Sonntag, 18. Januar 2015

თეფშიდან კუჭამდე მანძილი (გ)ასტრონომიულია

სიტყვა გასტრონომია ბერძნულიდან მომდინარეობს, „გასტერ“ ნიშნავს მუცელს, ხოლო „ნომოს“ - წესს. გასტრონომია დღესდღეობით ევროპაში სტუმრების მომსახურებას, იგივე სერვისს აღნიშნავს, რასაც ფულით ყიდულობენ სტუმრები, იგივე კლიენტები. იგი ნაწილობრივ საქართველოშიც ამ ფუნქციის მატარებელია, თუმცაღა ხშირ შემთხვევაში ოჯახში იგი ჯერ კიდევ ძველი, ლამის შუასაუკუნეებრივი წესების მიხედვით ხორციელდება.

ევროპაში ძალზედ საინტერესო გამონათქვამი არსებობს, მუცლის წესის, ასე ვთქვათ, სტომაქის მოთხოვნილებების, ჭამის შესახებ. ერთ-ერთი მათგანი, გერმანულ ენაზე შემდენაირად ჟღერს: „Liebe geht durch den Magen“ (სიყვარული კუჭზე გადის). არსებობს მისი რუსული შესატყვისიც „Путь к сердцу  мужчины проходит через желудок“ (გზა მამაკაცის გულისკენ კუჭზე გადის). ერთ-ერთი ვერსიით, ეს გამოთქმა ჭამისა და გრძნობების ურთიერთკავშირს გამოხატავს.
გერმანულ კულტურაში საჭმელი, განურჩევლად სქესისა, (კარგა ხანია) ყველასთვისაა სიყვარულისაკენ მიმავალი გზა, რუსულ ენაში ხაზგასმულია მისი როლი კაცში (და არა ქალში) სიყვარულის გასაღვიძებლად.

ჭამა სიყვარულისთვის, შეკავშირებისთვის, ყურადღებისთვის, ან თვითგვემისთვის

საგულისხმოა, რომ სხვებთან ერთად, კვების რიტუალს ევროპაში, კერძოდ კი გერმანიაში, სხვაგვარად „Liebesmahl“-ს ანუ სიყვარულის რიტუალსაც ეძახიან.
კვების, მაგიდასთან მისხდომის რიტუალს სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისათვის სხვადასხვა დატვირთვა აქვს. აქედან შეიძლება ორი ძირითადი მიმართულების გამორჩევა: ერთის მხრივ კვების რიტუალი, როგორც სიყვარულის, სიამოვნების გაზიარების, დაახლოების სურვილის (ან პირიქით, მისი აკრძალვით- დასჯის) გამოხატულება და მეორეს მხრივ ასევე სიყვარულის მიზეზით კვებისაგან თავშეკავება, რომელიც უმეტესად მსხვერპლად გაიცემა, ზოგჯერ ღმერთისთვის (მაგ. მარხვა), ზოგჯერ კი საკუთარი ჯანმრთელობისათვის (გავრცელებულია აღმოსავლეთის კულტურებში, მაგ. ბუდიზმში).

ჭამა სიამოვნებისთვის, ძალაუფლების დემონსტრაცია

რიგ შემთხვევებში უფლებას კვებაზე ძალაუფლება არეგულირებს. ჭამა-სმა მაგალითად, ძველი, მდიდარი რომაელებისათვის ტკბობის და ამდენად ძალაუფლების რიტუალს წარმოადგენდა. იმისათვის, რომ მათ მუცლის ღრუს რაც შეიძლება მეტი საკვები დაეტია, ისინი ჭამისას სხეულის მარცხენა მხარეს იყვნენ წამოწოლილნი, რადგან ანატომიური ჩვენებით ეს სხეულის სწორედ ის მდგომარეობაა, როდესაც კუჭ-ნაწლავს მაქსიმალური მოცულობის საკვების დატევა შეუძლია.

თუკი საქართველოში აგრერიგად გავრცელებულ (უმეტესწილად კაცების) ქეიფის ტრადიციასაც მარტივ თანამამრავლებად დავშლით, დავინახავთ, რომ საქართველოში კვება უდიდეს ნაწილად რიტუალიზებულია. იგი არჩევითი და მოჩვენებითი სიყვარულის, ძალაუფლების დემონსტრაციის ნაწილია ჯერ კიდევ. მაგრამ საზოგადოებისათვის ნელ-ნელა მკაფიო ხდება მისი სასიცოცხლო ღირებულებისათვის პრიორიტეტის მინიჭების აუცილებლობა.
ამ კუთხით კი, საინტერესოა, რა ფუნქციით მოიხმარდნენ და მოიხმარენ დღეს საკვებს საქართველოში: გარეთ, კვების ინდუსტრიის ქსელებში, რესტორნებში და ოჯახებში. საინტერესო იქნებოდა ასევე  რესტორნების მომხმარებლთა დიფერენციაცია (დახარისხება) ასაკისა და სქესის მიხედვით. რას ემსახურება კვების ინდუსტრია- სიცოცხლის შესანარჩუნებელ კვების ჯერს, თუ სიამოვნების რიტუალს და როგორ ნაწილდება საკვები კერძოდ, ოჯახებში. 

ზემოთ ნახსენები ქეიფი თანამდროვე ქართული ფენომენია, რომელიც სავარაუდოდ 100 წელზე მეტის არ უნდა იყოს და მასიურად კი 60-იან წლებში ჰპოვა გავრცელება საქართველოში.
100 წელი პირობითად დავასახელე, რადგან ჯერ კიდევ აკაკი წერეთელმა აღნიშნა, რომ ქეიფი და დროსტარება იმ ფორმით, რა ფორმითაც ახლა ეს საქართველოშია, ჩემმა მამა-პაპებმა არ იცოდნენო. აი, რას წერს იგი კიდევ სხვა ადგილას: „დაიცლებოდა თუ არა ვისიმე [ღვინის] ჭიქა, მაშინვე აავსებდენ. სა- დღეგრძელოები არ იცოდენ. პირველს ჭიქას რომ აიღებდენ, მაშინ კი პირჯვარს გამოისახავდენ და იტყოდენ: "დიდება ღმერთსა! მოწყალესა ერსა! ღმერთო გაუმარჯვე ბატონსა და ყმებსა, აქა მბრძანებელსა! შენდობა, მამაო!" - ეტყოდენ მღვდელსაც და გადაჰკრავდენ ღვინოს. მერე კი იმდენსა სვამდენ, რამდენიც უნდოდათ. სამიზეზო სადღეგრძელოები კი ფიქრადაც არ მოსდიოდათ.“(„ჩემი თავგადასავალი“)

60-იანი წლებში კი საქართველომ ე.წ. კომუნიზმის ხანაში შეაბიჯა, საკვები გახდა ყველასთვის ხელმისაწვდომი და ბებიაჩემს თუ დავესესხები, სტალინს რომ ეცოცხლა, ისე კარგად მიდიოდა საქმე, შაქარი, მარილი და ასანთი უფასო უნდა გამხდარიყოო. დედაქალაქში გაიხსნა კაფეები, საზკვების (შემოკლებით, საზოგადოებრივი კვება) დაწესებულებები. ისინი კანტი-კუნტად გამოჩნდენ სხვა ქალაქებშიც.

საინტერესოა რა ხდებოდა იმ დროისათვის საქართველოს სოფლის სახლების ოდა-დარბაზებში, ჩვენებურად სასადილო ოთახებში?

გასული წლის დეკემბერში ერთი ნაცნობი გერმანელის მოხსენებაზე წავედი, სადაც ის საქართველოში თავისი მოგზაურობის შესახებ ჰყვებოდა. შტეფანე 60-იანი წლებიდან სისტემატურად სტუმრობდა საქართველოს. თავდაპირველად როგორც სტუდენტი და თავგადასავლების მოყვარული, შემდეგ კი მისი ურთიერთობა საქართველოსთან ინტენსიურ და დიდ სიყვარულში გადაიზარდა. მეგობრების წყალობით ის 60-იანი წლების ბოლოს ხევსურეთში აღმოჩნდა, სადაც ერთ ხევსურ ოჯახს დაუმეგობრდა. მიზეზთა და გარემოებათა გამო მას ამ ოჯახში გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრება მოუწია.
იმ საღამოს შტეფანემ დაწვრილებით გაიხსენა, თუ როგორ მიიღო ხევსურმა წყვილმა ის სტუმრად ოჯახში და თავიანთი შვილების გვერდით მასაც მიუჩინეს ადგილი. როგორი სიყვარულით და პატივისცემით ექცეოდნენ ისინი მას და რა დიდხანს გაჰყვა მას ამ ოჯახთან ურთიერთობის სითბო. თუმცა როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ამ მოხსენებაშიც მთავარი მოსაყოლი ამბავი წინადადების არამთვარ წევრებში იმალებოდა. მე მას ვთხოვე, უფრო დაწვრილებით გაეხსენებინა მაშინდელი სტუმარ-მასპიმძლობა. შტეფანე გაოცებული ჰყვებოდა, რომ როდესაც ოჯახი საჭმელად დასხდებოდა, უფრო სწორად ჯერ ყველა  მამაკაცი დაჯდებოდა, მათ ოჯახის დიასახლისი მიაწვდიდა ხონჩას, თუ ტაბლას, რაზედაც მთლიანი ოჯახისთვის გამზადებული საკვები ჯერი, საჭმელი იყო მოთავსებული. როდესაც ოჯახის მამაკაცები საჭმლით გულს იჯერებდნენ, ამ ხონჩას ქალებსა და ბავშვებს გადააწვდიდნენ. ასე დგებოდა ქალების (ნარჩენებით) ჭამის ჯერი. ერთხელაც ვეღარ მოუთმენია შტეფანეს და უკითხავს ქალისათვის: კი მაგრამ მთელი დღე დასვენება არ იცი და ეს ამბავი როგორ არის, საკვებსაც რომ წესიერად ვერ იღებ, ასე როგორ ცხოვრობო?
ქალს უთქვამს, შტეფანე, ჩვენთან ასეა მიღებული, სულ ასე იყო და ახლაც ასე არის და რაღაცნაირად თავი გაგვაქვს, ჩვენ გვყოფნის თუ არა, უნდა ვიმყოფინოთო.
იმავე საღამოს შტეფანეს ვკითხე, იქნებ შენ ხელმოკლე ოჯახში აღმოჩნდი და იქ მეზობლები სხვაგვარად იქცეოდენ, ან იქნებ იმ ქალის ქმარი იყო-მეთქი ასეთი საძაგელი?!
არა, მითხრა შტეფანემ, ყველა იქაური ოჯახი ასეთივე ღარიბი იყო და ყველა ოჯახში იგივე ამბავი ტრიალებდა, მათაც ხშირად მივუპატიჟებივარო.
სწორედ ასე იკვებებოდნენ ხევსური ოჯახის ქალები და პატარა ბავშვები. მას შემდეგ, როდესაც ოჯახის მამაკაცები დანაყრდებოდნენ, კერძის ნარჩენები მათი ხვედრი იყოო.

არ ვიცი საქართველოს სხვა რეგიონებში ოჯახში საკვებს როგორ ანაწილებდნენ, მაგრამ კარგად მახსოვს ბებიაჩემის მოყოლილი ამბები: ჯავახეთში, ოჯახში საჭმელს რომ გავანაწილებდით, საუკეთესო ნაწილებს მამათილს  მივართმევდითო. შეიძლება გამონაკლისად ჩაითვალოს ის, რომ მე ბებიაჩემის მამამთილს, ჩემს დიდ ბაბუას მოვესწარი და კარგადაც ვიცნობდი. 18 წლის ვიყავი, როდესაც ის გარდაიცვალა. არასოდეს დამავიწყდება მასთან ზაფხულში სტუმრად გატარებული დღეები. კოხტა ბელადს ეძახდნენ ზედმეტსახელად სოფელში. ახალგაზრდობაში კოლმეურნეობის თავმჯდომარე და სოფლის მეურნეობის ზედამხედველი ყოფილა კარგა ხანს. ოჯახშიც მის სიტყვას ვერავინ გადავიდოდა. ღრმა მოხუცებულობაშიც ისეთივე დარჩა, ზედამხედველი, უფრო ბოროტი, ვიდრე მკაცრი და სამართლიანი, ერთი სიტყვით, დიქტატორი. ხშირად სტუმრობდნენ მას თავისი მეგობრები, მისი ასაკის კაცები,  რა თქმა უნდა. პირში ჩაიგდებდნენ ყინვარ-შაქარს, ხვრეპდნენ ერთად ჩაის, და ათასგვარ ამბებს ჰყვებოდნენ ხან სომხურ, ხან ქართულ და ხანაც თათრულ ენაზე. ერთხელაც საკუთარი სიმშვიდე მოენატრა და ბებიაჩემს სანოვაგის მოპარვა დააბრალა. ეს ერთდროულად აბსურდი, უხამსობა, სიბოროტე და ადამიანობის დაკარგვა იყო, ჩემთვის- სრული შოკი! დავავლე ჯოხს ხელი, რადგან ისიც თავად ჯოხით იმუქრებოდა და 13 წლისა, მზად ვიყავი დამეცვა ბებიაჩემი, რომელიც მის წინაშე იმ წამს ისე უსუსურად გამოიყურებოდა. ბრძოლის მოგება უდაოდ ჩემს მხარეს იქნებოდა, რადგან ის კარგად ვეღარ ხედავდა, მე კი იმ დროისათვის უკვე მოხერხება არ მაკლდა. მას ხელი არ აუწევია, მიხვდა, რომ ეს გონივრული გადაწყვეტილება იქნებოდა. კარგი ის იყო, რომ ღობის მეორე მხარეს უსაყვარლესი ადამიანები გვეგულებოდნენ, ბებიას ძმა, რომანი და მისი ცოლი სონა, რომლებთანაც იქ დარჩენილი დრო გავატარეთ. მალე ეს ამბავი აღარავის ახსოვდა და ლამის მეც გადამავიწყდა. სამაგიეროდ დღემდე მახსოვს, სონა ბაბოს თონეში ჩაკრული უთხელესი, თითქმის სიფრიფანა სომხურად დამცხვარი ლავაშები და მათში ჩახვეული უგემრიელესი ყველი, წყაროს წყალი, რომელიც სიცივით ლამის კბილებს გვატკიებდა, ვირების ყროყინი, თიკნების ბღავილ-კიკინი, ღამღამობით მგლების ყმუილი და იქაური სიჩუმის ხმა.
როცა უკვე იმდენად გავიზარდე, რომ მშობლებთან ერთად ჩემი წასვლაც შეიძლებიდა თავყრილობებზე, თუ დღეობებში, რომელთა მიზეზიც, მიზანიცა და შინაარსიც სუფრის გაწყობილობა და ამ გაწყობილობის რაც შეიძლება დიდი მოცულობით საკუთარ სხეულში მოთავსება იყო, ყველაზე სახალისო საყურებელი ჩემთვის თავყრილობის კულმინაცია (მწვერვალი) ე.წ. განსხვავებულების მოძებნა, გავსება, დაცლა, ამოყირავება და მათი შემსმელების ასეთივე მყისიერი ამოყირავება გახდა. დასაწყისი ყოველთვის დამქანცველი იყო. ყველაზე მეტად ფხიზელი თამადის წესრიგი არ მომწონდა. ყველას მისთვის უნდა ესმინა, ზოგჯერ დამატებით, დინამიკებშიც (ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობა). კარგი ის იყო, რომ მას ყველაზე ახლოს, თავის ირგვლივ კაცები ჰყავდა შემოკრებილი, ქალები მოშორებით ისხდნენ. მათ შორის ქალის ჩასმა არ შეიძლებოდა, ქალები მათ ადგილს მხოლოდ მომსახურების დროს უახლოვდებოდნენ, შიგადაშიგაც უთვალთვალებდნენ, რათა ენახათ, რამე ხომ არ შემოელიათ კაცებს, დააკლდათ ან რომელიმე კერძი ხომ არ გაუცივდათ, რათა სუფრის სრულფასოვანი განახლებით საუკეთესო მასპინძლობა/დიასახლისობის სათანადო სიმაღლეზე ყოფილიყვნენ.
მომსახურებული კაცები ლაპარაკობდნენ გაუთავებლად და ხსნიდნენ ქვეყნიერების, ცხოვრების არსს, წესიერების აუცილებლობას, პატიოსნების შენახვის გზებს. სიყვარულს მხოლოდ ადღეგრძელებდნენ, ან აქარაგმებდნენ. თუ ქეიფი ორ და მეტ დღიანი იყო, ქალები უმეტესად ოფიციალურ სუფრაზე სხდებოდნენ. თუ ჰშიოდათ, მაინც სუფრაზე დასხდომამდე ითმენდნენ შიმშილს და სხვა ქალებთან ლაპარაკ-მოხმარებაში გაჰყავდათ დრო. მათთან ერთად ნამგზავრ კაცებს კი ყველა ეუბნებოდა, რომ შორი გზიდან იყვნენ მოსულები, დაღლილები იქნებოდნენ და სახელდახელოდ, წინასწარ დამატებით სუფრას უშლიდნენ. მეორე დილას კი, დილაუთენია - ისევ კაცებისათვის მოათუხთუხებდნენ ხაშლამას, ჩაქაფულს, წინა დღის განსხვავებულების შემსმელ-გმირებისათვის - ხაშს. მერე შუდგებოდნენ თადარიგს მეორე დღის სუფრის გასაშლელად. ამასობაში კაცებს ერთხელ უკვე ნასადილევი ჰქონდათ, ქალებს კი - რაღაც სახელდახელოდ ნაჭამი.
ვხედავდი, რა სისწრაფით იცვლებოდნენ ადამიანები, ორიოდ წლის წინ გასათხოვარი და ახლა უკვე გათხოვილი ჯერ ისევ ბავშვები გაბერილ მუცლებში ბავშვებით, უკვე ქალებს ჰგავდნენ, ბიჭები კი-მოწიფულ მამაკაცებს. უკლებლივ, თითქმის ყველა ასეთ ბიჭ-კაცს ღიპი დაედო, თითქოს ცოლებს ეჯიბრებოდნენ ფეხმძიმობაში. უფროსი ქალები კი შემთხვევას არ უშვებდნენ ხელიდან, შეეხსენებინათ ჩემთვის, რომ მეც მალე დავქალდებოდი, მომეცემოდა ფერი და ხორცი, გავივსებოდი.
ხორცისა რა მოგახსენოთ, შემწვარი გოჭის ხორცი პირველად 30 წლის ასაკში გავსინჯე და იმის მერე აღარ გავკარებივარ! არც სხვანაირ ხორცს სწყალობენ ჩემი ბაგენი. არადა ბებიაჩემი სულ გვეჩხუბებოდა, რომ წახვალთ სადმე უნდა ჭამოთ, შეხედე სხვის ბავშვებს, სხვა ქალებს, როგორ მგლებივით არიან, თქვენ რა გემართებათო, ეს რა ნაზი-ტუზები ხართო. იმ ბავშვებზე და ქალებზე მერე კი, ზურგს უკან ლაპარაკობდა, რა გაბედულები არიან, ლამის ბაცაცები, თვალიდან ბეწვს ამოაცლიან კაცსო, დედაჩემიც მხარს აუბამდა ხოლმე აბა, აბაო!
რომელი თავმოყვარე ადამიანი მოინდომებდა მერე ასეთ „ბაცაც“ გოგოს ან ქალს დამსგავსებოდა?- რა თქმა უნდა არცერთი და- არც მე!

საერთოდ უკვე კარგად ვხედავდი, რომ კაცები საზოგადოდ სუფრებზე გაცილებით დიდი ხნით ისხდნენ და რაოდენობრივადაც გაცილებით მეტ საკვებს მოიხმარდნენ (სტომაქებში უშვებდნენ), ვიდრე ქალები. მათთვის მზადდებოდა დამატებითი საკვების ჯერი. ბიჭუნებიც სიამოვნებით მიჰყავდათ მამებს თავიანთ გვერდით, სუფრასთან მაშინ, როცა ასეთი სუფრის მოზიარება მოზარდი გოგონასთვის შუფერებელი საქციელი იყო. „კაცებთან ხომ არ დასხდებით“ და მისთანები, ისმოდა გაფრთხილებებში, თუკი მაინც რომელიმე თავქარიანი გოგონა გადაწყვეტდა მოენახულებინა მამამისი და მასთან ცოტა დიდხანს დააყოვნებდა, ან ზრდილობის გამო მიიპატიჟებდნენ მას. მაშინ, როცა ბიჭუნებს თავისუფლად შეძლოთ ყოფილიყვნენ როგორც ქალების, ისე კაცების გარემოცვაში, სუფრაზეც. ამიტომაც არ იყო გასაოცარი, რომ პატარა ბიჭები უმოკლეს დროში ემსგავსებოდნენ მოწიფულ მამაკაცებს და ახლად მოყვანილ ცოლებთან პარალელურად მათაც (ცრუ, მაგრამ შეუქცევადი)ფეხმძიმობა ეწყებოდათ.
ქართულ სუფრას ახლაც ბევრი აკადემიას ეძახის, მაგრამ არ აკონკრეტებენ, რომ ეს ძალაუფლების, იერარქიის სწავლების აკადემიაა. ჩვენი დროის ქართული ქეიფი და თამადა, ერთმანეთისაგან განუყოფელი ცნებებია. სწორედ ამ მიზეზით შეითვისეს ასე კარგად თავის თამადა-ტერმინანად იგი რუსებმა და უყვართ ეს ინსტიტუტი ასე გაგიჟებთ.
თამადები სხვა მხრივაც საინტერესო ფენომენია, რადგან მაშინ, როდესაც ისინი ცხოვრების წესზე მსჯელობენ და ცხოვრების კანონებს კარნახობენ, ამავდროულად, ქალებისთვისაც ისინი ლაპარაკობენ. მათ უჭირავთ ერთპიროვნულად „მიკროფონი“, ფლობენ რა საინფორმაციო კანალს, საიდანაც ინფორმაცია მხოლოდ ერთი მიმართულებით მოეწოდება- ზემოდან ქვემოთ. თამადა/კაცები ადგენენ აქტუალურ თემებს და წესებს ამ თემების შესახებ. განა არ ყოფილა შემთხვევები, როდესაც ქალიც ხდებოდა თამადა, მაგრამ ეს ან ისეთ შერეულ სუფრაზე ხდებოდა, სადაც მხოლოდ ახლო მეგობრები, ქალები და კაცები იკრიბებოდნენ და „ნამდვილი ქეიფის“ „ჭეშმარიტი არსი“ გაშარჟებული იყო, ან იყო მხოლოდ ქალების ქეიფ-თავყრილობა. მაშინაც კი ქალები ზედმიწევნით იმეორებენ კაცების ქცევას და ისინი მათი პერსპექტივიდან ლაპარაკობენ.
თამადის, სუფრის ინსტიტუტში საუკეთესოდ გენერირდება (კვლავწარმოიქმნება) და მტკიცდება პატრიარქალური წესები. ის ზეიმია მამაკაცებისს ძალაუფლების და ამასთნავე თვალსაჩინო დასტური იმისა, რომ საუკეთესო ლუკმა მხოლოდ მამაკაცებს ეკუთვნით, ქალი კი ნარჩენებით იკვებება და მეორეხარსისხოვანი პროდუქტია. მას ხმა არ ესაჭიროება, თამადამ და კაცებმა ხმისთვისაც და ტონისთვისაც უკვე იზრუნეს და ეს სამწუხარო სინამდვილეა.
სადღეგრძელოები ქალების პატივსცემის შესახებ, თანამედროვე გაგებით,  ჩვეულებრივი პიარ-კამპანიებია. ამ შემთხვევაში  სტატია არ იწერება და არც სარეკლამო რგოლი მზადდება. სტატიაცა და რეკლამაც უბრალოდ სადღეგძელოა. 
რა თქმა უნდა ამასვე ემსახურება სამადლობლებიც, ქეიფის დროს სუფრის სამზადისს მოწყვეტილი და სამზარეულოდან გამოხმობილი ქალისთვის(?!) დალევა. ილოცება მისი კარგი ქალობა, დედობა, მაგრამ ცოტას ახსენდება მისთვის მადლობის თქმა სუფრის მომზადებაში დახარჯულ შრომაზე. ქალიც მადლობას იხდის დღეგრძელობისათვის და უმალ სამზარეულოში უჩინარდება, სტუმრეიბსათვის ცეცხლზე შემომდგარმა კერძმა არ მიიწვას, ან ისეთი მისავათებულია, ორიოდ წუთით სკამზე ჩამოჯდომა ყოველგვარ სამადლობელს რომ ურჩევნია. ყველაზე მეტ მადლობას კი სტუმრები ბოლოს უმეტესად კაცს ეუბნებიან, რომ მან სტუმრებს უმასპინძლა და ოჯახმა ხარჯი გასწია.

ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში საჯარო სივრცეების კეთილმოწყობამ და იქ საკვების გამოტანამ ქალს გაუჩინა შესაძლელობა, თუმცაღა შეზღუდულად, ყოფილიყო კაცის გვერდით საკვების თანაბარუფლებიანი მომხმარებელი. თუმცაღა ეს ადგილები საქართველოში რუსეთისგან და ბალტიისპირეთისაგან განსხვავებით გაცილებით მცირე რაოდენობისა იყო და საზოგადოებისაგან მკაცრად შემოსაზღვრულ-გაკონტროლებული.
იმის გასაგებად, თუ როგორ აკონტროლებდა საზოგადოება ქალის მიერ საკვების მოხმარებას, საჭირო გახდება ზედმიწევნით გავიხსენოთ, ვინ შედიოდა და ვის ჰქონდა უფლება ამა თუ იმ კაფესა ან რესტორნის სტუმარი ყოფილიყო. აქ თვალსაჩინო ხდება თუ რამდენად იყო საზოგადოების მიერ ნებადართული ქალსაც და კაცსაც, ერთსა და იმავე საკვებზე ერთიდაიგივე უფლებები ჰქონოდა
და დავაზუსტებ, ჰქონოდა სრულფასოვანი საკვების მოხმარების უფლება.
მთვარი კითხვა კი შემდეგნაირად დაისმის: სად გადიოდა საზღვარი ხორცის მოხმარების უფლებასთან?!
თვალსაჩინოებისთვის, პოპულარულ ენაზე, რატომ შეეძლო ქალს დამოუკიდებლად, ან გამცილებელთან ერთად კაფეში შესვლა, ეს უწყინარი ქმედება იყო და არ შეეძლო ასევე თავისუფლად საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე რესტორანში შესვლა და იქ მაგალითად მწვადის მირთმევა?
რატომ არ „შეეფერებოდა“ქალს ხორცის ჭამა, ეს ხომ „ბოზობა“ არ იყო?!
საზოგადოებისათვის სწორედ რომ იყო!

საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის რესტორნები, მაგალითად, გადაიქცა უპირველესად არა გასტრონომიულ ადგილად, არამედ მას შეეფარდა კიდევ საზოგადოებაში ჯერ კიდევ ნებადაურთველი ხორცით „სიამოვნების“ ფუნქციაც. აქ ხორცი ხორცსაც აღნიშნავს და ხორცსაც! ორივე ხორცს, რომელიც ადამიანს სრულფასოვანი ცხოვრებისათვის სჭირდება, მეტადრე მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ იყო ფართო მიმოქცევაში ჰემოგლობინის დამარეგულირებელი რკინის ტაბლეტები და ასევე არ არსებობდა მისი მცენარეული წარმოშობის ალტერნატივა, ან სრულფასოვანი კვების გამოთვლის საშუალებები. 
რესტორანში მოსიარულე ქალი იქცა ბოზად, რადგან იქ მხოლოდ კაცების ადგილი იყო. მაშინ როცა ქართველ ქმარს რუსეთში შეიძლება ცოლი რესტორანშიც შეეყვანა, საქართველოში ეს თითქმის ტაბუ იყო. საქართელოს რესტორნებში ქალებისათვის მისვლა არ იყო სათაკილო მხოლოდ მაშინ, თუკი იქ ფართო (ხშირ შემხვევაში ოჯახის ახლობლელი) საზოგადოებისათვის რაიმე საპატიო წვეულება გაიმართებოდა, როგორიცაა მაგ. ქორწილი, იშვიათად გასვენების თანმდევი ცერემონიული ვახშამიც. მაგრამ აქ უკვე წმინდა იერარქიულ წესრიგში იყო საქმე. აქ ძალაუფლება არეგულირებდა ყველაფერს, ისვე გასცემდა ერთჯერად(!) საშვებს ქალებისათვის იქ ყოფნაზე. 

როდესაც 90-იან წლებში საქართველო საყოველთაო ეკონომიურმა კრიზისმა მოიცვა, მრავალსართულიან სახლში, სადაც მეზობელ ოჯახებთან ერთად ჩემი ოჯახიც ცხოვრობდა, ქალების ერთ ჯგუფად შეკავშირების ერთ საინტერესო შემთხვევას ჰქონდა ადგილი. ეს იყო შემთხვევა, როცა ერთ სადარბაზოში მცხოვრები მხოლოდ ოჯახის უფროსი ქალები ამზადებდნენ სუფრას ერთად თავშეყრის, სოლიდარობის მიზნით, მოიხმარდნენ აგრეთვე ალკოჰოლსაც. მანამდე და არც გარკვული დროის გასვლის შემდე მსგავს სისტემატურ ქალთა შეხვედრებს ადგილი აღარ ჰქონია. რა იყო მიზეზი ამ შეხვედრებისა? პასუხი ერთმნიშვნელოვნად გაურკვეველი გარემო პირობები იყო, რაშიც ისინი საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ აღმოჩნდნენ. როდესაც ოჯახის მამაკაცებმა მასიურად დაკარგეს სამსახურები, ან შემოსავალი, ერთ დღეში თვალსა და ხელს შუა გაქრა დანაზოგი, რასაც მთელი ცხოვრების მანძილზე აგროვებდნენ ოჯახთან ერთად და მომავალი მოიცვა ბუნდოვანებამ. კაცების უმეტესობა დარჩა უფუნქციო, ამასთან ერთად უკანა პლანზე გადაინაცვლა მათ მოთხოვნილებებმაც. დადგა ახალი ათვლი წერტილი, ნოლი საათი, ასე ვთქვათ. ამ დროს ქალებმა განსაკუთრებით იგრძნეს ერთობის საჭიროება, არ ჰქონიათ რეცეპტი გამოსავლისა და ის პრინციპში არც უძებნიათ. მათ ცოტა ხნით მოირგეს მამაკაცის ის როლები, რაც მათთვის იყო ცნობილი: გავიდნენ გარეთ ოჯახებიდან, დასხდნენ ერთად და დაიწყეს საუბარი კი არა და საუბრის იმიტაცია. მართალია მათი კომუნიკაცია დიდ წილად სტრუქტურულად სადღეგრძელოებზე იყო აგებული, მაგრამ ისინი ერთ ჯგუფში გაერთიანდნენ, რომელსაც საერთო (გაუხმოვანებელი)მიზანი ამოძრავებდა: ერთმანეთის დახმარება, სოციალური თანადგომა.

ზემოთ იმას ვამტკიცებდი, რომ ქართველი კაცებისათვის საჭმლის მანძილი თეფშიდან კუჭამდე დღენიადაგ მუცლის წესს ემორჩილებოდა და გასტრონომიული იყო-მეთქი, ხოლო ქართველი ქალებისათვის ისევ და ისევ ასტრონომიული.
25 წელიც არ გასულა საბჭოთა კავშირის დაშლიდან და დღეს უკვე ნებისმიერ ქალს, თუკი მას ამისი ეკონომიური შესაძლებლობა აქვს, შეუძლია დამოუკიდებლად რესტორანში შესვლა და მენიუს ნებისმიერი კერძის მოთხოვნა ისე, რომ მას ალმაცერად არ შეხედავენ და რესტორნიდან გამოსულს, კაცების გუნდი არ აედევნება სახლში მისვლამდე. თუმცა საერთო მდგომარეობა ქვეყანაში მაინც ძალზედ საგანგაშოა. თუკი ადრე ქალები სოფელს ტოვებდნენ მასიურად და ქალაქებში იხიზნებოდნენ, ინდუსტრიაში ჩაბმას არ ერიდებოდნენ, რათა ტრადიციული ცხოვრების წესისაგან თავი გაეთავისუფლებინათ, ახლა ისინი უკვე ქალაქს მოწეული რელიგიური ინსტიტუციების დახმარებით იგივე „ტრადიციული ცხოვრების“ წესს ქვეყნის გარეთ გაქცევით შველიან. ისინი ისევ გარბიან ქვეყნიდან, მათ შორის ასაკში შესულნიც და სხვას ეხმარებიან, მაშინ როცა უნდა ეხმარებოდნენ საკუთარ თავს, ქვეყანას და საკუთარ შვილებს.
ქალებს სჭირდებათ სრულფასოვანი კვება, გაძლიერება და  დახმარება, ისინი ამას თავისი ძალებით ვერაფრით შეძლებენ.
ის, რომ ქალებისათვის თეფშიდან კუჭამდე მანძილი შემოკლდა და ასტრონომიული აღარ არის, ეს არც ადრე „კულტურული“ და არც ახლა „ერთმორწმუნე“ რუსეთის დამსახურება არ არის, ეს ევროპის გავლენის მონაპოვარია!





წყარო https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEj7cCylmQpjcSDhWlDxd0FeaNL1p_LgeYB0AEGFp-f_d_I3RMb0KeYEJqO0vCmDsOiwh4ArLQigDXIfBGVewSThtqHwQf5M28HHi4KvHFOVg9Krux73g5qckB_q6ib_hdBa0HbFEFwO2X_q/s1600/1559514_960729633943637_3355703559963100063_o.jpg 


წყარო https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEixwVNgW4Ng-Uw9bLwmbuBYi9_cE_pRBynE4IfZy_SKNZ3uEfEIGsOY2ar0BS81AF5FeKHlmsU3vykQJ1xdF25a9RySATvux-NlkirzC3BFsy3_FnxdK1M4K3GYbmFPpTsTKPApfk_oa_42/s1600/1336570907Tbilisoba1.jpg

წყარო უცნობია

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen