Samstag, 3. Januar 2015

შიდა წრე, კომუნიკაცია?

უცნაური წინა ხუთშაბათი დამდგომია და ამას მხოლოდ ამ შაბათს მივხვდი. აი, რატომ:
ამ ხუთშაბათს ერთი შეხედვით თთქმის ყველაფერი წესრიგში იყო. სახლი დავალაგე, და (უმეტესწილად) ჩემი ქმრის სარეცხი გავრეცხე თან გავაშრე კიდეც, გემრიელი სადილიც მოვხარშე ჩემი უპრეტენზიო ბატკნისათვის (ასე ვეძახი მას მოფერებით). მინდოდა „კამანდიროვკის“ წინ ცოტათი მაინც მესიამოვნებინა მისთვის. თანაც კარგმა ცოლმა იცის, რომ ქმარზე წინასწარ დარიგებებზე მეტად, როგორიცაა, აბა შენ იცი ძვირფასო, ძალიანაც ნუ გაინავარდებ, გვიანობამდე ნუ შემორჩები შენს კოლეგებთან (ქალებთან) ღვინის საწრუპად, ადრე დაიძინე და თავს გაუფრთხილდი, რომლებიც ეჭვიანობის შეფარული წამოცდენებია, კარგი სადილი, დალაგებული თბილი კერა და მოსიყვარულება უფრო ჭრის.
კარგა გვარიანად დაღლილი ვიყავი და ის-ის იყო, ამ საქმეებს მოვრჩი, რომ ერთი კარგად შევიკურთხე: ოხ, ვინც ეს სახლის დალაგება, რეცხვა და საჭმლის კეთება მოიგონა. და ოხ, მერე ვინც ეს საქმეები ქალის ნომერ პირველ დავალებად დააკანონა და მას ბავშვობიდანვე თავში უტენის-მეთქი, როგორც ასეთს და ტელეფონზე შეტყობინება მომდის საზღვარგარეთ მცხოვრებ, აქაურ ქართულ სულებზე მზრუნავ მღვდლისაგან: "გიორგობის დღესასწაული საკითხების მოსაგვარებლად დაუკავშირდით მანდილოსნები დროულად xy-გოგონას შემდეგ ნომერზე…" არც ვაციე, არც ვაცხელე და ასეთი ანონიმიზირებული ფორმით მივპოსტე ფეისბუკზე, თან დავაყოლე: „რამდენი კითხვები მებადებააააააა“.
ერთმა მეგობარმა თავი ადრესატად იგრძნო და გამომეხმაურა, ამა და ამ ნომერზე დამირეკეო, გთხოვო და ისედაც დამირეკეო.
მერე მე ვუპასუხე: გმადლობ მეგობარო, მაგრამ მე სხვა რაღაც ვიგულისხმე: ამ საკითხების მოგვარება მამაკაცებსაც თუ ეხებათ :)))))))))))-მეთქი.
იმან კიდევ მიაპოსტა: „სიამოვნებითო, მამაკაცებსაც ეხებათ, ოღონდ უფრო „რთული“, ორგანიზატორული საკითხები და ნაწილობრივ მანდილოსნების მოსაგვარებელსაც აკეთებენ, სამწუხაროდ ყველა კერძის მომზადება არ შეუძლიათ, თორე არც ამისთვის შეგვაწუხებდნენ მანდილოსნებსო:))“
კიდევ ერთი-ორი სახალისო პოსტი გავცვალეთ იმ დღის დასასრულამდე.
მერე 15 ნოემბრის აქციის გვერდზე შევედი, შეტყობინებები წავიკითხე საპროტესტო აქციის ორგანიზების შესახებ.
პარასკევს ცარიელი საპლაკატე ქაღალდი ვიყიდე შაბათის აქციისათვის და სანამ სლოგანების დაწერას შევუდგებოდი, ფეისბუკს ჩავუჯექი ცოტა ხნით. ახალი არაფერი იყო, გარდა იმისა, რომ ერთს საპროტესტო აქციის გვერდზე უცხოეთის ქართველების ერთ-ერთი გვერდიდან პოსტი ჰქონდა გადმოღებული, სადაც ეწერა, რომ „23 ნოემბერს წირვის შემდეგ ბერლინელი ქართველები ავღნიშნავთ ერთად გიორგობას, ვიქირავებთ დარბაზს და ვიქეიფებთ.“ 
„კარგი მარკეტინგული გათვლაა… ყველაზე კარგი საშუალება ქართველების მოსაზიდად…“ მიუწერია ერთ-ერთ 15 ნოემბრის საპროტესტო აქციის მონაწილეს.
რახან იმ ზემოთხსენებულ მეგობარმა ანონიმურობა აღარ დაიცვა და ჩემს მიერ განზოგადებულ ინფორმაციას კონკრეტულობა მიანიჭა, თან ქალაქიც მიუთითა, ბარემ გაგიმხელთ, რომ მერე კიდევ ერთ ჯგუფშიც გავწევრიანდი, ბერლინის სამრევლოში; საინტერესოა, ვიცოდე რა ხდება ქალაქში, სადაც ვცხოვრობ. რას აკეთებენ ქართველები, რა ღონისძიებას გეგმავენ. იქნებ რა მიჭირს, ან მათ რა უჭირთ…
იმ ღამეს გვიან, მოვხატე რუსეთის ცარისტული პოლიტიკის გამაპროტესტებელი შინაარსის პლაკატი, ბოლოს დავახვიე, კუთხეში მივაყუდე და დავიძინე.
შაბათს დილით უკვე მაგვიანდებოდა სახლიდან გამოსვლა, და ის-ის იყო ფეხსაცმელი უნდა ჩამეცვა, ტელეფონის რეკვა შემომესმა. დავხედე ტელეფონს, ვხედავ, მღვდელი იოანე მირეკავს. სმს-ებს კი ვღებულობდი მისგან შეკრებების შესახებ ხოლმე, მაგრამ არასოდეს დაურეკავს ჩემთან და ერთ-ორ მოკლე გამარჯობა-გაგიმარჯოს თუ არ ჩავთვლით ქართულ ღონისძიებებზე, მასთან არასოდეს მისაუბრია! საინტერესოა, რამ შეაწუხა, ხომ მშვიდობაა! გავიფიქრე.

-დიახ, გისმენთ, დაბნეული გერმანული მისალმების შემდეგ.
-იოანე ვარ
-კი, ვიცი, ვხედავ ტელეფონზე, რაშია საქმე ბატონო იოანე?
-გუშინ სამრევლოს ჯგუფში მიგაერთეთ, და… თქვენს გვერდზე ვნახე, რომ ჩემი სმს-ი გამომგიქვეყნებიათ…
-კი ბატონო იოანე, მათალს ბრძანებთ, დავწერე, მაგრამ ის ანონიმიმზირებული იყო, ვერავინ გაიგებდა რომელ ქვეყანაში, ან რომელ ქალაქში ხდება მოქმედება, ამიტომ მე უწყინრად ჩავთვალე…
-ეს შიდა წრისათვის იყო განკუთვნილი, შიდა კომუნიკაციისათვის. თუ რაიმე კითხვები გაგიჩნდებათ, გთხოვთ, პირადად მე მკითხოთ,…გიპასუხებთ…გაინტერესებდათ კაცები რას აკეთებენ გიორგობისათვის… კაცები ზრუნავენ ხორცზე, ღვინოზე, დარბაზის ამბავზე
-თუ გსურთ ბატონო იოანე, ამოვშლი ამ პოსტს, თუ ეს თქვენს პირად ან სხვა ან სხვის გრძნობებს შეურაცხყოფს, მე არ მინდოდა ამით ვინმეს უსიამოვნება შეჰყროდა და ამიტომაც განვაზოგადე და ანონიმური ფორმით დავწერე…
-არა, არაა ლამაზი, მოსაწონი…
-გასაგებია ბატონო იოანე, სახლიდან გამოსვლას ვაპირებ, საპროტესტო აქციაზე გავრბივარ რუსეთის საელჩოს წინ, ალბათ იქ შევხვდებით ერთმანეთს და იქ გავაგრძელოთ საუბარი
-არა, მე სხვა ქალაქში მივემგზავრები საქმეზე…
-კარგი, მაშ, დროებით, შეხვედრამდე.

ბრანდენბურგის ჭიშკართან მისვლამდე გიორგობის ქეიფთან დაკავშირებული,  ნათქვამი და დაწერილი ცალკეული სიტყვები და ამ სიტყვების კომბინაციები მიტრიალებდნენ ცხვირ წინ, თვალწინ და ფიქრწინ:
შიდა წრე,
ვიქირავებთ დარბაზს და ვიქეიფებთ,
მანდილოსნები,
მანდილოსნების მოსაგვარებელი,
პირადად მე მკითხეთ,
გიპასუხებთ,
ხორცი,
ღვინო,
რთული ორგანიზატორული საკითხები,
დარბაზი,
კომუნიკაცია,
შიდა კომუნიკაცია,
ანონიმურობა,
გთხოვთ დამირეკოთ,
კაცები,
ხორცი,
ღვინო,
კერძები,
ყველა კერძი,
[თორემ ისე] (არ) შეგვაწუხებდენ,
საქმე,
საქმეზე მივემგზავრები,
გავაგრძელოთ საუბარი,
შიდა წრე,
კომუნიკაცია,
მანდილი,
საბურველი,
მანდილოსანთან კომუნიკაცია,
შებურულთან კომუნიკაცია,
შებურული კომუნიკაცია,
კითხვები მებადება,
ბევრი კითხვები მებადება,
არაა ლამაზი, 
არაა მოსაწონი,
მე მკითხეთ,
პირადად გიპასუხებთ,
დარბაზი,
პლატფორმა,
კომუნიკაცია,
კაცები ზრუნავენ,
უფრო რთულია,
მკითხეთ და გიპასუხაბთ,
დამირეკეთ,
პოსტი,
არაა ლამაზი,
არაა მოსაწონი,
შიდა წრე,
შიდა კომუნიკაცია,
მკითხეთ და გიპასუხებთ,
საინფორმაციო ღრუ,
პოსტი,
არაა მოსაწონი,
შიდა წრე,
საზღვარი,
გარე საზღვარი,
საზოგადოდ საზღვარი,
ოკუპაცია,
სახლი,
შიდა წრე,
დარბაზი,
კომუნიკაცია,
სახლი,
დარბაზი,
კომუნიკაცია,
სახლი,
კომუნიკაცია,
საზღვარი,

სახლი, კომუნიკაცია საზღვარი,
კომუნიკაცია, საზღვარი,
კომუნიკაცია!
დროებით, შეხვედრამდე.

სამწუხაროდ არც კერძების კეთება მეხერხება და არც სარეცხის გარეცხვა. ქმრის ამბავიც გამოვიგონე. დანარჩენი კი ყველაფერი ბაჯაღლო ოქროა! ყველაფერი  ზუსტად ასე იყო. 
დროებით,
შეხვედრამდე.

1 Kommentar:

  1. შიდა კომუნიკაციის კოლექტივი – ეკლესია

    AntwortenLöschen