, ჩემს წარმოსახვას თვალწინ წარმოუდგა შენობა ჩემი საერთაშორისო ენისა“.
ამ ენობრივი ნაგებობის მთავარი იდეა იყო ის, რომ იგი ერთმარცვლიანი სიტყვებისაგან უნდა ყოფილიყო შემდგარი, რაც შეიძლება მოკლე და ნაკლები გრაფიკული ნიშნებით გამოსახული. ზოგადად ენა თავისათავად ეკონომიურობისაკენ ისწრაფვის. ლინგვისტების აზრით, რაც უფრო მოკლეა ტექსტი ერთიდაიგივე აზრის გამოსახატავად, მით უფრო დახვეწილი და ეკონომიურია ენა. ვოლაპუკის გამომგონებელიც ამ გზას დაადგა. ძირითადი საყრდენი სიტყვები ინგლისურიდან შეიტანა ახალ ენაში, გააუქმა ერთ სიტყვაში ერთად თავმოყრილ თანხმოვანთა კომბინაცია, ამოიღო ხმარებიდან ასევე ასო „რ“, რადგან მას ჩინელები ვერ გამოთქვამდნენ. იდეა მშვეიერი იყო, თუმცა დამაბნეველი გვერდითი მოვლენებით. სიტყვა „world“-ისგან შედგა „vol“, ხოლო სიტყვა „spaek“- ისაგან „pük“, საბოლოოდ კი გაფორმდა „Volapük“ - მსოფლიო ენა.
თუმცა მეორე წინაღობის გამოჩენას დიდი დაყოვნება არ დასჭირვებია. მღვდლის კლასიკურ განათლებას გამომგონებელი ლათინურითა და ძველი ბერძნულით ტყვედ ჰყავდა ხელში ჩაგდებული. ყოველგვარი პრეფიქს-სუფიქსი (თავსართ-ბოლოსართი) თუ რთული დროები: პერფექტ (ნამყო სასაუბრო), იმპერფექტ (ნამყო თხრობითი), პლუსკუამპერფექტ (ნამყო წინარე), ფუტურ 1 (მყოფადი1),  ფუტურ 2 (მყოფადი 2)  და ასევე აორისტი (ერთდროულად დროისა და ასპექტის კატეგორია) მისი ყველაზე დიდი თავგზაამაბნეველი აღმოჩნდა, შესაბამისად „le-mel“ ან „lem-el“ ხან ოკეანეს და ხანაც ვაჭარს ნიშნავდა.
თავიდან ამ ენის სისტემის არასტაბილურობა არავის ადარდებდა, სლოგანიც კი გაჩნდა: „ერთი ენა ერთი კაცობრიობისათვის“. 1888 წლისათვის სხვადასხვა ქვეყანაში 250-ზე მეტი ვოლაპუკ-საზოგადოება და1500-მდე ვოლაპუკ-სკოლა დაარსდა. მაგრამ აღზევებასთან ერთად დაღმასვლაც მალე მოვიდა. ენის ავტორი ისე იცავდა თავის გამოგონებას, რომ არანაირ კრიტიკასა და გაუმჯობესების შეთავაზებას იგი ყურს არ უგდებდა. 1887 წელს გაჩენილმა ესპერანტომ კი თავისი, უკვე ბევრისთვის ნაცნობი ლათინური სიტყვებითა და ძალზედ სადა გრამატიკით მალე დაიკავა ვოლაპუკის იდეის - საერთო ენის, როგორც მსოფლიო საერთაშორისო ენის ადგილი. ესპერანტოს დღეს წარმატებულად მოიხმარს ასოც ქვეყანაში ასი ათასიდან ორ მილიონამდე ადამიანი. ვოლაპუკმა კი ძალიან მალე დაკარგა აქტიურობა. შლეიერის სიკვდილის დროისათვის, 1912 წელს, იგი თიქმის უკვე ყველას მივიწყებული ჰქონდა. ვოლაპუკის ლექსიკონები და გრამატიკა მხოლოდ რამოდენიმე ენთუზიასტის წყალობით გადაურჩა მეორე მსოფლიო ომში განადგურებას. ინგლისელი რალფ მედლეი (Ralph Midgley) ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც 30 წელია ყოველთვიურ ჟურნალს, „Vög Volapüka“ -ს (ხალხის ხმას) გამოსცემს. ფასდაუდებელია ინტერნეტის წვლილიც, რისი მეშვეობითაც ყველაზე ეგზოტიკურ ინტერესების ადამიანთა ერთმანეთთან დაკავშირება ხდება. კვლავ აღმოცენდა ჯერჯერობით ერთი, მაგრამ ძალზედ პერსპექტიული ვოლაპუკ-საზოგადოება, რომლის წევრობა ათიდან ასორმოცდაათამდე ადამიანს ითვლის. როცა ესპერანტოს ავტორები თავიანთ მონაყოლში ისეთ ფიგურებს რთავენ, რომელსაც ვერა ადამიანიშვილი ვერ იგებს, ამბობენ, რომ მაშინ ისინი ვოლაპუკს ლაპარაკობენ.
მსოფლიო ამბების განვითარებას არც ჩვენი წინაპრები ჩამორჩებოდნენ. ივერიის ფურცლებზე იმ დროისათვის ერთი მოკლე სტატიაც კი გამოჩნდა.

ივერია N141     1887  წელი


სტატია ეყრდნობა ფაქტებს : 
http://www.general-anzeiger-bonn.de/bonn/bad-godesberg/wie-die-kuenstliche-weltsprache-entstanden-ist-article1313059.html. ნანახია 2015_10_15

Dienstag, 13. Oktober 2015

Нет соли, так будем солить сахаром! აღარ გვაქვს მარილი, მაშ დავამარილებთ შაქრით!

ის, რომ ჩემს ბავშვობაში, საბჭოთა კავშირში, ქართულ ენაზე საყმაწვილო თავშესაქცევი ლიტერატურაც ცოტა მოიძებნებოდა, საიდუმლოს არ წარმოადგენს, მაგრამ ეს ფაქტი ჯერ სათანადოდ არაა გააზრებული აკადემიურ წრეებშიც კი, აღარაფერ ვამბობ მასების ცოდნასა და განწყობაზე.სწორედ ენის საშუალებით ხდებოდა მხიარულების, ხალისიანი განწყობის, სიცოცხლის სიყვარულის და გნებავთ სიამოვნების  წყაროს რეგულირებაც, რაზე მსჯელობასაც მოგვიანებითაც მივუბრუნდები. ამისი დანახვა არც თუ ისე იოლი იყო ერთი შეხედვით დაუკვირვებელი თვალისათვის. პოპულისტურ „ენისა და ტრადიციების სიყვარულში“ შეფუთული ქართული ენა ყველანაირად შეკვეცილ-შეკრეჭილ, შავ-ჩადრ-ჩამოფარებული იყო.რუსი მხიარულობდა, ქართველი ითმენდა, ოღონდ რას?- არავინ იცის!ამავდროულად გართობაცა და სიხარულიც რუსებს იმდღესავე უნდოდათ და არა ხვალ, თმენა უბრალოდ არ უნდოდათ.
აქაც, მეტი სიცხადისათვის, რუსულ მხიარულებას ქართველი კაცებიც ნამეტნავად ეწაფებოდნენ. ქალებისათვის მხიარულება აკრძალული იყო.დრო გადიოდა, ქართული კიდევ უფრო ღარიბდებოდა.სამაგიეროდ რუსული ენა იყო ყოველგვარი საჭირო და გამოსადეგი ხარსიხიანი, ვრცელი და რელატიურად (შედარებით) ამომწურავი პასუხის გამცემი იმ დროისათვის ყველა შესაძლო საჭირო საკითხზე.ის, რომ მასების პოპ-კულტურა საქართველოში ჯერ ისევ ფოლკლორზეა დაფუძნებული, სწორედ ამისი ნათელი მაგალითია. მაგრამ ამჯერად შესავლის მაგიერ, თუ რა არის ენობრივი პოლიტიკა ერთი ეკრანიზებული ზღაპრის შესავალს გავიხსენებ.სასკოლო არდადეგების დროს, ნაშუადღევს საბჭოთა ცენტრალური მაუწყებლობა რუსულ არხებზე ხშირად უშვებდა ორიგინალ რუსულ ენაზე გადაღებულ ან ამავე ენაზე ნათარგმნ ზღაპრებს. ზღაპარი, რომელზეც ახლა მოვყვები, ერთ სამეფოზეა, სადაც ერთი უბედური შემთხვევის, თუ სახელმწიფოს მოხელეთა დაუდევარი საქციელის გამო მარილი გამოილევა.…ხალხი საგონებელშია ჩავარდნილი, ზოგი აღარც საკვებს იღებს, რადგან უმარილო საჭმელს პირს ვეღარ აკარებენ. მოსახლეობა ნელ-ნელა სუსტება უმადობისა და უჭმელობისაგან, იგივე მდგომარეობაში არიან სამეფო კარის ახლო მეგობარ- ქვეშევრდომებიც, სამეფო განადგურების საშიშროების წინაშეა.და აი, ამ დროს მეფე გამოსცემს დეკრეტს: Нет соли, так будем солить сахаром! (აღარ გვაქვს მარილი, მაშ დავამარილებთ შაქრით!).პრობლემა გადაჭრილია: დამარილების რიტუალის შემცვლელი ნივთიერება ნაპოვნია-შაქარი.ის რომ ნებისმიერი, ენაში მკვიდრად ჩაშენებული, ტრადიცია, მცირე ადამიანთა ჯგუფის გამოგონილია და ისეთი შეურყეველი წარმოდგენების ერთი ხელის მოსმით შეცვლაც შეიძლება, როგორიცაა ხორცის, ან საჭმლის დამარილება, ძალიან ჰგავს ზღაპარს, მაგრამ ეს ზღაპარი არაა.არ გჯერათ, მაშინ გასინჯეთ ამისი ცოცხალი კულინარული მაგალითი, კენკრის მურაბით გაწყობილი ხორცი- შვედური köttbullar.

კარგი მადა თქვენ!


წყარო:  http://lokalmat.nu/svensk-mat-det-svenska-koket. თარიღი 2015_10_13


Mittwoch, 30. September 2015

"ნარუშილოვკა"

მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე:

Narušit ("ნარუშიწ") რუსული სიტყვაა და დარღვევას ნიშნავს.
ე. წ. "ნარუშილოვკა" არის სპეციალური საშვი, მოწმობა, რომლის ჩვენების შემდეგ ნებისმიერი პირი თავისუფლდება ყოველგვარი კონტროლისაგან და დარღვევის შემდეგ პასუხისგებლობისაგან.
საშვის მეპატრონეს შეუძლია დაარღვიოს ქვეყანაში არსებული და გამეფებული ყოველგვარი წესრიგი, რადგან ის მოცემულ მომენტში ( წესით ) ასრულებს სახელმწიფოსთვის სასარგებლო, გადაუდებელ სამსახურს.
მსგავსი "სერვისით" რეგულარულად სარგებლობენ დიპლომატები. მათ მიერ ჩადენილი კანონდარღვევა არ ექვემდებარება დასჯას, ამას დიპლომატიური იმუნიტეტი ჰქვია, მაგრამ ისინი მაინც მაქსიმალურად ცდილობენ, არ დაარღვიონ წესრიგი.
კანონი ასევე არ ვრცელდება დღევანდელი ეკლესიის საზღვრებს შიგნით. ანაფორა შეიძლება ასეთივე "ნარუშილოვკად" ჩავთვალოთ.
მთელ რიგ სფეროებში საქართველოს ზოგადად არ გააჩნია ნორმა, სტანდარტი.

უახლოესი წარსულიდან - ჯაბა იოსელიანმა თავისი მხედრიონის ბანდის ვიწრო წრისათვის თავის დროზე დაბეჭდა მედალიონები, რომლებიც იყო ლიმიტირებული და ასევე იყვნენ აღჭურვილი ზემოთ აღწერილი"ნარუშილოვკის" თვისებებით.

გადაუაზრებელმა ისტორიამ გამეორება იცის!

Donnerstag, 24. September 2015

Play the Game - ითამაშე, (თა)მაშ(ი) და დამსაჯე, მამაო!

ადამიანის სექსუალობა ის სფეროა, რომელსაც საქართველოში ჯერ კიდევ სქელი მდუმარების ფარდა აქვს გადაფარებული. არადა სექსუალობა, საკუთარი სხეულის ფლობა ადამიანის ერთ-ერთი საბაზისო ანუ ძირითადი უფლებაა. ტოტალიტარულ სისტემებში მასზე თითქმის ყველა მმართველი ჯგუფი ერთპიროვნულ უფლებას აცხადებს. ყველაზე მსხვილი მოთამაშეები ხშირად სახელმწიფო და ეკლესია ან შესაბამისად სხვა რელიგიები არიან.
ევროპის ეკლესიების სექსუალური ისტორია კარგა ხანია დაწერილია. საქართველოს ეკლესიებისთვის ეს თავი/ნაწილი ჯერ ისევ ცარიელია. ამ მცირე ტექსტით ამ ადგილას ვეცდები ამ ხარვეზის ამოვსება ნელ-ნელა დავიწყო. განათლებასა და განმანათლებლობას ყოველთვის თან სდევს ბევრი კრიტიკა, საზოგადოების ძალთა შეხლა-შემოხლა და ბევრ შემთხვევაში პირადი მტრობაც. ადამიანის ღირსება ხელშეუხებელია. ხელშეუხებელია მისი ინტიმური ცხოვრებაც. ყოველი ჩარევა მის ინტიმურ ცხოვრებაში მის ღირსებაში ჩარევაა, თუმცა საქართველოში ჯერ ისევ კოლექტივი არეგულირებს ყველაფერს. მოკვდა კომუნიზმი, მის ადგილას დაიბადა ეკლესიური ნაციონალიზმი. სახელმწიფო, ადამიანის ქომაგი - ჯერ არ დაბადებულა.
ცივილიზებულ ქვეყნებში საკუთარ სექსუალობას თავად ადამიანი მართავს და მასვე შეუძლია აირჩიოს, სექსუალობის თუ რომელი ფორმა მოსწონს, ან არ მოსწონს. ტრადიციული, არატრადიციული, გამოგონილი - ყველაფერი დასაშვებია მანამ, სანამ ის მეორე ადამიანთან ან მოთამაშეებთან შეთანხმებულია. მაშ ასე:
Cock and Ball Torture, შემოკლებით CBT ინგლისური სახელწოდებაა ტერმინისა, რომლის უკან მამაკაცის წამებით დასჯა იგულისხმება სასქესო ორგანოებზე მანიპუალციით ისე, რომ მწამებელიცა და დასჯილიც ქმედებას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ახორციელებენ. ამისათვის დასჯილი ფალოსს ამოიძუ(ლ)ებს და მტკივნეულ შეგრძნებასთან ერთად სექსის დროს თანმდევ სასიამოვნო განცდასაც იღებს. ეს სადომაზოხიზმის ერთ ერთი ფორმაა- ასევე ფხიზელ გონებაზე ურთიერთშეთანხმებული სექსუალური ხასიათის თამაშის BDSM, ქართ. ბონდაჟის დისციპლინა-დომინირების, სადიზმისა და მაზოხიზმის ერთ-ერთი ქვეკატეგორია. ბევრი დომინა, მბრძანებელ-მოთამაშე, რომლებიც სექსის ყიდვა-გაყიდვის სფეროში მუშაობს, იყენებს სქსობრივი მანიპულაციის ამ სახეობას, ამასთან თამაშის დამხმარე ხელსაწყოები მრავალფეროვანია, დაწყებული კლასიკური ცხელი სანთლის სასქესო ორგანოს შიშველ კანზე დაწვეთებით გამოწვეული შეგრძნებიდან, წიწაკის, ჭინჭრის წვით, დაჟეჟვით, დაჩეჩქვით, ძლიერი დარტყმითა და სიმძიმეების დაკიდებით გამოწვეული ტკბილ-მწარე შეგრძნებებით გათავებული.
ამის პარალელურად არსებობს ასეთივე ქმედებები ქალების „დასასჯელად“, Tit Torture, იგივე TT, მკერდის წამება, რომლისთვისაც იგივე ან მსგავსი ინსტრუმენტები გამოიყენება. დომინირების თამაშისთვის „ფემინიზირების“ ფორმაც გამოიყენება, რაც თავის თავში მამაკაცის მიერ სტერეოტიპული ქალის როლში შესვლასა და სხვისადმი დამორჩილებას გულისხმობს. დასჯის რიტუალისას კაცი იძულებულია, ჩაიცვას ქალის ტანისამოსი, მაგ. საცვლები. ამასთან, წინა პლანზე კაცის ღირსების დამცირება დგას, რომელსაც სექსუალური ორიენტაციის ძიებასთან საერთო არაფერი აქვს. მამაკაცი იმოსება ქალის ტანსაცმლით ერთჯერადად, მალულად ან სულაც ღიად, ქუჩაში. თუმცაღა კაცს შესაძლოა ქალის ტანსაცმელში ჩაძრომა ამ პრაქტიკებიდან დამოუკიდებლადაც უყვარდეს და შეგნებულად აირჩიოს ფემინიზირება და ქალის თვისებების შეთვისება.
Hogtied, ხელფეხის შეკვრა, უილაჯობა თავდაცვის უუნარობა ასევე სადო-მაზოხისტური თამაშ-პრაქტიკის ერთ-ერთი მთავარი მეთოდია, როდესაც დამორჩილებულს თავისი უუნარო მდგომარეობა აღაგზნებს. დომინა სრულიად ტკბება თავისი განუსაზღვრელი უფლებებით, ამასთან თავადვე წყვეტს, თუ როგორი ტკივილი მიაყენოს დამორჩილებულს. კულმინაციის წერტილი სრული დამონება-დამორჩილებაა, როდესაც დაქვემდებარებულს წართმეული აქვს თავისი მდგომარეობის ყოველგვარი გამოხატულების საშუალება - ლაპარაკიცა და ყვირილიც. ამისი მიღწევა კი სრულიად იოლად შეიძლება მისი პირის ღრუს დახშობითა და ზოგჯერ დამატებით თვალების ახვევითაც. გამოცდილ ჯგუფებში გავრცელებულია სპეციალური ხელსაწყოები, როგორიცაა პირში ჩასაჩრელი ბურთი, პირის ასახვევი პეპელა და პირის რგოლი. ეს სათამაშოები მთელი თამაშის მანძილზე ერთდროულად უზრუნველყოფენ როგორც სიჩუმეს, ასევე აღაგზნებენ მოთამაშეებს.
აქვე უნდა მივუთითოთ ასევე „Playpiercing“ -ზეც, სადომაზოხისტური პრაქტიკის ერთ-ერთ თანმდევ ქმედებაზე, როდესაც დაქვემდებარებულ მოთამაშეს წვრილი ნემსები ეჩხვლიტება და გარკვეულ ხანს რჩება მის სხეულში მანამ, სანამ მას მეორე მოთამაშე ამოაძრობს. დაქვემდებარებული აღიგზნება ქმედების ესთეტური და პირდაპირი ზეგავლენის შედეგად, რაც მოიცავს მოლოდინს, მოქმედებას და (ტკივილიან) შედეგსაც. მოთამაშეებს სრულად აქვთ გაცნობიერებული თავიანთი საქციელი და აქვთ ასევე შესაბამისი ინფორმაცია სხეულის ამ ნაწილების ანატომიისა და სანიტარულ-ჰიგიენური ზომების დაცვის შესახებ.
მონა-დამლაგებელიც BDSM პრაქტიკის ერთერთი ფორმაა. დაქვემდებარებული მოთამაშე-პარტნიორი დამსუფთავებლის როლში შედის და თავისი დროებითი ბატონის სურვილებს ემორჩილება, ალაგებს, ხეხავს, რეცხავს ისე, როგორც მისი ბატონის გულს გაეხარდება: წელზემოთ შიშველია, სახე დაფარული აქვს ან სრულიად ტიტველია. განსაკუთრებით სასიამოვნოდ აღიქმება ამ ფორმით აგრეთვე დიდი და გამჭვირვალე ფანჯრის მიღმა დგომა, ადრენალინისა და ენდოფინების გამოყოფა უცხო ადამიანის სავარაუდო გამოჩენისას ერთიორად იზრდება. მიაფუჩეჩებს საქმეს და ცუდად დაალაგებს მონა-დამლაგებელი, იგი მკაცრად დაისჯება.
სადომაზოს პრაქტიკას განეკუთვნება ისეთივე დასჯაც, როგორიცაა მათრახის ან ხელის დარტყმა საჯდომზე, რომელის დროსაც ძლიერი, ანუ დომინანტი მოთამაშე პირის მიერ მიყენებული ტკივილი ასევე სასიამოვნო წყალობად მიიღება.
სანთლით თამაში, რომლის დროსაც სხეულის დიდი ან მცირე არეალები ცხელი, გამდნარი სანთლით იფარება, ან მდუღარე სანთელი წვეთ-წვეთად ესხმება სხეულს და სასიამოვნო ჟრუნტელს ჰგვრის მოთამაშეს, რომელიც საკუთარი ნებით ეწამება მოსალოდნელი სიამოვნებისათვის. ამ თამაშის სახეშეცვლილი ფორმაა ცხელი შოკოლადის დასხმაც სხეულზეც. მადისაღმძვრელი სურნელება და გემოს რეცეპტორების გააქტიურება ერთიორად აძლიერებენ სექსუალურ ლტოლვას.
და ბოლოს, თამაში გვირაბში, რომლის არსი დაქვემდებარებული მოთამაშისგან სადო-მაზოხისტური პრაქტიკისას გამძლეობაზეა დამყარებული და მოთმინების საბოლო წვეთს მოითხოვს. გაუსაძლისი და მტანჯველი ზემოქმედების გამომწვევად შეიძლება გამოყენებულ იყოს ჭინჭარი, მწარე წიწაკა ან სხვა ამ ტიპის ზემოქმედების საგნები. ტანჯვა-თამაში მაქსიმალურად გაძლებას მოითხოვს. თუკი სხვა, გამძლეობაზე დამყარებული სექსუალური თამაშები წინასწარ შეთანხმებული სიტყვა-პაროლის თქმისთანავე უნდა შეწყდეს, ეს უკანასკნელი თამაში დაქვემდებარებული მოთამაშის სურვილებს არ ითვალისწინებს, გამწამებელი მას სტანჯავს ბოლო წუთამდე და წყვეტს მხოლოდდამხოლოდ მაშინ, როცა თავად მოესურვება, ან როცა ტანჯული დაბნედილი უსულოდ დაბლა დაეცემა.

BDSM თამაშის იმდენი ფორმაა, რამდენი წყვილი ან მოთამაშეც არსებობს. თამაში ყოველთვის ვიწრო წრეებში იმართება და მათი გასაჯაროება ცუდ გემოვნებაზე მეტყველებს, რაც არ ითქმის საქართველოზე. იქ საჯაროა ყველაფერი- ინტიმური ცხოვრებაც და ამ ცხოვრების ნაწილი- ინტიმური თამაშებიც. მეტიც, რადგან ღირსება არ-აყრილი ცხოვრება აქ თითქმის შეუძლებელია, ინტიმური თამაშები ყოველგვარი წესების შემუშავების ან დაცვის გარეშე წარიმართება.
აქ ძალიან ბევრი ფალოს ამოძუ(ლ)ებულია, რადგან წელიწადში 180 დღე მარხვაა, ხოლო ხსნილისას მამაოს სურს იცოდეს, როდის, რამდენჯერ, ვისთან და როგორი იყო.
ბევრია მკერდშეკრული, რადგან მამაოს არ სურს მისი დანახვა სახალხოდ, რომელიც მოსწონს მხოლოდ მან უნდა ნახოს, ხოლო რომელიც არ მოსწონს, შეიკარით, გაიკოჭეთ!
უამრავია დაქვემდებარებული, რადგან მამაოს გარეშე არაფრის გადაწყვეტა არ ივარგებს, უბრალოდ ვერ ისიამოვნებ, მით უმეტეს ვერ შეირგებ!
დაუთვლელია უილაჯო და ხელფეხშეკრული, რადგან მამაოებს აქვთ საუკეთესო შენობა-ნაგებობებით დაწყებული, სახნავ-სათესი მიწით დამთავრებული, ხელთ ნაგდები ყველაფერი. ქვეყნის ბიუჯეტიდან მსხვილი ლუკმაც მათი განკარგულების ქვეშაა და რა სასიამოვნოა, რომ შენ, როგორც ერთგულ მრევლს ბევრი არ უნდა იფიქრო, არც გეგმა ა გაქვს და არც გეგმა ბ. თუ ღმერთი არ არსებობს, მაშ რითი გიდგას კიდევ აქამდე სული?!
იზრდება ჩხვლეტით სასიამოვნო ტკივილმიყენებულთა რიცხვიც. ამჯერად 18 წლის ქალწულ მარიამს გადაუწყვეტია მონაზვნობა. დღისით მისი თითები მამაოს სამოსს ჰქარგავენ ოქრო მკერდით, ხოლო ღამღამობით მისი საქარგი ნემსით დაჩხვლეტილი თითები თავისი სხეულის ნაწილებს მარტო ეთამაშებიან. ალბათ მალე შენიშნავს მოძღვარი მარიამის დაჩხვლეტილი თითებიდან გამოსულ შემხმარ სისხლს მისი წირვისთვის მომზადებულ სადღესასწაულო სამოსზე და ესტუმრება მარიამს, რომ ამდენი ლოდინიცა და დაჩხვლეტილი თითების ტკივილიც ერთბაშად გადაავიწყოს.
და რამდენია მონა-დამლაგებელი?! რადან სიამოვნებაა როგორც დალაგება, ასევე კდემაში, თავდაბურული, საქმიანად მნიშვნელოვანი ნაგებობისთვის ტრიალი. რა იცი ვინ გითვალთვალებს და როგორს წარმოგიდგენს. მას ხომ შენი სახე ჯერ არ დაუნახავს?!
არც ისე ცოტაა მამაოს ხელჯოხდარტყმულიც, რადგან იგი ჯადოსნურია.
ჭინჭრით დასუსხულებიც მრავლად არიან, ამქვეყნიური სიცოცხლე და სიამოვნება რომ ერთიორად შეიგრძნონ.
განსხვავება "გარყვნილ ევროპასა" და ქრისტიან საქართველოს შორის მხოლოდ ისაა, რომ ევროპაში ხელშეკრულებებს დებენ, თანხმდებიან - სექსის დროსაც კი. საქართველში ყველაფერი სპონტანურად და შეუთანხმებლად ხდება, მამაპაპურად და ეს ეროტიულ და სხვა განცდებს კიდევ უფრო, ერთი ორად ამძაფრებს.

 ფოტო: წყარო უცნობია

Montag, 14. September 2015

მთა-წმინდა

დღეს საღამოს ლამის ოთხკვირიანი თავაუღებელი მუშაობის მერე დამსახურებული გავლა-გამოვლა გამოვუწერე ჩემს თავს და ფუნიკულიორიდან თბილისზე გადმოხედვა გადავწყიტე. სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი მშვენიერი ხედის დასანახად აგებული გამჭვირვალე სამთო მატარებლით. მსგავსი რამ წლების წინ კარლსრუეში ვნახე, გერმანიის პირველი მთის საბაგირო მატარებელი ყოფილა, თავის დროზე მათი სიამაყე და ახლა უკვე ტურისტული ღირსშესანიშნაობა. იქაც ძალიან მომეწონა ჯერ მწვანეში ჩაფლული გზა და მერე ზედხედი ქალაქზე.
ფუნიკულიორზე ასვლა ცოტა დამაგვიანდა, დღისით უფრო კარგი სანახავი იქნებოდა აქაურობა, თუმცა ამჯერად სხვაგვარად ვერ მოვახერხე.
მოკლედ, ტურისტების პატარა ჯგუფთან ერთად შევედი, მოლარეს რომ დავესესხო, ე.წ. "კუკუშკაში" და ორი რუსი ახალგაზრდა მამაკაცის გვერდით აღმოვჩნდი ჩემს ახლობელთან ერთად.
მძღოლი მოსვლას არ ჩქარობდა.
რუსებმა ჩვენი დაკითვა გადაწყვიტეს და მეც ჯერ თავის ნებაზე მივუშვი ორივე. აინტერესებდათ ყველაფერი, ჩემი პოლიტიკური შეხედულებითა და სოციალურ-კულტურული ორიენტაციით დაწყებული, თვით ჩემი და ჩემი მდედრობითი თანმხლები ახლობლის გენეტიკური მდგენელებით დასრულებული დეტალები.
მე მხოლოდ ის გავიგე, რომ მათთვის ყველა რუსულ ენასთან მონათესავედ მოლაპარაკე ერთიანად სლავია. არ არსებობს უკრაინელი და თვით ბულგარელიც კი. მოურიდებელ შეკითხვაზე, წარმომიდგენია, თუ არა, ჩემს ქმრად მართლმადიდებლის გარდა სხვა მამაკაცი, ვუპასუსეხე, რომ მართლმადიდებელ ქმარსაც და კაცსაც ცივილიზებულ ადამიანს ვანიჭებ უპირატესობას.
-როგორ, გაურკვეველი რელიგიის ამერიკელთანაც შეგიძლიათ, კათოლიკთანაც, პროტესტანთანაც, ბუდისტთანაც?
-დიახ, თუ მათაც შეუძლიათ, მე- სიამოვნებით.

ჩვენს მეზობლებს მთაწმინდის მთა ჯერ კიდევ თვითმფრინავში დაენახათ და თბილისის გაცნობა ამიტომ სწორედ აქედან გადაეწყვიტათ. თბილისის ცენტრში მდებარე მინის შენობები შუფერებლად მიაჩნდათ იქაური ადგილობრივი არქიტექტურის გვერდით. ცნობისმოყვარედ კითხულობდნენ სამზარეულოსა და გასართობი ადგილების შესახებ. ქვეყნის ქალაქებისა და მაცხოვრებლების შესახებ. აინტერესებდათ, მუშაობდა თუ არა საქართველოში რაიმე ტრანსპორტი ჯერ ისევ ქვანახშირზე.
-თქვენ რამ ჩამოგიყვანათ აქ, ვკითხე სტუმრებს, შპიონებს ჰგევხართ, მაგრამ ალბათ უფრო საკუთარი ბიზნეს-მიზნები გამოძრავებთ?!
-არა, შპიონები ამდენს არ ლაპარაკობენ. ხვალ მერიოტში დიდი თათბირია. მეტალურგიული ქარხნის განვითარებას ვგეგმავთ. თქვენ, გოგონებს ალბათ არც გეცოდინებათ, აქვე ქალაქი რუსთავია, ინდუსტრიის ცენტრი იყო ადრე, იქაა ის ქარხანა. მისი მეპატრონე ვიღაც პატარკაციშვილი იყო, მაგრამ ის გარდაიცვალა. რუსეთთან ჰქონდა ამ ქარხანას ადრე კავშირი. რუსეთი ხომ აქვეა, რამოდენიმე კილომეტრში.
-თქვენ ალბათ სამხედრო გზას გულისხმობთ და ლარსის პუნქტს, მაგრამ ეს „აქვე" ორასამდე კილომეტრი იქნება, შევუსწორე მე.

მთაწმინდის პარკი ცარიელი აღმოჩნდა. 
დისნეილენდის კიჩურ ატრაქციონებს თუ ყურადღებას არ მივაქცევთ, მშვენიერი ადგილია სასეირნოდ, მაგრამ მხოლოდ ახალგაზრდა მამაკაცები მიდი-მოდიოდნენ მცირე ჯგუფებად და ისიც კანტი-კუნტად.
-ნამდვილი რუსული კომენდანტის საათია, შევნიშნე მე. ქალები სახლებში არიან გადამალულები, გარეთ მხოლოდ მსტოვრები დაძრწიან.
გესლის ნთხევას არც ახალგაცნობილი მამაკაცები ერიდებოდნენ, თუმცა იმედს მაინც იტოვებდნენ, რომ ჩვენი მეშვეობით და ჩვენთან ერთად სადმე საინტერესო ლაუნჩ-ბარში ან კლუბში ამოყოფდნენ თავს, ამიტომ ჩვენი იმდღინდელი კვების განრიგით დაინტერესდნენ. ზედაპირული საუბარი უკვე შორს მიდიოდა, მათი თავიდან მოცილების დრო იყო.

-მე მაპატიეთ, ვუთხარი, დასარეკი მაქვს.
-კი, რასაკვირველია, ჩვენ ამასობაში პარკს მოვავლებთ კიდევ თვალს და 10 წუთში ისევ აქ მოვალთ.
იქვე, სამთო მატარებლის სადგურის თავზე მშვენიერი რესტორანი ფუნიკულიორია, სადაც შესანიშნავი მწვანე ჩაისა და სხვადასხვა გემრიელობების დაგემოვნება შეიძლება. ხედიც ჩინებულია. თუ აივანზე გრილი სიო დაჰბერავს, პლედებსაც მოგახურებენ. 

ვინც სახელით არ წარმოგიდგება, იმას არც ცივილიზებულად უნდა გამოემშვიდობო.

Mittwoch, 9. September 2015

ბაზარი არეგულირებს, ბაზარი არარი!


ვზივარ ოთხივ კუთხივ ჯვარდაწერილ, თბილისის ერთ-ერთ მშვენიერ ალაგას და  სამება, სიონი, ნარიყალა, მამა დავითი, - ერთბაშად მიფრთხობენ ყველა ეშმაკებს. როგორც 100 წლის წინ, მტკვარი აქ ისევ დუდუნებს, საბაგიროს ერთი ნაპირიდან მეორეზე გადაჰყავს ტურისტები, ადგილობრივები- ალბათ უმეტესად ახალგაზრდები, თავგადასავლების მოყვარული, ცნობისმოყვარე ადამიანები, მეგობრები, საყვარლები... მშვიდობის ხიდიც უწინდებურად განათებულია. ხედი მშვენიერია, ესპრესო უგემრიელესი, კერძები კიდევ უფრო უკეთესი, სერვისი ლამის ზედმეტადაც კი ყურადღებიანი და მომღიმარი, ვერაფერს იტყვი. ლიფტშიც უზოდ თავაზიანი გამცილებელი შემხვდა, მუსიკოსებთან ერთად ადიოდა ზედა სართულების მოსამსახურებლად. კეთილად ხვდებიან მისი, ანუ ჩემი უმცირესობის მობრძანებას. აქ ასეა მიღებული. დრეს კოდიც, ზედა სოციალური ფენის საურთიერთო ნიშან- სისტემათა სხეულზე განლაგების კომბინაცია აქ ზუსტადაა გაწერილი და უმეტესობისაგან დაცულიც, თუმცა შეგიძლიათ მას ზედმიწევნით არ მისდიოთ.
ეს ზედხედია, ზედა თბილისი, ზედა ფენებისათვის.
მანამ, სანამ ღრმად არ ჩაისუნთქავ აქაურ ჰაერს, ვერ მიხვდები, რომ აქ ყველაფერი ზედაპირზე ძევს. ჰაერი მძიმეა, მძიმე მეტალებით გაჟღენთილი ზუსტად ისევე, როგორც ამ ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის სხეულები დიდიან-პატარიანად. ტემპერატურა აწეულია, მაგრამ ამასაც ვერ იგრძნობთ, აქ არ თბილა.

ქუჩები მანქანებითაა სავსე, ფეხით იშვიათად დადიან. თუ ვინმეს დაინახავთ ქვეითად, ან ძალიან მიეჩქარება, ან ზანტად ერთ ადილას დგას. ტურისტები ცნობისმოყვარედ ანელებენ ნაბიჯს სუვენირების მაღაზიებთან, მერე ისევ ტემპს უმატებენ. ქუჩაში ჯგუფებად დგანან ან ჩაცუცქულან კაცები, თითქმის ყველა ასაკისა, ზოგი რაღაცას ყიდის და მუშტარს ელოდება, ზოგსაც უბრალოდ საქმე დაჰლევია და მასლაათობს თავისნაირებთან. ასე უსაქმურად გაჩერებულ ქალებს აქაც და სხვაგანაც, ქალაქში, იშვიათად ნახავთ.
წინა სტუმრობისას ცნობისმყვარებამ მძლია და ჩემი თავისთვის მიცემული სიტყვა გავტეხე. მახსოვს, მერე როგორი ლაზღანდარა წერილი მივწერე ერთ მეგობარს, რომ: "გუშინ ჩვენი სამებაი საკვირველი ვიხილე და პირველად შევდგი ფეხიც ამ ეკლესიასა შინა. მანდილიც დავიბურე, ყოველი შემთხვევისათვის, ავ თვალს რა გამოლევდა. ძალიან მაინტერესებდა იქ დასაქმებულ ძალთა  თანაფარდობა და ძლიერთა ამათა ურთიერთშეფარდება. ყველაფერი ხელისგულზე იდო... ჯერ ერთი საპატიო წრე დავარტყი ტაძრის გარშემო. ყველა კიჩ-ელემენტი, სიმბოლო, თუ რა ვიცი რა, იქ იყო თავმოყრილი: პაგოდა, მონღოლური კარავი, შუა საუკუნეების კოშკი თავისი გალავნის ფრაგმენტით, ანტიკვარული მანქანა და ა.შ. მაგრამ, აი, შიგ რომ შევედი, იქ უკვე რა გითხრა. ღიპიანი მამაოები მიდი-მოდიან იქაც და ყველგან და აფრქვევენ არაქართველურ სიმშვიდეს. მოხუცი წელში მოხრილი ქალები ასუფთავებენ იატაკს და საერთოდ ყველაფერს, რაც კი ხელში მოხვდებათ.
ხატები დახუნძლულია ყოველგვარი თვალპატიოსანი მოოჭვილობით და ყოველი მათგანი გახსენებს: თუ მომცემ, მოგცემ (შესაწირი ყუთები ყოველ მათგანთან, ზოგს ორ-ორიც აქვს), თუ შესწირავ, მოგეცემა. მაგრამ ყველაზე მთავარი, თურმე, ბოლოს მელოდებიდა. გასასვლელში იდგა ერთი შუა ხნის მამაო და ესაუბრებოდა ამავე ასაკის ქალს.
თემა?
ჰაჰაჰაჰა
მეგონა შაყირობს ხალხი!
მე ჩამოვჯექი ვითარცა ცოდვილი იქვე შეჭრილ კორიდორში დადგმულ სკამზე.  სინამდვილეში ძალიან მეჩქარებოდა, მაგრამ ცნობისმოყვარეობა იყო დიდი.
თან სამების გარეთ უამრავი ტაქსი დგას, შეხვედრაზე დროულად მივიდოდი და ასე რომ... მამაო სექსოლოგ-რეპროდუქტოლოგის რჩევები მოვისმინე. თან სწუხდა, ქალი ლამაზიაო და  მის ქმარს მეტი რა უნდაო და რამოდენიმე წელი აქვთ კიდევო.....''

სანამ ამ საღამოს თბილისს ზემოთ მოვექცეოდი, ქვემოთ ერთი ტურისტული ქუჩის დაღმართი ჩამოვიარე.  ქალის სუსტი ხმა მომესმა: დამეხმარე, შვილო.
მეგონა ბინდში მომეჩვენა და გზა გავაგრძელე. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი, მაგრამ რაღაცამ  უკან მომატრიალა. ის სუსტი ხმა არ აპირებდა ჩემი ყურებიდან გასვლას. არ მომჩვენებია. ერთი შიმშილსაგან დაუძლურებული და გალეული, მოხუცი ქალი, რომელიც საეკლესიო დანიშნულებისათვის სარესტავრაციოდ გამზადებული ძველი, მყარად ნაგები შენობის სარდაფის სარკმელში იჯდა, ხელგაწვდილი იჯდა და თავი ლამის თავისსავე კალთაში ჰქონდა ჩაყოფილი. ვერ შევძელი, რომ უკითხავად მიმეცა ფული და გამევლო, ეს ქალი რაღაცნაირად არ მიშვებდა.
-ბებო, რატომ ზიხართ აქ, არავინ გყავთ?
-მყავს შვილო, კი, ერთი ბიჭი მყავს, მაგრამ სახლი ბანკის ვალებმა წაიღო, ჩემს ბიჭს კიდევ...
აღარაფერი მესმოდა, ცრემლები მახრჩობდნენ. მეორედ ამოვიღე საფულე.
ბებოს ჩემი მაჯა ეჭირა და მკოცნიდა. 
- არა შვილო, აღარ მინდა ამდენი, შენც დაიტოვე, დაგჭირდება.
ორი ასაკიანი ქალი მომიახლოვდა. მეკითხებდნენ, თუ სად შეძლება აქ ღირსშესანიშნაობების ნახვა, განსაკუთრებით ტაძრებისა. ხელი გავითავისუფლე და გავიშვირე სომხური ეკლესიისაკენ, რომელიც ჩემს წინ დავინახე, უცებ სხვა ვეღარაფერი მოვიგონე. ერთადერთი რაც კიდევ გამახსენდა იყო, ბაზარი არეგულირებს, მაგრამ გავჩუმდი. ის ქალები მაინც ვერაფერს გაიგებდნენ, ისედაც დამტვრეული ქართულით საუბრობდნენ.

Donnerstag, 20. August 2015

შემოსვლა საქართველოში

თითქმის ერთი კვირა ხდება, რაც გზაში ვარ, საქართვლოსკენ.
ყოველ ჯერზე დიდი ცნობისმოყვარეობით ვაკვირდები კულტურის მიერ გამოწვეულ მენტალურ განსხვავებებს და შესაბამისად ადამიანების ქცევის თავისებურებებს გეოგრაფიული ადგილის შეცვლისას. აეროპორტშივე თვალში მომხვდა ერთი შუახნის, რუსულ ენაზე მოსაუბრე ქალბატონი. საუბრის ტონითა და ჩაცმულობით საბჭოთა კავშირის უფროსი ძმის, რუსეთის სოციალისტური რესპუბლიკის საშუალო განათლებული ფენის ტიპიურ დაკონსერვებულ წარმომადგენელს განასახიერებდა. თვით შორსმხედველობისთვის დამზადებულ, მზისა და ავდრისთვის დაბინდულ სათვალესთან შესისხლხორცებულობა ამ ქალის თვითდაჯერებულობას ერთიორად უსვამდა ხაზს. ქალიშვილი, რომელიც თან ახლდა, დედის ფასეულობებს სავარაუდოდ უკვე მხოლოდ ნაწილობრივ იზიარებდა. მგონი "რუსი გერმანელები“ იყვნენ, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, საბჭოთა კავშირი მომაგონდა და ესეც საკმარისი აღმოჩნდა ჩემი "შთაბეჭდილებების ხურჯინისათვის".
თვითმფრინავში დავჯექი თუ არა, ჩემს გვერდით სასიამონო გარეგნობის, მოკლე, დაქარგული წითელი ჩითის კაბაში ჩაცმული გოგონა დამხვდა, რომელმაც ჩემი ყურადღება ჯერ კიდევ ტრანსპორტში ასვლამდე მიიქცია,  მსუბუქი ხელჩანთით მშვიდად რომ ელოდებოდა ჩასხდომას. ჩვენი თვითმფრინავი გასვლას ცოტათი იგვიანებდა. ერთიორი სიტყვა გავცვალე თუ არა ჩემს თანამგზავრთან, აღმოჩნდა, რომ ისიც თბილისში მოდოდა, იენაში დაესრულებინა ერაზმუსის ერთსემესტრიანი სტუდენტური გაცვლითი პროგრამა, ეკონომიკას სწავლობდა, თელავიდან იყო. რა დამთხვევაა! წინა ჯერზე რომ ვიმგზავრე ბერლინიდან, მაშინაც ქართველ გოგონას დავემგზავრე, ისიც თელავიდან იყო წარმოშობით, ერაზმუსის პროგრამით იურიდიული ფაკლულტეტის მორიგი სემესტრი დაეხურა მასაც იენაში და საქართველოში ბრუნდებოდა. კარგა ხანს ვისაუბრე მაშინ მასთანაც სტამბოლის აეროპორტში, სანამ გაფრენის დრო მოგვიწევდა.
ორივემ, სალომემაც სოფომაც აფრენის წინ ჩუმად ილოცეს, რათა მშვიდობით ჩავფრენილიყავით დანიშნულების ადგილზე.
სტამბოლში ჩასული, ამჯერად ჩემს თანამგზავრს იმ იმედით დავემშვიდობე, რომ თვითმფრინავში ისევ ერთმანეთს შევხვდებოდით, მაგრამ თბილისის რეისი სავსე აღმოჩნდა და სტიუარდესამ წინასწარ დარეგისტრირებული ადგილების დაკავება გვთხოვა. ერთ თანამგზავრს, ფანჯარასთან მოკალათებულს, უკვე ეძინა. დავჯექი თუ არა, ცოტა ხანშივე ახალგაზრდა მამაკაცი მომიჯდა გვერდით, ალბათ 30 წლისაც არ იქნებოდა. მომიჯდა კი არა, უფრო სწორად დაღლილ- დაქანცული, უმძიმესი "ვაი დედა"- თი სკამზე დაეშვა. ერთი კი გავიხედე გვერდზე, რამე ხომ არ უჭირს- მეთქი, მაგრამ ჯანსაღი სხეულის პატრონი უნდა ყოფილიყო, არც ზედმეტი წონა ჰქონდა და საკმაოდ ახალგაზრდაც იყო მსოფლიო დარდისა და ვარამის სატარებლად, ამიტომ ეს მიზეზი გამოვრიცხე, სხვების ძიებას კი აზრი არ ჰქონდა, მასთან საინტერესო არაფერი იყო, თავადაც ჯიბიდან აიფონი ამოიღო, ყურსასმენები ყურებზე დაიდო და სკამს გახდილი პიჯაკივით გადაეფინა.
დანარჩენი მგზავრები ჯერ ისევ აგრძელებდნენ სალონში შემოსვლას. წინა რიგები ორ გერმანელმა წყვილმა და თინეიჯერ პოლონელებმა დაიკავეს. ხალისიანდ შეაგდეს თავიანთი ზურგჩანთები საბარგულში და იქვე სკამებზე მოიკალათეს.
თვითმფრინავი გასვლას აგვიანებდა. თურქულ კომპანიას, რომელიც თვითმფრინავის მეპატრონე იყო, დაგვიანების არც მიზეზი და რაც სავარაუდო ხამგრძლიობა ჩვენთვის არ უცნობებია. ერთი საათის დაგვიანებით ჩამოვფრინდით. საბაჟო საკონტროლო პუნქტი კეთილსინდისიერად აკეთებდა თავის საქმეს, რიგი ჩქარა მიდიოდა. რეისის დაგვიანებით გამოწვეულ ცუდ განწყობას მგზავრებს მებაჟეების მიერ საჩუქრად ღიმილით გადაცემული ნახევარ ლიტრიანი საფერავი უცებ უცვლიდა. რეგისტრაციაში გატარებული პირადობის მოწმობასთან ერთად იესოს, მარიამისა და ნინოს მინი ხატებით შემკულ მინის გამჭვირვალე კვადრატში მჯდომმა მებაჟემ, რა თქმა უნდა, მეც გამომიწოდა ტრადიციული ქართული ღვინით სავსე ნახევარლიტრიანი ბოთლი და კარგი დროის გატარება მისურვა; როგორც მამულიშვილს, თუ როგორც ტურისტს,- ეს უკვე ჩემი გადასაწყვეტი იყო.
და აი, რამოდენიმე წუთში ფეხი სამშობლო მიწას დავადგი, ღვინის ბოთლი მამაჩემს მივაწოდე ბარგის ნაწილთან ერთად და სახლის ბნელ გზას დავადექით.
შემდეგი  რამოდენიმე დღე ჩემთვის ყველაზე მნიშველოვანი ადამიანების ნახვას და მოსიყვარულებას მოვანდომე და აქაურობას შევერიე.
სიცხისა და გათანგულობის გამო ცოტა ხნით ბორჯომს მივაშურე. მანქანაში რამოდენიმე მგზავრის ცალმხრივი სატელეფონო ლაპარაკის უნებლიე მსმენელი გავხდი. არ დამითვლია, მაგრამ ყოველი ზარის საუბარში რამოდენიმეჯერ მეორდებოდნენ სიტყვები: „ რავი", „არვი", „აბარავი". ვეჭვობ, ვერც როგორც ორმხრივი საუბრის მონაწილეს, რაიმე გამეგო აღნიშნული დიალოგებიდან.
სოფელში ჩასვლისთანავე მეზობლის რძალმა შემოაღო ჭიშკარი. ათ წუთში უკვე ვიცოდი, ვინ მოკვდა, ვინ საზღვარგარეთ წავიდა, ვინაა ჩამოსული ქალაქიდან დასასვენებლად, რამდენი სახლი დაცარიელდა…
თემოს ძმა, გიორგი, მისთვის ცალკე აშენებულ სახლს ყიდის თურმე, მშობლებმა რომ აუშენეს, შენი სახლი გქონდეს ცალკეო. გიორგის სოფელში ცხოვრება არ უნდა, არც არასდროს უცხოვრია აქ, თავისი ცოლის ოჯახში ჩაესიძა. თემო კი მშობლების სახლში დაწვრიშვილდა და იქვე დარჩა. მათი და, ლელა, გათხოვდა. რამოდენიმეჯერ კარგა ხნითაც იყო ჩამოსული სოფელში, ამბობენ, ქმართან ჩხუბი მოსდიოდა და დედულეთში მორბოდაო. ქმარი ყოველთვის მალევე აკითხავდა და უკან მიჰყავდა ლელა, ძმის კარზე როდემდე უნდა იყოო. ლელას არც ამ სოფელში და არც სხვაგან სახლი არ აქვს, მშობლებს მისთვის არაფერი აუშენებიათ. ლელა სკოლის დამთავრებისთანავე გათხოვდა, კარგი ბიჭი იყო თურმე, ვინც ეძლეოდა და მშობლებიც დაეჩქარნენ.
ზურა და ხატია პალიკოს შვილები არიან. ხატია ადრე გაათხოვეს, ზურა მშობლებთან დარჩა. ზურას ორი ბიჭი ეყოლა და რადგან მეორე ბიჭისათვის ცალკე სახლი ვერ ააშენა, მამისეული სახლი გაუყვია ორ ნაწილად. თითქმის ისე, როგორც ევროპაშია, ერთ სახლში რამოდენიმე ოჯახი რომ ცხოვრობს იზოლირებულად, ცალკე შესასვლელით, ცალკე საპირფარეშოებით, საერთო ბაღით და საერთო ჭიშკრით. პალიკო წელს გაზაფხულზე გარდაცვლილა.
იზოს ოთხი გოგო და ერთი ბიჭი ჰყავს. მანაც დაათხოვა გოგოები. სახლ-კარი ბიჭს გადააწერა, მაგრამ შიგადაშიგ გოგოებიც სტუმრობენ ხოლმე იზოსა და მის ქმარს. იზოს ბიჭი უხასიათო ვინმე გამოდგა, თან ამ ცხოვრებასაც ვერ გაუგო ვერაფერი. ხშირად თავის დებსაც უმიზეზოდ ებუზღუნება.ამას წინათ სტუმრად მისული ანა ისეთ დღეში ჩააგდო, ლამის ბავშვიანად სახლიდან გარეთ გამოუძახა. მისი ნერვები შეპასუხებას ვერ იტანს. მერე უნდოდა ცოტა ხნით მარტო დარჩენილიყო მამისეულ სახლში სიმშვიდის დასაბრუნებლად, გამოდიოდა, რომ ანას თავის ბავშვთან ერთად მშობლების სახლი დროებით უნდა დაეტოვებინა, მანამ, სანამ შალვა დამშვიდდებოდა.
დედამისიც ძალიან სწუხს შალვას ნერვებზე, მაგრამ უფრო მეტად მის ქონებრივ მდგომარეობაზე. მამა-პაპის ტრადიციების გამგრძელებელი ეს ერთი ბიჭი ჰყავს და აბა სახლს ხომ არ დაუნაწევრებდა და დააქუცმაცებდა და გოგოებსაც დააწერდა თითო ოთახს საჯარო რეესტრში კანონით. თანამედროვე, ცივილიზებულ კანონებს იზო არ სცნობს, ის ტრადიციული ადამიანია, მორწმუნე ქრისტიანი და პენსიონერი, ისევე, როგორც მისი მეუღლე. მათ თავიანთი კუთვნილი მწირი ხანდაზმულობის პენსია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეხდებათ. ეს თანხა კი საკმარისი არაა იმისათვის, რომ მათ სახელმწიფო „იწამონ“.
თანამედროვე კანონის თანახმად შალვა მოძალადეა, შესაბამისად მოძალადეა იზოც.
საქართველოში არსებული სასაქონლო ფასებისა და თანამედროვე მასშტაბების მიხედვით სახელმწიფოც მოძალადეა, ის ადამიანებს აიძულებს დაიჯერონ ზღაპრები.

თბილისისკენ მომავალს, მორიგმა მძღოლმა, ჩემთვის უკვე ასე კარგად ნაცნობი არსებული ტრადიციული საზღვრები რუსების მობილური „სამშვიდობო“ საზღვრებივით ველურ ხახაში გადაუშვა და ახალი გამყოფი ხაზი გაავლო. მან მოახერხა ჩემი განცვიფრება ქართული თანამედროვე ეთნოპოპის ცინცხალი შედევრ-ტექსტებით, რომლებზეც პარალელური კი არა, „ნამდვილი ქართული კულტურა“ იმყნობა. ამონარიდს ამ სიმღერის ავტორ ელგუჯა უძილაურის ლექსიდან აქვე მოვიყვან და თავად განსაჯეთ:

„...კვლავ აღარ მოგიხმობ, ვით სატრფოს ქორბუდა,
ხეობებს არ შევძრავ მოთქმით და ძახილით,
არ მინდა სხვის მკლავზე ნაწოლი დიაცი,
არ მინდა სხვის ხელში დამჭკნარი ვარდები…"

(სიმღერა იხ. აქ https://www.youtube.com/watch?v=ATwepGWYzg0 )

სულ მიკვირდა, რატომ არის, რომ როგორც ევროპაში მაცხოვრებელ მეორე-მესამე, მაგრამ ჯერ ისევ ვერინტეგრირებულ თურქებთან, ისე ამასობაში ევროპაში "კარგადმოწყობილ“ უცხო „ენაათვისებულ“ ქართველებთანაც იშვიათობას არ წარმოადგენს სამშობლოდან იმპორტირებული თვალშისაცემად ახალგაზრდა საპატარძლოები. ამასთან, თუკი თურქები ევროპელი, „ადგილობრივი პატარძლის“ ან საცოლის მიერ მათი ენის არ-ცოდნას, როგორც მნიშვნელოვან ხელისშემშლელ ფაქტორს დიდი ოჯახის ფუნქციონირებისთვის ასახელებენ, ქართველი ბიჭებისა და კაცებისათვის წინა პლანზე ევროპელი გოგოების, როგორც სავარაუდო საპატრძლოდ „გაფუჭებულობა“ სახელდება. შესაბამისად სამშობლოში მაცხოვრებელ ქალებს ევროპული განათლება „აფუჭებს“.
სადღაც შუა გზაზე მძღოლმა წყლის დასალევად გააჩერა. მეც გადავედი და წყლის ასავსებად ცარიელი ბოთლებით ხელში მდგარ ორ ქალბატონს უკან ამოვუდექი. ქალები შვიდი მომაკვდინებელი ცოდვის დასახელების ერთად გახსენებას ცდილობდნენ და თვლიდნენ: ამპარტავნება, ავხორცობა, ნაყროვანება, მრისხანება, შური…
სასმელი წყლის სათავესთან გულგრილად მიმოფანტული ცარიელი პლასტმასის ბოთლები და გახრწნილი ნაგავი იქაურობას ტურისტისათვის საშინელ შესახედავს ხდიდა. 
ათ წუთზე უფრო სწრაფად მანქანაში დავბრუნდით და მგზავრობა გავაგრძელეთ. საგზაო ნიშნების მიხედვით ამოვიკითხე, რომ ბორჯომ- ბაკურიანის ეპარქიიდან სურამისა და ხაშურის ეპარქიაში გადავედით. 

ტურისტი თუ მამულიშვილი?!-არ ვიცი დავსვი თუ არა ეს კითხვა სათავეშივე სწორად.