Samstag, 3. Januar 2015

ტუალეტები, ეკლესიები და დემოკრატია

საქართველოში ზამთარი დიდხანს არ იცის, მაგრამ დღემდე მაინც ყველაზე ცუდი დროა ქართველების უდიდესი ურავლესობისათვის.
ახლაც ყურში მაქვს წლობის წინ ზამთრის დადგომისას გაბრაზებული ბებიაჩემის სიტყვები: ერთი იმის გავერნება-გაზუხრუმებამც იყოს, ვინც ეს ზამთარი გამოიგონა!
აქ ბავშვების გარდა მართლაც ლამის ყველას დაბეჯითებით სძულს სიცოცხლის ეს დრო. ადამიანების სახეზე ღიმილი იკლებს, გეგმები მცირდება, ან სულაც რადიკალურად იკვეცება, სიცოცხლის ძრავა ქვრება და სასიცოცხლო ფუნქციებიც ეკონომიურ მოდუსზე (რეჟიმში) გადადის. დგება დიდი მოთმინების დრო.  სურვილები და ვნებები მათ პატრონებთან ერთად ერთი სულით ელოდებიან გაზაფხულს, მაგრამ ამ დროისათვის ისინი ჯერ არ არსებობენ. გამიგია, ბაყაყები ზამთარში გულის კუნთის მოდუნებით სუნთქვის შეჩერებას ახერხებენ და მკვდრებს ემსგავსებიან.
მეგობრების კედლებიდან ვკითხულობ საახალწლო სტატუსებს ფეისბუკიდან. ლამის ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ამჯერად სტატუსები პოზიტიურია, ადამიანები აღარ იბოღმებიან, კეთილ სურვილებს აფრქვევენ. საახალწლო ციებ-ცხელების გადავლის შემდეგ კი ბოღმიანი და დარდიანი პოსტები ისევ ნელ-ნელა ფეხს იდგამენ: ხველა, ხიხინები, სინისტუსი-ყველაფერი ერთად მჭირს, ჯანდაბა! ანაც: ამ ხალხმა (სრულიად საქართველოს მრევლზეა ლაპარაკი) ბედობა დღეს მაინც გამოიფხიზლოს ცოტა, რომ წლის განმავლობაში დაებედოთ! ახალ წელში პირველი მკვლელობის ამბავმაც დიდ ხანს არ დააყოვნა.

მე უკვე მიყვარს ზამთარიც და სიცოცხლეც, მაგრამ იმიტომ, რომ მოთმენა შემძულდა. განსაკუთრებით აღარ მიყვარს ბუნებრივი მოთხოვნილებების შეკავება, ეს დღესდღეობით ქართველობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ატრიბუტად გამხდარი თვისება, რასაც ასე გამალებით ითხოვენ და ატენიან საქართველოს ყველა მაცხოვრებელს რჩეული ქართველობა, დავკარგე, შესაბამისად - მე გადავჯიშდი! - ასე მითხრეს.
ჩვენს პატრიარქსაც უყვარს ზამთარი, მასთან ამ დროს ოთახის ტემპერატურა ერთგვარ ჰარმონიას ქმნის მის მოკვდავ სხეულთან.  კომფორტი და თავის კარგად გრძნობა, საკუთარი, ბუნებრივი სურვილების დაკმაყოფილება, საკუთარი არსებობით კმაყოფილებასაც იწვევს, ჩემს თავზე გამოვცადე, არ გატყუებთ. საქართველოს პატრიარქი წელიწადში ერთხელ მაინც ევროპის, განსაკუთრებით გერმანია მოსწონს, გამაჯანსაღებელ ცენტრებს სტუმრობს რამოდენიმე კვირით და საუკეთესო ექიმ-სპეციალისტების მეშვეობით აკვირდება, იკვლევს, უვლის და აუმჯობესებს თავისი მოკვდავი სხეულის მდგომარეობას. როგორც სჩანს, ჩემსავით მასაც ძალიან უყვარს სიცოცხლე. 
მიუხედავად მისი ავტორიტეტული რეიტინგისა, მის ამ თვისებას სამაგალითოდ სულაც არ თვლიან მისი თანამემამულეები საქართველოში. იქ  ხალხს მაინც სძულს საკუთარი სხეულიცა და სიცოცხლეც. განსაკუთრებით ზამთარში, და განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ სხეული თავს ახსენებს. მათი უმეტესობა უბრალოდ საკუთარ სიკვდილს ელოდება მოთმინებით, ხოლო მათი შთამომავლები კი - ამათ სიკვდილს.
როცა სქესობრივი სიმწიფის ასაკში შევედით, ჩემი თანატოლებისაგან უკვე ხშირად ვიგებდი, რომ ქალი რა გასაჩენი იყო ამ ქვეყანაზე. მენსტრუაცია რა მოსაგონებელი იყო საერთოდ და ა. შ. როცა ცოტა წამოვიზარდე და მამიდა-ბიცოლებმა ჩემთან ერთად დაიწყეს მორიდებულად, მაგრამ მცირე დოზით თავიანთი ამბების მოყოლა, ამას „ქალურ პრობლემებს“ ეძახდნენ. ისინიც ამბობდნენ, რომ ქალის გაჩენაში ღმერთის ხელი არ ურევია. ზოგჯერ ამ მწარე სიტყვებს ისინი მაშინაც ამბობდნენ, როცა ტკბილ მურაბებს ხარშავდნენ, როცა სოფელში თავიანთ ეზოს ალაგებდნენ, როცა დასარეცხ სარეცხს მიათრევდნენ უზარმაზარი ტომრით მხარზე აბანოში და მათი ოჯახის მამაკაცები ვერ/არ ახერხებდნენ აბანოში ამოსვლას უკვე დარეცხილი და ერთიორად დამძიმებული სარეცხის სოფელში ჩასატანად.
ამ ზაფხულს თბილისში ვიყავი და ლამის ერთი თვის განმავლობაში ჩემი თვალით ვხედავდი, როგორ ერთსულოვნად უფრთხილდებოდნენ ადამანები სულის სისუფთავეს ქვეყანაში, სადაც ხშირად წყალი წყდებოდა ონკანებში, დედაქალაქშიც! ამაზე განსაკუთრებით კაცები ლაპარაკობდნენ და ასაკოვანი ქალები. ისინი საჯაროდ მსჯელობდნენ სულიერებაზე, სხეულის გაწმენდაზე, გარკვეული სახის საკვების არ მიღებაზე, მიხვდებით ალბათ, მათ შორის, მარხვაზეც!
მაგრამ არ ლაპარაკობენ საჯარო სივრცეში მენსტრუაციის დროს სხეულის ჰიგიენის მოწესრიგებაზე, ხელების დაბანაზე, სისუფთავეზე, საშიში ინფექციური დაავადებების არ-გადადების შესაძლო გზებზე, ბუნებრივ მოთხოვნილებებზე!
ერთ საღამოს ჩვილ ბავშვთან ერთად მეგაფონებით აღჭურვილ სიონის ეზოში აღმოვჩნდი, რითაც მღვდელმსახურების რიტუალს გადასცემდნენ ეზოში შეკრებილი იმ მრევლის ნაწილისათვის, რომელსაც სიმჭიდროვისაგან ტაძარში ვერ ეპოვა ადგილი. რამოდენიმე საათიანი რიტუალისას ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მრევლს ან უბრალოდ ძეგლის სანახავად მოსულ სტუმრებს ტაძრიდან ერთი სართულით ქვედა იარუსზე ერთი უსახლკარო ქალი ელოდებოდა რეზინის „შლანგით“ ხელში, რათა მას მოსაქმების ალაგი დამატებით საგულდაგულოდ წყლით ჩაერეცხ-გადაერეცხა, მილების წყალი არ იყო საკმარისი, სასურველი ჰიგიენის სტანდარტის მისაღწევად, რაც ამ ქალისათვის სავარაუდოდ ეკლესიის მესვეურთ მიზნად დაესახათ და ისიც საგულდაგულოდ ასრულებდა თავის მოვალეობას. 
კომუნისტების მიერ მიყენებული ზარალის კომპენსაცია ჯერ კიდევ არ მისწვდომოდა მათ მიერ ან მათსავე ყაიდაზე აშენებულ მოსასაქმებელ ალაგას, რომელშიც თბილისის ერთ-ერთი მოზრდილი სამრევლოს წევრები იმავე კომუნისტების მიერ წართმეული ტრადიციის ნაწილს იბრუნებდნენ- ქრისტიანობას. სახსრები ხომ ჯერ არსებული ტაძრების (კომფორტულად, ევროპულად)შეკეთებას და ახალი ტაძრების აგებას ხმარდება!
თუ არ ჩავთვლით თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე ერთ, დაახლოებით 10 ადგილიან საზოგადოებრივ ტუალეტს შოპინგ-ცენტრის შიგნით, არც ქალაქში და არც ქვეყანაში პრაქტიკულად საზოგადოებრივი ტუალეტები არ არსებობს. შესაბამისად არ არსებობს ბუნებრივი მოთხოვნილებების, ელემენტარული ჰიგიენის მოთხოვნების დასაკმაყოფილებელი ადგილები, მათი ადგილები სულის სისუფთავის დასაკმაყოფილებლად გამზადებულ ადგილებს უკავიათ.
აქ ვერც ბავშვის გასახვევ ადგილებს იპოვით, სატანისტურ ევროპაში ასე მრავლად რომ მოიპოვება ლამის ყველა მიყრულებული ტუალეტის ტერიტორიაზე კი არა და უკვე მაღაზიებშიც, აღარაფერს ვამბობ შეზღუდული ადამიანებისათვის ხელმისაწვდომ საჭირო ოთახებზე.

შესაძლებელია გარეთ გასვლისას ჭამო ცოტა და განსაკუთრებით არ დალიო წყალი (რაც ზაფხულობით საქართველოს კლიმატური მდგომარეობისთვის ლამის მომაკვდინებელია), რომ შემდეგ ტუალეტის მოძიება არ დაგჭირდეს, მაგრამ ეს მხოლოდ ახალგაზრდა და ჯანმრთელ ადამიანებს შეუძლიათ, ისიც გამონაკლის შემთხვევაში. რა ქნან ადამიანებმა, რომელთა შარდის ბუშტიც დაავადებულია. რა ქნან ადამიანებმა, რომელთა საჭმლის მომნელებელი ორგანოები საათივით არ არიან მოწყობილნი? რა ქნან ქალებმა, რომლებიც შეეცადნენ სახლიდან გამოსვლის წინ წყალი არ დაელიათ, რათა ტუალეტში შესვლა არ დასჭირვებოდათ, მაგრამ მათი ბიოლოგია მათ 4 კვირაში ერთხელ (ან არც თუ ისე იშვიათად, არარეგულარულად) ახსენებს, რომ ისინი ქალები არიან და მათ ჰიგიენისათვის ტუალეტი სჭირდებათ? ბოსელი აღარ არის, მაგრამ სამაგიეროდ სახლის ოთხმა კედელმა და შინა-პატიმრობამ დაიკავა მისი ადგილი. როგორც სჩანს, არ არის საზოგადოებრივ სივრცეში ტუალეტების ქონის სურვილი და ადგილი, რადგან ამ საზოგადოებას ესაჭიროება, რათა ქალებმა რაც შეიძლება დიდხანს დაჰყონ შინ და არა საზოგადოებრივ სივრცეში. საზოგადოებრივი სივრცე ხომ კაცებს ეკუთვნით და ისეთ ჯანმრთელ (ახალგაზრდა)ადამიანებს, რომლებსაც მოთმინების დიდი ნებისყოფა გააჩნიათ. სად ფაშიზმის სიბოროტე და სად ჯანმრთელი ადამიანიებისთვის გამოყოფილ საზოგადოებრივ სივრცეში მხოლოდ ჯანმრთელი ადამიანების ხილვის და ასევე მხოლოდ მათი კვლავწარმოების მაცდური სურვილი.

ამჯერად თბილისში ყოფნისას არც ბიბლიოთეკაში სიარული დამჭირვებია და არც არქივში ან სხვა დაწესებულებაში საათობით ჯდომა, ამიტომ არც მოთხოვნილებების თავშეკავება დამჭირვებია დიდად, მაგრამ ვერაფერი მოვუხერხე ბიოლოგიერ საათს, თუმცა ქალაქში განთავსებულმა რესტორნებმა ერთდროულად, პარალელურ რეჟიმში დააკმაყოფილეს ჩემი სხვადასვა სახის ბიოლოგიური მოთხოვნილება და ვიცოდი, რომ შემდეგ ჯერზე ჩემი ბიოლოგიური საათი თბილისში, საქართველოში კი არა, ევროპის შუაგულში ჩამოჰკრავდა და იქ, როგორც საზოგადოების ნამდვილი და სრულფასოვანი წევრი საზოგადოებრივ ალაგას აგებული საზოგადოებრივი ტუალეტის იმედზე ჩემი პირადი, სახლის ტუალეტის არ-ქონა არც კი შმაწუხებდა. რომ საზოგადოებრივი ადგილი ჩემი ადგილიცაა და ჩემი ბიოლოგიური საათისთვის სულ ერთია და ახლაც და სხვა დღეებშიც, სულ ჩემი გარეთ გასვლის დროა.
ხვალ თქვენი დროა, პატრიარქო, გილოცავთ იუბილეს!

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen